საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
LIVE განახლებები: კრიზისი უკრაინაში - მსოფლიო რუსეთის უკრაინაში შეჭრას ელოდება LIVE განახლებები: კრიზისი უკრაინაში  - მსოფლიო რუსეთის უკრაინაში შეჭრას ელოდება
სტატია გამოქვეყნებულია 4 თვის წინ

უკრაინის საზღვრებზე ვითარება ბოლო რამდენიმე დღეა, განსაკუთრებულად დაძაბულია. საერთაშორისო მედია NATO-ს წევრი სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვასა და სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს ახალი შეზღუდვების დაწესებას ვაჭრობასა და დაფინანსებაზე ოკუპირებულ დონაბსისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, რომელთა დამოუკიდებლობა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს 21 თებერვალს აღიარა. 

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც „აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას ამერიკელი პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში".

"ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ. პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს პირების მიერ უკრაინის ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში" - წერია განცხადებაში. 

ბრძანება ასევე საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს სანქციები დაუწესოს ნებისმიერს, ვინც მუშაობს ამ ადგილებში. 

"სახელმწიფო დეპარტამენტები და ფინანსთა სამინისტრო დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაავრცელებენ. ჩვენ ასევე მალე გამოვაცხადებთ დამატებით ზომებს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით" - წერია განცხადებაში. 

თეთრი სახლის განცხადებით, ეს ღონისძიებები განცალკევებულია და დაემატება იმ სწრაფ და მძიმე ეკონომიკურ ზომებს, რომლებსაც აშშ ამზადებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში.

აშშ-ის თქმით, ისინი აგრძელებენ მჭიდრო კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი აპირებს ხელი მოაწეროს შესაბამის განკარგულებას ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. 

რუსეთის ლიდერმა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებებს რუსეთის ფედერაციასა და რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და დახმარების შესახებ. 

"მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგი მოვლენების განვითარებაზე და სისხლისღვრაზე, დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. ამ გადაწყვეტილებებში რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს" - განაცხადა პუტინმა. 

ბრიფინგის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება გაიხსენა. მისი მტკიცებით, თანამედროვე უკრაინა მთლიანად ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა რუსეთმა შექმნა.

"ეს პროცესი თითქმის  1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო და ლენინმა და მისმა თანამოაზრეებმა ეს ძალიან უხეში გზით გააკეთეს თავად რუსეთის მიმართ - გამოყოფით, მისგან საკუთარი ისტორიული ტერიტორიების ნაწილის ჩამორთმევით. რა თქმა უნდა, იქ მცხოვრებ მილიონობით ადამიანს არავის არაფერი უკითხავს"- განაცხადა პუტინმა. 

რუსეთის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ "სსრკ-ის დაშლა მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკური ტრაგედია" იყო, ამბობს იმასაც, რომ "სსრკ-ს დატოვების უფლება, ქვეყნის საფუძველში ჩადებული ნაღმი იყო"

პუტინის განცხადებით, NATO აგრძელებს გაფართოებას და უახლოვდება რუსეთის საზღვრებს. 

აღიარების გადაწყვეტილების შესახებ, პუტინმა ბრიფინგამდე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთანაც ისაუბრა. როგორც კრემლი იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა გამოთქვეს იმედგაცრუება, თუმცა გამოხატეს მზადყოფნა, რომ გააგრძელონ კომუნიკაცია

როგორც ცნობილია, დღეს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების „ლიდერებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თხოვნით მიმართეს

უკრაინის უსაფრთხოების უზრუველყოფის საკითხის ირგვლივ, უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო კონსულტაციების გამართვა სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება Twitter-ზე წერს. 

"პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით, მე ოფიციალურად ვთხოვე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ გამართონ კონსულტაციები ბუდაპეშტის მემორანდუმის მე-6 მუხლის მიხედვით, რათა განიხილობ გადაუდებელი ქმედებები, რომლებიც მიმართულია დეესკალაციისკენ, ასევე პრაქტიკული ნაბიჯები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" - წერს კულება.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას დღს 21 თებერვალს მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტმა სასწრაფო კონსულტაციები გამართა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ - ოლაფ შოლცთან. ამასთან მან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. 

"რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, მე გავმართე სასწრაფო კონსულტაციები ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცთან და  მოიწვიეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო" - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

აშშ-ის საელჩო უკრაინაში „ტვიტერზე" წერს, რომ მსოფლიო აღარ მოტყუვდება და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს 2008 წელს საქართველოში განვითარებულ სცენარს ადარებს.

„რუსეთის შეჭრის გამჭვირვალე, მოძველებული სცენარები სასაცილო იქნებოდა, ასეთი დესტრუქციული და საშიში რომ არ იყოს. სხვისი დროშის საფარქვეშ ჩატარებული ოპერაციები,  დეზინფორმაცია და საკუთარი მარიონეტები, რომლებიც დაცვას „ითხოვენ." ეს საქართველოს სცენარის პირდაპირი გამეორებაა, მსოფლიო აღარ მოტყუვდება," - ნათქვამია საელჩოს განცხადებებში.

საელჩოს თქმით, უკრაინამ რუსული პროვოკაციების წინაშე „შესანიშნავი თავშეკავება" გამოიჩინა. 

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მცდელობებს, უკრაინა აგრესორად წარმოაჩინოს. რუსეთის სამხედრო ძალების დაგროვება, ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია, ცხადყოფს, ვინ არის აგრესორი," - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

საელჩომ დღეს ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების მომატებული საფრთხის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს კვლავ უკრაინის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს. უწყების თქმით, უკრაინაში უსაფრთხოების საკითხი არაპროგნოზირებადია და შესაძლოა ვითარება გაუარესდეს. 

„არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ რუსული სამხედრო ოპერაცია კომერციულ საჰაერო მიმოსვლას სერიოზულად შეზღუდავს," - ნათქვამია განცხადებაში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე,  უკრაინის „სადაზვერვო-დივერსიული" ჯგუფი გაანადგურა. მათი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტრანსპორტიორი მესაზღვრეებმა როსტოვის რაიონში შენიშნეს და დახმარება სამხედროებს სთხოვეს.

РИА Новости-ის ცნობით, სროლის შედეგად მოკლულია უკრაინის „დივერსიული დაჯგუფების" 5 წევრი და მათი ჯავშანტრანსპორტიორი განადგურებულია. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაშავებულები და გარდაცვლილები არ არიან. 

უკრაინული მხარე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და დეზინფორმაციას უწოდებს. მათი თქმით, უკრაინული ძალები როსტოვში საერთოდ არ ყოფილან. 

აშშ-ის მთავრობამ ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთმა უკრაინის იმ მოქალაქეების სია შეადგინა, რომლებსაც შეჭრისა და ოკუპაციის შემდეგ მოკლავს ან დააპატიმრებს. ამის შესახებ ინფორმაციასა და წერილის ასლს The New York Times ავრცელებს.

წერილში ნათქვამია, რომ რუსები ადამიანის უფლებების მასობრივ ხელყოფას გეგმავენ, რაც მოქალაქეთა გატაცებებსა და წამებასაც გულისხმობს. სამიზნე უკრაინაში მცხოვრები რუსული ქმედებების მოწინააღმდეგე პირები, რუსი და ბელარუსი დისიდენტები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და LGBTQ თემის წევრები იქნებიან. 

The New York Times თქმით, წერილის ავთენტურობას, რომელსაც ხელს გაეროს ელჩი ბათშება ნელ კროკერი აწერს, აშშ-ის 3-მა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა.

უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობა ამტკიცებს, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მორიგი პროვოკაცია განახორციელეს - მძიმე იარაღით ცეცხლი გაუხსნეს ლუგანსკის დასახლებას. სარდლობა ფაქტის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს. 

"დღს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მორიგი პროვოკაცია მოახდინეს უკრაინელი სამხედროების დასადანაშაულებლად. აგრესორმა დასახლება ლობაჩევეს ტერიტორიიდან ლუგანსკის მიმართულებით მძიმე იარაღით ცეცხლი გახსნა" - წერია განცხადებაში.

უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობის თქმით, უკრაინელი დამცველები თავს იკავებენ ნებისმიერი აგრესიული ქმედებისგან, რამაც შესაძლოა ძალადობრივი პასუხი გამოიწვიოს. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კვირას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. 

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, მაკრონმა ბაიდენსა და პუტინს სამიტის ჩატარება შესთავაზა, რათა განიხილონ ევროპაში უსაფრთხოება და სტრატეგიული სტაბილურობა.

როგორც ჩანს, ორივე პრეზიდენტი დათანხმდა მსგავსი სამიტის პრინციპს. რაც შეეხება შეხვედრის საკითხებს, ისინი აშშ-ის მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 24 თებერვალს, შეხვედრის დროს უნდა მოამზადონ. 

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, სამიტის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. 

თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. 

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიპლომატიისთვის. თუ რუსეთმა ომი აირჩია, მზად ვართ სწრაფი და მძიმე შედეგისთვისაც. თუმცა, ამჟამად რუსეთი სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის მზადებას განაგრძობს," - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსული სახმელეთო ჯარები უკრაინის საზღვართან ახლოს პოზიციებზე ნაწილდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს

როგორც ჩანს, გარნიზონებში მყოფი ქვედანაყოფები, საველე პოზიციებს იკავებენ. CNN-ის ცნობით, სატელიტური სურათები მაქსარმა კვირას შეაგროვა. 

მაქსარის თქმით, "დაფიქსირდა ჯავშანტექნიკისა და ჯარების მრავალი ახალი საველე განლაგება ბელგოროდის ჩრდილო-დასავლეთით და სოლოტისა და ვალუიკის მახლობლად, რუსეთში."

CNN-ის ცნობით, ეს ქალაქები რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 35 კილომეტრშია. 

