საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
31 მაისი, 2022 რა გვჭირდება EU-ის კანდიდატობისთვის - ინიციატივა, რომელსაც ოცნება არ ცნობს
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

ევროკომისიისთვის კითხვარის გადაცემის შემდეგ დაიწყო საუბრები, რომ დასავლეთი საქართველოს მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. მიზეზი ბოლო წლებში “ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია. ამან კი შესაძლოა,  ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებაზე იქონიოს გავლენა.

ოპოზიციურმა პარტიებმა -“ლელომ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა” -  პარასკევს განაცხადეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია კიდევ რამდენიმე წლით გადავადდება, თუ საქართველო ამ შანსს ახლა ხელიდან გაუშვებს.

"ჩვენ, ოპოზიციამ, გავაკეთეთ ის, რაც ხელისუფლების გასაკეთებელი საქმეა. კონკრეტული გეგმა დავსახეთ და ვეუბნებით, რომ ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად ჩავიდეთ ბრიუსელში, მოვახდინოთ ევროკავშირის იდეის ირგვლივ ერთიანობის დეკლარირება. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ საჭირო რეფორმებში, მაგრამ ამ რეფორმებს ოპოზიცია მარტო ვერ განახორციელებს, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ეს რეფორმები" - აცხადებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.  

მათი თქმით, საქართველომ ევროკავშირს უნდა აჩვენოს, რომ იგი მზადაა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები და განახორციელოს ძირეული რეფორმები ევროპასთან დასაახლოებლად. 

სწორედ ამიტომ, საპარლამენტო ოპოზიციამ ღარიბაშვილს იმ ღონისძიებათა სია გადასცა, რომელიც მათი აზრით, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსისთვისაა საჭირო.

"ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა Enigma-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ქმედებით ოპოზიცია გამოხატავს მზაობას ჩაერთოს რეფორმებში, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას სჭირდება. ახლა კი ხელისუფლების პასუხს ელიან - "კითხვაა ასეთი, თუ მათაც აქვთ ნამდვილად სურვილი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ რას აკეთებენ ამისთვის?"  

რადიო თავისუფლება

განსახორციელებელ ღონისძიებათა სია 

  • ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში. 

ეს პუნქტი შარლ მიშელის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება იყო. იგი სასამართლო სისტემისგან პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებასა და მართლმსაჯულებაში მთელი რიგი რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. თუმცა, შარლ მიშელის შეთანხმება მას შემდეგ ითვლება ანულირებულად, რაც “ქართული ოცნება”  შეთანხმებიდან გავიდა. 

  • საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით.

ეს პუნქტიც შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია. მისი მიღება მას შემდეგ დაპაუზდა, რაც მმართველი გუნდი შეთანხმებიდან გავიდა.

  • შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე - დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებსა და ელჩებზე თავდასხმა

“ქართული ოცნების” წევრები ხშირად აკრიტიკებენ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფაში სდებენ ბრალს. მათი ანტიდასავლური განცხადებების ადრესატები კი ძირითადად ის პოლიტიკოსები ხდებიან, ვინც დემოკრატიაში საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ. 

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებს ვიოლა ფონ კრამონს და ანა ფოტიგას „ანტიევროკავშირი" უწოდა. რამდენიმე დღის წინ კი თეა წულუკიანმა ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი "ხელმოცარულად" და "არაპროფესიონალად" მოიხსენია და ვრცელი პოსტიც მიუძღვნა. 

 

ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ „უყვარს“ იან კელის ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური ოპოზიციის მიერ მართულ ერთ-ერთ ქართულ...

Posted by თეა წულუკიანი Thea Tsulukiani on Thursday, May 26, 2022

 

  • უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები უკრაინაში.

საქართველოს პარლამენტმა პირველ თებერვალს 74 ხმით უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის. რეზოლუცია “ქართული ოცნების” მიერ იყო ინიცირებული. ოპოზიცია რეზოლუციის ტექსტის გადახედვას და რუსეთის აგრესიის ხსენებას მოითხოვდა, თუმცა "ოცნებამ" ის კენჭისყრაზე რედაქტირების გარეშე გამოიტანა. საბოლოოდ, კენჭისყრაში "მოქალაქეებისა" და "ევროპელი სოციალისტების" გარდა, არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ მონაწილეობდა. 

ოპოზიცია მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ცალსახად დააფიქსიროს პოზიცია - რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა - და ეს პოზიცია შესაბამის რეზოლუციაში აისახოს.

  • მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას და არასწორ ინტერპრეტაციას. 

