საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
05 მაისი, 2022 რუსეთი - ბოროტების იმპერია - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

 

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ “ სპეციალური ოპერაცია” დაიწყო. პუტინი ამის მიზეზად დენაციფიკაციას ასახელებდა, თუმცა რაც ჩვენ ვნახეთ, იყო უკრაინელების გენოციდი: დაბომბილი სკოლები, დახოცილი ბავშვები, ორსულები და მოხუცები. რუსეთმა ომიც კი ომის კანონების დარღვევით დაიწყო და ასევე აგრძელებს. 

თუმცა ის, რასაც ახლა მთელი მსოფლიო უკრაინაში ხედავს, რუსული არმიისთვის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამხედრო ტაქტიკაა - ადამიანების უმოწყალო ხოცვა, დემორალიზება, წამება - რუსეთის მეზობლებს ეს არაერთხელ გვაქვს ნანახი.

პუტინის ნამდვილი სახე - რა გაიგო მსოფლიომ უკრაინაში ომით?

კრემლის მიერ ომის წარმოების ხერხების შესახებ მსოფლიომ მხოლოდ ბუჩას შემდეგ ირწმუნა - გაუპატიურებული ბავშვები, დახოცილი მოზარდები, შვილების თვალწინ დახვრეტილი მშობლები და ნაწამები ადამიანები - ევროპულ ფასეულობებზე მდგარი დასავლეთი ნანახმა შეძრა.

 

ომის დაწყებიდან 2 თვის თავზე უკრაინა იძულებით დატოვა 5,7 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა, განადგურდა 53-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, გაერო-ს მონაცემებით, დაიღუპა 3 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა უკრაინული მხარის ცნობით, ეს სტატისტიკა არასრულია და ომს ბევრად მეტი მშვიდობიანი შეეწირა. რამდენიმე ქალაქი კი ჯერ კიდევ რუსი ოკუპანტების ალყაშია. 

ამის პარალელურად კრემლი ამტკიცებს, რომ რუსი ჯარისკაცები არ ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს და უკრაინას “ნაცისტებისგან წმენდენ.”

დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების სასაფლაო დნიპროში

უკრაინელების გენოციდის პარალელურად დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ახალ-ახალ სანქციებს მუდმივად უწესებს. ამის გამო რუბლი კიდევ უფრო გაუფასურდა, დაყადაღდა რუსეთის მოქალაქეების ქონება, ზოგიერთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსულ გაზზე, კრემლი კი საგარეო ვალებს ვეღარ იხდის.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსეთი არ წყვეტს უკრაინელების ხოცვას. მარიუპოლში “აზოვსტალის ბაზაზე” ამდრომდე რჩებიან მშვიდობიანი ადამიანები, რომლების ვერც საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ და ვერც მწვანე დერეფნით ახერხებენ ქალაქის დატოვებას, რადგან რუსეთი დერეფნებს ბომბავს.

უკრაინის სწრაფვა თავისუფლებისაკენ და რუსეთი მუდმივ აგრესორად

ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ამ ქვეყნის მოსახლეობას უკვე მრავალჯერ აქვს ნანახი - რუსეთი ვერასდროს იტანდა ფაქტს, რომ მეზობელი ქვეყნები მისი მარწუხებისგან გათავისუფლებას ცდილობდნენ. უკრაინელების სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სისხლიანი იყო 1917-1922 წლებში.

საბჭოთა მმართველობამ უკრაინის სისხლიანი გასაბჭოების შემდეგ ქვეყანაში ნაციონალისტური განწყობების ჩახშობა გადაწყვიტა. ხელოვნურად გამოწვეული ტოტალური შიმშილობა, რომელიც ჰოლოდომორის სახელითაა ცნობილი, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. მას, სხვადასხვა მონაცემით, 10 მლნ-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 

წყარო: vitacollections.ca

ჰოლოდომორი 2003 წელს გაერომ საბჭოთა მმართველობის პოლიტიკისა და არაჰუმანური ქმედებების შედეგად აღიარა, 2008 წელს კი ევროპარლამენტმა ჰოლოდომორს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა. ჰოლოდომორს მთელი რიგი ქვეყნები, მათ შორის, პირველ რიგში უკრაინა, გენოციდად მიიჩნევს.

უკრაინელებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ შეუწყვიტავთ და საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადეს. მეზობელი ქვეყნის პროდასავლურობითა და ალიანსებთან სიახლოვით გაღიზიანებული პუტინის რუსეთი უკრაინაში 2014 წელს შეიჭრა - მას შემდეგ ქვეყანაში ომი, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა. 

რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია გამოაცხადა, უკრაინელები კი მათი ქვეყნის ტერიტორიის რუსეთთან მიერთებას არ აღიარებენ. უკრაინის თითქმის მთელ აღმოსავლეთ საზღვარზე 2014 წლის შემდეგ ბრძოლებია, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლიდან სრულმასშტაბიანი ომი განახლდა.

სამიზნე - მშვიდობიანი მოსახლეობა

რუსეთი ათწლეულებია იბრძვის მისი მეზობლების წინააღმდეგ, მაგრამ ეს არასდროსაა წმინდა სამხედრო მოქმედებები - რუსული არმიის სამიზნე თითქმის ყოველთვის მშვიდობიანი მოსახლეობაა. 

საბჭოთა რუსეთმა სსრკ-ში ფაქტობრივად ყველა ქვეყანა სისხლითა და ნების საწინააღმდეგოდ შეიყვანა. რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკა 1917 წელს დაარსდა, მან მეზობლების ანექსირება მალევე დაიწყო და 1922 წლის 30 დეკემბერს ფორმალურად საბჭოთა კავშირის დაარსებაც გაფორმდა. რეალობა კი ის იყო, რომ ბოლშევიკებმა მეზობლები ცარისტული მმართველობის მსგავსად "მიიერთეს". 

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას სტალინმა ძალისმიერად მიიერთა ბალტიისპირეთის ქვეყნები. მან ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის მთავრობებს ულტიმატუმი წაუყენა - გაეტარებინათ საბჭოთა ჯარები მათ ტერიტორიაზე და დაემყარებინათ სტალინისთვის მისაღები მმართველობა. ბალტიისპირეთში ბოლშევიკური მმართველობა დამყარდა.

სამივე ქვეყანაში საბჭოური მმართველობის დამყარებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვა მოსახლეობისთვის - წინააღმდეგობის გამწევ ადამიანებს ხვრეტდნენ, აპატიმრებდნენ, გულაგებში გზავნიდნენ. ყველაზე დიდი რაოდენობით ადამიანები კი რუსეთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე გადაასახლეს. მსგავსი გადასახლებების ორი დიდი ტალღა იყო.

 

პირველი გადასახლებების ტალღა 1941 წლის 13-14 ივნისის ღამით დაიწყო. მასობრივ დეპორტაციაში მოყვნენ ქალები და ბავშვები - ისინი რუსეთის არქტიკულ ნაწილში გადაასახლეს. შედეგად ესტონეთის 60 000, ლატვიისა და ლიეტუვის კი 35 000-მდე მოქალაქე გარდაიცვალა ან დაიკარგა.

კიდევ უფრო სასტიკი იყო გადასახლებების შემდეგი ეტაპი. 1946-53 წლებში გადასახლებებსა და პარტიზანულ მკვლელობებს ესტონეთში 95 000 ადამიანი ემსხვერპლა, ლატვიაში - 125 000, ხოლო ლიეტუვაში - 310 000. რამდენიმე წლის შემდეგ გადასახლებულთა გადარჩენილი ნაწილი დააბრუნეს ქვეყნებში, მაგრამ არა მათ საცხოვრებელ ადგილებში. თუმცა, გადასახლებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ძალიან ცოტა გადაურჩა.

ბორის ელცინმა სამხედრო ძალით დააბრუნა რუსეთის შემადგენლობაში ჩეჩნეთის რესპუბლიკა. 1991 წელს ჯოხარ დუდაევის ჩეჩნეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1994 წელს რუსული სამხედრო ძალები რესპუბლიკაში შევიდა. 

ჩეჩნეთის პირველი ომი 1996 წელს დასრულდა. ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი 1996 წლის აპრილში, 52 წლის ასაკში მოკლეს. დაღუპულთა შესახებ მონაცემები ამ შემთხვევაშიც სხვადასხვაგვარია - ცნობებით, ჩეჩნეთის პირველ ომს ემსხვერპლა 20-დან 100 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 150-200 ათასი პირი, დევნილად კი ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლე იქცა. 

წყარო: Radio Free Europe / Radio Liberty

უკრაინაში ამჟამად მიმდინარე ომის მსგავსად, რუსული ძალები ჩეჩნეთშიც მშვიდობიან მოსახლეობას უტევდნენ - ბომბავდნენ საცხოვრებელ სახლებს, აფეთქებდნენ სამალავებს. ტრადიციული მეთოდებით რუსები ჩეჩნეთშიც ცდილობდნენ არა მხოლოდ მებრძოლების, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეების გატეხვასაც. 