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებებს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, სადაც უკრაინა მონაწილეობს რუსეთთან და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო) ერთად.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო პროცესის გააქტიურებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ TCG-ის დაუყოვნებლივ მოწვევას და დუმილის რეჟიმის დაუყოვნებლივ შემოღებას", - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, რუს გენერლებს უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანება აქვთ მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას CBS news ავრცელებს

CBS News-ის ეროვნული უსაფრთხოების კორესპონდენტი დევიდ მარტინი, აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ამჟამად ადგილზე რუსი სამხედრო მეთაურები ადგენენ კონკრეტულ გეგმებს ბრძოლის ველზე მანევრირებისთვის.

დაზვერვა მიუთითებს, რომ "[რუსები] აკეთებენ ყველაფერს, რასაც ამერიკელი გენერლები იზამდნენ შეტევის ბრძანების მიღების შემთხვევაში". 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი "წინ მიიწევს" შეჭრის გეგმებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი უარყოფს ასეთ ქმედებებს. 

როგორც ცნობილია, 18 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრება სამიზნე კი ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, კვირას შეთანხმდნენ, რომ „ინტენსიურად იმუშავებენ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ჩატარებაზე მომდევნო რამდენიმე საათში“, - ნათქვამია ელისეს სასახლეში. წერს CNN. 

როგორც ცნობილია, შეხვედრის მიზანი იქნება „ყველა მხარის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების მიღება.

სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი მოიცავს უკრაინის, რუსეთის ფედერაციის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლებს.

განცხადების თანახმად, ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ საჭიროა „პრიორიტეტი მიენიჭოს არსებული კრიზისის დიპლომატიურ გადაწყვეტას და ყველაფერი გაკეთდეს მის მისაღწევად“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა" განხორციელდება "უახლოეს დღეებში და კვირებში".საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანს და მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს მალე შეხვდებიან.

CNN-ის თანახმად, მაკრონმა და პუტინმა აიღეს „მტკიცე ვალდებულებები, მიეღოთ ყველა სასარგებლო მოქმედება ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, რისკების შესამცირებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება "იმ პირობით, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება". 

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავინახო, შეგვიძლია თუ არა რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტა“ - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენი ამბობს, რომ აშშ გამოიყენებს „ყოველ შესაძლებლობას და ყოველ წუთს“, რათა შეაჩეროს რუსეთი შეჭრა უკრაინაში. მისი თქმით, აშშ მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის თავიდან ასაცილებლად.

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთის თავდასხმას აზრი არ აქვს" და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს "აზრზე მოვიდნენ". წერს theguardian.

”ჩვენ მოგიწოდებთ, დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: რა აზრი აქვს რუსეთს ვინმეზე თავდასხმას?” - თქვა პესკოვმა სატელევიზიო ინტერვიუში Russia-1-თან. 

პესკოვის თქმით, რუსეთს თავისი ისტორიის მანძილზე არავისთვის შეუტევია. 

"შეგახსენებთ, რომ რუსეთი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თავს არავის დასხმია და რუსეთი, რომელიც ამდენ ომს გადაურჩა, ევროპაში ბოლო ქვეყანაა, რომელსაც სიტყვა "ომის" წარმოთქმა სურს", - თქვა მან

კითხვაზე დონბასში არსებული ვითარების შესახებ, პესკოვმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა დაუგეგმავმა ინციდენტმა ან რაიმე უმნიშვნელო დაგეგმილმა პროვოკაციამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები.

რუსეთი და ბელარუსია სამხედრო წვრთნებს აგრძელებენ, რომლებიც კვირას უნდა დასრულებულიყო. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, წერს Reuters. 

წვრთნების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთისა და ბელორუსის საზღვრებთან სამხედრო აქტივობისა და აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში სიტუაციის ესკალაციის გამო, ნათქვამია ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ნატოს თქმით, რუსეთს ბელორუსიაში 30000-მდე ჯარისკაცი ჰყავს და შეუძლია ისინი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა მოსკოვი მსგავს განზრახვას უარყოფს. 

კრემლს ბელორუსის წვრთნებზე კომენტარი არ გაუკეთებია. წერს Reuters.

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ დასავლეთის გაფრთხილებები, რომ  რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, იყო პროვოკაციული და შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. 

რუსეთი და მისი მოკავშირეები ამბობენ, რომ უკრაინა და დასავლეთი აძლიერებენ დაძაბულობას აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ძალების გაგზავნით. 

ევროკავშირი შეშფოთებულია, რუსეთის შეიარაღებული ძალების მასიური გაძლიერებით უკრაინასა და მის გარშემო. იგი მოუწოდებს, რუსეთს  დეესკალაციისკენ უკრაინის საზღვრებიდან სამხედრო ძალების არსებითი გაყვანის გზით. 

ევროკავშირი გმობს, უკრაინაში მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას. რაც მათი თქმით, წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას.

ევროკავშირი მიესალმება უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მუდმივი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობის ფონზე. 

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის წინადადებას სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის (TCG) რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით და მოვუწოდებთ TCG-ის ყველა მონაწილეს მონაწილეობა მიიღონ ამ ძალზე საჭირო ძალისხმევაში არსებული სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტის მიზნით" - წერია ევროკავშირის განცხადებაში. 

ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ რომ ინსცენირებული მოვლენები, შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკავშირი მოწმეა ინფორმაციის მანიპულირების მცდელობებისა. 

"ჩვენ მტკიცედ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მიმართ, რომლის დამკვირვებლები მთავარ როლს ასრულებენ დეესკალაციის მცდელობებში. ამ მისიას უნდა მიეცეს უფლება შეასრულოს თავისი სრული მანდატი, საქმიანობის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გარეშე აღმოსავლეთ უკრაინაში" - წერია ევროკავშირის განცხადებაში. 

ევროკავშირი ვერ ხედავს ბრალდებების საფუძველს, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინის შესაძლო თავდასხმის შესახებ. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგში, დიპლომატიაში, გამოიჩინოს თავშეკავება და დეესკალაცია.

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას ექნება მასიური შედეგები და საპასუხოდ მძიმე ხარჯები, მათ შორის პარტნიორებთან კოორდინირებული შემზღუდავი ზომები" - წერია განცხადებაში. 

ევროკავშირი კვლავ აფიქსირებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან განიხილა, "დაუყოვნებელი დეესკალაციისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების აუცილებლობა და შესაძლო გზები". 

როგორც ზელენსკი Twitter-ში წერს, მას ჰქონდა "გადაუდებელი" საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, სადაც მათ აღნიშნული საკითხები განიხილეს, რადგან აშშ და მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებს.

როგორც ზელენსკი წერს, მაკრონი ინფორმირებულია ფრონტის ხაზზე არსებული გამწვავებების შესახებ, უკრაინის დანაკარგის და ასევე, [უკრაინის] პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ჟურნალისტების დაბომბვის შესახებ.

როგორც ცნობილია, შაბათს ჟურნალისტების ჯგუფი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდნენ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, რა დროსაც, ნაღმტყორცნებიდან ისროლეს. როგორც ცნობილია, შედეგად არავინ დაშავებულა. 

საერთაშორისო შუამავლების მცდელობა, მოიწვიონ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გაუარესების შესახებ, შაბათს მას შემდეგ ჩაიშალა, რაც შეხვედრას რუსული დელეგაცია არ დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას, CNN ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, უკრაინის საკითხებზე შეხვედრა, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ეგიდით უნდა გამართულიყო, რომელსაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ელჩი მიკო კინუნენი ხელმძღვანელობს.

„ვწუხვარ, რადგან დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მსგავს სიტუაციაში, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული დაძაბულობის განმუხტვისა და არასასურველი შედეგების რისკის შესამცირებლად“, - განაცხადა კინუნენმა.

კინუნენმა თქვა, რომ იგი შეუერთდა ეუთოს ხელმძღვანელობას და წუხს იმ დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ, თითქოს უკრაინის სამთავრობო ძალებისგან, გარდაუვალი სამხედრო მოქმედებებია მოსალოდნელი. 

"ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავრწმუნდეთ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არ გადაიხდიან ფასს არასწორი გათვლებისთვის ან პროვოკაციებისთვის. ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, თავიდან აიცილონ ჰუმანიტარული სიტუაციის შემდგომი გაუარესება და  სრულფასოვნად პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს" - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა თვითგამოცხადებული  რეგიონების ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო შეტევა გარდაუვალია. მათ მშვიდობიან მოსახლეობას ტერიტორიების დატოვება დაავალეს და 18-დან 55 წლამდე მამაკაცებს სამხედრო სამსახურში ჩაწერა, იუწყება CNN. 

სეპარატისტების ლიდერებმა გამოაქვეყნეს ვიდეოები, სადაც განაცხადეს, რომ ისინი აწყობენ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ევაკუაციას რუსეთში. მაგრამ მეტამონაცემები მიუთითებს, რომ კადრები რამდენიმე დღით ადრე იყო ჩაწერილი.

უკრაინამ არაერთხელ უარყო, ინფორმაცია, თითქოს იგი სეპარატისტულ რეგიონებზე თავდასხმას აპირებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი CNN-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ საჭიროა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია მანამ გასაჯაროვდეს, სანამ უკრაინაში პოტენციური შეჭრა მოხდება. 

როგორც ზელენსკიმ CNN-ს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განუცხადა, იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სანქციების ჩამონათვალი მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდეს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. 

”ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები მას შემდეგ, რაც მოხდება დაბომბვა და მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას შემოუტევენ, ან მას შემდეგ, როდესაც არ გვექნება საზღვრები, ან მას შემდეგ, როდესაც ჩვენ არ გვექნება ეკონომიკა...რატომ დაგვჭირდება ეს სანქციები შემდეგ? - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას რამდენიმე ხნის წინ ჰქონდა დისკუსია, სანქციების პოლიტიკაზე ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერთან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათ განსხვავებული ხედვა ჰქონდათ იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ სანქციები მას შედეგ, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს. 

