საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
28 აპრილი, 2022 “დაუცველი“ შრომითი უსაფრთხოება - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 4 კვირის წინ

მართალია დღეს შრომითი უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო დღეს ვზეიმობთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო იმაზე, რომ ჩვენ მოქალაქეებს სამსახურში ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემო ჰქონდეს. 

რამდენიმე დღის წინ „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი ითხვისის მაღაროში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. წლის დასაწყისში „მინდელის“ შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რვა კი დაშავდა. 

ეს მხოლოდ იმ შემთხვევათა ნაწილია, რაც წელს შრომითი უსაფრთხოების დარღვევის მიზეზით მოხდა. შსს-ს მონაცემებით, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის შემთხვევები კიდევ უფრო მეტია, მხოლოდ იანვარ-თებერვალში ასეთი 37 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გახსნილი კი მხოლოდ ერთია.

ვინ და როგორ იცავს ჩვენ შრომით უსაფრთხოებას

დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, კანონმდებლობით „შრომის უსაფრთხოების“ უზრუნველყოფა კი დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხების უზრუნველყოფას გულისხმობს. ამასთან იგი დამსაქმებელსაც და დასაქმებულსაც გარკვეულ მოვალეობასა და პასუხისმგებლობას აკისრებს.

სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხს კონსტიტუციასა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან ერთად, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი და „საქართველოს შრომის კოდექსიც“ არეგულირებს. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლებების უზრუნველყოფა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

შრომითი უფლებების დაცვის აღმასრულებელი მექანიზმი შრომითი ინსპექციის სამსახურია, რომელიც 2015 წლამდე გაუქმებული იყო. მართალია, თავიდან მას შეზღუდული მანდატი ჰქონდა, თუმცა ნელ-ნელა მისი მოქმედებია არეალი გაფართოვდა. 

ამ ეტაპზე ინსპექციას ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის შემოწმება შეუძლია, მას არ სჭირდება წინასწარი სასამართლო ნებართვა ან დამსაქმებლის გაფრთხილება ობიექტის შესამოწმებლად.  თუ ობიექტზე დარღვევა დადგინდება, მას შეუძლია შესაბამის სანქცია დაუწესოს კომპანიას ექნება ამას ჯარიმის, გაფრთხილების თუ სამუშაო პროცესის დროებით შეჩერების სახე. 

შრომის ინსპექციის სამსახური საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ მყარადაა აღჭურვილი უფლებებით და ინსტიტუციური გარანტიებიც აქვს. მთავარია, მისი პრაქტიკა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იყო, რათა ღირსეული და უსაფრთხო შრომის უფლები უზრუნველყოს. 

რა მოცემულობა გვაქვს რეალურად?

შრომითი უსაფრთხოების დაცვის საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. ერთი მხრივ, პრობლემურია აღსრულების მექანიზმი, მეორე მხრივ კი შრომის დაბალი კულტურა, როგორც დამსაქმებლის ასევე, დასაქმებულების შემთხვევაში - საჭიროა, დამსაქმებლების მხრიდან პრევენციული ღონისძიებების იმპლემენტაცია და დანერგვა, დასაქმებულებში კი ცნობიერების ამაღლება.

შრომის ინსპექციის სამსახურის, როგორც აღსრულების მექანიზმის ეფექტური ფუნქციონირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც მეშახტეთა პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ Enigma-სთან განაცხადა, ინსპექციის სამსახური ოპერატიულია და ინციდენტის შემთხვევაში მალევე ერთვება პროცესში, თუმცა აკლია მექანიზმები, რაც ფატალური შედეგების პრევენციისთვისაა აუცილებელი. 

„ინსპექციის საქმიანობამ უნდა შეძლოს და პრევენცია მოახდინოს საწარმო შემთხვევების თავიდან არიდებისა“ - აცხადებს თამაზ დოლაბერიძე. 

მისი თქმით, სხვადასხვა კომპანიები მაინც ახერხებენ თავი აარიდონ კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ ურჩევნიათ იხადონ ჯარიმები, ვიდრე გამოასწორონ კონკრეტული დარღვევები, სწორედ ამიტომ იგი სანქციების პოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრობს. 

სანქციების პოლიტიკის პრობლემურობაზე საუბრობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი ეკო მამალაძეც და იხსენებს მაგალითს, როდესაც ერთი და იმავე დამსაქმებლის სხვადასხვა ობიექტებზე ერთი და იგივე შრომის უსაფრთხოების ნორმის დარღვევა წლების განმავლობაში იკვეთებოდა. მისი თქმით, მსგავსი ფაქტების ასაცილებლად საჭიროა მკაცრი სანქციები და ასევე პოლიტიკის ცვლილება. 

„ერთგვარი პოლიტიკა უნდა შემუშავდეს, რომ ერთ და იგივე დამსაქმებელთან როდესაც შედის ინსპექციის სამსახური და დარღვევას ადგენს, მან ყველა ობიექტზე უნდა აღმოფხვრას ის დარღვევა და შრომის ინსპექციას არ უნდა დასჭირდეს ყველა ობიექტზე ცალ-ცალკე შესვლა და დარღვევის დაფიქსირება“ - ამბობს ეკო მამალაძე. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი გამოსავალს „მხილების პოლიტიკის“ დანერგვაშიც ხედავს. მისი თქმით, ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს. 