მიუხედავად იმისა, რომ 1996 წელს სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა, რუსეთისთვის არსებული მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი. ამიტომაც პირველივე შესაძლებლობა გამოიყენეს იმისათვის, რომ ჩეჩნეთში ყველანაირი წინააღმდეგობრივი მოძრაობა გაენადგურებინათ. 

ჩეჩნეთის მეორე ომი 1999-2009 წლებში მიმდინარეობდა და პუტინის ერთერთ სამხედრო დანაშაულადაც შეიძლება მივიჩნიოთ. სკოლების აფეთქება, მშვიდობიანი მოქალაქეების უმოწყალო მკვლელობა და ჩეჩნეთის საბოლოოდ მიერთება რუსეთთან - სწორედ ესაა ათწლიანი ომის შედეგი. 

მეორე ომის დროს მოხდა ბესლანის ტრაგედია და თავდასხმა დუბროვკას თეატრზე. ოფიციალური ინფორმაციით, რასაც ძირითად რუსული მთავრობა და სამთავრობო მედია ავრცელებდა, ორივე შემთხვევაში ჩეჩენმა ტერორისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს. პუტინს აღნიშნული ორი ტრაგედიის (და არა მარტო) ანალიზის დროს ხშირად სდებენ ბრალს, რომ მან ადამიანების სიცოცხლე ანტიჩეჩნური განწყობების ჩამოყალიბებას შესწირა, უფრო ღრმა კონსპირაციის თეორიის ავტორები კი მომხდარში პუტინის ინტერესებსაც ხედავენ.

2002 წელს მოსკოვში, დუბროვკას თეატრში ჩეჩენი მებრძოლები შეიჭრნენ და ომის დასრულების მოთხოვნით 850-მდე ადამიანი ტყვედ აიყვანეს. მათთან მოლაპარაკების სანაცვლოდ კი რუსულმა მხარემ უცნობი წარმომავლობის გაზი გამოიყენა - შედეგად 130-მდე მძევალი და 40-მდე ტერორისტი დაიღუპა.

ბესლანი. 2004 წლის სექტემბერი. ბავშვებმა მძიმედ დაშავებულთა სიაში იპოვეს დედის სახელი და საავადმყოფოს სახელი, სადაც ის გაგზავნეს.

ბესლანის ტრაგედია 2004 წლის შემოდგომაზე მოხდა - ჩეჩენი მებრძოლები სკოლაში შეიჭრნენ და 1200-მდე ადამიანი ტყვედ აიყვანეს. მათ საკუთარი პირობები წაუყენეს მთავრობას, თუმცა პუტინმა შესრულებაზე უარი განაცხადა. კრემლი დღემდე მალავს სიმართლეს, ბესლანის მცხოვრებლები კი პასუხებს ითხოვენ. რუსეთი თავიდანვე არ ასაჯაროვებდა ტყვეების ზუსტ რაოდენობას, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნების ულტიმატუმსაც იგნორით უპასუხეს.

პუტინი ბესლანის ტრაგედიაზე საუბრისას პირველივე ბრიფინგზე ამბობდა, რომ აღნიშნული რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ომი იყო. მისი ამ განცხადებების გამო დღემდე არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინმა ბესლანის ტრაგედია ანტიჩეჩნური განწყობების გასამძაფრებლად გამოიყენა და ტერორისტებთან მოლაპარაკებების ნაცვლად ძალის გამოყენება არჩია. სკოლაზე სამართალდამცველებმა შტურმი მიიტანეს, რასაც, ფაქტობრივად ემსხვერპლნენ კიდეც ტერორისტების ტყვეები - სულ 330-ზე მეტი ადამიანი.

დასახლებული პუნქტების ნგრევა, სამოქალაქო ობიექტებისა და ლტოლვილთა გასაყვანად გახსნილი მწვანე დერეფნების დაბომბვა -  ეს ხერხი რუსეთმა მანამდე სირიაშიც გამოიყენა. The Guardian- ის მიხედვით, ამჟამად უკრაინაში ომის ტაქტიკა და ზოგიერთი რუსი ჯარისკაციც კი უშუალოდ სირიის სამოქალაქო ომიდან მოდის - რომელსაც მოსკოვი 2015 წელს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად შეუერთდა.

პუტინი დაეხმარა ასადს აჯანყებულთა ხელიდან თითქმის მთელი ქვეყანა დაებრუნებინა. სამოქალაქო ზიანის მონიტორის Airwars-ის თანახმად, ამ პროცესში ქალაქები განადგურდა და 24 743-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რუსული დარტყმების შედეგად დაიღუპა. 

