საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება.
"რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და იმეორებს 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებისა და ოკუპაციის სცენარს. მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უპასუხონ უსაფრთხოების და საერთაშორისო კანონმდებლობის მორიგ დარღვევას" - წერს ზალკალიანი.
Recognition of #Donetsk & #Luhansk by Russia is a violation of fundamental principles of int'l law & repeats t/scenario of recognition & occupation of Abkhazia & Tskhinvali regions in 2008. We call on our int'l partners to respond to another violation of 🇪🇺 security & int'l law.
— David Zalkaliani (@DZalkaliani) February 21, 2022
აღნიშნულ მოვლენებს ეხმაურება ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
მათი თქმით, საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგი უხეში დარღვევა და იმეორებს, 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ინტერვენციის, შემდგომ კი ამ რეგიონისა და აფხაზეთის/საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და მათი ოკუპაციის სცენარს
"საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას" - წერია განცხადებაში.
პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რამდენიმე საათის წინ დამოუკიდებლად აღიარა - რუსეთის ლიდერმა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებებს რუსეთის ფედერაციასა და რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და დახმარების შესახებ.