„მხილების პოლიტიკის“ გატარებისას, შრომის ინსპექციის სამსახური საჯაროდ ასახელებს იმ კომპანიებს, სადაც ყველაზე ხშირად ირღვევა შრომით უსაფრთხოება, ხოლო კომპანიები რეპუტაციის შესანარჩუნებლად, მაქსიმალურად ცდილობენ გამოასწორონ შრომითი პირობები და დაუახლოონ საერთაშორისო სტანდარტებს. 

მამალაძის თქმით გარდა იმისია, რომ საჭიროა ინსპექციის სამსახურის გაუმჯობესება, ასევე საჭიროა სხვადასხვა სექტორთან მიმართებით ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება,  რომელიც განსაზღვრავს შრომის უსაფრთხოების განაწესს - ამ უკანასკნელის სათანადო აღსრულებასაც ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს. 

ტექნიკური რეგლამენტები ასოცირების ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, სახელმწიფოს კი მათი ეროვნულ დონეზე იმპლემენტაცია ევალება.  ამ რეგლამენტებით სხვადასხვა სექტორთან მიმართებით განისაზღვრება პროტოკოლი თუ როგორ უნდა მოიქცეს დასაქმებული დანადგარებთან მუშაობისას, როგორ უნდა მოვაწყოთ უსაფრთხო სამუშაო სივრცე და სხვა. როგორც მამალაძემ თქვა, 2016 წლიდან დღემდე, მხოლოდ 8 ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შემუშავდა, თუმცა  ჯერჯერობით არცერთი მათგანი არაა ძალაში შესული. 

„ტექნიკური რეგლამენტების არსებობა, ერთი მხრივ, დამსაქმებელსაც უმარტივებს საქმეს. მათ სახელმძღვანელო მითითებებივით აქვთ, როგორ უნდა მოიქცნენ თითოეულ შემთხვევაში და მეორე მხრივ, ინსპექციის სამსახურსაც უმარტივებს კონკრეტული დასაქმების სექტორში არსებული დარღვევების იდენტიფიცირებას. სამომავლოდ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ქმნის იმისათვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო შრომის უფლება“ - აღნიშნავს მამალაძე. 

პრობლემურია ასევე გამოძიების საკითხი „შრომითი უსაფრთხოების დარღვევის შესახებ“, შსს-ს სტატისტიკით ყოველწლიურად 200-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მათგან კი გახსნილი მხოლოდ ერთეულებია. 

  

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლის თქმით, შრომის ინსპექციასა და გამოძიებას შორის არ არის ჩამოყალიბებული  ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა მოიქცეს თითოეული უწყება უბედური შემთხვევებისას და როგორ იმუშაონ კოორდინირებულად, რათა ხელი შეეწყოს პასუხისმგებელი პირების გამოვლენას.

გამოძიებაზე საუბრისას აღსანიშნია ისიც, რომ ხშირ შემთხვევებში მაღალი მენეჯერული რგოლების პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება და ხშირად პასუხისმგებლობას ისევ დასაქმებულს აკისრებენ. 

თამაზ დოლაბერიძის თქმით, ძიება ვერ გადის კომპანიის მფლობელზე და დამნაშავე, რომელიც გამოიკვეთება ხოლმე, ძირითადად არის რომელიღაცა შუა რგოლის მენეჯმენტის ტექნიკური მუშაკი, რომელმაც რაღაც ბრძანება გასცა ან რაიმე არ გააკეთა და სხვა. 

მისი თქმით, გახსნილი საქმეების სიმცირე შესაძლოა მოლაპარაკებებს დავუკავშიროთ, რომელსაც დამსაქმებელი დაზარალებულის ოჯახთან აწარმოებს. მოლაპარაკებები კი, როგორც წესი, არაა ღიაა. 

„შესაბამისად ამის გამო დაზარალებულის ოჯახების უმეტესობა, შემიძლია ვთქვა 95%, უარს ამბობს დავასა და იურისტის აყვანაზე. როგორც კი მოხდება რაიმე ტიპის საწარმო შემთხვევა, პირველი, რასაც დაზარალებულის ოჯახს ვთავაზობთ, ესაა ჩვენი უფასო იურიდიული მომსახურების გაწევა. თუმცა, ხშირად მათი მხრიდან არაა აქტიურობა“ - ამბობს მეშახტეთა პროფკავშირების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე. 

პრობლემა ცალსახად კომპლექსურია და მრავალი რგოლის აქტიურობას საჭიროებს. მამალაძის თქმით, „შრომის მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება, ევროკავშირის მხრიდან მომართვასა და მშრომელთა მხრიდან პროტესტმა განაპირობა“. 

სახელმწიფოს შეუძლია, გაამკაცროს სანქციები და გააძლიეროს აღსრულების მექანიზმები. თუმცა, თავის მხრივ, საზოგადოებაც უნდა შეთანხმდეს, რომ უსაფრთხო შრომა არის მთავარი პრიორიტეტი, როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის. შესაბამისად საჭიროა, ხელი შეეწყოს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შრომის ნებისმიერი სახის დიალოგის წახალისებას. 

კომენტარები