"როდესაც გვეკითხებით, რა შეიძლება გაკეთდეს?, ბევრი სხვადასხვა რამის გაკეთება შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია სიაც კი მოგაწოდოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია სურვილი" - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა: "თუ თქვენ ვერც კი გაამჟღავნებთ, რა მოუვა ვინმეს, თუ ომი დაიწყება... მეეჭვება, რომ ეს მოხდეს მას შემდეგ, რაც [ომი] მოხდება". 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კვირას, უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაცის, თეთრი სახლი ავრცელებს

როგორც პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებაში წერია, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აგრძელებს  უკრაინაში განვითარებული ვითარების მონიტორინგს და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი რეგულარულად ეცნობა ადგილზე მოვლენებს. როგორც აღნიშნული გუნდი აცხადებს, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაზე შეტევა. 

რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით, უკანონოდ შეიარაღებული ჯგუფები აგრძელებენ უკრაინელი სამხედროების პოზიციების მასიურ დაბომბვას, რის შედეგადაც დღეს ორი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს

ზალუჟნის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროები და სპეცსამსახურები ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებენ, რომელთა მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

"მტერი ამის უკრაინის დადანაშაულების საბაბისთვის გამოყენებას აპირებს, რათა რუსეთის შეიარაღებული ძალები ადგილზე "მშვიდობისმყოფელთა" ნიღბით შეიყვანოს" - წერია განცხადებაში. 

ზალუჟინის თქმით, რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში გეგმავს, მანქანების, საცხოვრებელი შენობებისა და საჯარო ადგილების დანაღმვას, ასევე იმ ხიდებისა და გზების დანაღმვას, რომლითაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ადმინისტრაციები მოსახლეობის რუსეთში გადაყვანას გეგმავენ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა ის ავტობუსები და მატარებლებია, რითაც ადგილიდან ობოლი ბავშვებისა და მოხუცების წინასწარ გაწერილი განრიგითა და გზით გაყვანაა დაგეგმილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, უკრაინა დონბასში არანაირ შეტევითი მოქმედებების დაგეგმვას არ აპირებს. მტერი თავისი "სისხლიანი პროვოკაციების" განსახორციელებლად იყენებს მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების იძულებით დეპორტაციას.

უსაფრთხოების მიზეზით, ნატომ უკრაინის პერსონალი დედაქალაქ კიევიდან, ქვეყნის დასავლეთით ლვოვსა და ბრიუსელში გადაიყვანა. ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, იუწყება Reuters. 

"ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ პერსონალი გადაყვანილია ლვოვში და ბრიუსელში. ნატოს ოფისები უკრაინაში განაგრძობს ფუნქციონირებას" - განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია დეტალები გადაყვანილი თანამშრომლების ოდენობისა და მათი სამუშაო ადგილების შესახებ. 

ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ნატო და მოკავშირეები აკვირდებიან და აფასებენ სიტუაციას. მისი თქმით, ნატო აგრძელებს ყველა საჭირო ზომების მიღებას. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ბრიტანეთმა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ საელჩოთა სამუშაო პროცესი უკვე გადაიტანეს კიევიდან ლვოვში. 

დიდი შვიდეულის (G7 ) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისა და უკრაინის შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ. ისინი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და რუსეთის დაძაბულობის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. 

„ჩვენ დიდი შვიდეულის ქვეყნების: კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები კვლავ ძალიან შეშფოთებულები ვართ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმსა და ბელარუსში რუსეთის სახიფათო სამხედრო მობილიზების გამო. რუსეთის მიერ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ძალების მობილიზება, რომელიც ევროპის კონტინენტზე ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო მობილიზებაა, მსოფლიო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის გამოწვევაა.“ - წერია ერთობლივ განცხადებაში.

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო მინისტრები რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ მოუწოდებენ.

ისინი მოსკოვისგან სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებიდან გაყვანას, საერთაშორისო შეთანხმებებისადმი ერთგულებას და სამხედრო მოქმედებებში გამჭვირვალობას მოითხოვენ. "ჩვენ რუსეთს მისი საქმეების მიხედვით განვსჯით"

"ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ მიერ მიღებული ზომებით, რომლებიც სამხედრო ესკალაციის საფუძველი უნდა ჩაითვალოს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ინსცენირებული ინციდენტები შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად. რუსეთმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე თავშეკავებისა და დეესკალაციისთვის."- წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მის მონაწილეებს უთხრა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უარი უნდა თქვან მოსკოვის "დაშოშმინების" პოლიტიკაზე.

"უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღო, მსოფლიოში სიდიდით მესამე ატომურ არსენალზე უარის თქმის სანაცვლოდ. ჩვენ არ გვაქვს იარაღი. და არც უსაფრთხოება. ... მაგრამ გვაქვს უფლება - უფლება მოვითხოვოთ ცვლილება დაშოშმინების პოლიტიკიდან ისეთ პოლიტიკაზე, რომელიც უსაფრთხოებას და მშვიდობას უზრუნველყოფს" - თქვა მან.

უკრაინის დასახმარებლად არ არის საჭირო მუდმივად საუბარი რუსეთის შესაძლო შემოჭრის თარიღებზე.  მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელები მზად არიან დაიცვან თავიანთი მიწა ნებისმიერ დღეს და აღნიშნა, რომ ის ელოდება გადაწყვეტილებებს უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში შესვლის დაახლოების მიზნით.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მან დაიწყო კონსულტაციები ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც 1994 წელს უკრაინამ აღიარა არაბირთვული ქვეყნის სტატუსი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონსულტაციების ინიცირებას უკვე მეოთხედ და უკანასკნელად აპირებს. 

„თუ ისინი აღარ განმეორდება, ან თუ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღება მათი შედეგების საფუძველზე ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, უკრაინას ექნება სრული უფლება ირწმუნოს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს და1994 წელის ყველა პაკეტური გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი მზად არის კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.

ზელენსკის თქმით, მსოფლიომ უკრაინას საკმარისი მხარდაჭერა ვერ აღმოუჩინა იმიტომ, რომ მისი უსაფრთხოების არქიტექტურა უკვე შეუქცევადად არის დაზიანებული.

"ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა თითქმის განადგურებულია. ახლა უკვე გვიანია მის შეკეთებაზე ლაპარაკი" - თქვა ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე

მან სხვა ქვეყნები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ უკრაინას ვერ მიაწოდეს შექმნილ საფრთხესთან თანაზომადი სამხედრო დახმარება და თქვა, რომ მიღებული დახმარება "უფრო ხველის ვაჟინს ჰგავს, ვიდრე კოვიდის საწინააღმდეგო კარგ ვაქცინას", იმ რეალური საფრთხის პირისპირ, რომელიც, უკრაინის შემდეგ, შესაძლოა დანარჩენ ევროპას მიემართოს.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინა იმსახურებს უფრო ძლიერ საერთაშორისო მხარდაჭერას, რადგან ის არის ევროპის „ფარი“ რუსული არმიის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ რუსი ხალხი ვერ შეძლებს უკრაინელების წინააღმდეგ ომს.

"უკრაინა უკვე რვა წელია ფარის ფუნქციას ასრულებს. სანდო ფარის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას აკავებს" - თქვა მან.

დონბასში უკრაინელი სამხედროების ერთერთ პოზიციაზე, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, "ხალხის მსახურის" დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია "უნიანი" წერს.

ინფორმაცია ტელეგრამზე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ პრესმდივანმა იულია პალიჩუკმა გაავრცელა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს თქმით იქ 25 უცხოელი ჟურნალისტი იმყოფებოდა.

„ერთ-ერთ პოზიციაზე სახალხო დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს და თავშესაფარში გადაიყვანეს“, - წერს იგი.

დღეს, 19 თებერვალს, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია და სხვა დეპუტატები ჩავიდნენ.

არავინ არ დაშავებულა- წერს სოციალურ ქსელში ანტონ გერაშენკო. 

"ჟურნალისტებმა CNN-მა, FOXnews-მა, Washington Post-მა, New York Times-მა, Voice of America-მ და სხვა გლობალურმა მედიებმა შეძლეს დაენახათ ვინ ემზადებოდა რეალურად მშვიდობიან უკრაინაზე თავდასხმისთვის და ვინ ემზადებოდა თავდაცვისთვის."

უკრაინის გარშემო დაძაბულობის ფონზე რუსეთმა ბირთული  წვრთენბი  დაიწყო.  პუტინმა შაბათს  თავისი უახლესი, ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტების, ფრთიანი საკრუიზო რაკეტების და ბირთვული შესაძლებლობების მქონე ბალისტიკური რაკეტების გამოცდა დაიწყო.

ეს კრემლის მიერ 19 თებერვალს გაკეთებული განცხადებით, ნაწილი იყო "დაგეგმილი" წვრთნებისა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა " წერს.

რუსული სააგნეტო "ინტერფაქსი" წერს, რომ ამ წვრთნებს პუტინი ბელორუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად კრემლის სიტუაციური ცენტრიდან უყურებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წვრთნები მოიცავს რუსეთის შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა ნაწილს, მათ შორის საჰაერო და სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს, ჩრდილოეთის და შავი ზღვების ფლოტებს, რომლებსაც ბირთვულად შეიარაღებული წყალქვეშა ხომალდები აქვთ.

წვრთნები ორ ეტაპად ჩატარდება, მათი მიზანია შეიმუშაონ „მტრის გარანტირებული დამარცხება“, - იუწყება TASS

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად რუსული წვრთნები მიმდინარეობს. მოსკოვი მასში 1999 წლის შემდეგ პირველად არ მონაწილეობს. კონფერენციაზე, კერძოდ, განიხილება კრემლის მოთხოვნები დასავლეთის ქვეყნების მიმართ, უზრუნველყონ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები.

წვრთნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-მა განაცხადა, რომ ახლა უკვე დარწმუნებულია მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გეგმის ქონაში. ამის პარაელურად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკიდან მოსახლეობის რუსეთში ევაკუაცია დაიწყეს

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, 18 თებერვალს, 22:00 საათისთვის, დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება  65-ჯერ დაარღვიეს, მათგან 51-ჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. 

"მტერმა გამოიყენა 122 მმ-იანი საარტილერიო სისტემები, 120 და 82 მმ-იანი ნაღმტყორცნები, სხვადასხვა სისტემების ყუმბარმტყორცნები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და მძიმე ტყვიამფრქვევები. განსაკუთრებით ცინიკური იყო შჩასტიას საგუშაგოს დაბომბვა, სადაც გაეროს უმაღლესი კომისრის აპარატის ჰუმანიტარული კოლონა იმყოფებოდა. მათ წინააღმდეგ მტერმა 82 მმ-იანი ნაღმტყორცნები, ავტომატური ყუმბარმტყორცნები და მძიმე ტყვიამფრქვევები გამოიყენა." - აცხადებენ შტაბში. 

გაერთიანებული ძალების შტაბმა თქვა, რომ ბოევიკები დასახლებული პუნქტებიდან ისვრიან საარტილერიო სისტემები კი საცხოვრებელ კორპუსებთან აქვთ განთავსებული.

"ამგვარი ქმედებებით მტერი ცდილობს აიძულოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები საპასუხო ცეცხლის გახსნან, რათა უკრაინელი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში დაადანაშაულოს." - აღნიშნეს შტაბში.

გაერთიანებული ოპერაციების შტაბის განცხადებით, დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ "УНИАН" წერს. მათივე ინფორმაციით  19 თებერვლის დილის 9 საათისთვის, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19-ჯერ დაარღვია. მათგან  16-ჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა გამოიყენა 122 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემები, 120 მმ და 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები და სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნები. დაბომბვის შედეგად ერთ უკრაინელ ჯარისკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა მიიღო.

როგორც TSN-ის ომის კორესპონდენტი ანდრეი ცაპლიენკო Telegram-ზე იტყობინება, 19 თებერვალს, 07:00 საათზე, დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელ მირონოვსკისთან დაბომბვისას დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე.

ოკუპირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საერთო მობილიზაციის შესახებ. ამის შესახებ "ტასსი" წერს.

"მოვუწოდებ თანამემამულეებს, რომლებიც რეზერვში არიან, მივიდნენ სამხედრო კომისარიატებში. დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებას საერთო მობილიზაციის შესახებ", - განაცხადა შაბათს პუშილინმა თავის ვიდეომიმართვაში.

ბრაძანებიდან, რომელიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვკითხულობთ, რომ მობილიზება დონეცკის მთელს ტერიტორიაზ მოხდება.

გარდა ამისა, პუშილინმა უბრძანა ე.წ რესპუბლიკის მთავრობას ქვეყნის ეკონომიკა ომის პირობებში სამუშაოდ გადაიყვანონ.

საერთო მობილიზების შესახებ დოკუმენტს მხარი სხდომაზე დამსწრე 88 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. TASS-ის კორესპონდენტის თქმით, დოკუმენტი ოკუპირებული დონეცკის სახალხო საბჭოს ეთიკის, წესებისა და ორგანიზაციის სახალხო საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე ნატალია ფშენიჩნაიამ წარადგინა.

”უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიის უშუალო საფრთხესთან დაკავშირებით, მე გადავწყვიტე გამოვაცხადო და განვახორციელო მობილიზაცია რესპუბლიკის მასშტაბით, გამოვიძახო რეზერვში მყოფი მოქალაქეები. “ - თქვა ფშენჩნაიამ.

 

​აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რასაც გასული 24-48 საათის განმავლობაში ვაშინგტონი უკრაინის საზღვართან უყურებს, რუსეთის მიერ ყალბი პროვოკაციების შექმნის სცენარის ნაწილია.

ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიპლომატიისთვის მზადაა, თუმცა, მისი თქმით, 2014 წლისა (უკრაინის) და 2008 წლის საქართველოს მაგალითებიც უნდა გვახსოვდეს. CNN-ის ცნობით, ბლინკენმა „ღრმა შეშფოთება" გამოთქვა, რომ რუსეთი დიპლომატიის გზას არ მისდევს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ბოლო დღეებში შეიარაღებული ძალების უკან დახევასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელა, ფაქტია ეს არ მომხდარა. ჩვენ ვხედავთ, როგორ მიემართებიან დამატებითი ძალები უკრაინის საზღვრებისკენ. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ," - განაცხადა ბლინკენმა. 

მოსახლეობის ევაკუცია ოკუპირებული ლუგანსკიდანაც დაიწყო. გადაწყვეტილების შესახებ ლეონიდ პასეჩნიკმა, საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, განაცხადა.

Ria Novosti-ის ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია, დონბასის მსგავსად, ლუგანსკიდანაც რუსეთის მიმართულებით განხორციელდება.

„მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ვთხოვ მცხოვრებლებს, დატოვონ ტერიტორია და რუსეთის ფედერაციაში გადავიდნენ. ეს ეხებათ პირებს, ვისაც არ აქვს მობილიზაციის ბრძანება, ასევე, ვინც არ არის ჩართული სოციალური და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სასიცოცხლო უზრუნველყოფაში", - განაცხადა პასეჩნიკმა.

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა  მოსახლეობის რუსეთში მასობრივი გაყვანის შესახებ განაცხადა. მისი ვიდეო მესიჯი ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა. 

ოკუპირებული დონეცკის  ე.წ პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი უკრაინიდან მომავალი საფრთხეა - ამის შესახებ Ria წერს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, როსტოვის ოლქში ადგილი გამოიყო დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის და შეიქმნა პირობები სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სწრაფი გადასვლისთვის.

კრემლის პროპაგანდისტული მესიჯბოქსის მსგავსად პუშილინმაც დასძინა, რომ ოფიციალური კიევი მუდმივად ზრდის კონფლიქტის ზონაში სამხედრო პერსონალის რაოდენობას. ეს კი მაშინ, როცა უკრაინის საზღვრებთან ათიათასობით სამხედრო და შესაბამისი ტექნიკა რუსეთს ჰყავს განლაგებული.

კრემლი ოკუპირებული დონბასის აღიარებას საქართველოს სცენარით ამზადებს - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა პარლამენტში განაცხადა

რეზნიკოვი მოუწოდებს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, არ დაუჯერონ  ოკუპანტებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მათზე თავდასხმას ამზადებენ.

"პროვოკაციები არ შეწყდება. კრემლი ამზადებს საფუძველს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის, საქართველოში შემუშავებული სცენარით, იმისდა მიუხედავად, შეასრულებენ თუ არა, მზადდება რათა ეს ვარიანტი ჰქონდეთ" - განაცხადა რეზნიკოვმა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ხმათა უმრავლესობით მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია,რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიას გმობს. ამის შესახებ Abcnews წერს.

17 თებერვალს მიღებული რეზოლუციას არ აქვს კანონის ძალას, მაგრამ აფიქსირებს „აშშ-ს ურყევი მხარდაჭერას უსაფრთხო, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინისადმი“ და „გმობს რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას“ უკრაინის საზღვარზე.

„ეს კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად“, - თქვა სენატორმა რობ პორტმანმა

რეზოლუცია პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდებს, დაავალოს აშშ-ს მთავრობას ყველა ინსტრუმენტის გამოყენება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ხარჯის დასაკისრებლად და ევროპაში მშვიდობის აღსადგენად.

სენატორებმა განაცხადეს, რომ ადმინისტრაციას შეუძლია, დამოუკიდებლად დააწესოს სანქციები, მიუხედავად კონგრესის ქმედებებისა.

"საკითხი არაა "თუ", არამედ "როგორ" ვუპასუხებთ პუტინს" - თქვა სენატორმა შაჰინმა. 

უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ოფიციალურად იწყებენ სამხრივ თანამშრომლობის ფორმატს ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებისთვის, ასევე უსაფრთხოების სფეროში. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Unian-ი იუწყება

UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, უკრაინის საგარეო სამქეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ თრასთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„დღეს ჩვენ ასევე გვაქვს პატივი გამოვაცხადოთ უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის მიერ სამმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის დაარსების შესახებ“ - განაცხადა კულებამ.

კულება იმედოვნებს, რომ სამმხრივი თანამშრომლობა ევროპაში უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების ეფექტური გარანტი გახდება. მან განაცხადა, რომ შესაბამისი ერთობლივი განცხადება მალე გამოჩნდება სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ვებგვერდებზე.

"დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გვერდში დაუდგება უკრაინელ ხალხს, რათა დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი დაგვეხმარებიან ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში" - თქვა კულებამ.

UNIAN-ის ცნობით, სამივე სახელმწიფო ყურადღებას გაამახვილებს ეკონომიკურ, სავაჭრო და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, ასევე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

„ჩვენი სამი ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ყირიმის პლატფორმის მხარდაჭერას“ - აღნიშნა კულებამ.

კულებამ აღნიშნა, რომ მომავალში ფრთხილი მუშაობა გაგრძელდება, რათა ეს სამმხრივი ფორმატი იყოს მაქსიმალურად პრაგმატული, გრძელვადიანი და ეფექტური.

