საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
16 თებერვალი, 2022 მითები VS რეალობა - რუსული სიცრუის პროპაგანდა უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ
სტატია გამოქვეყნებულია 4 თვის წინ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და დაზვერვა აქტიურად მუშაობენ უკრაინის საზღვრებზე შექმნილი კრიზისის დროს და ავლენენ ორგანიზაციებს, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებენ. რუსული პროპაგანდა მუშაობს, რომ დასავლეთი და უკრაინა აგრესორად გამოაჩინოს.

კრემლის  მიზანია, დააჯეროს ქვეყნებსა და ადამიანებს, რომ უკრაინის ქმედებები იწვევს კრიზისს და შესაძლოა, გადაიზარდოს მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტშიც. ამავდროულად, მოსკოვი საკუთარ მოქალაქეებსაც აჯერებს, რომ რუსული სამხედრო ქმედებები უკრაინაში რუსეთის ინტერესების დაცვას ემსახურება. 

წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად გავრცელებულ მითებსა და სინამდვილეს, რომელიც ამ ცრუ ინფორმაციას უპირისპირდება.

მითი N1

სიცრუე - უკრაინა და მისი მთავრობა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში აგრესორები არიან.

რეალობა - სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებებით პუტინის რეჟიმი ცდილობს, რომ მსხვერპლს, უკრაინას დააბრალოს აგრესია. ფაქტი კი ისაა, რომ 2014 წელს რუსეთი შეიჭრა სუვერენულ სახელმწიფოში, უკრაინაში, ყირიმის ოკუპირება მოახდინა, დონბასში შეიარაღებულ ძალებს აკონტროლებს და ამჟამად 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი მობილიზებული ჰყავს უკრაინის საზღვართან. პუტინი ამ ქმედებებით, ფაქტობრივად, ემუქრება დასავლურ ცივილიზაციას - თუკი მისი მოთხოვნები არ შესრულდება, ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

მითი N2

სიცრუე - დასავლეთი უბიძგებს უკრაინას კონფლიქტისკენ.

რეალობა - ამჟამინდელი კრიზისი მოსკოვის ქმედებებმა გამოიწვია - რუსეთმა უკრაინის საზღვარზე რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო განალაგა მაშინ, როცა მსგავსი ქმედებები უკრაინას არ განუხორციელებია. რუსული უწყებები მუშაობენ იმისათვის, რომ მსხვერპლი უკრაინა აგრესორად იქნას აღქმული.

რუსული ძალების განლაგება უკრაინის საზღვართან - სატელიტური ფოტო

რუსეთის მთავრობას სურს მსოფლიოს დააჯეროს, რომ უკრაინის ქმედებები იწვევს კრიზისსა და კონფლიქტს. პარალელურად, ამ ნარატივით აჯერებს მის მოსახლეობასაც, რომ ეს ყველაფერი რუსეთის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კეთდება.

რუსეთი სხვებს აბრალებს მისივე წარმოებულ აგრესიას. თუმცა მოსკოვს ეკისრება პასუხისმგებლობა, მისივე დაწყებული კრიზისი განმუხტოს დიპლომატიის გზით. მის ქმედებებს ერთი ხელწერა ახასიათებს - კრემლი ასე იქცეოდა 2008 წელს საქართველოში, 1999 წელს კი მოლდოვაში.

მითი N3

სიცრუე - რუსეთი ამბობს, რომ ძალები საზღვარზე წვრთნებისთვის განალაგა და ეს ადგილის ჩვეულებრივი ცვლილებაა მისივე ტერიტორიაზე.

რეალობა - რუსეთმა ლოგიკური ახსნის გარეშე განალაგა საბრძოლოდ გამზადებული ტექნიკა და 100 000-ზე მეტი სამხედრო უკრაინის საზღვრებთან. განსაკუთრებით საინტერესოა გარემოება, რომ ეს ის საზღვრებია, რომლებიც რუსეთმა ერთხელ უკვე უკანონოდ გადალახა და დღემდე ტოვებს გარკვეულ ტერიტორიებზე ძალას.

ახლა სამხედრო ძალის მობილიზება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი განახლებული საფრთხეა. სამხედრო მობილიზებას თან ერთვის დეზინფორმაციული კამპანიების მთელი კასკადი, რათა უკრაინის მთავრობის თავდაჯერებულობა შეარყიოს და შეჭრისთვის ნიადაგი მოამზადოს.

