საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ოკუპირებული დონბასიდან ე.წ პრეზიდენტის ბრძანებით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ოკუპირებული დონბასიდან ე.წ პრეზიდენტის ბრძანებით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
სტატია გამოქვეყნებულია 5 თვის წინ

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა  მოსახლეობის რუსეთში მასობრივი გაყვანის შესახებ განაცხადა. მისი ვიდეო მესიჯი ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა. 

ოკუპირებული დონეცკის  ე.წ პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი უკრაინიდან მომავალი საფრთხეა - ამის შესახებ Ria წერს.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, როსტოვის ოლქში ადგილი გამოიყო დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის და შეიქმნა პირობები სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სწრაფი გადასვლისთვის.

კრემლის პროპაგანდისტული მესიჯბოქსის მსგავსად მანაც დასძინა, რომ ოფიციალური კიევი მუდმივად ზრდის კონფლიქტის ზონაში სამხედრო პერსონალის რაოდენობას. ეს კი მაშინ, როცა უკრაინის საზღვრებთან ათიათასობით სამხედრო და შესაბამისი ტექნიკა რუსეთს ჰყავს განლაგებული.

უკრაინაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებას პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით აპირებენ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ მზაობა გამოთქვა რუსეთთან დიალოგის დაწყებაზე.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი თითქმის რვა წელია გრძელდება, ამ დროის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, 13 000-ზე მეტი ადამიანი გახდა მსხვერპლი, 44 000-მდე კი დაშავდა.

***

უკრაინის საზღვრებზე ვითარება ბოლო რამდენიმე დღეა, განსაკუთრებულად დაძაბულია. საერთაშორისო მედია NATO-ს წევრი სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვასა და სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს.

აშშ აქტიურად წერს იმაზე, რომ რუსეთმა შეჭრისთვის შესაძლოა სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია გამოიყენოს. მაღალი თანმდებობის პირები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის სცენარს შეიძლება ავითარებდეს.

ცნობისთვის, ​დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკვე რვა წელია სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. სეპარატისტული განწყობების გაღვივებასა და მათ მხარდაჭერაში რუსეთს ადანაშაულებენ. ​უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსი სეპარატისტების ქმედებებს რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადგილობრივი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანია ბრძოლა 2015 წლიდან შეწყდა. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ ცნობები ყოველდღიურად ვრცელდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, მხოლოდ 16 თებერვალს რუსული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რვაჯერ დაირღვა. აქედან 2 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღით.

მინსკის შეთანხმება 2015 წლის თებერვალში გაფორმდა. დოკუმენტი საფრანგეთისა და გერმანიის შუამდგომლობით, უკრაინამ, რუსეთმა და ეუთომ დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტასა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით შეადგინეს. 

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დროს არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთმა, უკრაინაში შესაჭრელად შესაძლოა ყალბი საბაბი გამოიყენოს.

უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:

კომენტარები