საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
06 ივნისი, 2022 საბაგაროს გაყოლილი ორი საბაგირო - რაში გადავიხადეთ ფული?
სტატია გამოქვეყნებულია 4 კვირის წინ

დღეს თბილისში 3 მოქმედი საბაგიროა:

  • რიყე-ნარიყალა;
  • ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა;
  • უნივერსიტეტი-ბაგები.

საბაგირო, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში 1958 წლიდან მოქმედებს. პირველი საჰაერო-საბაგირო გზა ერთმანეთთან რუსთაველის მოედანსა და მთაწმინდას აკავშირებდა. დღეს ეს საბაგირო აღარ ფუნქციონირებს.

თბილისში მოქმედი თითოეული საბაგიროს ფასი 1 ლარია, გარდა რიყე-ნარიყალასი, რომელიც 2.5 ლარი ღირს. საუბარია იმ საბაგიროებზე, რომლითაც თბილისის მერიის განახლებული სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ადამიანებს აბონემენტით უნდა ესარგებლათ, თუმცა რეალობაში ასე არ აღმოჩნდა.

 

2021 წლის 22 დეკემბერს თბილისის მერი კახი კალაძე დაგვპირდა, რომ თბილისში სატრანსპორტო აბონემენტების სისტემა დაინერგებოდა. ის ამბობდა, რომ აბონემენტების შეძენის შემთხვევაში მოქალაქეები საზოგადოებრივი (მუნიციპალური) ტრანსპორტით უფრო იაფად ისარგებლებდნენ. მათ შორის შედიოდა საბაგიროებიც. 

“ულიმიტო გადახდის სისტემა ხელს უწყობს თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, ტრანსპორტის მართვის ოპტიმიზაციას და ამავდროულად  მგზავრობა უიაფდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებს, იმ ადამიანებს ვინც ყოველდღიურად რამდენჯერმე იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.”

მის არცერთ გამოსვლაში არ იყო ნახსენები, რომ ახალი სისტემა შერჩევითი იქნებოდა. ეს დაახლოებით იგივეა, სააბონემენტო ბარათმა თბილისის მასშტაბით ყველა ავტობუსზე რომ იმოქმედოს, გარდა, მაგალითად 351 ნომრისა.

ალბათ გახსოვთ, რომ სატრანსპორტო აბონემენტების სისტემის დანერგვა კურიოზით დაიწყო. უკვე გაყიდვაში არსებულ აბონემენტებზე მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ საბაგიროს ნაცვლად, "საბაგარო" ეწერა. სანამ მოქალაქეები, კაცმა არ იცის ვის, დაშვებულ შეცდომას შენიშნავდნენ, სულ 140 "საბაგარო" გაიყიდა. შეცდომა კი თავის თავზე არც მერიამ და არც საქართველოს ბანკიმ არ აიღო.

ამის გამო აბონემენტების გაყიდვა დროებით შეწყდა. ერთი დღის შემდეგ, ასობგერა “” ასობგერით “” ჩანაცვლდა და “საქართველოს ბანკმა” გაყიდვებიც განაახლა. 

 

თუმცა ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი გაორმაგდა და 1 ლარი გახდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ახალი ბარათები, რომელზეც საბაგირო სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად წერია, სულაც არ გულისხმობს ყველა მოქმედ საბაგიროს. უფრო მეტიც, სწორედ იმ საბაგიროს გულისხმობს, რომლითაც მოქალაქეები ყველაზე ნაკლებად სარგებლობენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს სამივე საბაგიროს შემოსავალი ერთად 1 462 111 ლარი იყო. მათგან ყველაზე მეტი „რიყე-ნარიყალას“ შემოსავალი – 1 379 513 ლარი, ყველაზე ცოტა კი უნივერსიტეტი- ბაგების შემოსავალი 17 628 ლარი იყო.

2012 წელს ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი 508 მეტრი სიგრძის  საბაგირო გზა შეემატა. Enigma- სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ საბაგიროთი სარგებლობს. ასევე, მოქმედი საბაგიროებიდან ყველაზე მეტი თანხაც სწორედ მის შენახვაზე იხარჯება.

ახალი ბარათებით, რომელშიც ერთი ლარიდან  250 ლარის ჩათვლით  თანხა გვაქვს გადახდილი მხოლოდ ერთ, უნივერსიტეტი- ბაგების საბაგიროს გულისხმობს. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ Enigma-სთან მოწერილ პასუხებში ამისი მიზეზი  ტურისტული და კულტურული დატვირთვით ახსნა.

“2022 წლის 1-ლი თებერვლიდან, ვადიანი სამგზავრო ბარათით სარგებლობა შესაძლებელი გახდა მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები.“საბაგირო ტრანსპორტი "რიყე-ნარიყალა" და „ი.ჭავჭავაძის გამზირი - კუს ტბა" მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში არ არის ჩართული, მგზავრთა გადაყვანის სეგმენტში მათი ტურისტულ- კულტურული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დატვირთვის გათვალისწინებით.”

გამოდის, რომ საბაგირო ტრანსპორტმა, რომელმაც 2021 წელს სულ 648 570 მგზავრი გადაიყვანა, წელს  თითო გასვლაზე ისევ 2.50 ეღირება და სამგზავრო აბონემენტებით ვერც ტურისტები და ვერც ქვეყნის მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ. 

როდესაც “თბილისის მერიიდან” საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, გვაინტერესებდა 2021 წელს ამ სამი საბაგიროს მოვლაზე რამდენი ლარი დაიხარჯა. პასუხად კი მხოლოდ  „რიყე-ნარიყალას” მოვლა-შენახვაზე დახარჯული 171 910.97 ლარის შესახებ გავიგეთ. ჩვენთვის უცნობია დანარჩენ 2 საბაგიროზე გასულ წელს დაიხარჯა თუ არა რამე.

2022 წლის 5 ივნისს საბაგიროთი 5605 ადამიანმა ისარგებლა 

კომენტარები