საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
რამდენი ადამიანი იყო გუშინ აქციაზე - ქართული ოცნებისა და უცხოური მედიის გამოთვლები რამდენი ადამიანი იყო გუშინ აქციაზე -  ქართული ოცნებისა და უცხოური მედიის გამოთვლები
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას შეფასებები მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზეც.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 14 ოქტომბრის აქციით ქართველმა ხალხმა მმართველ პარტიას აჩვენა - არჩევნების მეორე ტური ამომრჩევლებზე ზეწოლისა და შედეგების გაყალბების მცდელობების გარეშე უნდა ჩატარდეს. 

ოპოზიციონერების თქმით, ისინი მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ და მოუწოდებენ ამომრჩეველს, 30 ოქტომბერს ხმის მისაცემად მივიდნენ.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამოეხმაურნენ "ქართულ ოცნებაშიც".

პარტიის ერთერთი წევრი, სოზარ სუბარი, აცხადებს, რომ აქციაზე 13 000 ადამიანი იყო. მისივე თქმით, ეს ოპოზიციურმა პარტიამ "მაქსიმალური ძალისხმევით" შეძლო. 

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა თავისუფლების მოედანზე 13 000 ადამიანი, ალუდა ღუდუშაური ასე პასუხობს:

„შეიძლება პლუს-მინუს 1000-2000, მაგას რა მნიშვნელობა აქვს"

კონკრეტული რაოდენობის დასახელებისგან თავს იკავებს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო. ის გუშინდელ დემონსტრაციას ადარებს "ქართული ოცნების" მიერ 2012 წელს, ოპოზიციაში ყოფნის დროს, ჩატარებულ ფართომასშტაბიან მიტინგს და ამბობს:

"გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მოსული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ".

ფოტოს ავტორი: ვახო ქარელი
ფოტოს ავტორი: ვახო ქარელი
 

 

განსხვავებულ რიცხვს ასახელებს საერთაშორისო მედია. მაგალითად, გერმანულენოვანი გამოცემა Tagesschau წერს, რომ 14 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად 50 000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

გამოცემა AlJazeera წერს, რომ "პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას დედაქალაქის წუჩებში ათობით ათასი ადამიანი ითხოვდა". AFP-ის კორესპონდენტზე დაყრდნობით, AlJazeera წერს, რომ თავისუფლების მოედანზე გუშინ 50 000 ადამიანი გამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები, ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

 

მთავარი ფოტო: ვახო ქარელი
კომენტარები