რუსული სისასტიკის ქართული გამოცდილება

საქართველო ერთერთი იყო იმ დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირში რუსული ოკუპაციის შედეგად აღმოჩნდნენ. საბჭოთა რესპუბლიკებში მოქალაქეები არ ეთანხმებოდნენ ფაქტობრივად კვლავ რუსეთის იმპერიაში მოხვედრას, ამიტომაც რამდენიმე რესპუბლიკაში გამოსვლები და საპროტესტო მუხტი მომწიფდა. ასეთი იყო, მაგალითად, 1924 წლის აგვისტოს აჯანყება საქართველოში, რომელიც სასტიკად ჩაახშვეს. 

1924 წლის აგვისტოს გამოსვლების მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო და რუსული არმიის წინააღმდეგ, ძირითადად, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმები იბრძოდნენ. აჯანყებულებს შორის გაუგებრობა გამოიწვია ჭიათურაში გამოსვლების ნაადრევმა დაწყებამ, რის გამოც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლები დაქსაქსულად აწარმოებდნენ ომს. მართალია, გარკვეული პუნქტები მათ ხელშიც ჩაიგდეს, თუმცა საბოლოოდ შეთქმულება დამარცხდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი კი 30-მდე მებრძოლთან ერთად თურქეთში გადავიდა. 

ამ გამოსვლას მოჰყვა სასტიკი ტერორი იმათ მიმართ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს - ეროვნული ძალების წარმომადგენლები იდევნებოდნენ. ხვრეტდნენ ყველას, ვისზეც ეჭვი მიჰქონდათ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობებით, დახვრეტილთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევდა. 

ტოტალიტარული მმართველობის ერთერთი მახასიათებელი სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტა იყო. საბჭოური (რუსული) არმიის წარმომადგენლები უმოწყალოდ ხოცავდნენ ადამიანებს, ვისაც წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ ჰქონდათ. მიზანი კი ერთი იყო - ადამიანებში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის გაქრობა. ამას ემსახურებოდა 30-იანი წლების რეპრესიებიც - მასში მოჰყვა საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ის წარმომადგენელი, ვინც მინიმალურ წინააღმდეგობასაც კი უწევდა საბჭოურ პოლიტიკას. 

საბჭოეთმა სისხლში ჩაახშო 1989 წლის აპრილის აქციებიც - საქართველოს მოქალაქეები თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, სანაცვლოდ კი რუსული ტანკები, ტყვიები და მომწამვლელი გაზი მიიღეს. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

 

ცხრა აპრილი თანამედროვე საქართველოს ისტორიის ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიასა და 1991...

Posted by Enigma Media on Saturday, April 9, 2022

 

თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს დასახლებებს, შენობებს, სადაც ადამიანები თავს აფარებენ. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ნაცნობი ტაქტიკაა საქართველოს მოქალაქეებისთვის - ასე უსწორდებოდნენ რუსი ჯარისკაცები მშვიდობიან მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში. 

ზაურ - აფხაზი, ქართველებისათვის დახმარების გაწევის გამო მოკლეს.

 

ემზარ - ეთნიკურად აფხაზი, მოკლეს იმის გამო, რომ უნდოდა ქართველი შეყვარებულის დასაფლავება.

 

1993 წლის 22 სექტემბერს, საღამოს 6-ის ნახევარზე,  რუსეთმა ბაბუშერას აეროპორტიდან "ტუ 154" ჩამოაგდო - ბორტზე ექთნები, სამოქალაქო პირები, მოხალისეები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. 

საჰაერო ხომალდი ასაფრენ ბილიკზე ნაწილებად დაიშალა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა. ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს

მერი და გივი - 1993 წლის დეკემბერში ერთად წამებით მოკლეს, გადაუჭრეს ყელი, ენა ამოაჭრეს, ორივეს სხეული დაანაწევრეს და დაწვეს.

მარიამი - 12 წლის, 1992 წლის 23 ოქტომბერს ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს.

 

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის მიერ განხორციელებულ დანაშაულებსა და სისასტიკეზე დევნილები დღემდე ყვებიან. ისტორიებს შორის მოისმენთ იმასაც, რომ ადამიანები საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით წამოსვლისასაც კი სიცივეში იღუპებოდნენ.

გაუპატიურებული მოზარდები, შვილების თვალწინ წამებით მოკლული მშობლები, მასობრივი საფლავები, განადგურებული ქონება - ეს არის მეთოდიკა, რაზეც დგას რუსული დაპყრობითი პოლიტიკა.