ხშირია განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს რუსეთს, გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ამ განცხადებებს უარყოფს, იგი საქართველოს რეპუტაციას აყენებს ზიანს. რასაც ხშირად დასავლელი პარტნიორებიც აღნიშნავენ. 

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და გარდა განცხადებებისა, "ქართულმა ოცნებამ" საქმითაც დაადასტუროს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს არ ეხმარება.

მსგავსი პაკეტის შემუშავება და ამოქმედება, ოპოზიციონერების თქმით, მკაფიო განაცხადი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხარეს დგას და უერთდება რუსეთზე დაკისრებულ სანქციებს.

  • ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა. 

"რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორის არასამართლიან დაკავებაზე საუბრობს როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე საერთაშორისო საზოგადოება. ევროპარლამენტის წევრებმა ღია წერილიც გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ მტკიცებულებების გარეშე გვარამიას დაჭერა და მისი კოლეგის დაჯარიმება საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესებას ნიშნავს და საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს, რომელიც მოითხოვს დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ვალდებულებებს.

  • მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება;

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში დამძიმდა, რასაც ომბუდსმენის დასკვნაც ადასტურებს. სპეციალისტების თქმით, სააკაშვილს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც ესაჭიროება, რაც ციხეში შეუძლებელია. ამჟამად მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს, მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს, თუმცა “ქართული ოცნება” ამ მოთხოვნას უარით პასუხობს. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრის უფლებები დაცული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას", ევროინტეგრაციისათვის მნიშვნელოვან მომენტში სააკაშვილთან დაკავშირებითაც მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები.

რას ამბობს ქართული ოცნება?

“მათი მიზანი და გათვლა მარტივია: ივნისის ბოლოს საქართველომ, მათი გათვლით უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა” - აცხადებს კობახიძე. 

ოპოზიციის საპასუხოდ, "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ ევროკავშირს არ აქვს მიზეზი, უარი თქვას საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. "მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებენ".

კობახიძის მტკიცებით, მხოლოდ ოპოზიცია საუბრობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს და ამავე გზავნილებით ესაუბრებიან უცხოელ კოლეგებს. “ქართული ოცნების” ლიდერი ოპოზიციის მხრიდან კვლავ შესაძლო არეულობის მოწყობასა და ქვეყნის ომში ჩათრევაზე საუბრობს.

 
"ოცნების" მტკიცებით, რადიკალების და უცხოელი ლობისტების "გეგმა გაშიფრეს"

"საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს ხალხის მღელვარება, ენმ-ის მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ქვეყნის ომის ჩართვა" | "ოცნების" მტკიცებით, რადიკალების და უცხოელი ლობისტების "გეგმა გაშიფრეს"

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Monday, May 30, 2022

 

“საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“  7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება” - განაცხადა კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით საქართველო არა მხოლოდ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. გარდა ამისა, კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ეთქვას უარი საქართველოს, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს. 

რაც შეეხება გვარამიას საქმეს. მისი თქმით, მოსაზრებები რომ, გვარამიას საქმის გამო ევროკავშირი საქართველოს კანდიდატობაზე უარს ეტყვის, მხოლოდ "ღიმილისმომგვრელია და სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება". 

რაც შეეხება სააკაშვილის საქმეს, კობახიძე უკრაინისა და მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტებს იხსენებს, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისი თქმით, “სააკაშვილი და გვარამია ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში არიან მხილებული თუ ბრალდებული, ვიდრე პეტრო პოროშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი ან იგორ დოდონი”.

 
კობახიძე ნიკა გვარამიაზე

"საუბარი იმაზე, რომ EU-მ კანდიდატობაზე საქართველოს უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო უთხრას, ღიმილის მომგვრელია" | კობახიძე ნიკა გვარამიაზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Monday, May 30, 2022

 

ეს ვერ იქნება პასუხი, პასუხი უნდა იყოს კი ან არა. ეს პასუხი ვერ იქნება ძალიან ნათლად ჩანს ამ პროცესში ვინ სად დგას.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, კობახიძის ეს განცხადება ვერ იქნება პასუხი ოპოზიციის ინიციატივაზე. მისი თქმით, კობახიძის ეს განცხადებები არის დასტური, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს სურვილი, საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით ჰქონდეს პროგრესი. "მიუხედავად ამისა, ჩვენს წინადადებაზე მათ უნდა თქვან კი ან არა"- ამბობს ნაცვლიშვილი.

