საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
12 მაისი, 2022 რას ედავება სასამართლო გვარამიას - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ
16 მაისის განახლება: მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა და მისი სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 
რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულ ორ პირს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, მას გაუუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა, მოსამართლეს თქმით, მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. რაც შეეხება კახა დამენიას იგი დამნაშავედ ცნეს და 50 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრეს. 

 

რა ხდება?

ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის ქონების გაფლანგვის საქმეზე გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეებმა ერთმანეთის რეპლიკებს მოუსმინეს, დაცვის მხარემ კი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. აღნიშნულ საქმეზე ბრალი რუსთავის 2-ის ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას, ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და “ინტერ მედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს აქვთ წარდგენილი. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. 

გვარამიას თქმით, მის წინააღმდეგ არსებული თითოეული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო დანარჩენი ბრალდებულები პროკურატურას მხოლოდ იმისთვის ჰყავს, რომ მას წაუყენონ ბრალი. 

“მინდა გთხოვოთ თქვენ, აქ სხედან სხვა ადამიანებიც ბრალდებულების სკამზე, ჩემთვის ბრალის წარდგენა მათ გარეშე არ გამოვიდა. ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით” - განაცხადა გვარამიამ დასკვნით სიტყვაში. 

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში წაყენებული ბრალი, ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს. გვარამიას თქმით, მისთვის პატიმრობასა და ჯარიმას ერთნაირი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ პატიმრობას არ მიუსჯიან და ჯარიმას დააკისრებენ, ეს მას მის საქმიანობას - ადვოკატობას დააკარგვინებს. 

დასკვნით სიტყვაში გვარამიამ საკუთარ ახლობლებსაც მიმართა და კატეგორიულად მოსთხოვა, არავითარ შემთხვევაში არ მიმართონ შეწყალების თხოვნით სალომე ზურაბიშვილის, რადგან, მისი თქმით, “არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლს თავისუფლებას ვერ მიანიჭებს”. 

 
არა და არასდროს! | ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილზე

"არა და არასდროს! ჩემთან დაკავშირებით არაფერი არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს - ეს იქნება ჩემი დამცირება" | ნიკა გვარამია

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Wednesday, May 11, 2022

 

რამდენიმე დღეში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აღნიშნულ საქმეზე საბოლოო განაჩენს გამოაცხადებს, თუმცა დღემდე  სადავო რჩება საკითხი, ნიკა გვარამიასთვის წაყენებული ბრალი ნამდვილად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა თუ არა.

რას ედავება პროკურატურა ნიკა გვარამიას?

2019 წლის 9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა. პროკურატურა მას ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ყველაფერი კი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება. 

ნიკა გვარამია 2014-19 წლებში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი იყო. ამ პერიოდში რუსთავი 2-ს კომერციული სარეკლამო დროის გაყიდვის ხელშეკრულება "ინტერმედია პლუსთან" ჰქონდა. კონტრაქტორი კომპანიის ვალდებულება იყო, რუსთავი 2-ის სარეკლამო დრო გაეყიდა.

გვარამიას თქმით, კომპანია პირველი რვა თვის განმავლობაში წინა წლის მსგავს შემოსავალს იღებდა, თუმცა 2015 წლის აგვისტოს შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა - ქიბარ ხალვაშის დავა, რუსთავი 2-ის კუთვნილი უძრავი ქონებისა და პარტნიორთა წილების დაყადაღება, სხვადასხვა სასამართლო პროცესები და სარეკლამო ბაზართან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილებებს - სარეკლამო ბაზრის მდგომარეობა გააუარესა და შემოსავლების შემცირების რისკი ხელშესახები გახდა.

2013-2014 წლებში კონტრაქტორი ფიქსირებული ანაზღაურების გარდა, სარეკლამო დროის გაყიდვების სრული შემოსავლიდან წლის ბოლოს ბონუსის სახით, დაახლოებით 5%-ს იღებდა.

2015 წლიდან ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. განახლებული მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები ანაზღაურების კონკრეტულ რაოდენობაზე ყოველი თვის ბოლოს უნდა შეთანხმებულიყვნენ. პროკურტურის მტკიცებით, ამ მოლაპარაკებამ რუსთავი 2 დააზარალა, რადგან წლის ბოლო ოთხ თვეში მისი შემოსავლები წინა წელთან შედარებით შემცირდა.

გასათვალისწინებელია, რომ ამავე პერიოდში, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რამაც კომპანიის ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი.

ბრალის წარდგენიდან რამდენიმე დღეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას პროკურატურის შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა. თავდაპირველად რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი გირაოს გადახდაზე უარს აცხადებდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ახლობლების ნერვიულობის გამო გირაოს გადაიხდიდა 

“გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემ გარდა”, – განაცხადა გვარამიამ.

 

მოკლედ, ხვალ თუ ზეგ ჩემი გირაოს ბოლო დღეა. ძალიან ნერვიულობს ჩემი გუნდი, ყველა უკლებლივ. ყველაზე მშვიდი Paata...

Posted by Nika Gvaramia on Sunday, September 8, 2019

 

რაც შეეხება საქმის დეტალებს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ნიკა გვარამიას ბრალდების შეფასებისას საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოაქვეყნა და სამ ნაწილად გაყო, ესენია: ქონებრივი უფლების გაფლანგვის ეპიზოდი, კომერციული მოსყიდვის, აგრეთვე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ეპიზოდი, ფულის გათეთრების ეპიზოდი.

