საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
07 თებერვალი, 2022 კულტურის “უკულტურო” მინისტრი - წულუკიანის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 7 თვის წინ

ავტორები: თეკლა ადამია, ეთო მიდელაშვილი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი 2021 წლის 19 მარტს დაინიშნა. ამას წინ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფა უძღოდა. წულუკიანის დანიშვნასა და სამინისტროების გაყოფას მალევე “ბოლო დროის არაადეკვატური პოლიტიკური თამაშები” უწოდეს.

წულუკიანს ჯერ კულტურის მინისტრის პორტფელი არ ჰქონდა ჩაბარებული, რომ სოციალურ ქსელში პეტიცია და ვებგვერდი Cancelthea გამოჩნდა. ერთი თვით ადრე პეტიციის ავტორები წერდნენ, რომ პროფესიონალებთან კონსულტაციისა და სამოქმედო გეგმის გაცნობის გარეშე მინისტრის დანიშვნა საშიში ტენდენცია იყო.

პეტიციის ავტორთა თქმით, წულუკიანის საჯარო აქტივობა და მკვეთრად ანგაჟირებული პოლიტიკური პოზიცია იძლეოდა ეჭვის საფუძველს, რომ კულტურა, როგორც გამოხატვის თავისუფლება, ეჭვქვეშ დადგებოდა. მალე თავად კულტურის მინისტრი პარლამენტში ვიზიტისას დაგვპირდა, რომ დაინტერესდებოდა „ყველა განსხვავებული აზრით" და იმით, თუ რა იდგა ამ აზრის უკან. 

​დანიშვნიდან მე-5 დღეს მინისტრმა მოადგილეები წარადგინა - კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია. ორი მათგანი იუსტიციის სისტემაში მუშაობდა, ერთი - საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„მოსვლისთანავე საკუთარი საყრდენის შექმნა. იუსტიციიდან წაიყვანა ამისთვის მზა კადრები” - იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი სოციალურ ქსელში წერს, რომ რაც კულტურის სამინისტროში ხდება, იუსტიციაში უკვე მოხდა. თამაზ ახობაძის თქმით, ერთი ერთში მეორდება ყველაფერი, თუმცა ცოტა უფრო სწრაფ ტემპში, რადგან წულუკიანს “რეპეტიცია გავლილი ჰქონდა."

2021 წლის 24 მარტი

„ლიტერა” VS „თავისუფალი ლიტერა”

წულუკიანის მიერ “განსხვავებული აზრით დაინტერესება” ერთერთმა პირველებმა
ლიტერას კონკურსის მონაწილეებმა და ჟიურის წევრებმა იწვნიეს. კულტურის მინისტრმა კონკურსის ჟიურიში საკუთარი წარმომადგენელი და მრჩეველი დანიშნა. 2021 წლის ივლისამდე „ლიტერას" საქმიანობაში საჯარო მოხელეები ან პოლიტიკოსები არ ჩარეულან.

„პენცენტრის” განცხადების მიხედვით, ამით წულუკიანმა კულტურაზე კონტროლის დამყარება და ტოტალიტარული ტრადიციების აღდგენა მოინდომა. ცენზურის დაწესების ამ მცდელობას პროტესტი მოჰყვა, მაგრამ კონკურსანტების მოთხოვნის მიუხედავად, ჭუმბურიძე წულუკიანმა უკან არ გაიწვია.

მინისტრის ხისტი პოლიტიკის გამო ყოველწლიურ კონკურსს ბოიკოტი თავდაპირველად მწერალმა ტორესა მოსიმ და მათე სარალიშვილმა გამოუცხადეს. ცოტა ხანში კონკურსში მონაწილეობაზე უარი ავტორებისა და გამოცემების უმრავლესობამ თქვა. 110 წიგნიდან 94 მოიხსნა. კონკურსი დატოვეს ჟიურის დანარჩენმა წევრებმაც. საბოლოოდ, „მწერალთა სახლმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ლიტერა" 2021 წელს აღარ ჩატარდებოდა.

