საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
07 აპრილი, 2022 ვის უნდა ომი? - ტორესა მოსის ოპედი
ტორესა მოსი
531 წაკითხვა
მოკლე ლინკი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ
ოპ-ედში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მის ავტორს და შესაძლოა, არ ასახავდეს Enigma Media-ს პოზიციას.

 

როდესაც საკითხი ისეთ რთულ და მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიცაა ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, როგორც წესი, ექსპერტების, სპეციალისტების, მოქმედი თუ ყოფილი სამხედრო პირების, პოლიტიკოსების, სამხედრო ანალიტიკოსების, ჟურნალისტებისა თუ აქტიური მოქალაქეების შეთანხმება საკმაოდ რთულია ხოლმე.

უამრავი კონცეფცია, მიდგომა, ხედვა და ა.შ. არსებობს, თუმცა თუკი რამეზე თანხმდება ყველა, ისაა, რომ სათანადო წვრთნის, აღჭურვის, საკმარისი ფინანსური რესურსის სწორად დახარჯვის შემთხვევაში, ძალთა ისეთ თანაფარდობაშიც კი, როგორიც არსებობს რუსეთ-საქართველოს შორის, საქართველოს აქვს შანსი, რომ თავი დაიცვას და ქართულმა ჯარმა თავდაცვითი ამოცანები წარმატებით შეასრულოს. მაგალითები არსებობს. მაგალითად, ისრაელის თანაფარდობა მის მიმართ მტრულად განწყობილ მეზობლებთან, დაახლოებით ისეთივეა, როგორიც საქართველოსა და რუსეთის. არსებობს ტაივანისა და ჩინეთის მაგალითიც.

მე ამ დარგის არც ექსპერტი ვარ, არც სპეციალისტი და არ მივცემ თავს უფლებას დეტალებში შევიდე. ამას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ტყუილის ამოცნობა შემიძლია და მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა მიმართულებით მუშაობს რუსული პროპაგანდა.

ახლა ძალიან ზედაპირულ და ცხად რამდენიმე ჭეშმარიტებას ვიტყვი, რასაც ვერავინ უარყოფს, მით უფრო უკრაინის ფონზე.

რუსეთი არასოდეს შერბის იქ, სადაც ნიადაგი წინასწარ არ აქვს მომზადებული.

შეუძლებელია ქვეყანაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელო და იმ ქვეყანაში წარმატებას მიაღწიო, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი ხარ. აზრი და შინაარსი არ აქვს. თუნდაც სახმედრო თვალსაზრისით დასახული ამოცანები შეასრულო, წარმატებას მიაღწიო და დადგე, ეს ყველაფერი ფუჭია, თუ ადგილზე არ გექნება მყარი საყრდენი და არ იქნება სათანადო განწყობა.

მაგალითად ამერიკამ, მოკავშირეებთან ერთად, ძალიან წარმატებული სამხედრო ოპერაცია განახორციელა ავღანეთში, სამხედრო თვალსაზრისით, ყველა დასახული ამოცანა შეასრულა, მაგრამ 20 წლიანი ძალისხმევა აღმოჩნდა ფუჭი და ქვეყანა სულ რამდენიმე დღეში დაიბრუნეს თალიბებმა.

ბევრს დღეს არ ახსოვს, რომ 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც რუსებს გაუჩნდათ შეგრძნება, რომ საქართველოზე გავლენას კარგავდნენ, სცადეს იგივე სცენარის განმეორება აჭარაში ასლან აბაშიძის ხელით.

ეს კარგად იციან რუსეთშიც. ამიტომ რუსეთი არასოდეს შერბის იქ, სადაც ნიადაგი წინასწარ არ აქვს მომზადებული.

გამოვყვეთ 1801 წლიდან. 1801 წლამდე, რუსეთმა თითქმის ნახევარი საუკუნე იმუშავა საქართველოზე, დადო გიორგიევსკის ტრაქტატი, არსებობდა რუსეთის მიმართ ერთმორწმუნეობის წინასწარი განწყობა და ქართულ თავადაზნაურობაში რუსეთის მიმართ ლოიალური საკმაოდ მრავალრიცხოვანი ფლანგი.

1921 წელს შემოჭრამდეც, საკმაოდ დიდ სამუშაოს ეწეოდნენ ბოლშევიკები, ქვეყანა გაჯერებული იყო რუსული აგენტურით და 1921 წელს რუსულ წითელ არმიასაც იმიტომ მოუძღოდნენ ქართველი ბოლშევიკები, რომ შეემცირებინათ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა. ამან იმუშავა კიდეც, რადგან ერთი შეხედვით ეს ჰგავდა არა უცხო ქვეყნის მიერ დაპყრობას, რასაც შეიძლებოდა გაცილებით დიდი და ხანგრძლივი წინააღმდეგობა მოჰყოლოდა, არამედ უფრო პოლიტიკურ გადატრიალებას.

