საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
25 მაისი, 2022 რა მოხდა ტეხასის სკოლაში?- ახსნილი 
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

შეიარაღებულმა მამაკაცმა ტეხასის დაწყებით სკოლაში 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი მოკლა. CNN-ის ინფორმაციით, სკოლაში შეჭრამდე მან საკუთარ ბებიასაც ესროლა. 3 დაჭრილი ახლა კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია.

სად მოხდა?

აშშ-ში ტეხასის შტატის ქალაქ იუვალდის რობის დაწყებით სკოლაში 18 წლის სალვადორ რამოსმა 21 ადამიანი მოკლა. სკოლაში, სადაც 11 წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ, რამოსი ტეხასის დროით 24 მაისს დილის 11:30-ზე პისტოლეტით და ნახევრადავტომატური შაშხანით შეიჭრა.

დაწყებითი სკოლა სან-ანტონიოს დასავლეთით, მექსიკის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ის ძირითადად ლათინოამერიკელებითაა დასახლებული.

politico-ს ინფორმაცით რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ ებოტმა თქვა, რომ დამნაშავე, 18 წლის მამაკაცი, რომელიც ამავე ქალაქში ცხოვრობდა, ოფიცრებმა მოკლეს. 

 

რა მოტივით და როგორ მოხდა?

ერიკ ესტრადამ, ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა CNN-ს ​უთხრა, რომ თავდამსხმელმა, რომელსაც ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, სკოლასთან ახლოს დაამტვრია თავისი მანქანა, შემდეგ კი იქიდან 2 იარაღით გადმოვიდა. სკოლის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ მან მაინც შეძლო სკოლაში შესვლა, რის შემდეგაც იარაღით საკლასო ოთახებში დადიოდა. 

რვა წლის უზია გარსია მისმა ოჯახმა ამოიცნო, როგორც სკოლაში სროლის შედეგად მოკლული ერთერთი ბავშვი.

შტატის სენატორმა როლანდ გუტიერესმა განაცხადა, რომ რამოსმა იარაღები 18 წლის დაბადების დღეს იყიდა. ”ეს იყო პირველი, რაც მან გააკეთა თავის 18 წლის დაბადების დღეზე”, - თქვა გუტიერესმა და დასძინა, რომ რამოსმა სოციალურ მედიაში მიანიშნა შესაძლო თავდასხმაზე.”მან მოუწოდა ბავშვებს ფრთხილად ყოფილიყვნენ”, - თქვა მან.

The guardian- ის ინფორმაციით, მოტივი ჯერ ისევ უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის მარტო მოქმედებდა. 

წყარო: cnn

New York Times-ის რეპორტიორის ჯაზმინ ულოას თქმით, მოსწავლეების მშობლებს საათობით მოუწიათ ლოდინი ავტოსადგომზე, რათა მიეღოთ ინფორმაცია მათი შვილების დაღუპვის შესახებ.

ხავიერ ლოპეზი,10 წლის.  Robb Elementary-ის სკოლაში მეოთხე კლასში სწავლობდა. მისი ოჯახი ადასტურებს, რომ ის დღეს სკოლაში სროლის შედეგად დაიღუპა.

24 მაისს დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ ამერიკაში კიდევ ერთხელ გააქტიურდა იარაღის კონტროლის შესახებ კანონის განხილვა. 

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Gun Violence Archive-მა განაცხადა, 144 დღის განმავლობაში ეს მასობრივი სროლის 212-ე შემთხვევაა.

რა ხდება ამერიკაში იარაღის ტარებასთან დაკავშირებით?

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრაგედიასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს თეთრი სახლიდან მიმართა. მისი თქმით, ბავშვის დაკარგვა "საკუთარი სულის ნაწილის დაკარგვას" ნიშნავს და ეს არის "გრძნობა, რომელიც გახრჩობს".

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა, რომ დროა იმოქმედონ და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ, ვინც იარაღის თავისუფლად ფლობას ლობირებს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენის ერთერთი დაპირება იყო ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრება, თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მან და თანაპარტიელმა დემოკრატებმა ვერ შეძლეს კონგრესში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება, იარაღის შეძენამდე პირის მკაცრად შემოწმების დაკანონებისთვის

შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ლეგალურია. მაგრამ კანონით რეგულირდება ის, თუ როგორ უნდა ატარო იარაღი. მაგალითად ზოგიერთ შტატში, ფარული ტარება ლეგალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ იარაღის გაცემა შესაძლებელია ლიცენზირებულ პირზე, მაგრამ არ უნდა იყოს ხილული სხვა ადამიანებისთვის. 

მეორეს მხრივ, ზოგიერთ შტატს აქვს კანონი, რომელიც ცნობილია, როგორც ღია ტარება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ლეგალურად ატაროს თავისი ცეცხლსასროლი იარაღი ბუდეში ან მიმაგრებული სლინგზე ისე, რომ ის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. 

ბოლო წლების განმავლობაში, უფრო მეტი სახელმწიფო აღიარებს ღია ტარებას ლეგალურად. არგუმენტი ღია ტარების სასარგებლოდ არის ის, რომ კრიმინალები, როგორც წესი, მალავენ იარაღს, ხოლო კანონმორჩილი მოქალაქეები არ უნდა აიძულონ, დამალონ იარაღი. მეორე მხრივ, იარაღის კონტროლის ჯგუფებმა გამოხატეს თავიანთი წინააღმდეგობა ღია ტარების პრაქტიკასთან დაკავშირებით.

იარაღის კონტროლი ამერიკის პოლიტიკაში ერთერთი ყველაზე გაურკვეველი საკითხია. ყოველი მასობრივი სროლის შემდეგ იზრდება იარაღის კონტროლის გარშემო განხილვები.

Brady Campaign to Prevent Gun Violence -ის მიერ შეფასებულია, რომ აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 114 994 ადამიანს ჭრიან იარაღით. ეს მოიცავს მკვლელობებს, თავდასხმებს, ავარიებს, პოლიციის ჩარევას, თვითმკვლელობის მცდელობასა და თვითმკვლელობასაც.

კომენტარები