მწერალთა სახლი

მალევე გაჩნდა „თავისუფალი ლიტერას” ჩატარების იდეა. პენცენტრის ინიციატივითა და კერძო სექტორის დახმარებით კონკურსი ერთჯერადად ჩატარდა. ჩაშლილ „ლიტერაზე" წარდგენილი წიგნები „თავისუფალ ლიტერაზე" განიხილეს. მინისტრმა კი “თავისუფალ ლიტერას" “კეზერაშვილის პრემია" უწოდა და  განაცხადა, რომ სამინისტროში ახალი კონკურსი დაფუძნდებოდა.

გარდა ლიტერატურისა, წულუკიანმა თეატრების საქმიანობაში ჩარევაც დააანონსა. მინისტრის საათის ფორმატში პირველი გამოსვლისას განაცხადა, რომ რამდენიმე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელებს თვითონ დანიშნავდა. ამის დასასაბუთებლად კანონით გათვალისწინებული დისკრეცია მოიშველია. ოთხი თეატრის შემთხვევაში ასეც მოხდა.

კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეში

წულუკიანის მმართველობის სტილზე ყველაზე მკაფიოდ ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე პროცესები მეტყველებს. მინისტრმა დანიშვნისთანავე უგულებელყო ხელოვნების მუზეუმის სარეაბილიტაციო გეგმა, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან ერთად საკმაო ხანს მზადდებოდა.

„მობრძანდა, როგორც ბრალმდებელი პროკურორი და არა “მინისტრი”. როგორც პენიტენციურ სამსახურში ისეთი სიმკაცრით, სიუხეშით, უყურადღებობით, არ მოსმენით. [პროექტი] ხელით გასწია, არც კი დაინტერესდა, არ ჩაიხედა ამ პროექტში” - იხსენებს Enigma-სთან მუზეუმიდან გათავისუფლებული ნანა ბურჭულაძე. 

წულუკიანის ბრძანებით, სამ თვეში მუზეუმის აღდგენის ახალი გეგმა უნდა მომზადებულიყო. ამიტომ, მომზადდა „კარიატიდას“ დასკვნა, რომლის თანახმადაც  შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი ავარიულია და განახლებას საჭიროებს. 

ახალი დასკვნის ავტორები ამტკიცებენ, შენობის ერთი ნაწილის გამაგრება, შესაძლოა, არ იყოს რენტაბელური. მეორე ნაწილის შენარჩუნება კი შეუძლებელია. დასკვნის თანახმად, უკეთესია შენობის ამ ნაწილის დაშლა და იგივე მასალებით გადაწყობა.

წულუკიანმა, თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის და ფონდების ევაკუაციის გეგმაც შეიმუშავა, რასაც „ამირანაშვილის მუზეუმის უკვე მართვის საგანგებო რეჟიმზე ყოფნა” მოჰყვა. გეგმის მიხედვით, შენობის დაცლა 2021 წლის 5 აგვისტოს იწყებოდა და 2022 წლის თებერვლამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. 

მუზეუმის თანამშრომლების თქმით, ექსპონატების გადატანა საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც ცოდნა სჭირდება და დაჩქარებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ექსპონატები დააზიანოს. მათი ნაწილი ეჭვობს, რომ ახალი მმართველები მუზეუმის შენობისთვის ფუნქციის შენარჩუნებასაც არ აპირებენ.

ამ გაურკვეველი და ბუნდოვანი გარემოებებიდან გამომდინარე, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი - „ხელოვნების მუზეუმისთვის“, რომელმაც არაერთი აქცია გამართა. მათი თქმით, „მუზეუმში დაცული კოლექცია, ქართული კულტურის საგანძურია და მისი ფუნქციის შეცვლა დაუშვებელია“.

საინიციატივო ჯგუფს დღემდე სამი მთავარი მოთხოვნა აქვს: მუზეუმის რესტავრაციის პროექტი  მაღალი პროფესიული კვალიფიკაციისა და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტებმა შეასრულონ. ამასთან, გასაჯაროვდეს  სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, პასუხისმგებელი პირების მითითებით და ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილი. და ბოლოს, აუცილებელია, რომ კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა და პროცესის სრული გამჭვირვალობა.

