საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
04 მაისი, 2022 მოლდოვა - რუსეთის კიდევ ერთი სამიზნე? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ


უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ოკუპირებულ დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების სერიის გამო მოლდოვაში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა. დასავლეთის ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დნესტრისპირეთში მოგზაურობას მოერიდონ. ევროკავშირი კი მოლდოვისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას განიხილავს. 

მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფეთქებები 25 აპრილს დაიწყო. გავრცელებული ცნობებით, თავდაპირველად საავიაციო ნაწილის ტერიტორიაზე დრონმა ორი ყუმბარა ჩამოაგდო, რასაც სატვირთო ავტომობილის დაზიანება მოჰყვა.

მოგვიანებით, ტირასპოლში უცნობმა პირებმა ცეცხლი “კაგებეს” შენობას გაუხსნეს. აფეთქებები 26 და 27 აპრილსაც გაგრძელდა. დაიბომბა რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორია და კოლბასნეს მახლობლად არსებული საბჭოთა დროინდელი ტყვიაწამლის საწყობი. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ გაჩნდა შიში, რომ რუსეთის მომდევნო სამიზნე შესაძლოა მოლდოვა გახდეს. 

რას ამბობს მოლდოვა?

თავდასხმების შემდეგ მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. მოლდოვის პრეზიდენტის შეფასებით, აფეთქებები დნესტრისპირეთის იმ ჯგუფებს შორის შიდა უთანხმოებებს უკავშირდება, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ.

„ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევას და მცდელობას, აცდუნონ მოლდოვა, ჩაერთოს ისეთ ქმედებებში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მშვიდობას. კიშინიოვი აგრძელებს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას,” - განაცხადა სანდუმ.

მაია სანდუ, EPA-EFE/DUMITRU DORU

თავის მხრივ, ოკუპირებული დნესტრისპირეთის ე.წ. ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის “წითელი დონის” დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა, ტერიტორიაზე საგუშაგოები განთავსდა, 9 მაისისთვის დაგეგმილი სამხედრო აღლუმი კი გაუქმდა.  

სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ თავდამსხმელები უკრაინიდან იყვნენ, თუმცა ისინი ფრთხილობდნენ, ყველაფერი უშუალოდ კიევის მთავრობისთვის არ დაებრალებინათ

დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ეკისრება მოლდოვაში მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა დნესტრისპირეთში “ჩაგრული რუსულად მოლაპარაკე ადამიანების გათავისუფლებაზე” განცხადება გააკეთა.

ამას ემატება ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ მოლდოვის რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებაზე კიბერშეტევები განხორციელდა, რასაც პრორუსულ ჯგუფ KILLNET-ს უკავშირებენ. 

როგორც საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტმა ლაშა ძებისაშვილმა Enigma-სთან საუბრისას აღნიშნა, მოლდოვას ოკუპირებული დნესტრისპირეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების ინტერესი არ აქვს. ახლა მოლდოვის ხელისუფლების მთავარი ამოცანა დაძაბულობის დეესკალაციაა. ბოლო დროს მომხდარი პროვოკაციები კი, ძებისაშვილის თქმით, შიდა, პრორუსულ ძალებს უკავშირდება.

„ამ გადმოსახედიდან მოლდოვასა და დნესტრისპირეთში პროვოკაციების დაკავშირება რუსეთთან შესაძლებელია, თუმცა აბსოლუტურად წარმოუდგენელია რა შედეგის მომტანი უნდა იყოს ეს პროვოკაციები არსებულ დიდ სტრატეგიულ სურათში,” - ამბობს ძებისაშვილი.

რას ამბობს უკრაინა და რუსეთი?

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში მომხდარი აფეთქებები პანიკისა და ანტიუკრაინული განწყობის გასაღვივებლად რუსეთის სპეცსამსახურების "გეგმურ პროვოკაციას" წარმოადგენს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოლდოვა „სტუმრებს“ უნდა ელოდოს.

„ცუდი ამბავი: თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები ხვალ კიშინიოვის კარიბჭეს მიადგებიან. კარგი ამბავი: უკრაინა ცალსახად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, როგორც გუნდმა,” - განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას რუსეთი ცდილობს და ამით მოლდოვას აჩვენებს, რომ თუ უკრაინას დაუჭერს მხარს, ამას სხვა ნაბიჯები მოჰყვება.

