საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
22 სექტემბერი, 2021 დედაქალაქის მოქმედი მერის მეორედ არჩევის ამბიციები - კახა კალაძე ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე, ქართული ოცნების სახელით თვითმმართველობის არჩევნებში მეორედ იბრძოლებს. მმართველი გუნდის ერთერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ფიგურა და პარტიის გენერალური მდივანი თბილისის მერობის კანდიდატად 20 ივლისს დასახელდა. მისი საარჩევნო სლოგანია: „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“.

საინტერესო იყო თავად წარდგენის ცერემონია: მმართველი გუნდის წარმომადგენლები კრიტიკულად განწყობილი მედიების წარმომადგენლების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ (5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მისულ ფორმულას ჟურნალისტს გია ვოლსკიმ ფოტოც კი დაუხია), არ პასუხობდნენ ჟურნალისტების კითხვებს და მათი აქტივისტები შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. 

 

რას პირდება კალაძე ამომრჩევლებს?

 

კალაძის წარდგენა მერობის კანდიდატად
კალაძის წარდგენა მერობის კანდიდატად მეორე ვადით

კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებადაა დაყოფილი - ამ დროისათვის ცნობილია ურბანული, სატრანსპორტო და გარემოს დაცვის პოლიტიკის გეგმა, რას ჰპირდება ამ კუთხით ამომრჩეველს მოქმედი მერი, თუკი მეორე ვადით აირჩევენ.

ურბანული პოლიტიკის ნაწილში კახა კალაძე რამდენიმე საკითხის მოგვარებაზე საუბრობს. ყველაზე დიდი ნაწილი ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლებას ეხება - კახა კალაძის განცხადებით, მისი გეგმაა, რომ საბჭოთა დროინდელი სახლები ჩანაცვლდეს თანამედროვე საცხოვრისებით, რომლებიც იქნება საცხოვრებლად უსაფრთხო, ენერგოეფექტური და ქალაქის ერთიანი არქიტექტურის ნაწილი. ამავდროულად, მოქმედი მერი ჰპირდება ამომრჩეველს, რომ გათვალისწინებული იქნება რეკრეაციული ზონების გამოყოფაც.

 
რა გავაკეთეთ და რას ვაპირებთ იმისთვის, რომ ძველ თბილისში მეტი სიცოცხლე შევიტანოთ

🔷 რა გავაკეთეთ და რას ვაპირებთ იმისთვის, რომ ძველ თბილისში მეტი სიცოცხლე შევიტანოთ #მეტისიცოცხლე ყველა უბანში

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Monday, September 20, 2021

 

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზე მუშაობის პირობასაც კალაძე დებს, საგზაო ინფრასტრუქტურაა. ურბანული პოლიტიკის პროგრამის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დედაქალაქში მდებარე ოთხ ხიდს - ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს, მინდელის, მეტეხისა და დიდუბის ხიდებს. ჯამში ამ ყველაფერზე 36 900 000 ლარი გამოიყოფა. ასევე, კალაძე ჰპირდება ამომრჩეველს, რომ განახლდება რამდენიმე გამზირი, შეკეთდება 1000-მდე ქუჩა. ამაში კი ბიუჯეტიდან 130 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ურბანული პოლიტიკის მესამე პუნქტი ძველი თბილისის რეაბილიტაციას ეხება. პროგრამის მიხედვით, განახლდება ვახტანგ გორგასლის ბულვარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნარიყალას ციხესიმაგრეს, ბარათაშვილის გალავანს, ლადო გუდიაშვილის, სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებს. ძველი თბილისის განახლებაში მოქმედი მერი 309 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს.

 
თბილისს დამატებით 30 ახალი ავტობუსი და 90 მიკროავტობუსი შეემატა

თბილისს დამატებით 30 ახალი ავტობუსი და 90 მიკროავტობუსი შეემატა

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Monday, September 20, 2021

 

რაც შეეხება სატრანსპორტო პოლიტიკას - ამ მიმართულებით კალაძის დაპირებები შემდეგნაირია:

  • დაინერგება ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტი სისტემა;
  • დედაქალაქის ავტოპარკს დაემატება 380 ახალი ავტობუსი;
  • ჩანაცვლდება მოქმედი მიკროავტობუსები;
  • მეტროს დაემატება 40 ახალი ვაგონი და გარემონტდება 52 არსებული
  • რეაბილიტირდება რამდენიმე მეტროსადგური;
  • ამოქმედდება აბონიმენტთა სისტემა;
  • მოეწყობა 10 სატრანზიტო დერეფანი ქალაქის სხვადასხვა უბანში;
  • დასრულდება მთაწმინდის საბაგიროს სამშენებლო სამუშაოები და მოეწყობა ორი ახალი საბაგირო;
  • მოეწყობა 315-კილომეტრიანი ველობილიკის ტრასა;
  • გაუმჯობესდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარამეტრები, როგორც მისი ტევადობა, ისე მოცდის დრო;
  • განხორციელდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი.
 
სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია

სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია #მეტისიცოცხლე ყველა უბანში

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Tuesday, September 21, 2021

 

რაც შეეხება გარემოს დაცვას - კალაძის დაპირებები ამ კუთხით მრავალფეროვანია. ეკოლოგიური პოლიტიკის კუთხით გამწვანებასა და პარკებს მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს - კალაძე მოსახლეობას ჰპირდება, რომ დედაქალაქში განახლდება და მოეწყობა 15 პარკი, დაირგვება 300 000 ნარგავი და გაშენდება 300 ჰა ტყე. ამავდროულად, მოქმედი მერი ამბობს, რომ დაიწყება პროგრამა „გაამწვანე შენი უბანი“, რაც საცხოვრისების მიმდებარედ გამწვანების ღონისძიებებს გულისხმობს.

გარდა გამწვანებაზე ზრუნვისა, კალაძე ამბობს, რომ ჰაერის მტვრი დაბინძურება შემცირდება მინიმუმ 15%-ით,  ფართოდ დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემაც.

კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს. ენიგმას გუნდიც პარალელურ რეჟიმში მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.

კახა კალაძე დედაქალაქის მერი 2017 წლის არჩევნებით გახდა - დავით ნარმანიას შემცვლელის სახელს არაერთი ხმაურიანი საქმე უკავშირდება. გავიხსენოთ მოქმედი მერის საქმიანობა თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც მეორედ იბრძვის.

 

რომელი დაპირებები შეასრულა კახა კალაძემ?

 

ავტორი: კალაძის ფეისბუქის გვერდი

 

2017 წელს კახა კალაძე ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ შეიქმნებოდა პარკირების ახალი სისტემა და „სითი პარკთან“ თანამშრომლობა შეწყდებოდა. 

2018 წელს თბილისის მერიამ მართლაც გაწყვიტა კომპანიასთან ხელშეკრულება, თუმცა მისი პირობების დარღვევის გამო (ვადაზე ადრე გაწყვეტა) „სითი პარკს“ 4.3 მლნ დოლარი გადაუხადეს, სანაცვლოდ კი კომპანიამ სამართლებრივი დავა შეწყვიტა.

პარკირების სისტემა სამართავად თბილისის მერიას გადაეცა „თბილისის პარკინგის“ სახელით, ხოლო „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები (800 ათას ლარზე მეტი) მოსახლეობას ჩამოეწერა.

 

კახა კალაძის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი ხმაურიანი ცვლილება - ქალაქში ტაქსების თეთრად გადაღებვა.

 

 

2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომლის თანახმადაც ტაქსაობა დასაშვები გახდა მხოლოდ თეთრი ავტომობილებისათვის. აღნიშნულმა პროტესტი გამოიწვია როგორც მძღოლებში, ისე ქალაქის მოსახლეობაში.

ტაქსის მძღოლები სხვადასხვა ხელისშემშლელ გარემოებაზე საუბრობდნენ. მათ შორის, პირველ რიგში, ფერის ცვლილება იყო - ყველა არათეთრ ტაქსის მუშაობის შეწყვეტა, ან შეღებვა/ფირის გადაკვრა მოუწია ავტომობილზე. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ტაქსის მძღოლების ნაწილი ამბობდა, რომ რეფორმა ნაადრევი იყო. მათივე თქმით, ყველამ ვერ მოახერხა საკუთარი ხარჯებით ავტომობილის გადაღებვა, ხოლო მერიის მიერ დაფინანსებული სერვისის ოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

მოსახლეობისთვის პრობლემას ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდა, ერთი მხრივ, ოჯახის დასაქმებული წევრის წინაშე მდგარი გამოწვევები და, მეორე მხრივ, ტაქსის მომსახურებაზე გაზრდილი ფასი.

მიუხედავად პროტესტისა, რეფორმა არ შეჩერებულა. დღემდე უცნობია, ზუსტად რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ტაქსის ფერის ცვლილების შემდეგ.