ამავე მოთხოვნებით შეიქმნა პეტიცია - საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, დაინტერესდეს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და გამოიყენოს მის ხელთ არსებული მექანიზმები - გახადოს საკითხი საჯარო და გააკონტროლოს მიმდინარე პროცესები. კულტურის სამინისტროსგან კი მოითხოვენ, პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, „თუ რა კვლევის, ან ვისი პროფესიული რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეროვნული მუზეუმის, როგორც ერთიანი ინსტიტუციის დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილება."

14 სექტემბერს პარლამენტმა პეტიცია განიხილა, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მის ხელთ არსებული კონტროლის მექანიზმები გამოეყენებინა, პეტიცია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაუგზავნა.

რეორგანიზაციის სახელით დაწყებული რეპრესიები

როგორც ჩანს, წულუკიანმა უწყებაში საპროტესტო გამოსვლები ვერ აიტანა და სამინისტროში რეპრესიები დაიწყო.

საკადრო წმენდა თავდაპირველად ხელოვნების მუზეუმის აწ უკვე ყოფილ მმართველს ეკა კიკნაძეს შეეხო. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერდა, მან ოფიციალური წერილით მოითხოვა ექსპონატების ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა. თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს.

პოზიციები შეუცვალეს დარეჯან გოგაშვილს (მან კოლექციების გადაადგილების სქემა შეიმუშავა) და დინარა ვაჩნაძეს (ევაკუაციისას კოლექციების დოკუმენტირების პროცესზე პასუხისმგებელ პირს).

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი ეკა კიკნაძე „ლაბორანტობიდანაც“ გაათავისუფლეს, იგივე ბედი ერგო დინარა ვაჩნაძესაც.

„არც დაქვეითებისა და არც გათავისუფლების შემთხვევაში, ახსნით თავი არავის არ შეუწუხებია. პირველ შემთხვევაში პირდაპირ მივიღე ბრძანება და მეორე შემთხვევაში გავიგე, როცა ჩამერიცხა ნახევარი თვის ხელფასი,” - ამბობს კიკნაძე Enigma-სთან.

გათავისუფლებულები უწყებიდან მათ გაშვებას წულუკიანის გადაწყვეტილების კრიტიკას უკავშირებენ. ისინი საუბრობენ ე.წ. გასაუბრებების პროცესზეც.

„კითხვები იყო, რატომ მოვაწერე პეტიციას ხელი. რატომ მოვუწოდებდი ფეისბუკ გვერდზე აქციაზე მისასვლელად ჩემს მეგობრებს,” - იხსენებს ერთერთი გათავისუფლებული  ჩატარებულ გასაუბრებებზე.

ზოგიერთმა უწყება თავისი ნებით დატოვა. სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისთვის ახალი საკადრო პოლიტიკა მიუღებელია და არც ამჟამინდელი ადმინისტრაციის სამუზეუმო პოლიტიკას იზიარებენ.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ ხმაურიან მოვლენებს წინ წულუკიანის მიერ მართვის სისტემაში გატარებული რეფორმა უძღოდა, რომელიც, მათი თქმით, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება და არა ლოგიკურ არგუმენტაციას. 

რეფორმებზე, იურისტი სულხან სალაძე წერდა, რომ ,ერთი შეხედვით, ამაში საგანგაშო არაფერია, თუმცა სინამდვილეში, “მინისტრის მიერ საკუთარი თავისთვის მიძღვნილი ეს უფლებამოსილება სამუზეუმო სისტემაში ტოტალური კონტროლის და „ოდეერის“ დანიშვნის შესაძლებლობას უფრო წააგავს, ვიდრე იქ დაცულ კოლექციებზე ზრუნვას“.

წულუკიანის მმართველობის სტილზე საუბრისას ხელოვნების მუზეუმის აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები ხაზს უსვამენ კიდევ ერთ გარემოებას - მათ მუზეუმში შესასვლელად ნებართვა სჭირდებათ. როგორც ნანა ბურჭულაძე ამბობს, საკადრო წმენდის შემდეგ მუზეუმი “ციხესავითაა."