1991 წელს გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩისასაც რუსეთს არ გამოუყენებია რუსული ჯარი, მან ადგილობრივ მოღალატეებში, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებსა და სასარგებლო იდიოტებში საკმარისი საყრდენი მოძებნა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში სამი ავტონომიური ერთეული იყო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. სამივე რეგიონში, რუსეთი წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობდა გაეღვივებინა სეპარატისტული განწყობები.

შესაბამისად, ის, რაც გამოვიდა აფხაზეთში და ცხინვალში, არ გამოვიდა აჭარაში და ამის განმაპირობებელი იყო არა წმინდად სამხედრო ძალა, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა.

აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქშიც, დიდხანს მზადდებოდა ადგილობრივ მოსახლეობაში ანტიქართული ნიადაგი და განწყობები, აჭარაში კი ეს წარუმატებლად განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ასლან აბაშიძე პრაქტიკულად ბოლომდე გაბატონებული იყო აჭარაში, პირდაპირ იყო მიბმული რუსეთზე და მაქსიმალურად ცდილობდა, აჭარლებში სეპარატისტული განწყობების გაღვივებას, აჭარაში სეპარატიზმმა საკმარისად ვერ მოიკიდა ფეხი, სწორედ ამიტომ გადაიზარდა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში დაპირისპირება ომში, ხოლო აჭარაში ეს არ მოხდა.

ბევრს დღეს არ ახსოვს, რომ 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც რუსებს გაუჩნდათ შეგრძნება, რომ საქართველოზე გავლენას კარგავდნენ, სცადეს იგივე სცენარის განმეორება აჭარაში ასლან აბაშიძის ხელით. მან ხიდები ააფეთქა და პრაქტიკულად მთლიანად მოწყვიტა აჭარა დანარჩენ საქართველოს და საკუთარ სამფლობელოდ გამოაცხადა. მართალია დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია, მაგრამ თუ ეს პირველი ნაბიჯი წარმატებული იქნებოდა, მისი ლოგიკური გაგრძელება, სწორედ ეს იქნებოდა, მაგრამ ასლან აბაშიძე თავად აჭარლებმა გააძევეს ამის შემდეგ.

შესაბამისად, ის, რაც გამოვიდა აფხაზეთში და ცხინვალში, არ გამოვიდა აჭარაში და ამის განმაპირობებელი იყო არა წმინდად სამხედრო ძალა, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა.

2008 წელს რუსეთს თბილისზე თავდასხმა გადააფიქრებინა ერთდროულად ჩვენი სამხედროების მზადყოფნამ დაეცვათ დედაქალაქი, ხელისუფლების და ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებამ რომ ებრძოლათ სუვერენიტეტის გადასარჩენად ბოლომდე და ცივილიზებული მეგობარი ქვეყნების რეაქციამ.

დღეს ბევრი კითხულობს, რატომ არ წამოვიდა 2008 წელს რუსეთი თბილისის ასაღებად და შეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები? ამის პასუხიც, სწორედ საქართველოს მოსახლეობის განწყობაშია. საქართველოს ხელისუფლება არ გაიქცა თბილისიდან, მოსახლეობა ერთ მუშტად იყო შეკრული, თბილისის მისადგომებთან ქართულმა ჯარმა დაიწყო თავდაცვითი ბრძოლისთვის მზადება და ნებისმიერი სამხედრო (თუ რუსი პროპაგანდისტი არ არის) დაგიდასტურებთ, რომ თბილისის აღება შეუძლებელი იყო უდიდესი დანაკარგების და ხანგრძლივი სისხლიანი ბრძოლის გარეშე, რაც ჯამურად ამ სამხედრო ოპერაციას ისეთ ფასს ადებდა, რაც იმ ეტაპზე რუსეთს არ უღირდა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ომი მოიცავს არა მხოლოდ წმინდად სამხედრო კომპონენტს, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს. შესაძლებელია ომი მოიგო სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ეს მოგება ისეთი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი დაჯდეს, რომ აზრი არ ჰქონდეს. ეს ყველამ იცის, რა თქმა უნდა იცის რუსეთმაც და ის მხოლოდ მაშინ იწყებს სამხედრო მოქმედებას, თუ იცის, რომ წარმატებას მიაღწევს სამხედრო თვალსაზრისით და ეს არ დაუჯდება ძალიან ძვირი ეკონომიკურად და პოლიტიკურად. შესაბამისად, 2008 წელს რუსეთს თბილისზე თავდასხმა გადააფიქრებინა ერთდროულად ჩვენი სამხედროების მზადყოფნამ დაეცვათ დედაქალაქი, ხელისუფლების და ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებამ რომ ებრძოლათ სუვერენიტეტის გადასარჩენად ბოლომდე და ცივილიზებული მეგობარი ქვეყნების რეაქციამ.

