საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი 4-24 მარტს ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. გამოკითხვაში მონაწილეობდა 1486 პირი, დასმულ შეკითხვებს 64%-მა უპასუხა. კვლევის ცდომილება +/- 2.5%-ს შეადგენს.
გამოკითხულთა 61% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 31% - სწორი მიმართულებით, ხოლო 9% კითხვაზე არ პასუხობს.
ამის ფონზე კი საინტერესოა, რომ გამოკითხულთა ყველაზე მაღალი მოწონება აქვს პატრიარქს - 91%, შემდეგ თბილისის მერ კახა კალაძეს - 53%, მესამე ადგილზეა პრეზიდენტი ზურაბიშვილი - 52%, მეოთხე ადგილზეა პრემიერი ღარიბაშვილი - 47%ით. ხუთეულშია სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია - 46%-ით.
გამოკითხულთა უმრავლესობა - 40% - ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 18% - მაღალ ფასებს, 8% - ქვეყნის გარეთ მიმდინარე ომებს, ამდენივე თვლის პრობლემად სიღარიბეს. სხვა მაჩვენებლები კი ასე ნაწილდება:
გარდა ამისა, კვლევის რესპონდენტების 76% მიიჩნევს, რომ ეკონომიკამ რეგრესი განიცადა, 43% - კორუფციასთან ბრძოლაში ხედავს უკუსვლას, 46% - ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, 56% - განათლებაში, 46% - კრიმინალთან ბრძოლაში, 41% - დემოკრატიაში, 39% - ადამიანის უფლებებში.
კვლევაში მონაწილეთა 30% სრულად უჭერს მხარს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, 19% - მეტნაკლებად, 11% მეტნაკლებად წინააღმდეგია, ხოლო 25% - სრულად ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, 10% ფიქრობს, რომ არჩევნები არაფერს შეცვლის, 5% კი კითხვაზე არ პასუხობს.
კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების შესახებ ბლოკის კითხვებს - გამოკითხულთა 60% ისურვებდა, რომ ახალი პარტიები გამოჩენილიყვნენ, ხოლო ამჟამინდელი მდგომარეობა 30%-ს მოსწონს. 10% კითხვაზე არ პასუხობს.
რესპონდენტთა 65%% ამბობს, რომ არსებობს მინიმუმ ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს სრულად ან მეტნაკლებად (შესაბამისად 30% და 35%), 31%-ის ინტერესებს არცერთი პარტია არ ერგება, ხოლო დანარჩენი 4% პასუხისგან თავს იკავებს.
გამოკითხულთა 78% ეთანხმება ხელისუფლებაში რამდენიმე პარტიის ყოფნას, თუმცა 53% ამბობს, რომ პარტიების მიმართ არც ნდობის და არც უნდობლობის გრძნობა არ აქვს. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს 23% ენდობა, ხოლო 23% - არა. 2% აღნიშნულ კითხვას ნდობის შესახებ არ პასუხობს.
ინსტიტუციებიდან გამოკითხულთა უმრავლესობის მოწონებას იმსახურებს ქართული ჯარი - 84%-ით, შემდეგია საპატრიარქო - 81%, პოლიცია - 63%, იუსტიციის სამინისტრო - 61%, მედია - 60%. საინტერესოა, რომ რეიტინგში პრემიერის ინსტიტუტზე მაღალი დადებითი მაჩვენებელი აქვს ომბუდსმენს - 57% - და პრეზიდენტს 48%-ით. ამ რეიტინგში პრემიერს დადებითი 48% აქვს, თუმცა უარყოფითი მაჩვენებელიც ზუსტად იგივე რიცხვია. ღარიბაშვილის აპარატის იდენტურია ცესკო-ს მონაცემებიც - 48% დადებითი, 48% უარყოფითი.
გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ ყველაზე მეტად საფრთხისმომტანი ქვეყანა რუსეთია, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს, აშშ-სა და უკრაინას მიიჩნევენ.
ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას გამოკითხულთა 88% სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს (შესაბამისად 74% და 14%), ხოლო NATO-ში ქვეყნის შესვლის მომხრე სრულად ან ნაწილობრივ 75%ია - 60% სრულად ემხრობა ალიანსში ჩვენს გაწევრებას, ხოლო 15% - ნაწილობრივ.