საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
09 მაისი, 2022 რა ხდება სომხეთში? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

უკვე რამდენიმე დღეა სომხეთში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები" იმართება. საპროტესტო ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ფაშინიანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სომხეთს მოუწოდებს ყარაბაღთან დაკავშირებით „მოთხოვნები შეამციროს” და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადების საჭიროებაზე ისაუბრა. ოპოზიცია ფაშინიანს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებაში ადანაშაულებს.

საპროტესტო ტალღა ერევანში

საპროტესტო აქციები ერევანში 1 მაისს დაიწყო. თავდაპირველად ათასობით ადამიანი დედაქალაქში, საფრანგეთის მოედანზე, შეიკრიბა. დედაქალაქს მალე სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერმინისტრის განცხადებას აპროტესტებენ და მინისტრთა კაბინეტთან ერთად, მის გადადგომას მოითხოვენ. მათი აზრით, ფაშინიანი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან დათმობებზე მიდის. მოძრაობას საპარლამენტო ფრაქცია „ჰაიასტანი” და „მაქვს პატივი” ხელმძღვანელობს.

აქციების ტალღა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგაც არ ჩერდება. 3 მაისს პოლიციამ 200-მდე აქციის მონაწილე დააკავა. 4 მაისს დემონსტრანტებმა ერთერთი ცენტრალური ხიდი გადაკეტეს და არაერთი ქუჩის ბლოკირება მოახდინეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ეროვნული კრება დემონსტრაციულად დატოვეს და სკანდირებდნენ:  „სომხეთი ნიკოლის გარეშე." პოლიციამ ათეულობით დემონსტრანტი დააკავა 5 მაისსაც. გავრცელებული ცნობებით, ჯამში დაკავებულთა რიცხვი 540-ს აღემატება.


სომხეთის ეროვნული სამსახურის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები დემონსტრანტების წაქეზებას ქვეყნის დესტაბილიზაციის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შელახვის მიზნით გეგმავენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციები მცირერიცხოვანია და მათ მოთხოვნებს მოსახლეობის უმეტესობა არ იზიარებს.

თუმცა, ოპოზიციონერი ლიდერი, იშხან საღათელიანი აცხადებს, რომ პროტესტი გაიზრდება და მანამ გაგრძელებდა, სანამ ფაშინიანი თანამდებობას არ დატოვებს.

„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთზე - მათ დაუყოვნებლივ წასვლაზე," - აღნიშნა საღათელიანმა.

ოპოზიციური გაერთიანება „წინააღმდეგობის" ლიდერის თქმით, ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით თავის დაპირებას არ ასრულებს. როგორც დემონსტრანტები აღნიშნავენ, არჩევნებზე ფაშინიანი აცხადებდა, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის სტატუსი მისთვის პრიორიტეტულია, ახლა კი ის „თამასის დაწევაზე" ალაპარაკდა. 

რა ხდება მთიანი ყარაბაღის ირგვლივ?

2020 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთ შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა. შეტაკებები 44 დღეს გაგრძელდა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისა და მოსაზღვრე ტერიტორიების დიდ ნაწილზე (შვიდ მიმდებარე რაიონზე) კონტროლი დაამყარა. ომი რუსეთის შუამავლობით სამმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა. რუსეთმა “მშვიდობისმყოფელის” როლი მოირგო და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე “მეთვალყურეობისთვის” რეგიონში 2000-მდე სამხედრო გაგზავნა.

თუმცა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეტაკებები და დაძაბულობა ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულების შემდეგაც არ შეწყვეტილა. 24 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქომ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში მყოფი სოფელი დაიკავა. აღნიშნული აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ უარყო.

მარტშივე ბაქომ სამშვიდობო შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. 5-პუნქტიანი შეთანხმების ერთერთი პუნქტი ორი ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოიცავდა (რაც, ფაქტობრივად, ერევნის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებასაც გულისხმობს). როგორც ფაშინიანმა განაცხადა, ეს ელემენტები ერევნისთვის პრინციპულად მისაღებია. სომხური საზოგადოება კი ამაში დიდ რისკს ხედავს.

6 აპრილს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერმინისტრი ორმხრივ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობასა და საზღვრის სადემარკაციო ერთობლივი კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, შუამდგომლობით შედგა.

