საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
22 აპრილი, 2022 "ქართული ოცნების" 10 წელი - რით დაგვამახსოვრდა მმართველი პარტია? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ
ავტორები: თინათინ ლუხუტაშვილი, თეკლა ადამია 

 

“ქართული ოცნება” ათი წლისაა - 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაარსებულმა კოალიციამ იმავე წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგო და მას შემდეგ, უკვე თითქმის ათი წელია ქვეყანას მართავს. ის პირველი პარტიაა, რომელსაც წინა ხელისუფლებამ ძალაუფლება არჩევნების გზით გადააბარა.

მმართველი პარტიის ამბიცია, “საქართველო ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული სახელმწიფო იყოს”, არც ისე რეალურია თუ გავიხსენებთ იმ მოვლენებს, რითაც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ამ ათი წლის განმავლობაში თავი დაგვამახსოვრა. 

გავრილოვის ღამე

"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ერთგვარი გარდამტეხი მომენტი 2019 წლის 20 ივნისი აღმოჩნდა. ხელისუფლებამ დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია, რომელზეც მოქალაქეები რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებასა და მის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას აპროტესტებდნენ. 

დათო ქორიძე / OSGF

სპონტანურად ქუჩაში გამოსული მოქალაქეების ფართომასშტაბიანი აქციის დარბევას "გავრილოვის ღამე" დაერქვა - შედეგად სამმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ათობით კი დაშავდა. ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ჟურნალისტებმაც. აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი აირი და ე.წ. დათვის ტყვიები - ცხოველებისთვის განკუთვნილი დიდი ზომის რეზინის ტყვიები.

ხალხის მოტყუება #1 და პირველი შეთანხმება ოპოზიციასთან

თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ უწყვეტი პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილის გუნდმა სწორედ გავრილოვის ღამის შემდეგ მიიღო. მოქალაქეების დარბევის შემდეგ რუსთაველზე აქციები სახელწოდებით “სირცხვილია” გაგრძელდა. ფართომასშტაბიანი აქციების მოთხოვნის შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, საკანონმდებლო ორგანო დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმა. პირადად ბიძინა ივანიშვილმა გასცა პირობა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციულად ჩატარდებოდა. 

2019 წლის 14 ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობას “პატარა ტრიუკი” მოუწყო და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო - შედეგად არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციული არჩევნების დაპირება დაპირებად დარჩა. 

მმართველმა პარტიამ შედეგად კვლავ აქციები და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მიიღო. პოლიტიკური კრიზისის “განსამუხტავად” 2020 წლის 8 მარტს ოპოზიცია და პოზიცია შეთანხმდა შემდეგ საკითხებზე:

  1. საკონსტიტუციო ცვლილებებით მომდევნო არჩევნები 120-30 პროპორციით ჩატარდებოდა;
  2. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებისთვის ბარიერმა 1%-მდე დაიწია;
  3. ოპოზიციის თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტპატიმრების - გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას - გათავისუფლება.

მოტყუება #2 - შარლ მიშელის დოკუმენტი

შეთანხმებისა და დადებული პირობის შეუსრულებლობა "ქართული ოცნებისთვის" ერთგვარ ხელწერად იქცა - 2019 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებისა და ქართველი ამომრჩევლის გადაგდების შემდეგ მმართველი პარტია პარტნიორების მედიატორობით მიღწეული შეთანხმებიდანაც გავიდა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა - ისინი ბოიკოტს უცხადებდნენ გაყალბებული არჩევნებით ჩამოყალიბებულ საკანონმდებლო ორგანოს. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის ევროპის საბჭოს თავმჯდომარის მედიატორობით ე.წ. "შარლ მიშელის შეთანხმება" გაფორმდა.

2021 წლის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ". დოკუმენტი მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების გარდა ითვალისწინებდა იმასაც, რომ, თუკი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.  მომდევნო ორ არჩევნებში ბარიერი 0-დან 2%-მდე უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, უნდა შეწყვეტილიყო პოლიტიკური დევნა. 