კიდევ ერთი დაპირება - მუნიციპალური ტრანსპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

 

ფოტო: თბილისის მერია

კახა კალაძის მერობის პერიოდში თითქმის სრულად განახლდა დედაქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი. ქალაქში გამოჩნდა კეთილმოწყობილი ავტობუსები და ძველი სამარშრუტო ტაქსებიც ახლით ჩანაცვლდა.

თუმცა მითქმა-მოთქმის გარეშე არც ამ პროცესს ჩაუვლია. 2021 წლის ივნისში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჯაროვეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ავტობუსების შესყიდვის ერთერთი მსხვილი კონსოლიდირებული ტენდერი მოიგო ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველის, თემურ უსტარაშვილის კომპანიამ ისე, რომ მას სახელმწიფოსთვის სატენდერო ღირებულებაზე არცერთი თეთრით ნაკლები არ შეუთავაზებია. 

ხმაურიანი იყო, მაგალითად, ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პროექტიც. არსებობდა წინასწარი განწყობები, რომ დედაქალაქის ერთერთ ყველაზე დიდ გამზირზე ავტომობილების სავალი ზოლის დაპატარავება და ავტობუსების გადაადგილების მიმართულების შეცვლა ავარიების რაოდენობას გაზრდიდა, ხშირი იქნებოდა საცობები და მოძრაობის შეფერხება. თავიდან ასეთი შემთხვევები მართლაც იყო, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები ჭავჭავაძეზე არ გახშირებულა.

ხარვეზი, რაზეც კალაძის ოპონენტები და კრიტიკოსები მიუთითებდნენ, იყო პროექტის დროში გაწელვა და თანხების ხარჯვა. განახლებული ჭავჭავაძის გამზირის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები კი საუბრობდნენ იმაზე, რომ პროექტზე თანხები არამიზნობრივად იფლანგებოდა.

 

დაპირებები, რომლებსაც ოთხი წელი არ ეყო

 

ფოტო: AT.ge

 

ქალაქის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, 2017 წლის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, იყო ღამის ეკონომიკის კონცეფციის შემუშავება და მისი დანერგვა თბილისში.

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი კახა კალაძემ 2018 წელს წარადგინა. პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე იყო. პროექტის ფარგლებში ორწლიანი მუშაობის შემდეგ, 2020 წელს, სერგი გვაჯრალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების ახალი კონცეფციაც წარადგინა.

თუმცა მალევე, 2020 წლის აგვისტოში, სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა თავისივე განცხადების საფუძველზე დატოვა. მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პანდემიის გამო ვერ მოხერხდა იმ სამუშაოების შესრულება, რაზეც გვარჯალაძემ იმუშავა.

რამდენიმე კვირის წინ მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ის ორწლიანი შრომა და რესურსი, რაც ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაში ჩაიდო, არარელევანტური გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობა პანდემიის გავრცელებამდე ორი წლით ადრე დაიწყო.

Factcheck-ის ცნობით, დედაქალაქის ბიუჯეტს ღამის ეკონომიკის კონცეფცია  200 ათას ლარზე მეტი დაუჯდა

კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება 2017 წელს იყო ქალაქის იერსახეზე ზრუნვა, ისტორიული ნაგებობებისა და უბნების რეაბილიტაცია, ქაოტური განაშენიანების გადახედვა და გენერალური გეგმის შედგენა. გარდა ამისა, ქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა.

2019 წლის 5 მარტს გენერალური მიწათსარგებლობის გეგმა თბილისის საკრებულომმ მართლაც მიიღო. თბილისის მერიის ინფორმაციით, გეგმაში სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად, გაიწერა განაშენიანების კოეფიციენტის მატების საკითხი.  „მესაკუთრეებს არ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე“ - ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში

თუმცა, უკონტროლო მშენებლობები და  მშენებლობის/ნგრევის ნებართვები, რომლებსაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, კახა კალაძის მერობის თანმდევი პროცესი აღმოჩნდა.

