საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
11 მაისი, 2022 8 რუსი ოლიგარქი, ვინც უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

უკრაინის საზღვარზე კრემლის სამხედრო ძალების მობილიზებისა და ქვეყანაში მათი შეჭრის შემდეგ რამდენიმე რუსი ოლიგარქი გარდაცვლილი იპოვეს. რუსული სამთავრობო მედია გარდაცვალებებს სუიციდს უკავშირებს, ხოლო საერთაშორისო მედია აქტიურად წერს უჩვეულო დამთხვევებზე.

ვინ იყვნენ გარდაცვლილები?

ლეონიდ შულმანი

რუსი ოლიგარქებისა და გავლენიანი პირების "სუიციდის ჯაჭვი" ლეონიდ შულმანით დაიწყო ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე ერთი თვით ადრე.  "გაზპრომის" ტრანსპორტირების დეპარტამენტის უფროსი 2022 წლის 30 იანვარს იპოვეს გარდაცვლილი.

შულმანის ცხედარი ლენინგრადის ოლქის სოფელ ლენინსკიში იპოვეს.  РИА Новости თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში წერდა, რომ ნაპოვნი იყო ტოპმენეჯერის ცხედარი, თუმცა ვინაობა არ კონკრეტდებოდა.

„ცხედართან აღმოჩენილ იქნა წერილიც. კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა", - ვკითხულობდით კრემლის მედიის მიერ გავრცელებულ ცნობაში. 


წერილის ზუსტი შინაარსი მედიაში არ გავრცელებულა, თუმცა როგორც ცნობილია, შულმანი გაუსაძლის ტკივილებზე საუბრობდა და თვითმკვლელობის მიზეზადაც ამას ასახელებდა. რუსული გამოცემების ინფორმაციით, შულმანს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და სამსახურიდანაც შვებულებაში იყო.

ალექსანდრ ტიულიაკოვი

ალექსანდრ ტიულიაკოვი "გაზპრომის" კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირია, ვინც ომის დაწყების შემდეგ იპოვეს გარდაცვლილი. ტიულიაკოვი ენერგოგიგანტში ფინანსური და უსაფრთხოების მენეჯერი იყო.

61 წლის ტიულიაკოვი იმავე სოფელში იპოვეს გარდაცვლილი, სადაც შულმანი. რუსული გამოძიების ვერსიით, მან თავი საკუთარ კოტეჯში ჩამოიხრჩო. კრემლისტური მედიის ცნობით, წერილი მანაც დატოვა.

მიხაილ უოტფორდი

რამდენიმე დღეში კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის ცხედარი აღმოაჩინეს - უკრაინული წარმოშობის მიხაილ უოტფორდი ლონდონში იპოვეს. 

უოტფორდის ცხედარი 18-მილიონიანი ვილის გარაჟში იპოვეს - გამოძიების ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო. ბიზნესმენის გარდაცვალებას ბრიტანელი სამართალდამცველები "ამოუცნობს" უწოდებენ, თუმცა არა "საეჭვოს". The Guardian-ის ცნობით, უოტფორდი არ იყო ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა შორის და არც მოიაზრებოდა იმ სიაში, ვისაც შემდგომი შეზღუდვები შეიძლება შეხებოდათ.

The Sun კი წერს, რომ უოტფორდი თავს "პუტინის სამიზნეთა სიაში" მოიაზრებდა. გამოცემა ბიზნესმენის მეზობელზე დაყრდნობით წერს, რომ უოტფორდი 2013 წელს მოკლული ბერეზოვსკის მეგობარი იყო და ხშირად მიუთითებდა ბერეზოვსკის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალზე.

ვასილ მელნიკოვი

ვასილი მელნიკოვი ომის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, 24 მარტს, იპოვეს გარდაცვლილი. მელნიკოვთან ერთად იპოვეს ცოლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები.

მელნიკოვი ფარმაცევტული გიგანტის, MedStom-ის მფლობელი მილიარდერი იყო. ის ბოლოს ნიჟნი-ნოვგოროდში იმყოფებოდა და სწორედ აქ იპოვეს გარდაცვლილი.

ბიზნესმენისა და მისი ოჯახის წევრების გარდაცვალებას რუსეთის პროკურატურა იძიებს. ოფიციალური ვერსიით, რომელსაც სამთავრობო მედია ტირაჟირებს, ბიზნესმენმა ჯერ ოჯახის წევრები დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ვლადისლავ ავაიევი

მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ვლადისლავ ავაიევი. მასთან ერთად მისი ცოლისა და 13 წლის შვილის ცხედრებიც აღმოაჩინეს.

