საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
11 მაისი, 2022 "ლენდ-ლიზი" "რაშიზმის" წინააღმდეგ - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

9 მაისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე, ვლადიმერ პუტინმა ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი იზეიმა. თეთრ სახლში კი ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ლენდ-ლიზის” შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ისტორიული მნიშვნელობის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამჯერად რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, სიმბოლურად ძალაში 9 მაისს შევიდა.

რა იცვლება „ლენდ-ლიზის" მიღებით?

რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინა აშშ-სგან იარაღსა და სხვა სახის აღჭურვილობას შემცირებული ბიუროკრატიული პროცედურებით, გრძელვადიანი იჯარით, გაცილებით სწრაფად და მარტივად მიიღებს. მიღებული კანონპროექტით ბაიდენის უფლებამოსილება გაფართოვდა.

„უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით” აშშ-ს უკრაინისთვის უფრო მასშტაბური სამხედრო-ეკონომიკური დახმარების გაწევა შეეძლება. უკრაინის გარდა, პროგრამით სარგებლობას შეძლებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც.

საგულისხმოა, რომ აშშ-ში აღნიშნული ორპარტიული ინიციატივა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, იანვარში, რუსეთის მომატებული საფრთხის გამო დაარეგისტრირეს. გასულ თვეს კი კანონპროექტს მხარი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა და დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადასცა. 


როგორც Politico-ს სტატიაში ვკითხულობთ, „ლენდ-ლიზის" დამტკიცება აჩვენებს, რომ დასავლეთში რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ უკრაინის ომში გამარჯვების სჯერათ. ბუჩასა და სხვა ქალაქებში რუსი ოკუპანტების სისასტიკის ხილვის შემდეგ დასავლელი ლიდერები პუტინს გენოციდშიც ღიად ადანაშაულებენ. სწორედ მას შემდეგ დაჩქარდა „ლენდ-ლიზის" მიღება.

სენატში გამოსვლისას  უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს "ჭეშმარიტი ბოროტება" უწოდა. ამერიკელი კანონმდებლების თქმით, „ლენდ-ლიზი” ერთგვარი გზამკვლევია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ აშშ-მა და მოკავშირეებმა ახლა, ამ მომენტში.

9 მაისის ხელმოწერის ცერემონიაზე ბაიდენმა კონგრესის წევრებს კანონის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა:

„მე ხელს ვაწერ კანონპროექტს, რომელიც წარმოადგენს მორიგ მნიშვნელოვან მექანიზმს, მხარი დავუჭიროთ უკრაინის მთავრობასა და უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნისა და დემოკრატიის დასაცავად ბრძოლაში, პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ…სისასტიკე, რომელსაც რუსები სჩადიან, წარმოსახვას სცდება.”

ბაიდენის თქმით, ეს ასევე მკაფიო გზავნილია NATO-ს მოკავშირეებისთვის, რომ მათ უფრო მეტი ნაბიჯი გადადგან. „ლენდ-ლიზისგან” დამოუკიდებლად, ამერიკის პრეზიდენტმა აპრილში უკრაინის დასახმარებლად კონგრესისგან დამატებით 33 მილიარდიც მოითხოვა. რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე, ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას უპრეცედენტო ხასიათის დახმარება გაუწიეს, რუსეთის წინააღმდეგ კი მასშტაბური სანქციები დააწესეს.

როდის ამოქმედდა პირველად ეს პროგრამა?

„ლენდ-ლიზის” პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. აშშ-ის კონგრესმა პირველად ის 81 წლის წინ, 1941 წლის 11 მარტს, დაამტკიცა. აქტს ხელი პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა მოაწერა.

  1941 წლის მარტი, რუზველტი

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოკავშირე ქვეყნებმა აშშ-სგან ჯამში დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, ნედლეული, სურსათი, სამედიცინო და სხვა სახის პროდუქტი მიიღეს. დახმარება 30-ზე მეტ ქვეყანას და მათ შორის საბჭოთა კავშირს გაეწია.