მოქმედმა მერმა სპეციალისტებისა და მოსახლეობის კრიტიკა დაიმსახურა, როცა ვერეს ხეობის ტრაგედიიდან რამდენიმე წელიწადში იმავე ტერიტორიაზე მშენებლობების ნებართვები გაიცა. 2018 და 2019 წლებში ვერეს ხეობაში მრავალფუნციური კომპლექსისა და სასტუმროს მშენებლობის ნებართვა ორ სხვადასხვა კომპანიას მისცეს. ადგილობრივი მოსახლეობა ორივე მშენებლობას აპროტესტებდა. „ხეობაში მშენებლობები უსაფრთხო ტერიტორიაზე მიმდინარეობს და სახიფათო ზონებში არ ხვდება", - ასე ახსნა კახა კალაძემ ვერეს ხეობაში სამუშაოების წარმოების ნებართვების გაცემა

 

უსახლკარო მოსახლეობისთვის სახლების ნგრევა აფრიკაში

ფოტო: ნეტგაზეთი

ურბანული პოლიტიკის განხორციელების ნაწილი იყო, კახა კალაძის განცხადებით, პანდემიის დროს აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული საცხოვრისების ნგრევაც. 2020 წლის დეკემბერში მერიის დავალებით სპეციალურმა ტექნიკამ რამდენიმე ოჯახის სახლი დაანგრია. მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა, პროცესი არ გაჩერდა. ადამიანის უფლებებზე მომუშავე სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ საცხოვრებლების დანგრევით კახა კალაძემ ადამიანების ჯანმრთელობას შეუქმნა პრობლემა.

ფოტო: რეგინფო
ფოტო: publika.ge

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. „ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. აღნიშნულს ემატება, პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც", - აცხადებდა ომბუდსმენი. 

თავად კახა კალაძემ კი საცხოვრისის გარეშე დარჩენილ თანამოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. „ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი“.

„კიდევ ერთი ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროება“ - ასე აფასებენ გეოლოგები ვაშლიჯვრის ნაპრალს. 2021 წლის დასაწყისში გასაჯაროვებული მასალით ცნობილი გახდა, რომ მეწყრული პროცესები ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე გააქტიურდა. რამდენიმეთვიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგაც კი, საფრთხისშემცველ ლანდშაფტზე მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

 

 

ვაშლიჯვრის ბლოკური მეწყერი

Posted by Lasha Sukhishvili on Wednesday, March 17, 2021

 

კალაძის განცხადებით, დაიწყო გამაგრებითი სამუშაოებიც - თუმცა, პრობლემის გადაწყვეტის ამ გზას გეოლოგთა ნაწილი არ ეთანხმება. მათი თქმით, მეწყრის მასშტაბების პროგნოზირება, ქანების დაძვრის შემთხვევაში, რთული იქნება და ამიტომაც სპეციალისტები მერიას მოსახლეობის ევაკუაციისკენაც კი მოუწოდებდნენ.

2021 წლის სექტემბერში ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში "შაბათის ფორმულა" ვრცელი რეპორტაჟი გავიდა ვაშლიჯვარში არსებული ნაპრალების შესახებ, რომელიც დღესაც დიდ საფრთხეს წარმოდგენს მოსახლეობისთვის და მთლიანად ქალაქისთვის. 

 

 
კალაძის ახალი ბზარები ვაშლიჯვარში

‼ ახალი, უზარმაზარი ნაპრალები ვაშლიჯვრის მთაზე - ერთი ფერდი სრულად გაიხლიჩა და დაიძრა | ვითარება რთული და საგანგაშოა

Posted by Formula • ფორმულა on Saturday, September 11, 2021

 

2017 წელს ერთერთი მთავარი საკითხი, რაზე ზრუნვასაც კახა კალაძე ამომრჩეველს დაჰპირდა, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა და რეკრეაციული ზონების გაფართოება იყო.

მიუხედავად ამისა, სწორედ კალაძის სახელს უკავშირდება ისეთი ხმაურიანი საქმეები, როგორიცაა ვარკეთილში მდებარე ანას ბაღის ქეისი, დიღმის ჭალები და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალპარკის მოწყობა.

 

ფოტო: publika.ge

 

ვარკეთილში მოსახლეობა ანას ბაღის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშნებლობას წელიწადზე მეტია, აპროტესტებს. ადგილობრივების რამდენიმეთვიანი პროტესტის მიუხედავად, მერიამ და სასამართლომ მშენებლობის ნებართვა გასცა. აქტივისტების მიერ გამართულ ერთერთ აქციაზე კი, პროტესტის მონაწილეების მტკიცებით, კახა კალაძემ ანას ბაღის ერთ-ერთ მცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ბატონო მერო, კითხვა მინდა დაგისვათ-მეთქი და ეგრევე მწვდა მაისურზე“, - აცხადებდა აქტივისტი კახა კვეკვესკირი.