„დარწმუნებული ვარ, ამ საღამოს ჩვენ გადავდგით ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს," - განაცხადა შარლ მიშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავად ფაშინიანს პირდაპირ და საჯაროდ არ განუცხადებია, რომ თანახმაა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუთმოს. როგორც ის ამბობს, საზოგადოების თანხმობის გარეშე და ყარაბაღელი სომხების ზურგს უკან არცერთ დოკუმენტზე ხელის მოწერასა და შეთანხმებას არ აპირებს. თუმცა, 13 აპრილს მან პარლამენტში განაცხადა:

„ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სომხეთს არასოდეს ჰქონდა ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, ხოლო ყარაბაღის საკითხი არის არა ტერიტორიული, არამედ სამართლებრივი.”

სწორედ აღნიშნული განცხადებებისა და 5-პუნქტიანი შეთანხმების განხილვის შემდეგ ადანაშაულებენ პრემიერს დათმობაზე წასვლაში. სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, პრემიერი მზადაა, მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღიაროს. ამას გარდა, სომხეთის პრემიერი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგაც, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი კორტეჟის მანქანამ ორსული ქალი იმსხვერპლა.

როგორც „პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი” ნინო სამხარაძე Enigma-სთან საუბრისას აღნიშნავს, ეს კონკრეტული პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ეხება, ჯერჯერობით არც დადასტურებული და არც ხელმოწერილი არაა.

Vahram Baghdasaryan

„მთავარი გაღიზიანება, რამაც გამოიწვია ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციაში და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში იყო ის, რომ ფაშინიანმა წინსვლა და ამ ხელშეკრულებაზე გარკვეული წითელი ხაზების დათმობა ახსენა…

 

შემოდის ერთი საინტერესო კომპონენტიც - ფაშინიანმა ახსენა წნეხი, რომელიც საერთაშორისო და უფრო დიდი აქტორებისგან აქვს. ეს წნეხის ფაქტორი, ალბათ, ბევრად უფრო პროვოკაციულია ოპოზიციური და რადიკალურად განწყობილი სომეხი საზოგადოებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ, ფაქტია, ისინი ძალიან რეალისტურ საშიშროებას გრძნობენ იმისა, რომ ფაშინიანი უკვე დაადგა დათმობების გზას,” - აცხადებს სამხარაძე.

მოსალოდნელია თუ არა ფაშინიანის გადადგომა? 

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები კეტავენ ქუჩებს, მართავენ მსვლელობებს, თუმცა, ოპოზიცია მომიტინგეთა კრიტიკული რაოდენობის შეკრებას ვერ ახერხებს. ექსპერტების შეფასებით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის ის, რომ საპარლამენტო ფრაქციების უკან, რომლებიც აქციებს მართავენ, მთავრობის ყოფილი წევრები დგანან - ექსპრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი და სერჟ სარგსიანი (საზოგადოება მათ პრორუს პოლიტიკოსებად მიიჩნევს).

სომეხი ექსპერტების ვარაუდით, ამ ეტაპზე ფაშინიანის გადადგომა მოსალოდნელი არაა. „პოლიტიკის ინსტიტუტის” მკვლევარი ნინო სამხარაძე Enigma-სთან ამის 2 ძირითად მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას:

  • ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის ომის შემდეგ ხალხმა სახელმწიფოს მეთაურად ხელმეორედ აირჩია;
  • ამ ეტაპზე უკეთესი პოლიტიკური ელიტა სომხეთს არ ჰყავს.
1tv.am

„ასეთ კრიზისულ სიტუაციაშიც კი [ყარაბაღის ომის შემდეგ] სომეხმა მოსახლეობამ, უმრავლესობამ ყოველ შემთხვევაში, ვერ იპოვა უკეთესი კანდიდატი. ასე რომ, არც ახლა არის მოსალოდნელი, სავარაუდოდ, ასეთი მძლავრი ცვლილება. თუმცა, ფაქტია, რომ ფაშინიანი ძალიან ძლიერ წნეხს განიცდის ოპოზიციისგან,” - ამბობს სამხარაძე.

ანალიტიკოსების შეფასებით, მართალია, ოპოზიციას ახლა ხელისუფლების შეცვლის კარგი შანსი აქვს (საქმე სენსიტიურ საკითხს - ყარაბაღს - ეხება) და პოლიტიკური დღის წესრიგის სათავისოდ გამოყენებასაც მაქსიმალურად ცდილობს. თუმცა, ამ ეტაპზე მთავრობის ფუნდამენტური ცვლილება სომხეთში მოსალოდნელი არაა და არც უკეთესი პოლიტიკური ელიტა ჩანს ჰორიზონტზე.

მთავარი ფოტო: Karen Minasyan (AFP)
კომენტარები