ქონებრივი უფლების გაფლანგვის ეპიზოდი

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობისას არ იმოქმედა კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, რამაც კომპანიას 6 763 509 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.  მათი მტკიცებით, გვარამიამ 2015 წლის სექტემბერ-დეკემბერში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2014 წელს  შპს „ინტერ მედია პლუსისგან“ ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხასთან შედარებით მცირე ანაზღაურება მოითხოვა. პროკურატურის თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, გვარამიამ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან ერთად ხელშეკრულებით განსაზღვრული რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლება გაფლანგა  და კომპანიას მატერიალური ზიანი მიაყენა. 

ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ რაკი სარეკლამო ბაზარი არ შემცირებულა, კომპანიას, წინა წლის მსგავსად, იმავე ოდენობის შემოსავალი უნდა მიეღო.

რაც შეეხება “ავტომობილს ეპიზოდს”, პროკურატური მტკიცებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი – Porche Macan S, რითაც რუსთავი 2-ს მნიშნველოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა. პროკურატურის თქმით, ავტომანქანა, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ეპიზოდი

პროკურატურის თქმით, რუსთავის 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლუსისგან“ ორი ბინა მიიღო. უძრავი ქონების მიღებისთვის კი 2016 წლის 5 და 25 ივლისს გაფორმდა ყალბი (ფიქტიური) სესხის ხელშეკრულებები. შემდეგ კი ვითომდა სასესხო ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ, კომპანიის დირექტორმა გვარამიას ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა აღნიშნული უძრავი ქონება.

ფულის გათეთრების ეპიზოდი

ბრალდების მხარის მტკიცებით, გვარამიამ უძრავი ქონების მიღების შემდეგ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განიზრახა, ამიტომაც  2017 წლის 7 ივლისსა და 26 სექტემბერს უძრავი ქონება 602 521.80 ლარად გაასხვისა და დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო. 

IPN

ნიკა გვარამიას პოზიცია

როგორც გვარამიამ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას განაცხადა,  შპს „ინტერ მედია პლუსთან” გაფორმებული 2015 წლის ხელშეკრულება, რომელიც პარტნიორებმაც მოიწონეს, კომპანიის წინაშე არსებული რისკების დაზღვევა და იმის უზრუნველყოფა იყო, რომ სარეკლამო ბაზრის გაუარესების შემთხვევაში რუსთავი 2 ფუნქციონირებისათვის აუცილებელ საოპერაციო ხარჯებს გარანტირებულად მიიღებდა.

გვარამიას თქმით,  კომპანია პირველი რვა თვის განმავლობაში წინა წლის მსგავს შემოსავალს იღებდა, თუმცა 2015 წლის აგვისტოს შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა - ქიბარ ხალვაშის დავა, რუსთავი 2-ის კუთვნილი უძრავი ქონებისა და პარტნიორთა წილების დაყადაღება, სხვადასხვა სასამართლო პროცესები და სარეკლამო ბაზართან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილებებს - სარეკლამო ბაზრის მდგომარეობა გააუარესა და შემოსავლების შემცირების რისკი ხელშესახები გახდა. 

ამიტომ, გვარამია გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ინტერ მედია პლუსისგან” [„სეილს ჰაუზისაგან“] ყოველთვიურად იმ ოდენობის გარანტირებულ თანხას ითხოვდა, რომელიც კომპანიის ფუნქციონირებისათვის იყო აუცილებელი. 2016 წლიდან კი კომპანია ანგარიშსწორების ძველ წესს დაუბრუნდა.

რაც შეეხება  ბინების გადაცემის და ყალბი დოკუმენტების დამზადების ეპიზოდს, გვარამიას თქმით, მან ხელფასების გადასახდელად საკუთარი ბინა გაყიდა და ფული ინტერმედიას ასესხა. გარკვეული დროსი შემდეგ, ინტერმედიამ გვარამიას  ნასესხები ფული ნატურით, ანუ ბინებით დაუბრუნა. 

 

აი მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი. ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს....

Posted by Nika Gvaramia on Friday, August 9, 2019

 

რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს, საქმეს “პოლიტიკურად მოტივირებულს” უწოდებს და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.

“არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ჩემ წინააღმდეგ ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებული” - განაცხადა გვარამიამ სასამართლოზე. 

 
არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე | ნიკა გვარამია მოსამართლეს

"არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო და არა ესენი" | ნიკა გვარამია მოსამართლეს

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Wednesday, May 11, 2022

 

საგულისხმოა, რომ გასულ წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” საქმის მასალები შესწავლა და  განაცხადა, რომ “ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და  გამოყენების ფაქტი არ დასტურდება”. რაც შეეხება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებას იგი ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს”.

2019 წელს სახალხო დამცველმა რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით მიმართა. ომბუდსმენის თქმით, კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მარტივად რომ ვთქვათ, გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა ფინანსურად შეცდომა აღმოჩნდეს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საბაბი არ შეიძლება გახდეს. იგი საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

ამასთან, ომბუდსმენი განმარტავს, რომ დირექტორის გადაწყვეტილება შესაძლოა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს, მაშინაც კი თუ იგი ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობს. ომბუდსმენის თქმით, კომპანიის დირექტორი არ უნდა უფრთხოდეს, რომ წარსულში მიღებული გადაწყვეტილება, მისი უარყოფითი შედეგიდან გამომდინარე, სასამართლომ დანაშაულებრივად მიიჩნიოს.

ამრიგად, თითქმის 3-წლიანი გამოძიებისა და არაერთი სასამართლო პროცესის შემდეგ, რამდენიმე დღეში საქმეზე საბოლოო განაჩენი ცნობილი გახდება. როგორც ჩანს, საწარმოსთვის არამომგებიანი ხელშეკრულების დადება და მაქსიმალური თანხის არმიღება, პროკურატურის პოზიციით, საწარმოს ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვას წარმოადგენს. საინტერესოა, რას გადაწყვეტს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე.

 

კომენტარები