რუსეთის მიერ ომის წარმოების ტაქტიკა

“უძლეველი რუსეთის არმიის” სტერეოტიპი უკრაინასთან ომში სულ უფრო მეტად იმსხვრევა. კრემლი საკუთარი მიზნების მიღწევას ყოველთვის ომის საშუალებით ცდილობს. ამის მაგალითები ისტორიაში ბევრია.  

“Air force Magazin” წერს, რომ რუსეთის მთავარი “იდეა არის მოწინააღმდეგის სწრაფად დარწმუნება, რომ უბრალოდ არ ღირს ბრძოლის გაგრძელება”. მოსკოვი ომს იქამდე ბევრად ადრე იწყებს, სანამ პირველ ტყვიას გაისვრის.

კრემლის მეთოდია  ჯერ მოწინააღმდეგის ერთიანობა შეარყიოს და შიგნიდან გაყოს, რათა  რუსეთის პროვიკაციაზე ერთიანი პასუხის გაცემა გაუჭირდეთ, სამხედრო შეტევები კი შემდეგ დაიწყოს. 

მაშინაც კი, თუ შედეგი ფრე იქნება, რუსეთი თავს გამარჯვებად თვლის, რადგან მისი მოწინააღმდეგე ომის ეკონომიკური ზიანის გამო ძლიერი საფრთხე ვეღარ იქნება.

აგვისტოში რუსული სტრატეგიის საზღვაო ანალიზის ახალი ცენტრის [CNA] კვლევამ სათაურით - "რუსეთის სამხედრო სტრატეგია: ძირითადი პრინციპები და ოპერატიული კონცეფციები" აჩვენა, რომ რუსეთი ცდილობს დათესოს პოლიტიკური უთანხმოება მის ოპონენტებს შორის, ჩაერიოს მათ არჩევნებში და გაანადგუროს საზოგადოების ნდობა მათი მთავრობების მიმართ.

ავტორები ამტკიცებენ, რომ ომის დროს რუსეთი უყოყმანოდ დაარტყამს „ეკონომიკურ პოტენციალს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და მიისაკუთრებს ტერიტორიებს“. 

მარიუპოლი 9 მარტი 2022

 

"გარდაუვალი საფრთხის“ გასანეიტრალებლად ის ასევე გამოიყენებს „შეზღუდული ძალის პრევენციულ გამოყენებას“. კვლევის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დოქტრინა არის "თავდაცვითი და შეტევითი კონსტრუქციების მკაფიო განსხვავების გარეშე შერწყმა", - განაცხადეს მათ.

რუსული დოქტრინის თანახმად, ომის არასამხედრო საშუალებები არის „ძალის გამრავლება“, რომელიც „ემსახურება მოწინააღმდეგის ძალების და შესაძლებლობების შესუსტებას, შემცირებასა და სამხედრო საფრთხის სრულად აღმოფხვრასაც კი”.

რუსეთის არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვის, 2013 წლის თავდაცვის სტატიაში ნათქვამია, რომ „რიგ შემთხვევებში“ იძულების არასამხედრო საშუალებები მათი ეფექტურობით „მნიშვნელოვნად აღემატებოდა იარაღის ძალას“. გერასიმოვის თქმით, ომის არასამხედრო და სამხედრო მეთოდების თანაფარდობა არის 4-დან 1-მდე. 

2019 წელს გერასიმოვმა თქვა, რომ ის სამხედროებს ხედავს, როგორც კოორდინაციას (და არა ხელმძღვანელობას) მთელს სამთავრობო, არასაომარი მიდგომებს კონფლიქტის მიმართ, ხოლო სამხედრო შესაძლებლობებს იყენებს ყველა დანარჩენის დასამყარებლად. 

1990-იანი წლებიდან რუსეთი ამ მიდგომას მოიხსენიებს, როგორც „მეექვსე თაობას“ ან „ახალი ტიპის ომს“. რუსეთმა გამოიყენა ეს მიდგომები დასავლეთ ევროპაში ნავთობის ექსპორტის ბლოკადაში, საქართველოს, უკრაინაში კამპანიებში და ნატოს წევრისა და აშშ-ის არჩევნებში ჩარევისას.

რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მრავალწლიანი მაგალითია ლუგარის ლაბორატორია. რუსეთი ჯერ საქართველოში ახალ კი უკვე უკრაინაში აქტიურად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას მის შესახებ, თითქოს იქ მზადდება სხვადასხვა ტიპის ვირუსები, რომლებსაც შემდეგ რუსეთში ვრცელდება. 

 

კომენტარები