რუსული გამოძიების ვერსიით, კიდევ სხვა რამდენიმე ბიზნესმენის მსგავსად, ავაიევმაც ჯერ ოჯახის წევრები მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პუტინისტური მედიის ცნობით, ოჯახს ძიძა და მძღოლი ვერ უკავშირდებოდნენ. მათ ამის შესახებ ავაიევების ახლობელს აცნობა. კრემლის მედია TASS წერდა, რომ გარდაცვლილების ცხედრები ბიზნესმენის უფროსმა შვილმა იპოვა.

სერგეი პროტოსენია

მულტიმილიონერი სერგეი პროტოსენია  ესპანეთში  ცოლთან და ქალიშვილთან ერთად იპოვეს გარდაცვლილი. ქალებს ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ.

პროტოსენიას ვაჟი საფრანგეთიდან რამდენიმე საათს უშედეგოდ ცდილობდა ოჯახთან დაკავშირებას. საბოლოოდ ბიზნესმენის შვილმა პოლიციაში დარეკა. სამართალდამცველები პროტოსენიას კუთვნილ ვილაში მივიდნენ, სადაც სამი ცხედარი დახვდათ.

გამოძიების ვერსიით, პროტოსენიამაც მელნიკოვის მსგავსად ჯერ ოჯახის წევრები მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო. ამ ვერსიის არ სჯერა პროტოსენიას ვაჟს და აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები მოკლეს.

მულტიმილიონერი “ნოვატეკის” ყოფილი მენეჯერი იყო - კომპანია ნაწილობრივ “გაზპრომის” საკუთრებაა და სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ენერგოკომპანიაა რუსეთში. 

ანდრეი კრუკოვსკი

პუტინთან დაახლოებული 37 წლის ანდრეი კრუკოვსკი 2 მაისს დაიღუპა. მისი და რუსეთის ლიდერის ახლო ურთიერთობის შესახებ ფართოდაა ცნობილი.

DW-ის ცნობით, კრუკოვსკი სოჭში კურორტ “კრასნაია პოლიანას” დირექტორი იყო და პუტინს მასთან ხშირად ჩაჰყავდა სტუმრები სასრიალოდ. 

კრუკოვსკი სალაშქროდ იყო წასული. რუსული მედიის ცნობით, ის კლდიდან გადავარდა.

ალექსანდ სუბოტინი

9 მაისს გავრცელდა ცნობები კიდევ ერთი გარდაცვლილი ბიზნესმენის შესახებ. კომპანია "ლუკოილის" ყოფილი მენეჯერი მოსკოვში იპოვეს. 

ალექსანდრ სუბოტინი, TASS-ის ცნობით, ნაბახუსევს შამანთან მკურნალობდა. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გომბეშოს შხამით "მკურნალობის" მეთოდი გახდა.

კრემლისტური მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენის ცხედარი შამანის საცხოვრებელი სახლის სარდაფში იპოვეს. სამედიცინო დახმარება მას შემდეგ იქნა გამოძახებული, რაც სუბოტინმა გონება დაკარგა - ადგილზე მისულ ექიმებს მილიარდელი გარდაცვლილი დახვდათ.

რას წერს საერთაშორისო მედია?

იანვრიდან მაისამდე პერიოდში 8 რუსი ოლიგარქი გარდაიცვალა. აღნიშნულმა საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო. CNN გამოქვეყნებულ მასალაში წერს, რომ გარდაცვლილთაგან სულ ცოტა ოთხი "გაზპრომთანაა" დაკავშირებული. თუმცა რუსული ენერგოკომპანია მედიის კითხვებს არ პასუხობს და გარდაცვალებებზე კომენტარსაც არ აკეთებს.

CNN-ის ცნობით, რეპორტიორებმა სცადეს კომენტარის მოპოვება რუსული საგამოძიებო უწყებისგანაც, თუმცა კრემლის პროკურატურა კითხვებს არ პასუხობს. 

ავაიევის გარდაცვალების შემდეგ CNN-მა "გაზპრომის" კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ჩაწერა. უკრაინული წარმოშობის იგორ ვოლობუევი ომის დაწყების შემდეგ კიევში დაბრუნდა. ის ამერიკულ მედიასთან ამბობს, რომ ავაიევის სუიციდის არ სჯერა.

„განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თანხასთან ჰქონდა შეხება... თავი მოიკლა - ასე არ ვფიქრობ. მგონია, რომ მან რაღაც იცოდა და ამ ინფორმაციით გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა", - აცხადებს ვოლობუევი ინტერვიუში.

Deutsche Welle წერს, რომ გარდაცვლილ ბიზნესმენებს არ დაუფიქსირებიათ უკრაინაში შეჭრის შესახებ კრემლისადმი კრიტიკული პოზიცია. თუმცა, გერმანული გამოცემის ცნობით, არცერთი მათგანი არ იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეული.

ვარშავის ინსტიტუტის პროექტის, "რუსეთის მონიტორის" ფარგლებში გამოქვეყნდა მასალა, რომელშიც ბიზნესმენების გარდაცვალების გარშემო არსებულ კითხვის ნიშნებზეა საუბარი. 