2022 წლის 21 იანვარი

საკადრო წმენდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში

ერთპიროვნული გადაწყვეტილებები საკუთარ თავზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც გამოცადეს.  2021 წლის 15 იანვარს სააგენტომ განაცხადა, რომ უწყებაში „რეორგანიზაცია" დასრულდა და „ახალი საშტატო განრიგი" ამოქმედდა. სააგენტოს ცნობით, „ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად" შემცირდა პოზიციები, რომელთა „გარდაუვალი აუცილებლობა" აღარ არსებობდა.

36 ადამიანის გათავისუფლების პარალელურად უწყების საშტატო ნუსხას 17 ოსტატის პოზიცია დაემატა (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. 

უწყების მტკიცებით, განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მიზნად სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტურ და დროულ განხორციელებასა და არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას ისახავს.

თუმცა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი Enigma-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თანამშრომელთა ნაწილმა გათავისუფლების შესახებ სხვებისგან და ყველაზე გვიან გაიგეს. გათავისუფლების საფუძველი კი მათთვის არავის განუმარტავს.

თათული ჭუბაბრია ამბობს, რომ დასაბუთებები მოითხოვეს, მათი მიღების დრო ამოიწურა, თუმცა ბევრი თანამშრომლის შემთხვევაში ეს ვერ მიიღეს. შესაბამისად, გაურკვეველია, რა მიზეზით დაკარგა ათეულობით ადამიანმა სამუშაო.

“დარიანის" სერიოზულად განხილვა"

„დარიანი” ელენე ბაქრაძის ჩანაწერებს, მოგონებებს, წერილებსა და დღიურებს აერთიანებს. ახალგამოცემულ წიგნში ელენე ბაქრაძეს შეცდომით ანა კალანდაძის ორი ლექსი მიაწერეს.

აღნიშნული შეცდომის შესახებ თავად წიგნის შემდგენელმა შეგვატყობინა. ლაშა ბაქრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დარიანში „უაღრესად სამწუხარო შეცდომა გაიპარა." 

„არანაირი ბოროტგანზრახვა, რასაკვირველია, აქ არ არის და არ შეიძლება, რომ ყოფილიყო…ჩვენთვის ეს შეცდომა ორმაგად მტკივნეულია, რადგან ეს სწორედ ელენე ბაქრაძის წიგნს უკავშირდება, რომელსაც არ სწყალობს ქართული ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის მოყვარულთა ნაწილი," - წერდა ბაქრაძე.

მისი თქმით, მიღებული წესების შესაბამისად, დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების ფურცლის დართვას აპირებდნენ. თუმცა, ეს სამინისტროსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მოგვიანებით, კრებულში ჩასაკრავად შეცდომების გასწორების ფურცელი საჯაროდაც გამოქვეყნდა.  

სწორედ ამ შეცდომის „სერიოზულად განხილვას” გეგმავდა კულტურის სამინისტრო და ამტკიცებდა, რომ „არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ" მიმართა.

უწყება ამბობდა, რომ საკითხს წიგნის შემდგენელთან და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორთან უახლოეს მომავალში განიხილავდა, რადგან იმ ეტაპზე ის კოვიდინფიცირებული იყო. უწყების გავრცელებულმა ამ განცხადებამ ბევრს 1937 წლის საბჭოური გამოსვლები გაახსენა.

განცხადებაში ეწერა, რომ უწყებამ აღნიშნული გამოცემის გავრცელების შეწყვეტა მოითხოვა. ასევე, მუზეუმს მიმართა „მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარები დასაბრუნებლად შესაბამისი ზომები მიეღო."

ბაქრაძე  აღნიშნავდა, რომ მუზეუმის მწირი ბიუჯეტით ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას ვერ მოახერხებდნენ, რადგან მათ ბეჭდვის ხარჯების დაბრუნებაც მოითხოვეს. 

თუმცა, წიგნის შესწორებული ვერსიის გამოსაცემად თანხა (31 564.85 ლარი) საინიციატივო ჯგუფმა და მოქალაქეებმა შეაგროვეს.

 

დამატებითი ინფორმაცია: წაშლილია ანგარიშის ნომერი, 19 იანვრის 22:30 მდგომარეობით შემოსულია 22 549.6 ლარი. ყველას უღრმესი...