შარლ მიშელის მედიაციით მიღებული დოკუმენტი მმართველმა გუნდმა 28 ივლისს გამოაცხადა ანულირებულად და განაცხადა, რომ მან "თავი ამოწურა". ამით, "ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად უარი თქვა შეთანხმების შესრულებაზე.

“ქართული ოცნება” კრიტიკული მედიის პირისპირ

მმართველი ხელისუფლება კრიტიკული მედიის კითხვებსა და ეთერებს არა მხოლოდ გაურბის, არამედ მათზე ხშირად “თავდასხმებსაც” ახორციელებს. “ქართული ოცნებისთვის” კრიტიკული მედია ოპონენტად აღიქმება და არა “ვოჩდოგად” - კულტურის მინისტრის მიერ “მთავარის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა სწორედ ამ დამოკიდებულებას ამხელდა.

 
თეა წულუკიანი „მთავარი არხის" მიკროფონით

🎤 „ტაში დაუკარით ემას" - თეა წულუკიანმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა ვრცლად 🔗 formulanews.ge/News/54009

Posted by Formula • ფორმულა on Thursday, July 22, 2021

 

ხშირია ფაქტები, როცა ჟურნალისტებს ესხმიან თავს. არასამთავრობოები და მედიამენეჯერები ამბობენ, რომ ეს მმართველი პარტიის რიტორიკითაა გამოწვეული - ისინი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ზონდერებს, პარტაქტივსა და “ნაცებს” უწოდებენ.

უფრო მეტიც, “ქართული ოცნება” კრიტიკულ მედიას ოპოზიციურ პარტიებთან აიგივებს და მედიამენეჯერებს ბანერებზე გამოსახავს წარწერით - “არა ნაცებს, არა ბოროტებას, არ ღალატს”. 

5-6 ივლისის დაუსჯელი შემოქმედები 

2021 წლის 5-6 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წახალისებულ ძალადობას ჩვენი კოლეგა ლექსო ლაშქარავა ემსხვერპლა. პრემიერმა 5 ივლისის დილას განაცხადა, რომ პრაიდის უკან “რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები” იდგნენ. რამაც, “მწვანე აუნთო” იმ ძალადობრივ მოვლენებს, რაც 5 ივლისს განვითარდა. 

“რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით - ისინი არიან ჩართულები. აბსოლუტურად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს”- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ფიზიკურ დაპირისპირების შედეგად 60-მდე მედიამუშაკი დაზარალდა. მოვლენებიდან მალე ნაცემი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ხელისუფლება ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ ლექსო ლაშქარავა ზედოზირებას ემსხვერპლა. მოგვიანებით, UNESCO-მ ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაშიც შეიყვანა. მისი გარდაცვალების თარიღად 11 ივლისია მითითებული, თუმცა ნათქვამია ისიც, რომ ლაშქარავა 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს ემსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ 5-6 ივლისის საქმეზე რამდენიმე ათეული ადამიანი გაამტყუნეს ძალადობაში, ამ ყველაფრის ორგანიზატორები ჯერ კიდევ არ არიან დაპატიმრებულნი.

 
ლექსო ლაშქარავას ვიდეო 5 ივლისის არქივიდან

„ჯერ მირანდა ითრიეს თმებით და შემდეგ გადმოვიდა მთელი აგრესია ჩემზე,“ - TV პირველის გარდაცვლილი ოპოერატორის, ლექსო ლაშქარავას ვიდეო 5 ივლისის არქივიდან 5 ივლისს TV პირველის ჯგუფს ძალადობრივი ჯგუფები „სირცხვილიას" ოფისთან სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

Posted by Formula • ფორმულა on Sunday, July 11, 2021

 

უმცირესობათა დაუცველი უფლებები

უკვე რამდენიმე წელია, რაც Tbilisi Pride-ს ორგანიზატორები პრაიდის კვირეულის მშვიდობიან გარემოში გამართვას ცდილობენ. თუმცა ხელისუფლება ვერც გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს და ვერც ფიზიკური ძალადობისგან იცავს ლგბტქ+ ადამიანებსა და მათ მხარდამჭერებს. 

