საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ომბუდსმენი: სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული ომბუდსმენი: სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ მორიგ დასკვნას აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ექსპრეზიდენტი ნევროლოგმა და თერაპევტმა 22 აპრილს მოინახულა. 

დასკვნის თანახმად, ბოლო ვიზიტთან შედარებით, პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. მათი თქმით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი, მიზეზი კი ანორექსიაა. 

" მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე" - წერია დასკვნაში. 

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის თქმით, იანვრის ვიზიტის შემდეგ, სახეზე გვაქვს "მანკიერი წრის" ჩამოყალიბება:

  • რეზისტენტული პოსტ-ტრავმული სტრესული დაავადება, დეპრესია და ანორექსია; საკვების მიღების შემცირება (იღებს დღე-ღამეში საჭირო კალორიებზე გაცილებით ნაკლებს, დღიური დოზის 1/4-1/3-მდე, 8 კგ. წონის კარგვით 1 თვეში) და შერჩევითად ცილოვან პროდუქტებზე უარის თქმა - აუტანლობის მიზეზით;

  • ცილოვანი შიმშილის ფონზე განვითარებული გამოხატული და მნიშვნელოვანი კუნთების განლევა და სისუსტე;

  • ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციონერების ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

ექიმთა ჯგუფის თქმით, "მანკიერი წრიდან" გამოსასვლელად ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად - საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ - ცილოვანი შიმშილი - გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას" - წერია დასკვნაში. 

დასკვნის თანახმად, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით არ/ვერ შესრულდა. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კი შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა. 

მათი თქმით, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება ანალოგიურ პირობებში, ყოველგვარი რეკომენდაციების შესრულების გარეშე არაეფექტიანი იქნება და არც მომავალში გამოიღებს შედეგს. საბოლოოდ ეს ყოველივე კი გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას, რამაც შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.

შეგახსენებთ რომ, საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით, 2021 წლის 16 ნოემბერს შექმნა. ექსპერტთა ჯგუფის მიზანია პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი, შესაბამისად იგი არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

კომენტარები