საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
03 ივნისი, 2022 კულტურის „მოთვინიერების" ოპერაცია - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ
ავტორები: ეთო მიდელაშვილი, ადამია თეკლა


თეა წულუკიანის  დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში „რეპრესიები” გრძელდება. „კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები და დავინტერესდები, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს," - ამის შესახებ წულუკიანი მინისტრის პორტფელის ჩაბარებისთანავე გვაფრთხილებდა და „დანაპირებს" ასრულებს კიდეც. ამჯერად მისი სამიზნე საქართველოს ეროვნული მუზეუმი გახდა. 

რა მოხდა ეროვნულ მუზეუმში?

24 მაისს ეროვნული მუზეუმიდან 21 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ხელოვნებათმცოდნეების, არქეოლოგების, მეცნიერებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების გათავისუფლების მიზეზად „რეორგანიზაცია" და არასაკმარისი კომპეტენცია დასახელდა. 24 მაისამდე გათავისუფლდა 20-მდე მეცნიერ-თანამშრომელიც, რომლებიც 150 ლარის ოდენობის ხელფასს იღებდნენ.

რას გულისხმობს აღნიშნული „რეორგანიზაცია” და რატომ გახდა მისი ჩატარება საჭირო, ბუნდოვანია. Enigma ამ კითხვის დასასმელად ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესთან, ნიკა ახალბედაშვილთან, დაკავშირებას შეეცადა. თუმცა, ახალბედაშვილი კრიტიკული მედიის ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. არადა სწორედ ის აწერს ხელს გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს. 

museum.ge

წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ თითქმის შეუძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის მიღება კულტურის სამინისტროდანაც. IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე დახურული უწყება სწორედ ეს სამინისტრო იყო. 

კულტურის სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე პროცესები იმ „ბოლშევიკური წმენდის” გაგრძელებაა, რომელიც თეა წულუკიანის გამინისტრების შემდეგ დაიწყო. მანამდე ათობით ადამიანი გაათავისუფლეს ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდანაც. როგორც იურისტი სულხან სალაძე აცხადებს, უმეტესობა განსხვავებული აზრის დევნის გამოა დათხოვნილი.

რა ხდება ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ?

1 ივნისს ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია დაიწყო. კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად საჭიროა, რომ ხელოვნების მუზეუმი უმოკლეს ვადაში დაიცალოს, ფონდები კი დროებით ალტერნატიულ უსაფრთხო საცავში მოთავსდეს. ექსპონატების ნაწილი უკვე მზადაა ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც დროებით სხვადასხვა სივრცეში განთავსდება. 

ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორის ეკა კიკნაძის თქმით, წულუკიანმა მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია სწორედ იმ გეგმით დაიწყო, რომელიც მის მიერ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა შეიმუშავეს. 

“წულუკიანს მოუწია წასულიყო იმ გეგმით, რომელიც გვქონდა შემუშავებული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და ეს გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ ეს გეგმა თავის დროზე შეადგინეს სამუზეუმო საქმის საუკეთესო სპეციალისტებმა ამ ქვეყანაში, რომლებსაც წულუკიანი დაუპირისპირდა, 1 წლის წინ ეს გეგმა უარყო, თუმცა 1 წლისთავზე ფაქტია, რომ მიდის ამ გეგმით,” - ამბობს კიკნაძე მედიასთან. 

ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ხელოვნების მუზეუმის საგანძურთან დაკავშირებული ღონისძიებები საპატრიარქოსა და მის წარმომადგენლებთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს. საგანძურის ექსპონატებისთვის სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, სწორედ საპატრიარქოს წარმომადგენლის რეკომენდაციით შეირჩა. კულტურის სამინისტროს თქმით, მათი გადატანა საპატრიარქოს წარმომადგენლების, სხვადასხვა ექსპერტებისა და უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობით ხდება. 

„ზაზა ნანობაშვილი თვითნებურად აკეთებს რიგ განცხადებებს საპატრიარქოს და ეკლესიის სახელით და ადამიანები შეჰყავს შეცდომაში. იგი, რიგი გადაცდომების გამო, ცოტა ხნის წინ, განთავისუფლებულ იქნა ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან და უკანასკნელ პერიოდში მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად” - წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

ტრანსპორტირების დასრულება ოქტომბრისთვის იგეგმება. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაწყებულ ევაკუაციას უკვე ხმაური მოჰყვა. 1 ივნისს „ანჩისხატის დაცვის საინიციატივო ჯგუფის“ წევრები სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმთან პოლიციას დაუპირისპირდნენ. აქტივისტები მოითხოვდნენ დაეზუსტებინათ, იყო თუ არა ანჩისხატი გადატანილ ექსპონატებს შორის და გადაეცემოდა თუ არა იგი საბოლოოდ ეკლესიას. 

„მუზეუმში რატომ უნდა გადასვენდეს, როცა აქვე შეიძლება ჩაუტარდეს გაწმენდითი სამუშაოები და პირდაპირ ტაძარში გადასვენდეს, მაგრამ არ აკეთებენ ამას. კარტოფილს რომ იყიდიან ასეთი მანქანით გადაიტანეს ექსპონატები, ეჭვი გაგვიჩნდა, სიწმინდეებზე შეგვტკივა გული,” - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ IPN-თან.

საინიციატივო ჯგუფმა ანჩისხატის ეკლესიაში გადასვენების მოთხოვნით აქციები უკვე დააანონსა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეს განცხადებები არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან.