აბა რატომ შეიჭრა უკრაინაში? უკრაინაში შეჭრას რუსეთი 8 წლის განმავლობაში ამზადებდა. რუსეთს ჰქონდა იმედი, რომ უკრაინა, რომელსაც მონათესავე ხალხად აღიქვამენ, სადაც დიდი იყო რუსული გავლენა, რუსული ენის და კულტურის გავლენა, სადაც უამრავი მილიარდი დახარჯეს წინასწარი განწყობების შესაქმნელად, სამკვდრო-სასიცოცხლო წინააღმდეგობას არ გაუწევდა.

რა თქმა უნდა რუსეთში იცოდნენ, რომ 2014 წლის შემდეგ უკრაინული არმია, გაცილებით კარგად ორგანიზებული, კარგად შეიარაღებული და კარგად მომზადებული იყო, მაგრამ მთავარი იმედი დამყარდა სწორედ განწყობაზე. ავღანეთის მაგალითიც ჰქონდათ, სადაც 20 წლის განმავლობაში გაწვრთნილმა, აღჭურვილმა და კარგად მომზადებულმა ავღანეთის არმიან, გამოქვაბულებიდან გამოსულ თალიბებს, ქვეყანა უბრძოლველად ჩააბარა. ამიტომ რუსეთს ჰქონდა მარტივი გამარჯვების იმედი და სწორედ ამ იმედმა და მოლოდინმა აუნთო მწვანე.

განა რა შეიძლება იყოს ადამიანის ხსოვნის უფრო დიდი შეურაცხყოფა, ვიდრე ის, რომ მის თავგანწირვას უწოდებ უაზროს. წარმოიდგინეთ, რომ სიცოცხლე გაწირეთ და თქვენ თავგანწირვას, უაზროს უწოდებენ.

თუ კითხვას დავსვამთ რამ აუნთო მწვანე რუსეთს უკრაინაში შესაჭრელად? მარტივად დავინახავთ პასუხს: იმ ხალხმა, რომელიც რუსულ გავლენას დაემორჩილა, რომელიც მუშაობდა უკრაინაში რუსეთისთვის, რომელიც ცდილობდა შეექმნა უკრაინაში პრორუსული განწყობები. რუსეთის შეჭრას მწვანე აუნთო არა წინააღმდეგობის არსებობამ, არამედ პირიქით, მოლოდინმა, რომ ეს წინააღმდეგობა არ იქნებოდა საკმაოდ დიდი.

2008 წლის შემდეგ, რუსული პროპაგანდა აქტიურად მუშაობს საქართველოში იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა უაზრო მსხვერპლია, რომ ქართული ჯარი ჯობს დანებდეს. ამიტომ ისმის ასე აქტიურად: “ბიჭები შეახოცეს", “უაზროდ დაიღუპნენ”, “რა აზრი ჰქონდა?” “შეაკლეს ხალხი” და ა.შ. რუსული პროპაგანდის ნაწილია თქვა, რომ “გიორგი ანწუხელიძე კი იყო გმირი, მაგრამ უაზროდ შეაკლეს”. “ქართველი სამხედროები გმირები იყვნენ, მაგრამ ხელმძღვანელობა იყო მოღალატე”. “შეახოცეს ბიჭები”, “მტერს შეატოვეს”. “ცხედრები დატოვეს”. ეს ყველაფერი არის რუსული მეთოდი, მსხვერპლი აქციო დამნაშავედ. გიორგი ანწუხელიძე რუსებმა კი არ მოკლეს, არამედ ხელმძღვანელობამ შეატოვა.

ცხედრები რუსებმა კი არ შეურაცხყვეს და მათ კი არ ივაჭრეს გარდაცვლილების ცოცხალ ტყვეებზე გასაცვლელად, ქართველებმა დატოვეს. განა რა შეიძლება იყოს ადამიანის ხსოვნის უფრო დიდი შეურაცხყოფა, ვიდრე ის, რომ მის თავგანწირვას უწოდებ უაზროს. წარმოიდგინეთ, რომ სიცოცხლე გაწირეთ და თქვენ თავგანწირვას, უაზროს უწოდებენ. პრაქტიკულად იდიოტს გეძახიან. ესაა რუსული მეთოდი, გმირზე თვქა არა გმირი, არამედ იდიოტი, გააუფასურო მისი თავდადება, უაზრობად მონათლო. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ზუსტად ამიტომაა მოღალატე, რომ ისინი ერთი-ერთში 2012 წლიდან მოყოლებული იმეორებენ ამ რუსულ პროპაგანდას და ქართველ ხალხში თესავენ ნიჰილიზმს.

