საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
19 მაისი, 2022 ოკუპირებულ სამაჩაბლოში რუსეთთან შეერთების ინიციატივით რეფერენდუმი დაინიშნა - რა იქნება ახლა?
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

ოკუპირებულ სამაჩაბლოში 10 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. კანდიდატებიდან ხმების 50%-ზე მეტი ვერავინ ვერ მოაგროვა, შესაბამისად დაინიშნა მეორე ტურიც. მეორე ტურში ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი ერთმანეთს 8 მაისს დაუპირისპირდნენ.

მეორე ტურში გაგლოევმა მოქმედ პრეზიდენტს ხმათა დიდი სხვაობით აჯობა. ბიბილოვმა კი დამარცხება იმავე ღამეს აღიარა. მიუხედავად ამისა, ბიბილოვი ჯერკიდევ სარგებლობს პრეზიდენტის უფლებამოსილებით და, როგორც ჩანს, მის გამოყენებას ბოლომდე აპირებს. 

წყარო: ekhokavkaza

ვინ და როდის დანიშნა რეფერენდუმი?

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებიდან რამდენიმე დღეში ანატოლი ბიბილოვმა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, თავისი უფლებამოსილების ბოლომდე გამოყენება გადაწყვიტა. ბიბილოვმა რუსეთთან შეერთებასთან რეფერენდუმის თარიღი დანიშნა. 

თვითაღიარებული პრეზიდენტის განკარგულებით, 2022 წლის 17 ივლისს დაინიშნა რეფერენდუმი რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების შესახებ. შესაბამისი განკარგულება პარასკევს სამხრეთ ოსეთის მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხის რუსეთთან გაერთიანების ისტორიული სურვილით კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ვწყვეტ: დანიშნოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი კითხვაზე „მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების? (...)“ – ნათქვამია განკარგულებაში.

კონფლიქტოლოგი ზაზა ბენდიანიშვილი Enigma-სთან საუბრისას ამბობს, რომ ბიბილოვის ეს გადაწყვეტილება ისტორიაში ჩაწერის მცდელობა და მავნებლური ქმედებაა. 

“ბიბილოვი ფიქრობს, რომ რუსეთი მაინც მიიერთებს ცხინვალს და უნდა, რომ ეს თავის ინიციატივად მიასაღოს. მეორე ისაა, რომ ამით პრობლემები შეუქმნა ახალარჩეულ ე.წ პრეზიდენტ გაგლოევს.”

კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ გაგლოევი რუსეთთან მიერთების წინააღმდეგი არაა, თუმცა რეფერენდუმის ჩატარებას ამ ეტაპზე ზედმეტად თვლიდა - ”მითუმეტეს ამას საკამოდ დიდი სახსრები სჭირდება, რომელიც დღეს არააქვთ.”

ზაზა ბენდიანიშვილი ამბობს, რომ თუ გაგლოევი რეფერენდუმს გააუქმებს, ისე გამოვა, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ მიდის, თუმცა მას მოლოდინი აქვს რომ ახალი ე.წ პრეზიდენტი მაინც ასე მოიქცევა. “არც რუსეთის მხრიდან არ არის დიდი ინტერესი იმისა რომ ეს რეფერენდუმი დღეს ჩატარდეს, აქედან გამომდინარე, ეს უფრო ამ ორი ადამინის პიროვნული ურთიერთობების თემაა.” 

“მე ვფიქრობ, რომ არ ჩატარდება, რადგან თუ იქიდან (რუსეთიდან) არ არის მითითება, აზრი არ აქვს რეფერენდუმის  ჩატარებას.”

კონფლიქტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ თუ რეფერენდუმი მაინც ჩატარდა, რუსეთთან შეერთებას ყველა მხარს დაუჭერს.

“რუსეთთან შეერთების წინააღმდეგი არავინ არ წავა, რადგან ეს არის მათი საარსებო წყარო და მათ შორის უსაფრთხოება. ჩვენ როგორი პოლიტიკა და განწყობებიც უნდა გვქონდეს,იქ რეალური შიშია იმის, რომ საქართველო თავისი ტერიტორიის დაბრუნებას შეეცდება, რაც მემგონი ბუნებრივი ამბავია. აქაც უსაფრთხოების მთავარ გარანტად ხედავენ რუსეთს, ამიტომ გაცილებით მეტი ნაწილი დაუჭერს რუსეთთან მიერთებას მხარს.”

რუსეთის და ჩრდ.ოსეთის გამოხმაურება 

სამხრეთ ოსეთი ყირიმის გზას მიჰყვება. ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-ს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა არტურ ტაიმაზოვმა განუცხადა. ის ჩრდილოეთ ოსეთს წარმოადგენს. 

„თუ ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ რეფერენდუმის ჩატარება და ვფიქრობ,რომ კი, ჩვენ მივდივართ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანებისკენ“,...“ჩვენ ვლოცულობთ, რომ ორი ოსეთი გაერთიანდეს ერთ რესპუბლიკად.”

დეპუტატმა ოსი ხალხისთვის დიდი მოვლენა უწოდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო გაერთიანებას. „დღეს ყველა ოსის მთავარი მიზანია ჩვენი ხალხის ერთად ცხოვრება“, - დასძინა ტაიმაზოვმა.

ბიბილოვის ინიციატივას რუსეთშიც გამოეხმაურნენ და მას უდროო უწოდეს.

 

„მე პატივს ვცემ ანატოლი ილიჩ ბიბილოვს, მაგრამ ახლა მისი ქმედება არ არის მთლად სწორი: თუ არჩევნებში წააგე, ახალმა არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რეფერენდუმი. და თუ ეს საბოლოოდ რაღაცის გაკეთების სურვილიდან მოდის, არ არის ლამაზი. ეს რეფერენდუმი ახლა რუსეთისთვის უადგილოა“, - განუცხადა “ერთიანი რუსეთის” წევრმა ზატულინმა „ვედომოსტს“.

