საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები: "ახალ კვირაში" იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები: "ახალ კვირაში" იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები
სტატია გამოქვეყნებულია 5 თვის წინ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები განცხადებას აქვეყნებენ და ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ დახურულ გადაცემა "ახალ კვირაში" ცენზურის მცდელობები იყო.

გამოცემა "პუბლიკა" თამთა ჯანაძისა და სოფო ზედელაშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გარდა ცენზურის მცდელობისა, იყვნენ "ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები".

ჟურნალისტები ამბობენ, რომ გადაცემა "ახალი კვირის" დახურვასა და "ალტ-ინფოს" განცხადებებს შორის რაიმე კავშირი გამორიცხულია და "მედიაში ამ თემის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა".

„ეს ყველაფერი [ცენზურის მცდელობა] ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია. ამის მიუხედავად, გადაცემაში გავიდა არაერთი კრიტიკული რეპორტაჟი, რომელთა ეთერში მოხვედრა იმედა დარსალიასა და გუნდის დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ახალი კვირა", რომელსაც ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფო ემუქრებოდა, ტელევიზიამ რეორგანიზაციის მიზეზით დახურა. გადაცემის წამყვანი, იმედა დარსალია, აცხადებდა, რომ ერთერთი სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში ალტ-ინფოს წევრები იმუქრებოდნენ, ზუსტად ერთ თვეში კი ტელევიზიამ გადაცემა დახურა.

მედიაში მომხდარის გაშუქების შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "ბრალდებები, რომლის ტირაჟირებაც ხდება, სრულიად უსაფუძვლო და საგანგაშოა".

„ჩვენ ვისმენთ და ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას.” – ნათქვამი იყო პირველი არხის განცხადებაში.

კომენტარები