საქართველოს პრემიერ მინისტრი ერთი ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს და ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ა) უკრაინას შეეძლო ამ კონფლიქტის თავიდან არიდება; ბ) რომ უკრაინის ბრძოლა უაზროა; გ) უკრაინა მიატოვა დასავლეთმა და განწირულია მარცხისთვის; დ) უკრაინა ისჯება რაღაც დანაშაულისთვის; დ) რომ თუ ჩვენ პირდაპირ, უბრძოლველად დავუწვებით რუსეთს, ეს სწორი, პრაგმატული და ჰუმანური გადაწყვეტილებაა.

რეალურად კი თუ კი რამეს შეუძლია რუსეთი წააქეზოს საქართველოში სამხედრო ინტერვენციაზე, სწორედ ხელისუფლების და მისი პრორუსი მოკავშირეების, ალტ ინფოს, ობიექტივის და სხვა რუსეთუმე ჯგუფების შეხმატკბილებული მუშაობაა. რუსეთი 2008 წლიდან მოყოლებული უამრავ ფულს ხარჯავს საქართველოში, რომ ქართველი ხალხის განწყობა გადატეხოს, ამისთვის ის პერიოდულად სხვადასხვა საშუალებით ტესტავს ქართული საზოგადოების განწყობებს.

20 ივნისს, გავრილოვის ჩამოყვანა ქვეყანაში და ქართველი ხალხის პროვოცირებაც, სწორედ ერთ-ერთი ტესტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, საქართველოში არ ხდება მათი “პრაგმატული” პოლიტიკის გამო, სინამდვილეში, ის რაც უკრაინაში ხდება, საქართველოში არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა 20 ივნისამდეც, 20 ივნისის შემდეგაც არაერთხელ აჩვენა, რომ თუ კი რამეზე არსებობს ამ ქვეყანაში საერთო ეროვნული კონსენსუსი, ესაა ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს დასავლური ცივილიზაციის ნაწილად ყოფნა.

რუსული პროპაგანდა, საქართველოს მოღალატე ხელისუფლების ხელით, ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ თუ ჩვენ არ მივუერთდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუ ჩვენ არ გავზრდით ჩვენ თავდაცვით პოტენციალს, თუ ჩვენ არ გვექნება ღრმაწყლოვანი პორტი, თუ ჩვენ უარს ვიტყვით ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მაშინ რუსეთი თავს არ დაგვესხმება, მაგრამ ყველაფერი არის პირიქით. ერთადერთი, რაც რუსეთს საქართველოზე თავდასხმისაგან აკავებს, არის ქართველი ხალხის განწყობა, რომელიც მან აჩვენა 20 ივნისს და აჩვენებს ახლაც უკრაინის უპირობო და ერთსულოვანი მხარდაჭერით.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თუ ვიკითხავთ პირველ რიგში ვის სინდისზეა ის, რაც უკრაინაში ხდება? ესაა რუსული პროპაგანდისთვის მომუშავე, რუსეთისთვის მომუშავე, პრორუსი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, თუ სხვა ადამიანების სინდისზე, რომლებმაც შექმნეს განწყობა, რომ უკრაინა უბრძოლველად დანებდებოდა. თუ რუსეთი საქართველოში შემოიჭრება, ეს პირველ რიგში იქნება საქართველოს ხელისუფლების და იმათ სინდისზე, ვინც წლებია ნებით თუ უნებლიედ, გამიზნულად თუ გაუაზრებლად ემსახურება რუსეთის მიმართ ლოიალობის გაზრდას ქვეყანაში, ვინც ამკვიდრებს რუსულ პროპაგანდისტულ აზრებს, თითქოს რუსეთისთვის წინააღმდეგობას აზრი არ აქვს.

ამიტომ კითხვაზე, ომი გინდათ? ერთადერთი პასუხია: არა შე იდიოტო და მოღალატევ, მშვიდობა მინდა და ამიტომ ვემზადები ომისთვის. რადგან, რაც უფრო უკეთ ხარ მზად ომისთვის, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ ომი მოხდება. თუკი საქართველოში არსებობს ომის პარტია, ეს არის ქართული ოცნება, რომელიც მთელ ერს სამუდამო დაღუპვისკენ მიგვაქანებს აგერ უკვე ცხრა წელია და ის, რომ ეს ჯერ არ მომხდარა, არ ნიშნავს, რომ არც მოხდება.

კომენტარები