მოსკოვმა, რუსეთში აშშ-ის ელჩის მოადგილე ბარტ გორმანი გააძევა, განაცხადა ამერიკის საელჩომ და გაძევებას არაგონივრული უწოდა. აშშ რუსეთს დაჰპირდა რომ რეაგირებას აუცილებლად მოახდენდა. ამის შესახებ BBC იუწყება

ყოველივე ეს რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე მოხდა 

დიპლომატის გაძევების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩის, ჯონ სალივანის ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი „ტვიტერზე" წერს, რომ ყველაფერი კრემლის სცენარით ვითარდება. დონბასში საეჭვო სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობები კი რუსეთის მთავრობის აშკარა მცდელობაა, შეჭრისთვის საბაბი შექმნას. ტრასის თქმით, რუსეთი დეზინფორმაციულ კამპანიას კვლავ გააგრძელებს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ რუსეთის აგრესიის გაზრდის შესახებ დღეს გავრცელებული ცნობებით - უკრაინის საზღვართან დამატებით 7000 ჯარისკაცის გაგზავნისა და პრორუსული ჯარების საბავშვო ბაღზე თავდასხმით. ბრიტანეთი მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ჯარები. ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიისა და დეესკალაციისთვის," - წერს ტრასი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები არ ჩანს - პირიქით, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსეთი მის ძალებს სხვადასხვა მარაგით ავსებს.

ლოიდ ოსტინმა NATO-ს მინისტერიალზე განაცხადა, რომ ბოლო დღეებშიც კი რუსული ძალები მარაგებს ივსებენ. მისი ინფორმაციით, რუსეთი "შავ ზღვაში მზადყოფნას ზრდის და სისხლის მარაგებს ავსებს". თავდაცვის მდივნის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინას უფროდაუფრო უახლოვდებიან.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ აშშ ინფორმაციას აგროვებს დონბასში მომხდარ აფეთქებაზე და არსებობს ეჭვიც, რომ მომხდართან რუსეთი იყოს დაკავშირებული, შეჭრისათვის ნიადაგის მოსამზადებლად.

„მე არც თუ ცოტა ხნის წინ ვიყავი ჯარისკაცი და ვიცი, რომ ამ ყველაფერს არ აკეთებ უმიზეზოდ. კიდევ უფრო მეტად არ აკეთებ ამას, თუკი იბარგები და სახლში მიდიხარ. ამიტომ ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ფხიზლად ვრჩებით" - განაცხადა ოსტინმა.

უკრაინა მშვიდობის დამყარებისთვის რუსეთთან მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის მზადაა, მაგრამ მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, რუსული მხარე არ იჩენს მზადყოფნას რეალური საუბრისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

„როგორც კი რუსეთი საჯაროდ იტყვის, რომ მზად არის ისაუბროს დეესკალაციაზე, მზად არის ისაუბროს ორმხრივ ურთიერთობებზე, ამის შემდეგ ყოველ ჯერზე მივმართავთ რუსეთს თხოვნით, რომ ეს შეხვედრა ამა თუ იმ ფორმატში ჩატარდეს. მაგრამ გარდა მათი საჯარო პოზიციისა, რეალურად ისინი არ არიან მზად ჩვენთან კომუნიკაციისთვის, მათ არ სურთ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

უკრაინის ერთობლივი ძალების ოპერაციების ცენტრის ინფორმაციით, 17 თებერვლის 14:00 საათისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 34 დარღვევა დაფიქსირდა, მათგან 28 მინსკის შეთანხმებით აკრძალულ იარაღს ეხება.

უწყების ცნობით, მოკავშირეთა ორი ჯარისკაცი მტერმა დაჭრა. ჯარისკაცები სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

წინასწარი ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალების დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქეც დაიჭრა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე" წერს, რომ ლუგანსკის ოლქში​ საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა.

„მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო უკრაინაში დარჩნენ. მათი მონიტორინგი შეკავების დამატებითი ფაქტორია. ჩვენ ეფექტური მექანიზმი გვჭირდება ყველა დარღვევის აღსაწერად," - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინულმა გამოცემა Unian-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დასახლება სტანიცა ლუგანსკი დაბომბეს და ჭურვი ერთერთ საბავშვო ბაღს მოხვდა. 

დაბომბვისას ბაღში ბავშვებიც იმყოფებოდნენ. დაშავდა 3 ზრდასრული ადამიანი. გაერთიანებული ძალების სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დასახლების ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა ცეცხლის გახსნაში უკრაინის სამთავრობო ძალებს ადანაშაულებს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, შესაძლოა, რუსეთმა უკრაინაში შესაჭრელად ყალბი საბაბი გამოიყენოს. 

პრესსპიკერის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რუსი ოფიციალური პირებისა და რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს, რომელთაგან ნებისმიერი შეიძლება გახდეს საბაბი რუსეთის უკრაინაში შეჭრისა. პრაისის თქმით, ეს შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს და მსოფლიო მზად უნდა იყოს ამისთვის. 

როგორც მან განაცხადა, საბაბი შესაძლოა იყოს, რუსეთის წუხილი დონბასში უკრაინის სამხედრო მოქმედებების შესახებ, ცრუ პრეტენზიები აშშ-სა და ნატოს მოქმედებებზე ხმელეთზე, ზღვასა და  ჰაერში. თუნდაც უკრაინის ან ნატოს შეჭრაზე რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე ცრუ ბრალდებები "უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოკლული სამოქალაქო პირების მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით" და სხვა. 

პრაისის თქმით, ამერიკა შეშფოთებული პუტინისა და სხვა ოფიციალური პირების მიერ დონბასში "გენოციდზე" საუბრით. მისი თქმით, არცერთ ამ ბრალდებას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. 

"რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ნატო და შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ იგეგმება პროვოკაციები “დაუდგენელი ქიმიური კომპონენტების“ შემცველი რეზერვუარების დონბასში შეტანის გზით, რომელსაც შემდგომ უკრაინა გამოიყენებდა. ეს რუსეთის კარგად ცნობილი სცენარია, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში განხორციელებული შეჭრებიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განხორციელებულ დეზინფორმაციის კამპანიებიდან, მათ შორის სირიაში"  - ამბობს პრაისი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ხალხმა ყველა ამ პრეტენზიას სათანადო და ჯანსაღი სკეპტიციზმით უნდა შეხედოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი რუსული სახელმწიფო მედია წყაროებიდან მოდის და არ არის გამყარებული დამოუკიდებელი მედიის ინფორმაციით. 

"რუსეთი ეყრდნობა დაბნეულობას, რუსეთი ეყრდნობა გაუგებრობას, რუსეთი ეყრდნობა მისინფორმაციასა და დეზინფორმაციას თავისი კვალის დასაფარად. ამას ყველა უნდა ველოდოთ და ამისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ" - აცხადებს პრაისი. 

მისი თქმით, ამერიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იპოვონ მშვიდობიან გზა კრიზისის დასაძლევად, რომელიც მოსკოვმა "უაზროდ დააჩქარა". პრაისის თქმით, ეს ძალისხმევა ეფექტური იქნება მაშინ, თუ რუსეთის ფედერაციასაც სურს დეესკალაცია, თუმცა მათი ქმედებებიდან ეს არ ჩანს.

"ფაქტობრივად, საპირისპირო ვნახეთ ბოლო კვირებში და ბოლო დღეებშიც კი: საზღვარზე მეტი რუსული ძალებია და არა ნაკლები. ისინი კი გადადიან საბრძოლო პოზიციებზე. ეს არის ღრმა შეშფოთების მიზეზი"  - განაცხადა პრაისმა.

​NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის შესახებ საერთო განცხადება გაავრცელეს. ისინი რუსეთს დიპლომატიის გზის არჩევისა და უკრაინის საზღვრიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებენ.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ უკრაინისა და ბელარუსის გარშემო რუსეთის ფართომასშტაბიანი, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ძალის მობილიზებით... რუსეთის ქმედებები ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მოკავშირეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენ დამატებით სახმელეთო ძალებს გავგზავნით. ასევე, გავზრდით საზღვაო და საჰაერო აქტივების რაოდენობას," - ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრების თქმით, მათი ზომები პრევენციული და პროპორციულია. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან ყველა „გაუთვალისწინებელ შემთხვევას" უპასუხონ. 

„ჩვენი ერთგულება NATO-ს მე-5 მუხლის მიმართ რკინასავით მტკიცეა. ჩვენ გაერთიანებულები ვართ ერთმანეთის დასაცავად. NATO რჩება ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების ერთგულად, მათ შორის იმის, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს თავისი უსაფრთხოების ზომები."

უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ კი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთს უკრაინის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი აგრესია ძვირად დაუჯდება.

ცნობისთვის, NATO-ს თავდაცვის მინისტრები დღეს უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს ხვდებიან. გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მინისტრები უკრაინელ და ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას.

ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტერიალი გუშინ, 16 თებერვალს დაიწყო.
სტოლტენბერგი აცხადებდა, რომ თავდაცვის მინისტრები „ყველაზე სერიოზული კრიზისის" განსახილველად იკრიბებიან, რომლის წინაშეც ევროპა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მდგარა. 

მტკიცების მიუხედავად, რომ რუსეთის ძალები უკრაინის საზღვრებს ტოვებენ, აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებზე დამატებით 7 000 ჯარისკაცს გზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას Cnbc ავრცელებს

”ახლა ვიცით, რომ ეს ტყუილი იყო” - თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ბოლო დღეებში 7000-მდე ჯარისკაცი შეუერთდა იმ 150 000-ს, რომელიც უკვე უკრაინის საზღვართან ახლოს იყო.

აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთი მუდმივად ამბობს, რომ სურს საკითხის დიპლომატიური გზებით გადაჭრა, თუმცა მისი ქმედებები სხვაგვარად მიუთითებენ. მათი თქმით, მოსკოვს ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეიჭრას უკრაინაში ცრუ საბაბის გამოყენებით. 

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთში შეიცვლიან კურსს ომის დაწყებამდე, რომელიც კატასტროფულ სიკვდილს და განადგურებას მოიტანს" - ამბობს აშშ-ს ოფიციალური პირი. 

