საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
TI: რთველის სუბსიდირებისას უპირატესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანიებს ენიჭება TI: რთველის სუბსიდირებისას უპირატესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანიებს ენიჭება
სტატია გამოქვეყნებულია 4 კვირის წინ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" (TI) ინფორმაციით, 2021 წელს მთავრობამ რთველზე ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია. 

TI-ის თქმით, ღვინის სააგენტოში სუბსიდირებისთვის რეგისტრირებული 83 კომპანიიდან 31 „ქართული ოცნების" მოქმედ / ყოფილ ანდა მასთან დაკავშირებულ ოჯახებს ეკუთვნის, რომელზეც 30 343 512 ოდენობის თანხა გაიცა (სუბსიდიის საერთო მოცულობის 22%). 1 700 000 ლარზე მეტის სუბსიდია კი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა ღვინის კომპანიებმა მიიღეს. 

„კვლევაში მოცემული ფაქტები ცხადყოფს, რომ რთველის სუბსიდირების პროცესში მთელი რიგი კორუფციული ტიპის პრობლემები იკვეთება, მათ შორის უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს. მოსავლის სუბსიდირებას მთავრობა პირდაპირ ბიუჯეტიდან ახორციელებს, მათ შორის ღვინის სააგენტოს გავლითაც," - აცხადებს TI. 

ორგანიზაციის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სუბსიდიის მიმღები კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან („აწარმოე საქართველოში”) გრანტებსაც იღებენ, სარგებლობენ შეღავათიანი, ფაქტობრივად, უპროცენტო აგროსესხებით და ამავდროულად, პარტია “ქართული ოცნების” შემწირველები არიან. მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2016-2021 წლების განმავლობაში მათ 3 626 420 ლარი გაიღეს.

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღვინის კომპანიას იმ შემთხვევაში შეეძლო სუბსიდიის პროგრამაში მონაწილეობა, თუ მევენახისგან 1000 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებდა. ამ ხელოვნური  ბარიერის გამო, მცირე მარნებმა სუბსიდიით ვერ ისარგებლეს. 2021 წელს რთველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვა. მთავრობამ ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია რთველზე. სუბსიდიის მიზეზად მან ჭარბი მოსავალი და გლობალური პანდემია დაასახელა," - ნათქვამია TI-ის კვლევაში. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეკომენდაციების მიხედვით:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ უნდა შეისწავლოს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ გამოცხადებული გამარტივებული ტენდერები და მათზე რეაგირება მოახდინონ.
     
  • ასევე უნდა შეისწავლოს ყურძენში შაქრის მზომი მოწყობილობების შესყიდვის გამჭვირვალობა და აუცილებლობა, რადგან გადასახადის გადამხდელებს აღნიშნული ხელსაწყოების შესყიდვა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ.
     
  • აუცილებელია, რომ თითოეულ გამარტივებულ შესყიდვას ახლდეს ბაზრის კვლევის შედეგები. საჭიროა, შემსყიდველმა - შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ” უფრო ცხადად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც არჩევს კონკრეტულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს
     
  • ღვინის სააგენტომ პროცესი უნდა წარმართოს გამჭვირვალედ  და თანხებზე წვდომა ჰქონდეს მცირე მარნებს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავლები და ბრუნვა აქვთ.
     
  • აუცილებელია ღვინის სააგენტომ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა საჭიროა თანხების ორ ნაწილად ხარჯვა, როდესაც მცირე ნაწილს გასცემს სააგენტო, თანხის უდიდეს ნაწილს კი რიცხავს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” ანგარიშზე.
კომენტარები