საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა
სტატია გამოქვეყნებულია 4 კვირის წინ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა,  რომელიც ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას საკანონმდებლო დონეზე ამყარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა - ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა 2021 წლის 8 თებერვალს ხელახლა წარადგინეს. მას ამ ეტაპზე სულ 19 თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ასევე, რესპუბლიკური პარტიიდან

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. ასევე, საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების თქმით, ორპარტიული კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფაქტებს. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და ადამიანის უფლებათა  დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

„კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება. ასევე, მხარს უჭერს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას. 


კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს," - ნათქვამია განცხადებაში. 

კანონპროექტი აშშ-ის ადმინისტრაციას რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით  ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენაც მოუწოდებს. 

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი ჯერ აშშ-ის სენატს გადაეგზავნება, შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი აშშ-ის პრეზიდენტს - ხელმოწერის შემთხვევაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კანონის ძალას შეიძენს.

კომენტარები