მითი N4

სიცრუე - აშშ დონბასზე ქიმიურ თავდასხმას გეგმავს.

რეალობა - აშშ და რუსეთი ქიმიურ იარაღის შესახებ კონვენციის ხელმომწერები არიან. კონვენციის პირობების გამო, აშშ ქიმიურ იარაღს არ აწარმოებს. რუსეთი კი ბოლო წლებში ქიმიური იარაღის მინიმუმ ორჯერ გამოყენებაში არის შემჩნეული. კონფლიქტის გაღვივების ნაცვლად აშშ უკრაინაში ჰუმანიტარულ მისიებს გზავნის და 351 მლნ აშშ დოლარზე მეტით დაეხმარა იმ ადამიანებს, ვინც რუსეთის 2014 წლის აგრესიის მსხვერპლი გახდა. რუსეთი მაღალჩინოსნების მხრიდანაც კი ავრცელებს დეზინფორმაციას თავდასხმისთვის ნიადაგის შესამზადებლად.

კონვენციის ხელის მოწერა, 1993 წლის იანვარი

მითი N5

სიცრუე - რუსეთი უკრაინაში ეთნიკურ რუსებს იცავს.

რეალობა - არ არსებობს საფუძვლიანი ანგარიში იმის შესახებ, რომ უკრაინაში ეთნიკურ რუსებს რაიმე სახის საფრთხე ემუქრებათ. სამაგიეროდ, არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ეთნიკურ უკრაინელებს ავიწროებენ და შიშში ცხოვრება უწევთ. რუსეთი აიძულებს უკრაინელებს, ან მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, ან დაკარგონ მათი ქონება, ჯანდაცვაზე წვდომა და სამსახური.

მითი N6

სიცრუე - NATO რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებს ცივი ომის შემდეგ გეგმავს. მას შემოსაზღვრული ჰყავს რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით და რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება ალიანსის გაფართოებით, უკრაინის მიღებით.

NATO-რუსეთის საზღვარი
​​​

რეალობა - NATO თავდაცვითი ალიანსია და ამის შესახებ ჯერ კიდევ 2002 წელს თავად პუტინსაც აქვს განცხადება გაკეთებული. "ყველა ქვეყანას აქვს უფლება, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. NATO არის თავდაცვითი ბლოკი" - ამბობდა მაშინ რუსეთის ლიდერი. გარდა ამისა, NATO-ს არც რუსეთი ჰყავს შემოსაზღვრული. ფედერაციის 20 000-კილომეტრიანი საზღვრიდან NATO მხოლოდ 1215 კილომეტრზეა. ნიშნავს, რომ რუსეთს მხოლოდ 16%-ით ესაზღვრება. რუსეთს საზღვარი აქვს 14 ქვეყანასთან - აქედან მხოლოდ ხუთია ალიანსის წევრი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, NATO-ს არასდროს უთქვამს, რომ ახალ წევრებს არ მიიღებდა. ალიანსი აღიარებს ქვეყნების სუვერენულ უფლებას, აირჩიონ მათი მომავალი. 

მითი N7

სიცრუე - დასავლეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე და პირდაპირ სანქციებს ამუშავებს.

რეალობა - აშშ და მისი პარტნიორები მუდმივად დიპლომატიის გზისკენ მოუწოდებენ კრიზისის გადასაჭრელად. ცდილობენ მოსკოვთან პირდაპირ დიალოგსაც. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ორჯერ ესაუბრა, ხოლო მაღალი თანამდებობების პირებმა როგორც აშშ-დან, ისე სხვა ქვეყნებიდან რამდენიმე ათეული ვიზიტი და სატელეფონო საუბარი გამართეს რუსული მთავრობის წარმომადგენლებთან. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რას მოიმოქმედებს რუსეთი. დასავლელმა პარტნიორებმა პირად საუბრებსა და განცხადებებშიც ხშირად აღნიშნეს, რომ თუკი რუსეთი ძალადობის გზას აირჩევს, მკაცრი ეკონომიკური სანქციები ამოქმედდება.

მასალა მომზადებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით.

უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: 

მთავარი ფოტო: iStockPhoto
კომენტარები