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამერიკულ მაუწყებელ MSNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ერთია რას ამბობს რუსეთი და მეორე რას აკეთებს იგი. 

"ჩვენ არ გვინახავს, მისი ძალების უკან დახევა, ჩვენ ვხედავთ კრიტიკულ დანაყოფებს, რომლებიც მოძრაობენ საზღვრისკენ და არა საზღვრიდან მოშორებით” - ამბობს ბლინკენი.

DW-ს თანახმად, ესტონეთის დაზვერვა იუწყება, რომ დაახლოებით 10 საბრძოლო ჯგუფი უკრაინის საზღვრისკენ მიემართება. ესტონეთის დაზვერვის წარმომადგენელმა მიკ მარანმა განაცხადა, რომ იქ უკვე 170 000 ჯარისკაცია განლაგებული.

უკრაინაზე თავდასხმა მოიცავს სარაკეტო დაბომბვას და „საკვანძო რელიეფის“ ოკუპაციას, დასძინა მარანმა.

„თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ეს ხელს შეუწყობს მას გაზარდოს ზეწოლა ბალტიისპირეთზე მომდევნო წლებში“ - თქვა მარანმა.

ნატოს გენერალურლმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯერ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსული ჯარი უკან დაიხევს. თუმცა, მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ მას სურს გააგრძელოს დიალოგი. არსებობს იმედი, რომ რეგიონში კრიზისის აცილება შესაძლებელია. 

"მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატია უნდა გაგრძელდეს; ეს იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. მაგრამ ჯერჯერობით, ადგილზე დეესკალაციის ნიშნები არ გვინახავს" - განუცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჟურნალისტებს 15 თებერვალს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით კი სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებმა ყირიმში სამხედრო წვრთნები დაასრულა და დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს

"სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფების სამხედრო აღჭურვილობით ეშელონმა გადაკვეთა ყირიმის ხიდი საგუშაგოებისკენ (მუდმივი განლაგების პუნქტები), დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდეგ“ - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუსეთის მხრიდან შეჭრის ალბათობის პარალელურად უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე ერთიანობის დღედ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.

ქუჩებში უკრიანის დროშებია გამოფენილი, ადამიანები გარეთ გამოდიან და ამ დღეს ერთად აღნიშნავენ. კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე უკრაინის გიგანტური დროშაც გაშალეს.

ფოტო: BBC

ერთიანობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა - ის ამბობს, რომ განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა უკრაინელს აერთიანებს სამშობლოს სიყვარული და მისი დაცვის სურვილი.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ გვაერთიანებს სურვილი, ვიცხოვროთ მშვიდად ბედნიერად, როგორც ოჯახმა, ჩვენს ბავშვებთან და მშობლებთან ერთად. ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის უფლება, რადგან ჩვენს სახლში ვართ, უკრაინაში. არავის არ ეყვარება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ", - აცხადებს ზელენსკი.

  • რუსეთის ელჩი ევროკავშირში: ევროპაში ომები ოთხშაბათს იშვიათად იწყება (16/02 - 10:44)  

რუსეთის წარმომადგენელმა ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვმა უარყო მოსაზრებები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებს. მისი თქმით, ევროპაში ომები ოთხშაბათს იშვიათად იწყება. ამის შესახებ ჩიჟოვმა გერმანულ გაზეთთან Die Welt-თან ისაუბრა. 

„რაც შეეხება რუსეთს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება, არ იქნება ესკალაცია არც ამ კვირაში, არც შემდეგ კვირაში და არც მომავალ თვეში, ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს "  - განუცხადა ჩიჟოვმა Die Welt-ს.

The New York Times-ი აშშ-ს დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთი ოთხშაბათს - 16 თებერვალს განიხილავდა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განხორციელების თარიღს. 

ჩიჟოვი გმობს აშშ-ის ბრალდებებს უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ და მას ცილისწამებას უწოდებს. იგი დასავლეთს მოუწოდებს, სერიოზულად მოეკიდოს რუსეთის უსაფრთხოების საკითხებს. 

უკრაინის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა სამშაბათს 15 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ბანკების Privatbank-ისა და Oshadbank-ის ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ Reuters-ის წერს.

უკრაინის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა განაცხადა, რომ თავდასხმაში შესაძლოა რუსეთი იყოს დამნაშავე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტის მთავარ გვერდზე გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ის ტექნიკური სამუშაოების პროცესშია.

კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის შეხვედრა დასრულდა. 

როგორც შოლცმა აღნიშნა, ის მოსკოვში უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის პიკში ჩავიდა. „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ 100 000 (რუსი) სამხედრო მოსამსახურე უკრაინის საზღვრებთან უმიზეზოდ არის კონცენტრირებული. მთავარია ომი არ დაიწყოს“, - განაცხადა მან.

მან ასევე მოუწოდა გაგრძელდეს რუსეთთან მოლაპარაკებები, მათ შორის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე.  მისი თქმით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინის მთლიანობას და რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს.

პუტინმა თავის მხრივ დაადანაშაულა უკრაინა დონბასში სამშვიდობო მოგვარების შესახებ მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში. შოლცის თქმით, წინა დღით კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაჰპირდა, რომ მალე შეიმუშავებდა მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებული ყველა კანონპროექტს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსში მყოფ ამერიკელებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

ამის მიზეზი უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო აქტივობის გამო არაპროგნოზირებადი მდგომარეობაა.

„უკრაინის საზღვართან შემაშფოთებელი რუსული სამხედრო აქტივობის გაზრდის გამო, აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ბელარუსიაში იმყოფებიან, ან განიხილავენ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია და რეგიონში დაძაბულობა გაზრდილია”, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

უკრაინის საზღვრებთან მომატებული დაძაბულობისა და რუსეთის შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ მზადაა ყველაფრისთვის, რაც არ უნდა მოხდეს. 

„ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ევროპაში სტაბილურობა და უსაფრთხოება შენარჩუნდეს. ასევე, მზად ვართ, გაბედულად ვუპასუხოთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას, რისი შესაძლებლობაც ჯერ კიდევ მაღალია," - აცხადებს ბაიდენი თეთრ სახლში გამოსვლისას.

ბაიდენის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადების მიუხედავად, აშშ ჯერ კიდევ ვერ ხედავს, რომ სამხედროები მუდმივი დისლოკაციის წერტილებში ბრუნდებიან. მისი თქმით, ამ დროისთვის 150 ათასამდე რუსი სამხედრო უკრაინის ირგვლივაა. მათი უმეტესობა კი „შემტევ პოზიციებზეა" განლაგებული.

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას საერთაშორისო პასუხი მოჰყვება. მსოფლიოს არ დაავიწყდება, რომ რუსეთმა არასაჭირო სიკვდილი და ნგრევა აირჩია. უკრაინაში შეჭრა საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობა აღმოჩნდება," - განაცხადა ბაიდენმა.

ბრიფინგზე, რომელიც უკრაინის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რუსეთში დესტაბილიზაცია არ სურთ და არც რუსებს ემუქრებიან," აშშ და ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და არც უკრაინა ემუქრება რუსეთს.

„მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს ,თქვენ არ ხართ ჩვენი მტრები. არ მჯერა, რომ ვინმეს სურს სისხლიანი და დამანგრეველი ომი უკრაინელებთან," - ამბობს ბაიდენი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ნაწილები წვრთნებს გადიან.

სამინისტროს განცხადების თანახმად, ყველა ქვედანაყოფი წვრთნების დასრულების შემდეგ დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება. 

რუსული სამხედრო ძალების განლაგება - სატელიტის ფოტო

სამხედრო ნაწილების უკან დაბრუნებაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სწავლებაში რუსული ჯარის ძალიან დიდი ნაწილია ჩართული და ის დასასრულს უახლოვდება.

რუსული უწყების ცნობით, წვრთნები წინასწარ გაწერილი გეგმით მიმდინარეობს და თანდათან დასასრულსად მიუახლოვდება. წვრთნებში მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკა, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო ძალები.

„როგორც კი სამხედრო წვრთნები დასრულდება, სამხედრო ძალები, ჩვეულებისამებრ, დაუბრუნდებიან მუდმივი დისლოკაციის ადგილებს. სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ნაწილები, რომლებმაც უკვე დაასრულეს წვრთნებში მონაწილეობა, დაიწყეს ტრანსპორტის დატვირთვა და დაუბრუნდებიან სამხედრო გარნიზონს" - ნათქვამია განცხადებაში.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "მოლაპარაკების სურვილი" აქვს.

მისი თქმით, უკრაინის კრიზისი რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების დიდი პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამის შესახებ პესკოვმა CNN-თან ისაუბრა. 

"უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ითხოვდა მოლაპარაკებებსა და დიპლომატიას. რეალურად, მან წამოწია საკითხი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. უკრაინის პრობლემა ეს არის  რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების უფრო დიდი პრობლემის ნაწილი და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინი მზად არის მოლაპარაკებისთვის“ - თქვა პესკოვმა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება. ამის შესახებ ინფორმაციას france24 ავრცელებს

მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხე უფრო გამძაფრდა, გაძლიერდა დიპლომატიური მცდელობები საკითხის მოგვარებისა. იაპონიის პრემიერმა კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია "სერიოზული შეშფოთებით უყურებს სიტუაციას".

”ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს სრული სიფხიზლით, ხოლო მჭიდრო კოორდინაციას ვუწევთ G7 ქვეყნებს, რათა სათანადოდ გავუმკლავდეთ ნებისმიერ მოვლენებს” - თქვა პრემიერმა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. 

ფოტო: CNN

სახელმწიფო მდივნის გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების მკვეთრი დაჩქარების გამო, აშშ-ს კიევის საელჩოდან ოპერაციები ლვოვში გადააქვს.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ საელჩო გააგრძელებს თანამშრომლობას უკრაინის მთავრობასთან და კოორდინაციას გაუწევს დიპლომატიურ ჩართულობას უკრაინაში. ასევე, გრძელდება ძალისხმევა კრიზისის დეესკალაციისთვის.