ავტორი 24 აპრილს წერდა, რომ ბუნებრივი აირის ინდუსტრიაში მომუშავე ოთხი გავლენიანი პირის სუიციდი "საეჭვო" იყო. გჟეგოჟ კუჩინსკი ხაზგასმით აღნიშნავს გამოძიებაში "გაზპრომის" ჩართულობასა და იმ ფაქტს, რომ გარდაცვლილთაგან რამდენიმეს კომპანიის ფინანსებზე ჰქონდა წვდომა. ავტორი საუბრობს იმაზე, რომ გარდაცვალებებს საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა და გაჩნდა ეჭვები, რომ სუიციდი დადგმული იყო, სინამდვილეში კი ბიზნესმენები მოკლეს. 

„შესაძლოა, კრემლთან დაკავშირებული ზოგიერთი მაღალჩინოსანი ფარავს თაღლითობის კვალს სახელმწიფო კომპანიებში", - წერს კუჩინსკი.

კრემლთან დაკავშირებული მკვლელობები / მკვლელობის მცდელობები

კრემლის კრიტიკისთვის ადამიანების მკვლელობა ან მცდელობა მაინც არახალი ტაქტიკაა. გახმაურებულ საქმეებს შორის ბოლო ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის, ნოვიჩოკით მოწამვლაა. ნერვული აგენტის გამოყენებით ნავალნი ტომსკის აეროპორტში 2020 წელს მოწამლეს. იქამდე, 2018 წელს, რუსული სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანი, სერგეი სკრიპალი მოწამლეს. ნავალნი და სკრიპალი ორივე გადარჩნენ.

ფატალურად დასრულდა ლონდონში მცხოვრები ალექსანდრ ლიტვინენკოს ქეისი - პოლონიუმით მოწამლული ლიტვინენკო 2006 წელს გარდაიცვალა. რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს უკავშირებენ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასაც - რეპორტიორი ჩეჩნეთის ომის შესახებ წერდა.

პუტინის ინტერესებს მიაწერენ რუსი ე.წ. ორიგინალი ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალებასაც. ბერეზოვსკიმ ქონება 90-იანი წლების რუსეთში დააგროვა. მან რუსეთი 2000 წელს დატოვა, როცა ვლადიმირ პუტინი აირჩიეს პრეზიდენტად. ახალარჩეული პრეზიდენტი ოლიგარქების ტრადიციულ ინსტიტუტს არ სწყალობდა და სურდა, მათზე კონტროლი ჰქონოდა. უცხოური მედია ხშირად წერდა, რომ პუტინს ბერეზოვსკი გავლენების გამო ეჯავრებოდა. 

ბერეზოვსკი 2013 წელს იპოვეს გარდაცვლილი. ის ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. გამოძიების ცნობით, ბერეზოვსკიმ თავი ჩამოიხრჩო.

ჯერ კიდევ 2017 წელს ამერიკული გამოცემა USA Today წერდა, რომ ბოლო სამ წელიწადში [2014-17წწ] სულ ცოტა 38 გავლენიანი რუსი დაიღუპა ან დაიკარგა. გამოცემამ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. მათი ცნობით, პუტინის სამიზნეები იყვნენ დუმას ყოფილი დეპუტატები, პროპაგანდისტული მედიის მენეჯერები, ყოფილი ელჩებიც კი.

გამოძიების ფარგლებში შეისწავლეს 38 შემთხვევა. მათგან 10 პუტინის კრიტიკოსი იყო, 7 - დიპლომატი, 6 - კრემლთან დაახლოებული პირი, 13 - სამხედრო ან პოლიტიკური ლიდერი, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული. [იგულისხმება 2014 წელს დაწყებული სამხედრო მოქმედებები]

ჟურნალისტების ცნობით, 38 შემთხვევაში მკვლელობის ტაქტიკაც განსხვავებული იყო. 12 პირი ცეცხლსასროლი იარაღით, დაჭრით ან ცემით დაიღუპა, 6 ააფეთქეს, 10 "ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა", ერთს გაურკვეველი თავის ტრავმა ჰქონდა, ერთმა თავი აბაზანაში მიარტყა, ერთი ყავის დალევის შემდეგ იპოვეს მკვდარი, ერთმა კი თავი ციხეში ჩამოიხრჩო. 6 შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

„36 კაცისა და ორი ქალისგან შემდგარი სია აჩვენებს, რომ პუტინთან დაკავშირებული თავდასხმები კრიტიკოსებსა და "ამბის გამტანებზე" ფართომასშტაბიანი და ბევრად ლეტალურია, ვიდრე აქამდე ვიცოდით", - ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში. 

მთავარი ფოტო: თამარ კოპალიანი / Enigma
კომენტარები