საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ბლინკენი და ოსტინი ზელენსკის შეხვდნენ ბლინკენი და ოსტინი ზელენსკის შეხვდნენ
სტატია გამოქვეყნებულია 7 თვის წინ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდლ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 24 აპრილს კიევში შეხვდნენ. შეხვედრას უკრაინის საგარეო, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გადამწყვეტ მომენტში აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების ვიზიტი ღირებული და მნიშვნელოვანი იყო. 

„სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან განვიხილეთ თავდაცვითი დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერება, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტია. მადლობა შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის!"- წერს ზელენსკი Facebook-ზე. 

ენტონი ბლინკენის შეფასებით, რუსეთი ამ ომში მარცხდება, "უკრაინა წარმატებას მიაღწევს," აშშ-ის მხარდაჭერა კი მომავალშიც გაგრძელდება.

„რუსეთი ცდილობდა თავისი სამხედრო და ეკონომიკური ძალა დაემტკიცებინა. ჩვენ, რა თქმა უნდა, საპირისპიროს ვხედავთ. არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი," -  განაცხადა ბლინკენმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან გამართულ პრესკონფერენციაზე. 

AP News-ის ინფორმაციით, უკრაინა აშშ-სგან დამატებით 300 მილიონ დოლარზე მეტი თანხის სამხედრო დახმარებას მიიღებს. სამხედრო დახმარებას მიიღებენ აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიც - საერთო ჯამში 713 მილიონამდე დოლარის ღირებულების. პრეზიდენტი ბაიდენი კი უახლოეს დროში ოფიციალურად დანიშნავს ახალ ელჩს და ამერიკელი დიპლომატები ეტაპობრივად უკრაინაში დაბრუნდებიან. 

ცნობისთვის, აშშ-ს უკრაინაში ელჩი 2019 წლიდან არ ჰყავს - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მარი იოვანოვიჩი კიევიდან გაიწვია. დიპლომატებმა კი კიევი რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების გამო დატოვეს. როგორც სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება.

მთავარი ფოტო: უკრაინა, კიევი, 24 აპრილი / AP
კომენტარები