რაც შეეხებათ კულტურის სპეციალისტებს, მათი თქმით, ანჩისხატის ტაძარში გადატანა საფრთხის შემცველია, ამიტომ, ის მუზეუმში უნდა იყოს დაცული. იქ, სადაც ხატის შესანახად ყველა პირობა არსებობს. 

 
ანჩისხატი მუზეუმში უნდა იყოს დაცული

‼ ანჩისხატი მუზეუმში უნდა იყოს დაცული 👉 სპეციალისტები მოითხოვენ, რომ ხატის შესანახად ყველა პირობა უნდა არსებობდეს და ტაძარში გადატანა საფრთხის შემცველია - რა საფრთხეებს ხედავენ ხელოვანები ანჩხისხატის გადატანით

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Thursday, June 2, 2022


თბილისის წიგნის ფესტივალი

წელს, დაახლოებით 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ პირველად, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერის გარეშე ჩატარდა. სფერო, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე, ფრანკფურტის ფესტივალზე ყველაზე წარმატებული მონაწილეობით ლამის მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, არ აღმოჩნდა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ფესტივალების კონკურსის ჩამონათვალში.

„დაახლოებით თორმეტწლიანი (მეტი თუ არა), თანამშრომლობის შემდეგ ჩვენი მხარდამჭერების რიგებში აღარ არის საქართველოს კულტურის სამინისტრო და რა თქმა უნდა, სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქალბატონი მინისტრის, თეა წულუკიანის პერსონალური გადაწყვეტილებაა. აღარ არის არა იმიტომ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვერ გავიმარჯვეთ, არამედ იმიტომ რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით ლიტერატურა ფესტივალებს საერთოდ არ საჭიროებს,” - აცხადებდა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა.

 
თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს გაიმართა და ოთხი დღის განმავლობაში ათი ათასობით მკითხველს უმასპინძლა. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებით გვახრებს თქვენთან შეხვედრა, მომავალ შეხვედრამდე!

Posted by Tbilisi International Book Festival / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი on Wednesday, June 1, 2022


მისი თქმით, 23-წლიანი ისტორიის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა წიგნის ფესტივალი ვეღარ ჩატარებულიყო და მიზანიც სწორედ ეს იყო. თუმცა, ფესტივალი მაინც ჩატარდა. 

„ჩვენ შევძელით და ამ გასაჭირმა გაგვაძლიერა, მაგრამ რა სამარცხვინოა ასე ხელაღებით ანგრევდე ყველაფერ ფასეულს… რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!” - წერდა გვანცა ჯობავა.

„მოთვინიერება”

28 აპრილს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის - „მოთვინიერების” - დაგეგმილი 5 სეანსი გააუქმა, რომლებიც კინოს სახლში უნდა გამართულიყო. როგორც ჯაში სოციალურ ქსელში წერდა, კინოაკადემიის დირექტორმა მინდია ესაძემ განაცხადა, რომ მიუღებელი იყო იმ „ნაწარმოების” ჩვენება, რომელიც „აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს.” 

„მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და თუ თქვენც არ გინახავთ - კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა. ერთი დეტალი. სურათი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ," - წერდა რეჟისორი სალომე ჯაში. 

კინოაკადემიის ხელმძღვანელის მტკიცებით, ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია სამინისტროსთან არ ყოფილა. თუმცა, როგორც კინოცენტრის ყოფილმა დირექტორმა გაგა ჩხეიძემ „რადიო თავისუფლებასთან" აღნიშნა, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს არ მოსწონდა ის, რომ დენდროლოგიური ბაღი ამ ფილმში ბიძინა ივანიშვილის პირად ბაღად არის დახატული. 

 

„მოთვინიერება” კინოცენტრის დაფინანსებით გადაღებული დოკუმენტური ფილმი და საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის ერთობლივი ნამუშევარია. მისი მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა, ხოლო ევროპული პრემიერა - ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, “Berlinale Forum”-ზე შედგა. 

სიუჟეტი ასეთია: ძლევამოსილი ადამიანი ასწლოვან ხეებს ყიდულობს და თავის  ბაღში გადააქვს. გზა ბაღამდე სოფლებზე, მთებზე, ზღვაზე გადის. ხეების მოგზაურობის მომაჯადოებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები. 


კინოაკადემიის ამ გადაწყვეტილებისა და დაგეგმილი სეანსების გაუქმების შემდეგ ფილმის ჩვენებები სხვადასხვა სივრცეში, მაგრამ მაინც შედგა. რეჟისორი ამბობდა, რომ მოხსნით მისი უფრო მეტად გავრცელების შესაძლებლობა გაჩნდა. თუმცა, როგორც 27 მაისს “ღია სივრცე” სოციალურ ქსელში წერდა, მის მიერ დაქირავებულ პრომოუტერ კომპანიას პატრულის თანამშრომელმა ამჯერად აფიშების გაკვრის საშუალება არ მისცა. 

ამ მოვლენების შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი ცენზურაზე ალაპარაკდა. ექსპერტების შეფასებით კი, სეანსების გაუქმება იმ ხისტი პოლიტიკის ერთერთი კომპონენტი და გაგრძელება იყო, რომელსაც ბოლო პერიოდია კულტურის სამინისტრო ატარებს. მათი თქმით, ამის მიზანი კულტურის „მოთვინიერება" უნდა იყოს.

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი ფოტო: თამარ კოპალიანი / Enigma
კომენტარები