საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
08 მაისი, 2022 რა ხდება აშშ-ში აბორტის აკრძალვაზე? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესაძლოა, აბორტის უფლება აიკრძალოს. გამოცემა Politico-მ ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამუშაო ვერსია მოიპოვა, რომლის ავტორი სამუელ ალიტო  აღნიშნავს, რომ აბორტების თაობაზე გადაწყვეტილება „ხალხის მიერ არჩეულმა პირებმა უნდა მიიღონ“. სავარაუდოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება აბორტთან დაკავშირებით პარლამენტების დონეზე მიიღება.

„დროა, გავაცნობიეროთ კონსტიტუცია და აბორტის საკითხის გადაწყვეტა ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს დავუბრუნოთ“ - წერია პროექტში. 

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ორ თვეში გავიგებთ. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი ამერიკაში ქალებს აღარ ექნებათ კონსტიტუციით გარანტირებული აბორტის უფლება, თუმცა შტატებს შეეძლებათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ დააწესებენ თუ არა მსგავს შეზღუდვას საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში.

განხილვები ამ საკითხზე ორი მიზეზითაა საინტერესო. შესაძლოა ზუსტად ორმოცდაათი წლის შემდეგ, ამერიკაში აბორტი არალეგალური გახდეს და მეორე, ამერიკის სასამართლოს თანამედროვე ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების პროექტი განხილვამდე გამჟღავნდა.

რა მოხდა?

ყველაფერი, „Dobbs vs Jackson Women's Health Organization“ საქმიდან დაიწყო, რომელსაც უზენაესი სასამართლო განიხილავს და 2018 წლის მისისიპის შტატის კანონის კონსტიტუციურობას შეეხება, რომელიც აბორტის ოპერაციებს ორსულობის პირველი 15 კვირის შემდეგ კრძალავს. იგი წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევს აირჩიონ აბორტი ორსულობის პირველი 24 კვირის განმავლობაში. საქმეზე ზეპირი განხილვა 2021 წლის დეკემბერში გაიმართა, საბოლოო გადაწყვეტილება კი 2022 წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისშია მოსალოდნელი.

თუ უზენაესი სასამართლო სამუელ ალიტოს მომზადებულ პროექტს მიიღებს, რომელსაც ფაქტობრივად, უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, საკითხი მისისიპის შტატის სასარგებლოდ გადაწყდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მთავარი მოსამართლის ჯონ რობერტსის თქმით,  დასკვნის პროექტი არ წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებას ან სასამართლოს რომელიმე წევრის საბოლოო პოზიციას საქმესთან დაკავშირებით.  მოსამართლემ Politico-სთან განაცხადა, რომ მან გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

სამუელ ალიტოს წინასწარი დასკვნა, სრულად უარყოფს ამერიკის უზენაესი სასამართლოს 1973 წლისა და 1992 წლის გადაწყვეტილებებს, რომელიც უნიკალურია თავისი შინაარსით. 

„Roe vs Wade-ის“ საქმის განხილვისას აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, ასევე შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში. რაც შეეხება 1992 წლის „Planned Parenthood vs Casey“ საქმეს, დადგინდა, რომ შტატებს არ შეუძლიათ „შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი“ დააკისრონ ქალებს, რომლებსაც სურთ აბორტის გაკეთა ორსულობის 24-ე კვირამდე. 

Andrew Harnik/AP

ვინ უჭერს მხარს აკრძალვას?

როგორც „Politico-ს“ წყარომ უამბო, უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ხუთმა კონსერვატორმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა ალიტოს მოსაზრებას, რომელიც ამტკიცებს, რომ 1973 წლის გადაწყვეტილება აბორტის უფლებების შესახებ იყო არასწორი და ხარვეზიანი. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ გამოიგონა უფლება, „რომელიც არსად არის ნახსენები კონსტიტუციაში და უგუნურად ცდილობს სადავო საკითხის მოშორებას ხელისუფლების პოლიტიკური შტოებისგან“. 

როგორც აღვნიშნეთ, ამერიკის უზენაესი სასამართლო 9 წევრისგან შედგება, ამჟამინდელი მდგომარეობით კი ძალთა ბალანსი (მთელი 5 ხმა) კონსერვატორების მხარესაა, რომლებიც აბორტის უფლების აკრძალვას უჭერენ მხარს. ძალის ბალანსის მსგავსი გადანაწილება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან მოდის. ტრამპის მმართველობისას ორი მოსამართლე გარდაიცვალა, პრეზიდენტმა კი ორი ახალი კონსერვატიულად განწყობილი მოსამართლის დამტკიცება შეეძლო. 

უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებენ. შესაძლოა საბოლოო დასკვნამდე კონკრეტულმა მოსამართლეებმა მოსაზრება შეიცვალონ. თუმცა ამ დროისთვის, კონსერვატორთა 5 წარმომადგენელი ალიტოს მოსაზრებას უჭერს მხარს, დემოკრატიული პარტიის მიერ დანიშნული სამი მოსამართლე კი განსხვავებული აზრის დაფიქსირებაზე მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, ვის დაუჭერს მხარს, მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი და შეუერთდება თუ არა უკვე დაწერილ მოსაზრებას. 

ამერიკაში მოელიან, რომ თუ უზენაესი სასამართლო გააუქმებს აბორტის უფლებას, ეს მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს გამოიწვევს, რადგან იგი პირველ რიგში დააზიანებს ამერიკის დაბალშემოსავლიან მოწყვლად ქალებსა და ახალგაზრდა გოგოებს. დღეის მდგომარეობით, აბორტი ამერიკის ყველა შტატში ლეგალურია, თითოეულ შტატს კი მინიმუმ ერთი კლინიკა მაინც აქვს ამ პროცედურისთვის.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

რატომ კი ან არა აბორტს?

აბორტი სამედიცინო ჩარევაა, რომელიც ორსულობის შეწყვეტის მიზნით ხდება, როგორც ქირურგიულად, ისე მედიკამენტებით. ქალები ამ პროცედურას სხვადასხვა მიზეზით იტარებენ, ზოგჯერ მიზეზი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ორსულობაა. არის შემთხვევები, როდესაც ქალი სექსუალური ძალადობის შემდეგ არასასურველი ორსულობის წინაშე დგება ან უბრალოდ, არ გააჩნია საკმარისი ფინანსურ-მატერიალური რესურსი, რაც აბორტის გაკეთებისკენ უბიძგებს მას. 

რა მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, უსაფრთხო და ლეგალური აბორტის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცულია მრავალი საერთაშორისო და რეგიონული ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებითა და ეროვნული დონის კონსტიტუციით მთელ მსოფლიოში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, 50-ზე მეტმა ქვეყანამ მოახდინა აბორტის კანონების ლიბერალიზაცია, რაც რეპროდუქციული ავტონომიის მნიშვნელობას აღიარებს ქალთა ცხოვრებაში. 

არიან ადამიანები, რომლებიც აბორტის აკრძალვას რელიგიური და მორალური არგუმენტებით ამართლებენ. თუმცა ფაქტი ერთია, აბორტზე კანონიერი შეზღუდვები არ იწვევს აბორტების შემცირებას, სამაგიეროდ ქალები იძულებულნი ხდებიან, თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში ჩააგდონ არალეგალური აბორტის გაკეთებით.

ყოველწლიურად მსოფლიოში 25,1 მილიონი სახიფათო აბორტი ტარდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ წელს საშუალოდ 23 000 ქალი იღუპება სახიფათო აბორტის შედეგად და ათიათასობით სხვა ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გართულებების წინაშე დგება.

რეპროდუქციული ასაკში მყოფი ქალების 41% ჯერ კიდევ ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც აბორტის შემზღუდველი კანონები არსებობს. 

რეპროდუქციული უფლებების ცენტრის მონაცემებით, მსოფლიოში 24 ქვეყანაა, რომელიც სრულად კრძალავს აბორტს, მაშინაც კი როდესაც იგი ქალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხე. 

ასევე, არსებობს ქვეყნები, სადაც  აბორტი ლეგალურია მოთხოვნით, თუმცა პროცედურის ჩატარება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ხნის ორსულია ქალი. რეპროდუქციული უფლებების ცენტრის მონაცემებით, რეპროდუქციული ასაკის 601 მილიონი (36%) ქალი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც აბორტი მოთხოვნითაა დაშვებული. ამ კატეგორიაში გლობალურად 72 ქვეყანაა, მათ შორის კი საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატებიცაა. ყველაზე გავრცელებული გესტაციური ლიმიტი ამ კატეგორიის ქვეყნებისთვის - 12 კვირაა. 

რა არგუმენტიც არ უნდა არსებობდეს აბორტის მომხრეთა თუ მოწინააღმდეგეთა მხარეს, არ შეიძლება აბორტი იყოს წახალისებული. საჭიროა სახელმწიფოში არსებობდეს შესაბამისი სექსუალური განათლება და ასევე, კონტრაცეფციის მეთოდებზე ხელმისაწვდომობა, რაც მაქსიმალურად შეამცირებს არასასურველ ორსულობათა რიცხვს. თუმცა, ამის პარალელურად აუცილებელია, აბორტის უფლება ქალის ფუნდამენტურ უფლებად იყოს აღიარებული.

კომენტარები