როგორც ოფიციალური კიევი ამბობს, დნესტრისპირეთში განლაგებული რუსი ჯარისკაცები უკრაინაზე თავდასხმისათვის ემზადებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დღეისთვის მოლდოვის სეპარატისტულ ტერიტორიაზე 2 000-მდე რუსი ჯარისკაცია. არაღიარებული დნესტრისპირეთის "არმიაში" კი 7 500-მდე სეპარატისტი მებრძოლი ირიცხება.

რაც შეეხება რუსეთს, დნესტრისპირეთში მომხდარ აფეთქებებზე კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა “შეშფოთება" გამოთქვა. მანამდე კი, ჯერ კიდევ 22 აპრილს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთს მიზნად დნესტრისპირეთის შემოერთება ჰქონდა დასახული - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა (დნესტრისპირეთისკენ სახმელეთო დერეფნის გაჭრა რუსული სამხედრო გეგმის ნაწილი უკრაინაში ომის დასაწყისშივე იყო).  რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კი განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა დნესტრისპირეთის „დამოუკიდებლობა” აღიაროს.

სად არის დნესტრისპირეთი?

მოლდოვის ოკუპირებული რეგიონი უკრაინის საზღვარსა და მდინარე დნესტრს შორის მდებარეობს. მდინარის მარცხენა სანაპირო უმეტესად ეთნიკური რუსებითა და უკრაინელებითაა დასახლებული. ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთადერთი ტერიტორიაა, რომელიც უშუალოდ მას არ ესაზღვრება. 

ადგილობრივმა სეპარატისტებმა 1990 წელს დნესტრისპირეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად” გამოაცხადეს. ამის შემდეგ რეგიონში სეპარატისტული მოძრაობები უფრო გააქტიურდა, 1992 წელს კი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და მოლდოვის არმიას შორის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ამჟამად კონფლიქტი გაყინულია და ე.წ. საზღვარზე რუსული ძალებია განლაგებული.საერთაშორისო საზოგადოება დნესტრისპირეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს. 

euronews

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? 

რა მიზანი ამოძრავებს ახლა რუსეთს მოლდოვაში? - ამ ეტაპზე ამის გადაჭრით თქმა საკმაოდ რთულია, რადგან უკრაინასთან მიმართებითაც რუსეთის პოზიცია ხშირად არაადეკვატური და არარაციონალური იყო. თუმცა, ფაქტია, რომ დნესტრისპირეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა მოლდოვაზე ზეწოლის მოხდენის კარგი ბერკეტია.

ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მოლდოვის ომში ჩართვის საფრთხე საკმაოდ რეალურია, მაგრამ როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ლაშა ძებისაშვილმა Enigma-ს განუცხადა, მოლდოვაში ფრონტის გახსნის კონკრეტული ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს.

„მოლდოვას ომში ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, დნესტრისპირეთიდან მოხდა მასზე სამხედრო შეტევა ან რუსული დაჯგუფებები დაიკავებენ ოდესის დასავლეთით უკრაინის ტერიტორიას და სამხრეთიდან შეუტევენ. ჯერჯერობით ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ,” - განაცხადა ძებისაშვილმა.

სერგი კაპანაძე კი გვიყვება, რომ რუსეთს აღმოსავლეთ ევროპისა და ევროპული უსაფრთხოების სრული დესტაბილიზაცია სურს. თუმცა, საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება გახსნას რუსეთმა ახალი ფრონტი.

„როგორც ჩანს, მისი [რუსეთის] გიჟური იმპერიალისტური ამბიციები სძლევს რაციონალიზმს და ,ალბათ, ამიტომ აკეთებს ამას. უფრო ლოგიკური და რაციონალური დასკვნა არ მაქვს. უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტგან დაატრიალონ უბედურება, მეტგან ჩართონ თავისი თვითმპყრობლური გეგმები,” - ამბობს კაპანაძე.

და ბოლოს, საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტების შეფასებით, მოლდოვას შემთხვევა ერთ რამეს აჩვენებს კარგად  - არანაირი ნეიტრალიტეტი, NATO-ში გაწევრიანებასა და სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარის თქმა, არ არის იმის გარანტი, რომ რუსეთის აგრესიისგან დაცული იქნები. მოლდოვას დიდი ხანია დეკლარირებული აქვს, რომ NATO-ში გაწევრიანებას არ აპირებს, თუმცა, რუსეთის პროვოკაციებისგან "ნეიტრალურ" მოლდოვას ეს ვერ იცავს. 

კომენტარები