 

"თუ მართლა გინდა და თუ გულწრფელია შენ მიერ გაგზავნილი განაცხადი საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე, აი ესაა გზა, რომელზეც უნდა გავიაროთ. ხელისუფლება არც ალტერნატიულ გზას გვთავაზობს და არც ამ გზას თანხმდება. მაშინ რა გამოდის, ანუ მას არ სურს, რომ საქართველომ წაიწიოს წინ ევროკავშირის მიმართულებით და მიიღოს სტატუსი"- აცხადებს ნაცვლიშვილი. 

"ლელოს" წევრის თქმით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ დარჩენილი დღეების განმავლობაში დააზიანოს საქართველოს მდგომარეობის აღქმა, რომელიც ისედაც მძიმეა. 

"თავს ესხმის ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ევროპარლამენტს და ყველას თავის ირგვლივ, ეს იმდენად არაევროპული ქცევაა, რომ განცხადებები, რომლებსაც ისინი აკეთებენ, უზარმაზარ ზიანს აყენებს ევროპულ მომავალს" - ამბობს ნაცვლიშვილი. 

რა ხდება ევროკავშირის წევრობის განაცხადზე?

წევრობაზე განაცხადის გაკეთებისა და შევსებული კითხვარის გაგზავნის შემდეგ პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვია, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე სხვადასხვა მაღალი დონის საუბრები გამართა. 

სწორედ მას შემდეგ გააქტიურდა მოსაზრებები, რომ ბრიუსელში ყოფნისას პრემიერს მთელი რიგი საკითხების სია დაუდეს, რაც მოსაგვარებელია. პრობლემური საკითხების ნუსხა, "ფორმულას" ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს პირადად გადასცეს.

ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და სასამართლო სისტემის რეფორმების საჭიროებაზე ისაუბრა

“ღარიბაშვილთან განვიხილეთ რუსეთის შეჭრის გამოწვევები უკრაინაში და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგი: ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ერთობლივ ევროპულ მომავალზე და დავეხმაროთ საჭირო რეფორმების წინსვლას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში. გასაღები პოლარიზაციის დასაძლევად და პოლიტიკური ძალების გაერთიანებისთვის” - წერს ბორელი. 

გარდა ამისა, ბორელის თქმით, ევროკავშირი აფასებს გაეროში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ხმის მიცემას და ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა, არ მოხდეს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლა ჩვენი ქვეყნის გავლით.

ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა ტვიტერზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ისე ესაჭიროება, როგორც არასდროს

გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მხარდამჭერი რეზოლუცია ევროპარლამენტმა უკრაინასა და მოლდოვისთვის დაამტკიცა, თუმცა არა საქართველოსთვის. 

"ღარიბაშვილს ჰქონდა ძალიან ცუდი ვიზიტი ბრიუსელში ჩავიდა ხელცარიელი და იქიდან ჩამოვიდა კიდევ უფრო ხელცარიელი. ვერანაირი წინადადებით მან ვერ უთხრა თავისი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ბრიუსელში მან მიიღო ან დამაიმედებელი გზავნილები ან რამე პოზიტიური იმპულსი"- ამბობს ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში საკმაოდ წარუმატებელი იყო, რადგან ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ვერაფერი დამაიმედებელი ვერ უთხრა საკუთარ მოქალაქეებს. მისი თქმით, სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ დაიწყო "ორკესტრირებული თავდასხმები" და საუბრები, თითქოს ოპოზიცია ცდილობს, საქართველომ სტატუსი არ მიიღოს. 

ნაცვლიშვილის თქმით, პრემიერმა და მისმა პიარგუნდმა კონკრეტული ღონისძიებების გატარების ნაცვლად, დაიწყო მტრის გამოგონება, რათა საკუთარი წარუმატებლობა სხვას გადააბრალონ. 

 
"ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველოს შეეძლო, რომ უკეთ ყოფილიყო მომზადებული" | კარლ ჰარცელი

"ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველოს შეეძლო, რომ უკეთ ყოფილიყო მომზადებული" | კარლ ჰარცელი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Monday, May 30, 2022

 

როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" არ აპირებს გაითვალისწინოს ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული 7-პუნქტიანი გეგმა. ახლა საინტერესოა, რას გადაწყვეტს ევროკავშირი. 

კარლ ჰარცელის თქმით, ევროკომისიის დასკვნას სავარაუდოდ მომავალ კვირას უნდა ველოდოთ. ამის შემდეგ გაიმართება დისკუსიები წევრ ქვეყნებს შორის შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ უნდა მიიღონ. 

ჰარცელის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, მთავარი დასკვნა იქნება, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს მუშაობა, რათა მიიღოს ის შედეგი,  რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობის სანდოობისთვის.  

"საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგანაც ამ დროს ევროკავშირი სულ უფრო შეშფოთებულია ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორიით"- ამბობს ჰარცეელი. 

მთავარი ფოტო: რადიო თავისუფლება
კომენტარები