საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
29 აპრილი, 2022 მოსმენა და თვალთვალი კანონის სახელითა და განუსაზღვრელი ვადით - რა იცვლება? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 4 კვირის წინ


საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესი შეიცვლება. სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა, უვადოდ მოგვისმინონ და ამის შესახებ ვერასდროს ვერ გავიგოთ.

ჰიბრიდული ომისა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან არიდება თუ ტოტალური კონტროლის მექანიზმების გაჩენა? - რას ისახავს მიზნად მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი, გიყვებით სტატიაში.

რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი?

„ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები „ახლებურად დარეგულირდება." კერძოდ:

  • სამართალდამცველ უწყებებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადები მნიშვნელოვნად გაეზრდებათ (6-დან 9 თვემდე) 
  • გაფართოვდება დანაშაულთა წრე - ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება დამატებით 27 დანაშაულზე
  • შესაძლებელი იქნება, რომ 100 დანაშაულზე ფარული მოსმენები უვადოდ განხორციელდეს
  • მოქალაქეებს მოუსმენენ ისე, რომ ამის შესახებ შესაძლოა მათ არასდროს არ შეატყობინონ.

მოქმედი კანონმდებლობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება განხორციელდეს მძიმე, განსაკუთრებით მძიმე და რამდენიმე ნაკლებად მძიმე დანაშაულზე. მოქალაქეს, რომელსაც ფარულად უსმენენ და უთვალთვალებენ, ამის შესახებ ინფორმაცია 24 თვის ვადაში უნდა მიეწოდოს. თუ ის ჩათვლის, რომ უკანონოდ უსმენდნენ, მას სასამართლოში დავის შესაძლებლობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლება აქვს.

კანონპროექტის ინიციატორთა თქმით კი, ​აღნიშნული შეტყობინება შეიძლება იმდენჯერ გადავადდეს, რამდენჯერაც ეს „სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად” იქნება საჭირო. იმდენჯერ გაგრძელდება, რამდენჯერაც „შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს,” ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადაც. 

აღნიშნული ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემდეგი მუხლებით მიმდინარე გამოძიებებს შეეხება:

108-ე, 109-ე, 142-ე, 1421, 143-ე-1432, 144-ე-1443, 155-ე, 1571, 194-ე, 1941, 223-ე - 226-ე, 230-ე - 232-ე, 234-ე-2351, 2391,  252-ე, 255-ე მუხლის მე-3 - მე-7 ნაწილები, 2551, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილები, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილები, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე - 3211, 322- 333-ე, 337-ე - 339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 3431, 345-ე, 346-ე, 404-ე - 413-ე.


ვინ არიან კანონპროექტის ავტორები და რას ამბობენ?

ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რატი იონათამიშვილი - კანონპროექტი „ქართული ოცნების" წევრებმა მოამზადეს. ინიციატორებს შორის არიან რესან კონცელიძე, გია ბენაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და ეკა სეფაშვილიც.

„დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები," „ჰიბრიდული ომი" და „კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები" - როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, „ქართული ოცნების" წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაზეც ახდენს გავლენას და სათანადო რეაგირებაა საჭირო. თუმცა, ისინი ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს გვთავაზობენ.

ირაკლი ბერაიას თქმით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის ქმედითი გამოძიება და ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. თუმცა, როგორც ჩანს, მმართველი გუნდის ხედვით, ამ ვალდებულების შესრულება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაუსაბუთებელი ცვლილებების შეტანითა და ტოტალური კონტროლის მექანიზმითაა შესაძლებელი. 

რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები?

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ცალსახად ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებით კანონმდებლობა უარესდება - აქამდე არსებული პრაქტიკა კრიტიკას ვერ უძლებდა, ცვლილებები კი პოზიტიური გავლენის მომხდენი არ არის.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის პირადი ცხოვრების გასაჯაროების სკანდალები უცხო არაა, თუმცა არასამთავრობოები ამბობენ, რომ ცვლილებები "აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას".

„პირად ცხოვრებაში მასობრივი უკანონო ჩარევების ფონზე, ნაცვლად ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა, მმართველი გუნდი კიდევ უფრო მეტ საკანონმდებლო ბერკეტს ანიჭებს სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული კი, კიდევ უფრო ზრდის თვითნებობის და პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს".

ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა და პირისათვის შეტყობინების ვალდებულება კანონში 2014 წელს გაიწერა. იმ დროს ცვლილებებს დადებითად აფასებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. 2014 წლის რედაქციით კანონში გაიწერა, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ექნებოდა კონკრეტული მაქსიმალური ვადა და ამავდროულად, დადგინდა ვალდებულება, რომ პირისათვის საგამოძიებო მოქმედებების შესახებ უნდა შეეტყობინებინათ. ეს ცვლილებები მაშინ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა.

 

‼️ ხელმომწერი ორგანიზაციები კრიტიკულად ვაფასებთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების...

Posted by სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center on Thursday, April 21, 2022


11 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემურია კიდევ ერთი კუთხით - "პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა ისედაც მწვავე პრობლემად რჩება ქვეყანაში". ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ათობით გამოუძიებელი საქმისა და 2021 წლის სექტემბერში ე.წ. სუს-ის კრებსების გავრცელების ფონზე უვადოდ, შეუტყობინებლად ფარული მოსმენის წარმოება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

გარდა ამისა, იურისტები ცალკე გარემოებად გამოყოფენ საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში დასაბუთებისა და არგუმენტაციის არარსებობას. მათი განცხადებით, არსებული ჩანაწერები არ ხსნის მიზეზს, თუ რა პრობლემები იქმნებოდა გამოძიების მიმდინარეობისას და აქამდე არსებული ჩანაწერი როგორ უშლიდა ხელს სამართალდამცველთა ეფექტურ მოქმედებას.

„იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება დემონსტრაციულად არაეფექტურია ძალადობრივი პრორუსული ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთისას, ასევე რუსული დეზინფორმაციით შუღლის გაღვივების რისკების პრევენციისას, ჰიბრიდულ საფრთხეებზე აპელირება მხოლოდ მოჩვენებითია და მისი რეალური მიზანი ტოტალური კონტროლის მექანიზმების გაჩენაა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პირადი ცხოვრების გასაჯაროების სკანდალები

"ქართული ოცნება" მმართველობის თითქმის ათი წლის განმავლობაში არაერთხელ გაეხვა სკანდალში - საჯაროვდებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მათ შორის, მმართველი გუნდის წევრებისაც კი. მსგავსი კადრები გაუსაჯაროვეს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, უმრავლესობის ყოფილს წევრ ეკა ბესელიას, გასაჯაროებით ემუქრებოდნენ ჟურნალისტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირებს.

"ქართულმა ოცნებამ" მმართველობის საწყის ეტაპზევე განაცხადა ჩანაწერების განადგურების შესახებ, თუმცა ამით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი არ დასრულებულა. "ეს შენ გეხება" - ამ სახელწოდებით კამპანიაც დაიწყო, აქტივისტები "მოსმენების" შეწყვეტას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ითხოვდნენ. 

IDFI

ერთერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი გასულ წელს ე.წ. სუს-ის კრებსების გასაჯაროება იყო. ჩანაწერებში ფიგურირებდნენ სასულიერო პირები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები - ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებდნენ ფიგურანტები. 

"კრებსები", სავარაუდოდ, სატელეფონო საუბრებზე მიყურადების შედეგად იყო შედგენილი და მასში დეტალურად იყო აღწერილი, რაზე საუბრობდნენ კონკრეტული ადამიანები. ჩანაწერები მოიცავდა ელჩების მოსმენის შედეგად გაკეთებულ ფაილებსაც. ე.წ. კრებსების გავრცელების შემდეგ გამოძიებაც დაიწყო.

გამოძიების საფარქვეშ მოსმენა და ამის შესახებ შეუტყობინებლობას უარყოფითი შეფასება მოჰყვა როგორც სამართალმცოდნეებში, ისე ხელისუფლების ოპონენტებში. ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში დარწმუნებულები არიან, რომ ეს ცვლილებები ტოტალური კონტროლის განსახორციელებლად სჭირდება “ქართულ ოცნებას” და არა საგამოძიებო მოქმედებების უფრო ეფექტურად საწარმოებლად. 

კანონპროექტი ორმა კომიტეტმა უკვე განიხილა: იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა. მოსალოდნელია, რომ მმართველი პარტია კანონს სამივე მოსმენითაც მიიღებს. 

ცვლილებების მიღება არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა "ქართული ოცნება" კრიტიკას არ ითვალისწინებს და თავისი აზრი გააქვს - ბოლო მსგავსი პრეცედენტი ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება იყო.

კომენტარები