 

 

რამდენიმეთვიანი პროტესტს მისცა საფუძველი დიღმის ჭალებში მიმდინარე კარიერულმა სამუშაოებმაც. ადგილობრივი მოსახლეობა შესაძლო ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობდა - მათი თქმით, სამუშაოები მტკვარს უთხრიდა კალაპოტს და მიმდებარე ტერიტორიას დატბორვით ემუქრებოდა.

დიღმის ჭალების მდგომარეობა დღეს

საკითხთან დაკავშირებით ხმაურიანი განხილვები თბილისის საკრებულოში 2020 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა. გარემოსდამცველები სხვადასხვა დარღვევაზე საუბრობდნენ, მათ შორის, სამუშაოების დაწყების უკანონო ნებართვა, გარემოსადმი ზიანის არაადეკვატურად შეფასება.

უარყოფითი შეფასებები და მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის იდეასაც - ისედაც მწვანე ტერიტორია, რომელიც წლებია რეკრეაციულ ზონად გამოიყენება, უნდა გადაკეთდეს მრავალფუნქციურ პარკად.

მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა ამბობს, რომ პარკის პროექტი მათთვის მიუღებელია და ქალაქის ყველაზე დიდი მწვანე ტერიტორიას ფუნქციას უკარგავს. ისინი პროექტის შექმნაში მონაწილეობას მოითხოვენ და ფიქრობენ, რომ მათი აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს. ბუნების დამცველები კი ხაზს უსვამენ იმას, რომ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ პროექტში სიმწვანეზე მეტი ბეტონისა და რკინის კონსტრუქცია იყო.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით კი, იპოდრომის პარკის სამშენებლო დოკუმენტებს თბილისის მერია არ ასაჯაროვებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროექტის კანონიერებასთან დაკავშირებით ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო ორგანიზაცია სასამართლოშიც ჩივის.

 

კახა კალაძის ორი იდენტობა - პორტრეტი

 

საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი ყველაზე  წარმატებული ფეხბურთელი პოლიტიკაში ქართულ ოცნებასთან ერთად გამოჩნდა და  გუნდის სხვა ლიდერების მსგავსად, ხშირად იხსენებს “სისხლიან ცხრა წელიწადს“.

საინტერესოა, რას ამბობდა კახა კალაძე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის შესახებ 2003-2012 წლებში.

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში კახა კალაძე მკაფიოდ უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს. ერთერთ სატელევიზიო ეთერში კალაძემ სააკაშვილის შესახებ ასე ისაუბრა:

„საქართველო მახსოვს გაუბედურებული, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა. თუ გინდა ცხრა აპრილი გავიხსენოთ, ოსეთის, აფხაზეთის დაკარგვა გავიხსენოთ, ყველაფერმა ჩემ თვალწინ ჩაიარა. მაშინ სამტრედიაში ვცხოვრობდი, ერთი ჩვეულებრივი ბიჭუნა ვიყავი... ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ვფიქრობ, დაუნახავი ადამიანი უნდა იყო, რომ ვერ შეხედო ის, რაც გაკეთდა. თუ გინდა, ვიძახით, რომ ეს გზები უნდა გაკეთებულიყო - კი, უნდა გაკეთებულიყო, გზებიც, შუქიც, მაგრამ ხომ არ გვქონდა? ხომ არ იყო არაფერი, ხო? არ შეიძლება ახლა იმაზე დავიწყოთ საუბარი, რომ არა, ეგ უნდა გაკეთებულიყო. ეგ ჩვენც ვიცით, უნდა გაკეთებულიყო. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, კიდევ ბევრს გააკეთებენ, მაგაში დარწმუნებული ვარ."

 

 

ამ განცხადებიდან 11 წლის შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი წევრის კრიტიკას კახა კალაძემ, შეიძლება ითქვას, უხამსი გამონათქვამითაც უპასუხა:

„ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო - ესენი არის ერთი ტიპის ადამიანები, და განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი, ერთიან შინაარსს შეიცავს. ამ ადამიანებს რა უნდა ვუთხრა, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით. ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ... ჩვენ იქ ადგილს ვაფართოვებთ, ​გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და ამ ადამიანებს ვინც მე ჩამოვთვალე, შეუძლიათ, აბრძანდნენ და...  ნუ მიშას არ გამოუვა, მას ჰოლანდიიდან შეუძლია  გამოექანოს.“