Posted by დარიანი on Tuesday, January 18, 2022

 

იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ, ბაქრაძემ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ „დარიანთან" დაკავშირებული განხილვა საჯარო სივრცეში შედგებოდა. თუმცა, მისთვის შეუტყობინებლად სამინისტროში წიგნის რედაქტორი და მისი მოადგილე, თეა თვალავაძე დაიბარეს. როგორც თვალავაძემ ბაქრაძეს შეხვედრის შემდეგ უთხრა, “სამინისტროს აუდიტთან გასაუბრებამ კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა.” ამით დასრულდა თუ არა წიგნში დაშვებული შეცდომის “სერიოზულად განხილვა”, უცნობია. 

წულუკიანის ხელი სპორტში

წულუკიანის რეპრესიებს ვერც სპორტი გადაურჩა. რაგბის კავშირის ყოფილი თანამშრომელი სიმონ მაისურაძე ამბობს, რომ “მაღალი მიღწევების დეპარტამენტში” მისი როგორც მენეჯერის თანამდებობა გააუქმეს.

„ერთერთ საუბარში ტყემალაძეს წამოსცდა, რომ წულუკიანი ავალდებულებდა საკადრო წმენდას, თორემ ისე არ ჩაურიცხავდა რაგბის კავშირის სახელმწიფო დაფინანსებას. ოღონდ ეს არის ტყემალაძის სიტყვები” - ამბობს მაისურაძე Enigma-სთან. 

მაისურაძე სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ საკითხებს უკავშირებს, მისი თქმით ათავისუფლებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რაგბის კავშირის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტს არ უჭერდნენ მხარს. 2020 წლის 30 დეკემბრის არჩევნებზე ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრმა იგი კავშირის ხელმძღვანელად არ დაარეგისტრირა. 

2021 წლის 10 მარტს ხანგრძლივი დაძაბულობის ფონზე ჩატარებულ ხელახალ არჩევნებში ერთადერთმა კანდიდატმა სოსო ტყემალაძემ გაიმარჯვა, რომელიც ბიზნესმენია და როგორც თავად მედიასთან ადასტურებს, ჩართულია აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტებში. ეს პროექტები ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. 

ამ მოვლენებზე რაგბის კავშირმა განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია, თითქოს რაგბის კავშირში რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები დაიწყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის მოთხოვნით. მათი თქმით, სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა „მსოფლიო რაგბისთან“ კონსულტაციით.

სიმონ მაისურაძე ამას “მტკნარ სიცრუეს” უწოდებს, მისი თქმით, მსოფლიო რაგბი რეკომენდაციებს წერილობითი სახით იძლევა და რადგან ეს დოკუმენტები არ გამოუქვეყნებიათ, ე.ი ეს ტყუილია.

„მსოფლიო რაგბი ვერ მოგცემს რეკომენდაციას, ვიღაც გაათავისუფლო იმის გამო, რომ მსოფლიო რაგბი ჩვენი სპონსორია. თანხის მხოლოდ 10% მოდის მსოფლიო რაგბიდან, 90% მოდის სახელმწიფოდან. ვინც გაათავისუფლეს, უმეტესობას სახელმწიფო უხდიდა ხელფასს. მსოფლიო რაგბი ვერ დაგავალებს, რომ გაათავისუფლო ის ხალხი, რომლებიც სახელმწიფოდან ფინანსდებიან” - ამბობს მაისურაძე. 

სიმონ მაისურაძე

წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ დაწესებულებებში, როგორც ნავარაუდევი იყო, მასშტაბური საშტატო ცვლილებები დაიწყო. რეორგანიზაციის სახელით დაწყებულმა ცვლილებებმა საკადრო წმენდის სახე მალევე მიიღო.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მონაცემებით, საერთო ჯამში,  მხოლოდ ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ამ დროისთვის გაურკვეველი მიზეზებითა და დასაბუთების გარეშე 70-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. ასევე, უცნობია რა ბედი ელის ხელოვნების მუზეუმს და იქ დაცულ ექსპონატებს, რომლებიც ისტორიული მნიშვნელობის მქონეა. 

მთავარი ფოტო: Enigma Media / თამარ კოპალიანი
კომენტარები