 
 

Великий народе великої країни! Перед нашою державою постали серйозні зовнішні та внутрішні виклики, які вимагають від мене й кожного з нас відповідальності, впевненості та конкретних дій. Нас лякають великою війною та вкотре призначають дату воєнного вторгнення. Це вже не вперше. Але наша держава сьогодні сильна, як ніколи. Ми прагнемо миру й хочемо розв'язувати всі питання виключно шляхом переговорів. І Донбас, і Крим повернуться в Україну. Виключно дипломатичним шляхом. Ми не зазіхаємо на чуже, але й свого не віддамо. Ми маємо прекрасну армію. Наші хлопці мають унікальний бойовий досвід і сучасну зброю. Це вже в рази сильніша армія, ніж вісім років тому. Ми впевнені в наших збройних силах, та наші військові теж мають відчувати нашу підтримку, нашу згуртованість та нашу єдність. Основа нашої армії – це впевненість власного народу та міцна економіка. Нам кажуть, що 16 лютого стане днем нападу. Ми зробимо його Днем єднання. Відповідний указ уже підписано. Цього дня ми вивісимо національні прапори, надягнемо синьо-жовті стрічки та покажемо всьому світу нашу єдність. У нас одне велике європейське прагнення. Ми хочемо свободи й готові її виборювати. На нас із неба дивляться 14 тисяч захисників та мирних громадян, загиблих у цій війні. І ми не зрадимо їхню пам'ять. Ми всі хочемо жити щасливо, а щастя любить сильних. Ми ніколи не вміли здаватись і не збираємося цього вчитися. Любіть Україну! Ми спокійні! Ми сильні! Ми разом!

Posted by Володимир Зеленський on Monday, February 14, 2022


რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მომატებული დაძაბულობის ფონზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მიმართა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ქვეყანა ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა. დასავლური მედიის ინფორმაციით, 16 თებერვალს შესაძლოა რუსეთი უკრაინაში შეიჭრას, ზელენსკის განკარგულებით, ეს დღე უკრაინის ერთიანობის დღედ გამოცხადდა.

„გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ... ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გამოვფენთ, გავიკეთებთ ლურჯ და ყვითელ ლენტებს და ჩვენს ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახებთ. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ევროპული მისწრაფება. ჩვენ გვინდა თავისუფლება და მზად ვართ ვიბრძოლოთ. ამ ომში დაღუპული 14 ათასი დამცველი და მშვიდობიანი მოქალაქე ციდან გვიყურებს და ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას," - აცხადებს ზელენსკი. 

მისი თქმით, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და ყველა საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით სურს. მათ შორის დიპლომატიური გზით სურს დონბასისა და ყირიმის დაბრუნებაც. ზელენსკი ამბობს, რომ სხვას თავს არ ესხმიან, მაგრამ არც საკუთრის დათმობას აპირებენ. 

„ბევრად უფრო ძლიერი არმია გვყავს, ვიდრე ეს რვა წლის წინ იყო. ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმაც უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი არმიის საფუძველი  ხალხის ნდობა და ძლიერი ეკონომიკაა. ჩვენ ყველას გვინდა ბედნიერად ვიცხოვროთ, ბედნიერებას კი ძლიერი უყვარს. არასოდეს ვიცოდით დანებება და არც ახლა ვაპირებთ... გიყვარდეთ უკრაინა! ჩვენ მშვიდად ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ ერთად ვართ!" - განაცხადა ზელენსკიმ. 

 

აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა სასროლ პოზიციებზე დააყენა არტილერია და სარაკეტო დანადგარები. ამის შესახებ  ინფორმაციას Cbsnews ავრცელებს

ზოგიერთმა რუსულმა ქვედანაყოფმა დატოვა თავდაპირველი შეკრების ადგილი რომლებიც, ჩანს სატელიტური ფოტოებიდან და იწყებენ  გადაადგილებას "თავდასხმის პოზიციებზე". 

აშშ-ს სჯერა, რომ რუსეთი კვირის ბოლომდე თავს დაესხმება უკრაინას, თუმცა ჯერ უცნობია, რა ფორმით იქნება ეს, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთს ახლა ძალების 80% ჰყავს, რომელიც დასჭირდება სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყებად, დანარჩენი კი გზაშია. 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი თავმოყრილია უკრაინის საზღვრებთან - აღმოსავლეთით, რუსეთში და ჩრდილოეთით, ბელორუსიაში.

კიევმა მოსკოვთან შეხვედრა მოითხოვა, რათა განეხილათ რუსული სამხედრო აქტივობა უკრაინის საზღვართან. ეს ნდობისა და უსაფრთხოების აღდგენის ღონისძიებების შესახებ 2011 წლის საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში გაკეთდა.

კიევმა ე.წ. ვენის დოკუმენტის ფარგლებში შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც მოსკოვმა შეთანხმების ფარგლებში არ უპასუხა კიევის მიერ გაგზავნილ თხოვნას ჯარების გადაყვანის შესახებ, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები დაძაბულობის შესამცირებლად და ხელშეკრულების მხარეთა უსაფრთხოების გასაძლიერებლად, განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა.

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. თეთრი სახლის ცნობით, საუბარი 1 საათზე დიდხანს გაგრძელდა.

მხარეებმა უკრაინის საზღვრებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, აშშ-ის პასუხი მის ამ ქმედებაზე სწრაფი და გადამწყვეტი იქნება.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდა - ამ საკითხზე უკრიანის პრეზიდენტს დადებითი პასუხი არ მიუღია. აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ამის შანსები ძალიან დაბალია.

ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ განცხადებას ეუთო ავრცელებს

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სპეციალური სადამკვირვებლო მისია (SMM) უკრაინაში არის სამოქალაქო მისია. საერთაშორისო მისიის წევრების უმრავლესობა კი მივლინებულია ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ. მათი თქმით, მივლინების სისტემა მონაწილე სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს თავად მიიღონ გადაწყვეტილება, მათ მიერ  მივლინებული პირების ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ გადაადგილების შესახებ. 

საზღვარზე შექმნილი კრიზისისა და რუსეთის მეზობელ სახელმწიფოში შეჭრის შესახებ ეჭვების გამო რამდენიმე კომპანია უკრიანის მიმართულებით ფრენებს აუქმებს. CNBC-ის ცნობით, უქმდება როგორც ჩარტერული ფრენები, ისე ამ ე.წ. გადაჯდომა და უკრაინიდან სხვა ქვეყნის მიმართულებით გაფრენა.

ჰოლანდიურმა კომპანიამ KLM-მა უკრაინის მიმართულებით ფრენები სრულად გააუქმა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფრენები არ აღდგება მანამ, სანამ საფრთხის შესახებ არსებობს ცნობები.

კომპანია SkyUp-ის რეისი, რომელიც მადეირადან (პორტუგალიიდან) კიევის მიმართულებით სრულდება, შეიცვალა - თვითმფრინავი მოლდოვაში დაეშვა. მიზეზი კომპანიის ირლანდიელი მეიჯარის მოთხოვნა იყო - უკრიანის მიმართულებით ფრენები აიკრძალა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დღეს, 12 თებერვალს, ტელეფონით ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ესაუბრნენ. ​

ემანუელ მაკრონის განცხადებით, პუტინთან მისი ორსაათიანი საუბრის მიზანი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შეჩერება იყო. მაკრონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს საუბრისას განუცხადა, რომ გულწრფელი დიალოგი ესკალაციასთან შეუთავსებელია. მხარეებმა სამომავლო დიალოგისთვის მზადყოფნაც გამოთქვეს. 

რაც შეეხება ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის საუბარს, ის სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. განხილვის მთავარი თემა ამ შემთხვევაშიც უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების მობილიზება იყო. 

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგას დეესკალაციისა და დიპლომატიაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„ბაიდენი დღეს ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს, რათა ნათლად განემარტა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ და მისი პარტნიორები მას სწრაფ და მძიმე საფასურს დააკისრებენ," - ვკითხულობთ თეთრი სახლის ტვიტერზე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა გაიმეორა, რომ უკრაინაში შეჭრა მასობრივ ადამიანურ ტანჯვასა და რუსეთის პოზიციების დასუსტებას გამოიწვევს. ცხადად თქვა ისიც, რომ მიუხედავად აშშ-ს მზადყოფნისა, ჩაერთოს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ვაშინგტონი მზადაა სხვა სცენარებისთვისაც. 

„სიმართლე ის არის, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული ინფორმაცია. და ახლა პანიკა ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მტრის საუკეთესო მეგობარია. მთელი ეს ინფორმაცია მხოლოდ პანიკის დათესვას უწყობს ხელს და არ გვეხმარება," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხრეთით, ხერსონის ოლქში ყოფნისას განაცხადა. ოლქში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეროვნული გვარდია ერთობლივი წვრთნებს მართავდნენ.

ზელენსკის თქმით, „სიურპრიზები" შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მოხდეს, მაგრამ საჭიროა ძალებს ენდონ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიპლომატიაა.

„მზად ვართ ნებისმიერი ნაბიჯებისთვის, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი საზღვრიდან," - განაცხადა ზელენსკიმ. 

რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ​ბოლო კვირების განმავლობაში პრეზიდენტმა უკრაინელებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ არაერთხელ მოუწოდა. 

​აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც ბლინკენმა საუბრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა, მან ლავროვთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომ აგრესიას მტკიცე, მასობრივი და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვება.

„ვესაუბრე სერგეი ლავროვს და ხაზი გავუსვი უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მობილიზების დიპლომატიურ გადაწყვეტას," - ამბობს ბლინკენი.