პრეზიდენტ რუზველტს საშუალება ჰქონდა ანტიჰიტლერული კოალიციის მონაწილეებისთვის იარაღი გრძელვადიანი კრედიტის სახით ან იჯარით, ბიუროკრატიული ბარიერების გვერდის ავლით მიეწოდებინა. პროგრამა 1945 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედებდა.

რუსული ნარატივი

მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-მ „ლენდ-ლიზის” ფარგლებში ჯამში 11.3 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო. 31.4 მილიარდი დიდმა ბრიტანეთმა, 3.2 - საფრანგეთმა, 1.6 - ჩინეთმა…

როგორც სსრკ-ის ლიდერი იოსებ სტალინი 1943 წელს აღნიშნავდა, „ლენდ-ლიზის” გარეშე მოკავშირეებს მეორე მსოფლიო ომის მოგება გაუჭირდებოდათ.

„შეერთებული შტატები მანქანების ქვეყანაა. ლენდ-ლიზით მოწოდებული ეს მანქანები გვეხმარება ომის მოგებაში," - ამბობდა სტალინი.

ამერიკისგან მიღებულ დახმარებაში საბრძოლო იარაღსა და აღჭურვილობასთან ერთად, მანქანები, ტრაქტორები, ნავთობპროდუქტები, მედიკამენტები, საკვები და სხვა პროდუქტები შედიოდა. „ლენდ-ლიზის” საშუალებით მიწოდებული ამა თუ იმ ნაწარმის მოცულობა ხშირად აღემატებოდა იმ ნაწარმის მოცულობას, რაც საბჭოთა კავშირში იწარმოებოდა. თუმცა, სსრკ-სთვის მხოლოდ სამხედრო დახმარების გაწევაც კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გერმანიის თავდასხმის პირველივე დღეებში მას დიდი სამხედრო დანაკარგი ჰქონდა.

ამის მიუხედავად, თანამედროვე რუსეთი ნაციზმზე გამარჯვებაში აშშ-ისა და სხვა ქვეყნების როლის დაკნინებას წლებია ცდილობს. რუსული პროპაგანდის მიხედვით, ნაცისტური გერმანია სსრკ-მ სხვების დახმარების გარეშე, მარტომ დაამარცხა, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

9 მაისი, 2022 წელი, მოსკოვი. AP Photo

საბჭოთა კავშირის როლის განსადიდებლად თუ ამერიკული „ლენდ-ლიზის" ეფექტის გადასაფარად ვლადიმერ პუტინი მაშინდელი ლიდერის, სტალინის სიტყვებსაც კი ივიწყებს და 2019 წელს ასეთ რამეს გვიმტკიცებს: 

„ერთადაც რომ არ ვყოფილიყავით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებდით, რადგან ჩვენ გამარჯვებულთა ქვეყანა ვართ."

აღსანიშნავია ისიც, რომ აქტის მიხედვით, საომარი მოქმედებების დროს გადარჩენილი სამხედრო აღჭურვილობა აშშ-ს უნდა დაჰბრუნებოდა. თუმცა, საბჭოთა კავშირმა ტექნიკის დიდი ნაწილი დაზიანებული ქონების სახით ჩამოწერა, თანხის სახით კი არაფერი არ გადაუხდია. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ვალის უმნიშვნელო ნაწილი რუსეთმა დაფარა.

***

ასე რომ, მეორე მსოფლიო ომსა და ნაციზმის დამარცხებაში „ლენდ-ლიზის” პროგრამამ გარდამტეხი როლი ითამაშა. ექსპერტების შეფასებით, ის გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომშიც. „ლენდ-ლიზის” ეფექტი ომზე მაისშივე აისახება და ძალიან მალე მსოფლიო „რაშიზმის” დამარცხებას იზეიმებს.

მთავარი ფოტო: თამარ კოპალიანი / Enigma
კომენტარები