2013 წლის 17 მაისიდან მოყოლებული დღემდე ლგბტქ+ აქტივისტები ვერ ახერხებენ მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარებას. მათ სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს და ხშირად ღონისძიების გაუქმებას ურჩევს. 

ფაქტობრივად ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება, პრაიდის ორგანიზატორები კი მხოლოდ საკუთარი ძალებით ახერხებენ თავის დაცვას. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგი იყო 5-6 ივლისი მოვლენები, სადაც სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფები დედაქალაქის ცენტრში გამოვიდნენ და Tbilisi Pride-ს ღირსების მარშის ჩატარების საშუალება არ მისცეს. დილიდან დაიკავეს თბილისის ცენტრალური ქუჩები და პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად მყოფ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს.

ანა ზურაბაშვილი-წურწუმია/Civil

რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

რომ არა რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, დღეს დემურ სტურუა, სავარაუდოდ, ცოცხალი იქნებოდა. 22 წლის სტურუამ თავი მოიკლა და წერილი დატოვა, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა. როგორც იგი წერდა, პოლიციელი მისგან მოითხოვდა ეთქვა, თუ ვის ჰქონდა სოფელში მარიხუანა დათესილი. საქმეზე დაკავებული პოლიციელი სასამართლომ გაამართლა.

ხელისუფლების მსგავს ნარკოპოლიტიკას ემსხვერპლა ლევან აბზიანიძე. ოჯახის თქმით, მას პოლიციაში შარდმდენი აბები დაალევინეს ნარკოლოგიური შემოწმებისთვის, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. 

ნარკოპოლიტიკას ემსხვერპლა ირაკლი ქორიძეც. 2018 წელს იგი სასამართლომ ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეში დამნაშავედ ცნო და 15 წელი მიუსაჯა, ოთხი წლის შემდეგ კი ამავე საქმეზე უდანაშაულოდ გამოაცხადა. თუმცა ამ დროს ქორიძე უკვე გარდაცვლილი იყო. 2020 წელს მას ციხეში სიმსივნე დაუდგინდა, რამდენიმე კვირაში კი გარდაიცვალა.

ნარკოპოლიტიკის ნაწილად გამოცხადდა 2018 წელს კლუბ “ბასიანისა” და კაფე “გალერიში” სპეცრაზმის შესვლაც. თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ პოლიცია ხალხს ძალადობრივად აკავებდა. მომხდარს ფართომასშტაბიანი აქციებიც მოჰყვა, სადაც იმდროინდელი შს მინისტრი მივიდა და ცნობილი ფრაზა - “მოდი, დავიწყოთ ბოდიშით” - თქვა. 

 

თუმცა ფაქტია, არაფერი შეცვლილა - ნარკოპოლიტიკას რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

სახელმწიფო, როგორც მოძალადე

გახმაურებული კრიმინალური საქმეები "ქართული ოცნების" მმართველობის თანმდევი აღმოჩნდა. თუმცა, განსაკუთრებით მწვავე საზოგადოების რეაქცია იმ ქეისებზე იყო, როცა სახელმწიფო თავად ძალადობდა ადამიანზე. ასეთი გახმაურებული საქმეები იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალება და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მხრიდან მოქალაქეზე ზეწოლა.

თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის დეკემბერში, საკუთარ ლოგინში ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისის ხეობაში ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებდა, როცა მაჩალიკაშვილების ოჯახშიც შევიდა და ახალგაზრდას ესროლა. მისი მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენას მამა - მალხაზ მაჩალიკაშვილი - დღემდე ითხოვს.

ლუკა სირაძე სკოლაში გაკეთებული წარწერების გამო დაიბარეს პოლიციაში. 15 წლის მოზარდმა დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა - ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებული გამომძიებელი - მარიანა ჩოლოიანი - საპატიმროდან დროზე ადრე გათავისუფლდა

ფოტოზე ლუკა სირაძე

 

2018 წლის ივნისში "სტუდია მონიტორმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქე მარნეულის მერის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. აქციაზე ბიძინა ივანიშვილისა და თავად თემურ აბაზოვის გინებისთვის მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახეზე, სავარაუდოდ, შარდი წაასმევინეს. აბაზოვს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავებოდნენ, თუმცა ის სასამართლომ გაამართლა.