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცალკე განხილვის საგანია კახა კალაძის ურთიერთობა მედიასთან. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თბილისის მერმა კამპანიაც კი წამოიწყო კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების წინააღმდეგ. მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, ფეიკნიუსების წინააღმდეგ ბრძოლა დააანონსა და განაცხადა, რომ „ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“. გავრცელდა სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული ბანერიც - მთავარის, ფორმულასა და ტვ პირველის ლოგოებზე ჩამოღვენთილი სისხლი. კახა კალაძის ამ პროექტმა არ გაამართლა და რამდენიმე ე.წ. გადაცემის შემდეგ შეწყდა კიდეც.

კახა კალაძე გამოირჩევა კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ცინიკური და ხანდახან აგრესიული დამოკიდებულებითაც კი. მაგალითად, “მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ კითხვის რამდენჯერმე განმეორებით დასმის შემდეგ, კალაძემ მას შემდეგი ფრაზით უპასუხა:

„რა გჭირთ, ტო? რა მოგივიდათ, მოითმინეთ ერთი წუთი, როდის არ გამიცია პასუხია. დადექით ნორმალურად, ცივილურად, არაადამიანურად იქცევით, არ გრცხვენიათ უბრალოდ?“

2019 წელს დამონტაჟებულ საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, სწორად იყო თუ არა სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი, კახა კალაძემ კვლავ მთავარი არხის ჟურნალისტს უპასუხა, რომ „ახალი წლით მიეღო სიამოვნება“. რეპორტიორის განმეორებით შეკითხვაზე კი მერმა ეს პასუხი გასცა:

„სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ“

ირონიული და სარკასტული იყო კალაძის გამოხმაურება „მთავარი არხის“ ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოგდების შესახებაც. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებდა დედაქალაქის მერობის კანდიდატი მისი თანაპარტიელების ქცევას, რომლებმაც ოპარეტორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს, კალაძემ შემდეგნაირად უპასუხა:

„მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს“

საინტერესოა კახა კალაძის დამოკიდებულება თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული ღირსების მარშისადმი. კალაძე სწორედ იმ ქალაქის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერია, სადაც ყოველწლიურად, ფაქტობრივად, ყველა ძირითადი ღონისძიება იმართება პრაიდის კვირეულის ფარგლებში.

2019 წელს კახა კალაძე ღირსების მარშის დღეს მარათონის გამართვის იდეით გამოვიდა. 23 ივნისს, „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით“, რესპუბლიკის მოედნიდან ორბელიანის მოედნამდე მარათონი დააანონსა.

2021 წლის 5 ივლისს გასამართ ღირსების მარშზე კი კალაძემ განაცხადა, რომ „მიზანშეწონილად“ არ მიაჩნია მისი ჩატარება, რადგან „არსებობს კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან“.

 

 

კახა კალაძე ხშირად იყო სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკის ობიექტიც.

2019 წლის 14 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტექტო გამოსვლები დაიწყეს.

რამდენიმე კვირის განმავლობაში პარლამენტის წინ იყო გაშლილი კარვები, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკური პარტიების წევრებს ეკუთვნოდათ. პარლამენტის წინ იდგა მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც - ის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდა.

2019 წლის 30 დეკემბრის ღამით მერიის დასუფთავების სამსახურმა მაჩალიკაშვილის პარლამენტის წინ მდგარი კარავი აიღო და მის ადგილას საბავშვო ატრაქციონი დადგა. ამას აქტივისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მაჩალიკაშვილი ყვებოდა, რომ მას მერიაში დაჰპირდნენ, მის კარავს არ შეეხებოდნენ. თუმცა შუაღამისას სხვა კარვებთან ერთად მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც აიღეს.

ფოტო: მთავარი არხი

კარვების აშლის შემდეგ პარლამენტის წინ საახალწლო დეკორაციები მოეწყო, მათ შორის ზვიგენის ფორმის ბატუტი. დეკორაციების აღებიდან რამდენიმე დღეში, როცა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციები დააანონსეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს და იქ რეაბილიტაციის პროექტი დაიწყეს. სწორედ პარლამენტის წინ დამონტაჟებულ მწვანე ღობეზე გაჩნდა ცნობილი წარწერა “ბიძინას ბოსტანი“.

თეგები: არჩევნები 2021
მთავარი ფოტო: თაკო კოპალიანი
კომენტარები