რუსულ სააგენტო TASS-თან საუბრისას, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 17 მაისს თქვა, რომ "სამხრეთ ოსეთში ჩატარებული რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ ასახავს რესპუბლიკაში არსებულ განწყობას, მაგრამ მოსკოვი ამჟამად ამ თემაზე არ მუშაობს."

„მაგრამ ამ დროისთვის, რუსეთის კუთხით, ამ საქმეში არანაირი აქტივობა არ მიმდინარეობს“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

როდის გაჩნდა რეფერენდუმის იდეა?

რეფერენდუმზე პირველი ღია საუბრები ბიბილოვმა 2017 წელს დაიწყო. მაშინ ის პრეზიდენტად კენჭს პირველად იყრიდა. 5 წლის წინ, როცა ბიბილოვი მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტი გახდა, ხალხს რუსეთთან გაერთიანებას ჰპირდებოდა. რომელმა დაპირებამაც მაშინ იმუშავა, წელს აღარ გამართლა. წლევანდელ არჩევნებში ბიბილოვი გაგლოევთან მნიშვნელოვანი სხვაობით დამარცხდა. 

2017 წელი, როდესაც ბიბილოვმა ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა 

2022 წლის 31 მარტს ოკუპირებული სამაჩაბლოს ე.წ. პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ ისევ აცხადებდა, რომ "სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შესაერთებლად სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს ".

ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან შეერთებას "სტრატეგიულ მიზანს" უწოდებდა და ამბობდა, რომ "სამხრეთ ოსეთი ამ გზით წავიდოდა”.

„უახლოეს მომავალში მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გახდება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი

რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ?

2022 წელს ბიბილოვის მიერ რუსეთთან შეერთების იდეის გაჟღერების მომენტიდან საქართველოს მთავრობა, თითო ოროლა, დაგვიანებული პოსტით შემოიფარგლება. 

მაგალითად მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი რეფერენდუმის საკითხს არ შეხებია. ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე კი კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც დანიელ კოლეგასთან ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებმა არჩევნებზე კითხვა დაუსვეს.

თავად საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ე.წ არჩევნებთან დაკავშირებით მხოლოდ მცირე განცხადებით შემოიფარგლა.

რაც შეეხება უკვე ჩანიშნულ რეფერენდუმის თარიღს - მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 7 დღე გავიდა საქართველოს მთავრობას ამაზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

კონფლიქტოლოგი ზაზა ბენდიანიშვილი ამბობს, რომ “თუ ეს რეფერენდუმი მაინც ჩატარდა და საქართველოს ხელისუფლებამ თუ უფრო ადეკვატური ნაბიჯები არ გადადგა, მაშინ ასპარეზი უნდა დაუთმოს იმ ადამიანებს, ვისაც შესაბამისი რეაგირების უნარი ექნება, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად უკვე ანექსიის ყველაზე მძიმე ფორმაა… საქართველოს შუაგულში თუ სრულფასოვან ანექსიას ახდენს რუსეთი, ეს არის უკიდურესად აგრესიული ნაბიჯი. შევადარებდი უკრაინაში რუსეთის შეჭრას.“

საერთაშორისო ურთიეთობების ექსპერტი კონსტანტინე შუბითიძე რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას სეპარატისტულ ელიტებში გარჩევის ამბავს უკავშირებს და ვარაუდობს, რომ ახალი ე.წ პრეზიდენტი გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას.

შუბითიძე აქვე აღნიშნავს, რომ წესით, საქართველოს ხელისუფლება ახლა აქტიურად უნდა ურთიერთობდეს საერთაშორისო პარტნიორებთან.

“უნდა ეკონტაქტებოდნენ თანათავმჯდომარეებს, ნორმალურ პირობებში, ეხლა ყველა პარტნიორს უკვე გაკეთებული უნდა ჰქონდეს განცხადება და ეს [რეფერენდუმის დანიშვნა] დაგმობილი.”

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ამბობს, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან, რათა ჩვენი თემები უფრო აქტუალური გაგვეხადა. “ამის ნაცვლად პირიქით არავის არ ახსოვს. თითქოს ვცდილობთ, რომ დავავიწყოთ და არც გავახსენოთ”

 

 

“პოზიცია როგორც ჩანს, არის ეგეთი რომ ურჩევნიათ ერთი-ერთზე( აბაშიძე კარასინის შეხვედრებზე) დაფარულად მოლაპარაკებები, რაც არის წამგებიანი . ეხლა შეიძლება ეს რეფერენდუმი გადააგორონ და გააუქმებინონ ( რაც ალბათ მოხდება), მაგრამ  გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის წამგებიანი. რუსეთთან ერთი-ერთზე მოლაპარაკება უბრალოდ ჰაერია. ცოტახანი გაგაჩუმებენ და მერე გააკეთებენ, როცა ამისი ძალა და შესაძლებლობა უფრო ექნებათ.”


შუბითიძის მოსაზრებას ადასტურებს დღევანდელი განცხადებაც. საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა 19 მაისს თქვა, რომ “ქართველ კოლეგებთან სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თემაზე რეფერენდუმის საკითხი მოკლედ განიხილა”. 

“ეს ერთ-ერთი ის თემაა, რომელიც ჩვენს ქართველ პარტნიორებს აღელვებს, ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს”

მთავარი ფოტო: Enigma media / თამარ კოპალიანი
კომენტარები