ეს ცალსახად მცირე ჩამონათვალია იმ კრიმინალური ქეისებისა, რომელთა გამოძიებაც სახალხო განხილვის თემად იქცა: ხორავას ქუჩაზე მომხდარი ქუჩური გარჩევა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა, თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარება - სია საკმაოდ მოცულობითია. 

პირადი ცხოვრება, როგორც ოპონენტებისა და გუნდის წევრების საშანტაჟო მასალა

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა "ქართული ოცნების" მმართველობის დროს რამდენჯერმე გახდა სკანდალის მიზეზი. ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტია ადამიანების პირად ცხოვრებას მათ წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად იყენებს. 

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთერთ პირველს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს გაუვრცელეს. მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მმართველობის საწყის ეტაპზევე განაცხადა ჩანაწერების განადგურების შესახებ, სკანდალი არ დასრულებულა. 

ჩანაწერების გავრცელებით ემუქრებოდნენ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასაც. პირადი ცხოვრებით შანტაჟის წინააღმდეგ კამპანია "ეს შენ გეხება" დაიწყო და მასშტაბურიც გახდა, თუმცა მალევე კიდევ ერთი ქალი პოლიტიკოსის - ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა.

ჩავარდნილი დიდი პროექტები

"ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ლარი რეკორდულად გაუფასურდა - ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარს სცილდება. ამის ფონზე კი ქვეყანაში მიყოლებით "ვარდება" დიდი ეკონომიკური პროექტები.

"ოცნების" მმართველობის პარალელურად ხშირია ანტიჰესური გამოსვლები, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, ყველა დაწყებული პროექტი სრულდება. იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია შესაბამისად მიეწოდოს, მოქალაქეების ჩართულობა მეგაპროექტებში მინიმალურია. ასეთი პროექტები იყო ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი "ნამოხვანჰესი", "ნენსკრაჰესი", "ხუდონჰესი" და სხვები. აღნიშნულ შემთხვევებში ადგილობრივებს მთელი რიგი კითხვები ჰქონდათ პროექტების ვალიდურობასთან დაკავშირებით, თუმცა მათ პასუხები ვერ მიიღეს, რამაც პროტესტი და, საბოლოოდ, გაჩერება გამოიწვია. 

შეხვედრა ნამახვანჰესთან დაკავშირებით / Reginfo

 

ბიძინა ივანიშვილის გუნდს უკავშირდება ანაკლიის პროექტის შეჩერებაც. ანაკლიის კონსორციუმის წევრების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნაც კი დაიწყო. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ ივანიშვილს არ სურს ქვეყანას გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ღრმაწყლოვანი პორტი ჰქონდეს. ისინი აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" რუსულ ინტერესებს ემსახურება. ხაზარაძე იხსენებს, რომ ივანიშვილმა პორტის მშენებლობაზე საუბრისას თქვა: "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?".

კორონავირუსი “ოცნების” სამსახურში

ჩავარდნილი პროექტების ფონზე კი ქვეყნის ეკონომიკას დარტყმად პანდემიაც დაერთო - 2020 წლის დასაწყისში მსოფლიოში კორონავირუსმა იფეთქა. უცნობი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნების უმეტესობამ სრული ლოქდაუნით გადაწყვიტა.  ასე მოიქცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაც და ზედიზედ ორჯერ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ეკონომიკური საქმიანობა, ფაქტობრივად, გაჩერდა.

მმართველმა ძალამ მალევე ჩააყენა კოვიდ-19 საკუთარ სამსახურში და ეპიდსიტუაციის საბაბით მთელი რიგი შეზღუდვები საგანგებო ვითარების გაუქმების შემდეგაც გაახანგრძლივა. 

2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ საარჩევნო მარათონები კოვიდრეგულაციების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია არჩევნების გადადებაზეც საუბრობდა, რადგან, მათი თქმით, ამომრჩევლებთან კომუნიკაცია გართულებული იყო. 

