საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ექსპრეზიდენტი პატიმრობაში - როგორ ეხმაურებიან მოვლენებს დასავლეთში ექსპრეზიდენტი პატიმრობაში - როგორ ეხმაურებიან მოვლენებს დასავლეთში
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის მხარდასაჭერად გამართულ აქციას საქართველოს დასავლელი პარტნიორები და ევროპელი პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან.

სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები და ორგანიზაციების წარმომადგენლები ღიად აფიქსირებენ მათ პოზიციას ექსპრეზიდენტის პატიმრობის შესახებ.

ერთერთი პირველი, ვინც სააკაშვილის პატიმრობას გამოეხმაურა და მხარდაჭერა დააფიქსირა, უკრაინის პრეზიდენტი იყო. ზელენსკიმ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყველა შესაბამისი ინსტიტუტი იმუშავებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხზე. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მალევე განაცხადა, რომ მუდმივი კონტაქტი აქვთ საქართველოში დაკავებულ მიხეილ სააკაშვილთან და თავიანთ მოქალაქეს საზღვარგარეთ გასაჭირში არ დატოვებენ.

“როცა გადაწყდება, რა გზით ვიაროთ, ეს კი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ექსტრადიცია, მაშინ მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას,“-  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

პოლონელმა პარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც პოლონეთის პარლამენტის წევრები, ევროპის საბჭოს სააკაშვილის გასათავისუფლებლად "ქართული ოცნების" მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ. 

"იმონ გილმორეს თხოვნით მივმართეთ, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება რათა მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ", - წერს მალგოჟატა გოშიევსკა. 

ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე მიხაელ გალერი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. გალერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისურვებდა, პოლიტიკური საკითხები "არ გადადიოდეს სასამართლოს სფეროში". ევროპარლამენტარმა პოლიტიკური მართლმსაჯულების მაგალითად უკრაინაში იულია ტიმოშენკოს დევნა მოიყვანა. 

„მე ვფიქრობ, პოლიტიკური დაპირისპირება პოლიტიკურად უნდა გადაიჭრას", - განაცხადა გალერმა.

სააკაშვილთან დაკაშირებით განცხადება თავად ტიმოშენკომაც გააკეთა. "სააკაშვილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი"- ამბობს,  იულია ტიმოშენკო. 

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიანეა. მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში თქვა, რომ "ყოფილი პრეზიდენტისა და მინისტრების დაპატიმრება არ არის საუკეთესო გზავნილები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოდან იღებს".

"თავისუფლება მიშას, ნიშნავს თავისუფლება საქართველოს, საქართველო ვერ იქნება თავისუფალი, სანამ მიშა არ იქნება თავისუფალი." ასე გამოეხმაურა ფრანგი ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. 

რაფაელ გლუკსმანი  მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართული აქციაზეც აკეთებს კომენტარს და წერს:

 "მთელი გულით იმ ათობით ათას ქართველთან ვარ, ვინც თბილისის ქუჩებს სააკაშვილისა და დემოკრატიის გათავისუფლებისთვის იკავებს."

ფოტოს ავტორი: ვახო ქარელი

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ საჭიროა მისი გათავისუფლება ყველამ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებამაც, მოითხოვოს. 

გარდა პირადი გამოხმაურებებისა, ტელეკომპანია ფორმულამ გამოქვეყნა ევროპარლამენტარების საერთო წერილი. მათი ინფორმაციით, საერთო განცხადების ინიციატორია ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა და მას ხელს ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები აწერენ.

"სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად,"- ვკითხულობთ წერილში. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკვე 15 დღეა დაკავებულია და შიმშილობს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ  მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს კიევი-თბილისის ბილეთი გამოაქვეყნა.  ბილეთით ვიგებდით, რომ  ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, არჩევნებისთვის გეგმავდა.

ექსპრეზიდენტის ამ განცხადებას საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქცია მოყვა. ზოგს სჯეროდა, რომ ის მართლა ჩამოვიდოდა, ზოგს კი ეს მორიგი დაპირება ეგონა. მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განცხადება მანამდეც არაერთხელ ჰქონდა გაკეთებული. 

ქვეყანაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მან თავისი Facebook-ით 1 ოქტომბერს დილით გაასაჯაროვა და საღამოს ცნობილი გახდა, რომ დააპატიმრეს.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მისმა მხარდამჭერებმა პეტიცია შექმნეს. პეტიციას ხელი ამ დროისათვის 75 000-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის სასულიერო პირებმა და ცნობილმა სახეებმა, მოაწერა. 

 

 

 

კომენტარები