რუსეთის საგარეო უწყების თქმით კი, ლავროვმა ყურადღება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწყებულ „პროპაგანდისტული კამპანიაზე" გაამახვილა. ლავროვის თქმით, ეს „დონბასის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობას“ ახალისებს. ლავროვი ვაშინგტონს მინსკის შეთანხმების საბოტაჟშიც სდებს ბრალს. მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ დეკემბრის ბოლოს წამოყენებული ძირითადი მოთხოვნები უგულებელყოფილია.

სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილ სატელეფონო საურბამდე რამდენიმე საათით ადრე შედგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს.

უწყების თქმით, უკრაინული დიპლომატია და არმია ყველა ღონეს ხმარობს, რომ ქვეყანა ნებისმიერი აგრესიული ზრახვებისა და სცენარისთვის მზად იყოს. კერძოდ,  გუშინ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ არსებული ვითარება და უკრაინის შემდგომი ქმედებები სიღრმისეულად გააანალიზა.

„ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ქვეყნის შიგნით ერთიანობა და ყველა ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავება, რაც ძირს უთხრის სტაბილურობას და თესავს პანიკას. უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდება მოვლენებს და მზად არის მოიგერიოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმა," - ნათქვამია განცხადებაში. 

​უკრაინის საგარეო უწყების თქმით, დაძაბულობის შესამცირებლად მუშაობა გრძელდება ყველა პარტნიორთან. უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინფორმაცია კი ოპერატიულად მიეწოდება და დროული ქმედებების საშუალებას აძლევს.

„განვაგრძობთ დაძაბულობის შემცირებასა და საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარების მობილიზებაზე მუშაობას, რათა რუსეთი  დიპლომატიური დიალოგის ჩარჩოში დავტოვოთ," - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს თვალს ყურადღებით ადევნებს. მათი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17.

სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინელ კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან მუდმივ კავშირზე რჩება. უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი)  მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულნი.

უწყების თქმით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთანაც და მათ მოუწოდებენ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო გაითვალისწინონ.

„როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია. შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული სააგენტო РИА Новости წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები უკრაინას ტოვებენ. სააგენტოს წყაროს თქმით, დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის ფონზე, რუსმა დიპლომატებმა და საკონსულოს თანამშრომლებმა უკრაინიდან რუსეთში გამგზავრება დაიწყეს.

თავად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 10 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალის ნაწილის დროებით ევაკუაციას განიხილავდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, პერსონალს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მატი მაასიკასმაც​მისი თქმით, თავად კიევის დატოვებას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ სრულფასოვანი მუშაობის განახლებას მალე შეძლებენ.

„სწრაფად ცვალებადი ვითარების გათვალისწინებით და ბრიუსელის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ, მოვუწოდებ მისიის ყველა უცხოელ კოლეგას, რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინა და განაგრძონ მუშაობა დისტანციურად," - განუცხადა პერსონალს მაასიკასმა.

ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში ტვიტერზე წერს, რომ კიევში რჩება და ძირითად გუნდთან ერთად მუშაობას აგრძელებს. მელინდა საიმონსი ამბობს, რომ საელჩო კვლავ მუშაობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე წერს, რომ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, უსაფრთხოების მიმდინარე ვითარებაზე ესაუბრა. 

დმიტრო კულებას თქმით, ევროკავშირს მკაცრი სანქციების პაკეტი მზად აქვს, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

„უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს. ამ პოზიციისა და მზადყოფნის გამო მადლიერები ვართ," - წერს კულება. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას ესაუბრა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იტყობინება, წერს CNN. 

ბოლო ზარი დიპლომატებს შორის მას შემდეგ შედგა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს აქვთ ახალი დაზვერვა, რომელიც ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინას შესაძლოა ოლიმპიადის დასრულებამდე დაესხას თავს. 

სპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის შესაძლო შემდგომი აგრესიის მზარდი საფრთხის ფონზე“.

მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერ აგრესიას მოჰყვება სწრაფი, მძიმე და ერთიანი შედეგები. სახელმწიფო მდივანმა შეატყობინა [კულებას] საერთაშორისო საზოგადოების მცდელობების შესახებ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ამავდროულად, გაძლიერდეს თავდაცვითი და შემაკავებელი ზომები იმის ფონზე, რომ რუსეთი აგრძელებს სამხედრო შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის მობილიზებას უკრაინის საზღვრებზე. მან დაადასტურა, რომ აშშ აგრძელებს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამბობს პრაისი

CNN-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს უკავშირდება უკრაინაში და ეკითხება მათ, რა გეგმა აქვთ უკრაინის დატოვებისთვის. ქვეყანა კვლავ განაგრძობს მისი მოქალაქეების გაფრთხილებას, დატოვონ უკრაინა.

ერთერთმა მოქალაქემ, ვინც უკრაინაში ცხოვრობს და მუშაობს, CNN-ს უთხრა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან ამ კითხვით დაუკავშირდნენ -ჰქონდა თუ არა მას გეგმა, როგორ დატოვებს უკრაინას.

დეპარტამენტის წარმომადგენელმა მოქალაქეს, ასევე, ჰკითხა, მიიღო თუ არა წერილი ელ.ფოსტაზე. ის დაინტერესდა, გაეცნო თუ არა მოქალაქე განცხადებას, რომ აშშ მოუწოდებს ამერიკელებს, დატოვონ უკრაინა.

ლი ჰუმერიანის თქმით, ის არ აპირებს უკრაინიდან წასვლას და ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტსაც აცნობა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნული ზარების შესახებ მედიის კითხვებს ამ ეტაპზე არ პასუხობს.

CNN-ის ცნობით, რუსეთის პოტენციური შეჭრის გამო აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდლ ოსტინმა პოლონეთში დამატებით 3000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. ჯარი უახლოეს დღეებში გაემგზავრება და დანაყოფის 1700 წევრს შეუერთდება.

კიევში ბრიტანეთის საელჩოდან სავალდებულო ევაკუაცია არ გამოცხადებულა, თუმცა, მომუშავე დიპლომატის ცნობით, არამყისიერი საჭიროების მქონე პერსონალი ქვეყანას დატოვებს.

ბრიტანელი დიპლომატზე დაყრდნობით CNN წერს, რომ ქვეყანა დიპლომატების ევაკუაციას არ იწყებს, მხოლოდ "ის პერსონალი გავა ქვეყნიდან, ვისი ადგილზე ყოფნაც აუცილებელი არაა".

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მის მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ უკრაინა, სანამ ამის საშუალება არის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ამბობს, რომ დასავლური ქვეყნები სიცრუეს ავრცელებენ რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ.

ლავროვის მტკიცებით, მთელი რიგი ქვეყნები, მედიის დახმარებით, ავრცელებენ არასწორ ცნობებს, რომ შესაძლოა, რუსეთი უკრაინაში შეიჭრას.

Al Jazeera-ს ინფორმაციით, რუსი დიპლომატი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმასაც, რომ მსგავსი ქმედებებით დასავლეთი თავისივე აგრესიული ქმედებების გადაფარვას ცდილობს.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით,  უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მოქმედებები „ნორმალური არაა" და უკრაინაში შეჭრა რუსეთს „ნებისმიერ დროს" შეუძლია. ამის შესახებ უოლესმა რუს კოლეგასთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ, ბრიტანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

უოლესის თქმით, კრემლისგან მიიღო გარანტია, რომ შეჭრა დაგეგმილი არაა, მაგრამ გარანტია ფასდება ქმედებებით და უკრაინის საზღვრებთან 130 000-მდე რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.

სალივანის ბრიფინგამდე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა - Reuters-ის ცნობით, ტრანსატლანტიკური სივრცის ლიდერებმა შექმნილ რთულ სიტუაციაში მოკავშირეთა ერთიანობაზე ისაუბრეს.

ზარის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ: კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ სამხედრო ინტერვენციის დაწყებას "ნებისმიერ დროს ელოდებიან, რადგან რუსული ძალები განსაკუთრებული რაოდენობით არიან მობილიზებულნი უკრიანის საზღვრებთან".

CNN-ის ცნობით, აშშ-სა და მის მოკავშირეებს დაზვერვაზე დაყრდნობით აქვთ განახლებული ინფორმაცია და ამ ცნობებით, პუტინმა, შესაძლოა, არ დაიცადოს პეკინში პლიმპიადის დასრულებამდე. 

ჯეიკ სალივანის ინფორმაციით, პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გასცეს და შეჭრა არ გამოირიცხება არც ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას. პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, რუსეთმა, შესაძლოა, სწრაფი შეტევა განახორციელოს უკრაინის დედაქალაქის, კიევის ხელში ჩასაგდებად.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან ძალების სრული მობილიზება აქვს და შეტევა "ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს".

სალივანის თქმით, აშშ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, ვინც ჯერ კიდევ უკრაინაში იმყოფება, უახლოესი 24-48 საათის განმავლობაში დატოვონ ქვეყანა, რადგან რუსეთის შეტევა, შესაძლოა, საჰაერო თავდასხმებით დაიწყოს - ეს კი უკრაინიდან მოქალაქეების გამოყვანას შეაფერხებს.

სალივანმა აღნიშნა ისიც, რომ ამერიკული დაზვერვისთვის არაა ცნობილი, პუტინმა უკვე გასცა თუ არა კონკრეტული ბრძანება უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ. მიის ცნობით, ბაიდენი უახლოეს მომავალში გეგმავს პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას შექმნილ კრიზისსა და ვითარების გაუარესებაზე.

  • ესტონეთის მთავრობა მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს (00:18 სთ)

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს და ურჩევს, რომ მაქსიმალურად სწრაფად დატოვონ უკრაინა. "რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყების რისკები ძალიან მაღალია", - ამბობს ესტონეთის მთავრობა და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავიდან აირიდონ უკრაინაში არააუცილებელი ვიზიტები.

 

 

 

 

კომენტარები