თუმცა "ქართული ოცნება" ჯარიმების გამოწერას, შემდეგ მათ გაუქმებასა და ბოლო ორ წელიწადში ძალიან ბევრ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეპიდემიური ვითარებით ხსნიდა. იკრძალებოდა შეკრება, მოქმედებდა კომენდანტის საათი - სამოქალაქო აქტივისტებისთვის პროტესტის გამოხატვა კიდევ უფრო გართულდა.

სრულმასშტაბიანი ომი რეგიონში და ნაძალადევი მხარდაჭერა უკრაინას

პანდემია დასრულებულად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მსოფლიოს ყურადღება პუტინის იმპერიალისტურმა ზრახვებმა და უკრაინაში წამოწყებულმა ომმა მიიპყრო.

ომამდე რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის საზღვარზე კრიზისი იყო შექმნილი, კრემლი დასავლეთს ულტიმატუმების ენით ესაუბრებოდა და ერთერთი პუნქტი - NATO-ს აღმოსავლეთ გაფართოებაზე უარის თქმა - პირდაპირ გვეხებოდა ჩვენ. თუმცა საქართველოს პოზიცია "ქართულ ოცნებას", ფაქტობრივად, არ დაუფიქსირებია.

 
რისი მიღწევა უნდა პუტინს უკრაინაში ომით? - ახსნილი

რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში? - ახსნილი

Posted by Enigma Media on Wednesday, April 6, 2022

 

უფრო მეტიც, მთელი ამ დროის განმავლობაში მმართველი ძალის ლიდერები ერიდებოდნენ და დღემდე ერიდებიან კონკრეტული ლექსიკის გამოყენებას. მაგალითად, ომის დაწყებამდე მიღებულ საპარლამენტო რეზოლუციაში "ოცნებამ" რუსეთი არ ახსენა. არადა, აგრესორი ამ შემთხვევაში ცალსახად საოკუპაციო ძალები იყვნენ.

ომის დაწყების შემდეგ კი პრემიერმა ღარიბაშვილმა ჯერ ანტიდასავლური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ სანქციები არ მუშაობს, ხოლო უკრაინა ომში მარტოა. ხოლო მოგვიანებით გვიმტკიცებდა, რომ უკრაინა პუტინის წარმოებული ომით "ისჯება". ამის პარალელურად კი გვესმის ბრალდებები, რომ შესაძლოა "ქართული ოცნება" რუსულ კომპანიებს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდეს. მმართველი ძალა ამტკიცებს, რომ მისი პოლიტიკა პრაგმატულია.

 

🔴 ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების საფლავზე ყოფნის დროს უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და საქართველოს პოზიციაზე ისაუბრა. 🔴 ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებს საქართველო არ შეუერთდება - მის ამ განცხადებას უკრაინაში უკვე მოჰყვა ნეგატიური რეაქციები. 🔴 კიდევ რა განცხადებები გააკეთა ღარიბაშვილმა - იხილეთ ვიდეო 🔻

Posted by Enigma Media on Friday, February 25, 2022

 

ოცნება კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ 

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, კულტურის სამინისტრო ჩაკეტილ სისტემად იქცა და დაიწყო “რეპრესიების ეპოქა”. წულუკიანი არავის მოსაზრებებს იზიარებდა, თანამშრომლებს უხეშად ექცეოდა და იმასაც აბრალებდა, რომ “ხელოვნების მუზეუმი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოიშიგნა”. 

საბოლოოდ, კულტურის სფეროში დასაქმებული ათეულობით ადამიანი მხოლოდ იმის გამო გათავისუფლდა, რომ მათ “წულუკიანის ავტორიტარიზმი” არ მოიწონეს და მასზე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი. რეპრესიები შეეხო მუზეუმების, თეატრებისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს. 

კულტურულ მემკვიდრეობებს შორის ბუნდოვანია გელათის სამონასტრო კომპლექსის მომავალი. კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია, ახლადგადახურული ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დაასველა, ახლა რეაბილიტაციის პროცესი მიმდანარეობს, თუმცა უცნობია როდის დასრულდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები ან, როგორ დაზიანდა ახლადგადახურული ტაძრის კრამიტი ასე მარტივად.

გელათის მონასტერი/რადიო თავისუფლება

გელათამდე იყო საყდრისი. როგორც ცნობილია, სწორედ სასამართლოს გვერდი ავლით გაიცა მადნის მოპოვების ნებართვა და განადგურდა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ობიექტი, სადაც მეცნიერების მტკიცებით, უძველესი ოქროს მაღარო მდებარეობს. 

10-წლიანი საუბარი 9 წელზე

"ქართულ ოცნებას" 10 წელი შეუსრულდა, ისევე, როგორც მის რიტორიკას "ნაციონალური მოძრაობის სისხლიან 9 წელზე". მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი მმართველი ძალა უფრო დიდი ხანია ხელისუფლებაშია, ვიდრე ენმ იყო, "ქართული ოცნება" კვლავ 2003-12 წლებს იხსენებს.

"ნაციონალური მოძრაობა" და მესამე პრეზიდენტი ის საკითხია, რასაც პრემიერიც და "ოცნების" სხვა ლიდერებიც ყველაზე ხშირად ახსენებენ, თითქმის ყველაფერში ოპოზიციური პარტიის ხელს ხედავენ და მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირების ნაცვლად შემდეგი არჩევანის წინაშე აყენებენ: ჩვენ თუ ისინი. 

რაც მთავარია, "ქართული ოცნებისთვის", შეიძლება ითქვას, ყველა ნაციონალია, ვინც არ ეთანხმება - მათ შორის ის ადამიანიც კი ახლა ენმ-სთან თანამშრომლობს, ვინც წლების განმავლობაში მმართველი გუნდის ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და ბოლოს პრემიერმინისტრი იყო - გიორგი გახარია.

როგორ ინარჩუნებს "ქართული ოცნება" ძალაუფლებას

"ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, "კაი ბიჭების" მობილიზება საარჩევნო უბნებთან, მოსყიდვა, ზეწოლა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ ბოლო რამდენიმე არჩევნებზე საუბრისას საერთაშორისო დამკვირვებლები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ.

მესამე სექტორი ბოლო წლებში ჩატარებული ყოველი არჩევნების შემდეგ აქვეყნებს კრიტიკულ დასკვნებს, თუ როგორ ინარჩუნებს ივანიშვილის გუნდი ძალაუფლებას. 

ერთერთი ყველაზე გახმაურებული საქმე "ოცნების" მმართველობაში სწორედ არჩევნების დროს მოხდა - ზუგდიდის ერთერთი საჯარო სკოლის დირექტორის შვილი აცხადებს, რომ დედამისზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც სკოლაში ინსპექტირება შევიდა. შენგელია დედის გარდაცვალებას სწორედ ზეწოლას უკავშირებს.

არანაირი კრიტიკა პარტიის დამფუძნებელს

"ქართული ოცნების" დამფუძნებელზე მისი გუნდის წევრები ოდნავ კრიტიკულ პოზიციასაც კი არასდროს აფიქსირებენ. ბიძინა ივანიშვილს ოპონენტები ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მოიხსენიებენ, ამაზე საუბრობენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერებიც, თუმცა "ქართული ოცნების" წევრები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ჩრდილოვანი მმართველობა არ არსებობს.

სამაგიეროდ ყოველ შანსს იყენებენ იმისათვის, რომ ივანიშვილი ისტორიაში ერთერთ უდიდეს აღმშენებლად მოიხსენიონ. პრემიერი საკუთარ გამოსვლებშიც კი ძალიან ხშირად "ქვეყანაში პროგრესისთვის" მადლობას პირადად ივანიშვილს უხდის.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მიმართ მისი თანაგუნდელების მხრიდან ხშირად მოგვისმენია დითირამბებიც კი, ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ექვთიმე თაყაიშვილთან შედარება იყო. ქართული საგანძურის მცველს ივანიშვილი განათლების მინისტრმა შეადარა.

 
მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა

➡ განათლების მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Sunday, December 29, 2019

 

კომენტარები