საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
04 ივნისი, 2022 რუსული ომით გამოწვეული დაბინძურება უკრაინას კიდევ ათწლეულების განმავლობაში მოწამლავს
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინა ჰუმანიტარულ კატასტროფასთან ერთად, ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგა. 

ქიმიური ქარხნების აფეთქებები მოქალაქეებისთვის საშინელ რეალობად იქცა. თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ზარალისა, რასაც ომი გარემოს აყენებს. რაკეტები აბინძურებენ ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს, ცეცხლი საფრთხეს უქმნის ქიმიური ნაწილაკების გამოყოფას, სამხედრო ხომალდებმა კი შავ ზღვაში დელფინები დახოცეს. 

მაისის ბოლოს, უკრაინის ქალაქ სევროდონეცკში ქიმიური ქარხნიდან ამოფრქვეული ვარდისფერი კვამლი გამოჩნდა. ტოქსიკური კვამლი რუსი სამხედროების მიერ აზოტის მჟავის ავზის დაბომბვამ გამოიწვია. 

თავდასხმის შემდეგ, რეგიონის გუბერნატორმა სერგეი გაიდამ მოქალაქეებს მოუწოდა არ დაეტოვებინათ თავშესაფრები, რადგან  “აზოტის მჟავა საშიშია ჩასუნთქვის, გადაყლაპვის ან კანთან შეხების შემთხვევაში”. 

სევროდონეცკი, აზოტის მჟავის ავზის დაბომბვის შემდეგ

ეკოლოგიისთვის მიყენებული ზარალი არაა ისეთი თვალსაჩინო, როგორც ათასობით დაკარგული სიცოცხლე. თუმცა, იგი ნელ-ნელა აყენებს ზიანს ადამიანებსა და ველურ ბუნებას, მაშინაც კი როდესაც ომი უკვე დასრულებულია. 

შეიარაღებული კონფლიქტები ამცირებს ცხოველთა ოდენობას და სათბური არიების გავრცელების ძირითადი წყაროა. გარდა ამისა იგი ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემასთანაა დაკავშირებული, მათ შორის კიბოსთან და თანდაყოლილ დეფექტებთან. 

უკრაინული გარემოსდაცვითი ჯგუფები თვალყურს ადევნებენ ზარალს, რომელიც, ზოგიერთი ექსპერტის თქმით, სამხედრო დანაშაულად ითვლება. ჯერჯერობით აღრიცხულია პოტენციური ზიანის 277 შემთხვევა, დაწყებული ელექტროსადგურების დაზიანებით, დამთავრებული ზღვის ეკოსისტემებზე ზემოქმედებით. საინტერესოა, აგებს თუ არა მათზე პასუხს რუსეთი? 

ეკოლოგიური კრიზისი უკრაინაში

უკრაინა ევროპის ტერიტორიის 6%-ზე ნაკლებს მოიცავს, მაგრამ მასში ბინადრობს კონტინენტის ბიომრავალფეროვნების მესამედზე მეტი. გარდა ამისა, უკრაინა საკმაოდ ინდუსტრიალიზებულია, ასობით ქიმიური ქარხნით, თითქმის 150 ქვანახშირის მაღაროთი და ათზე მეტი ბირთვული რეაქტორით. ამ ობიექტების განადგურება კი მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს. 

UNIAN

მარტში, უკრაინის ქალაქ ნოვოსელიცაში დაბომბვამ სასუქების ქარხანაში ამიაკის გაჟონვა გამოიწვია. ეს კი მიწისქვეშა წყლებისა და ნიადაგის დაბინძურებას უქმნის საფრთხეს. ასევე შევხვდებით, აზოტის მჟავის აფეთქებულ ავზებს. იმავდროულად, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის ელექტრო ტუმბოების გაფუჭება, რაც საშუალებას მისცემს მაღაროებში დაბინძურებულ წყალს გადმოიღვაროს და მიწისქვეშა წყლები დააბინძუროს.

რუსეთმა შეტევები განახორციელა ნავთობისა და გაზის სათავსოებზეც, რომელთა აფეთქებაც აბინძურებს ჰაერს და გამოყოფს ნახშირორჟანგს.

 

რაკეტებში არსებულმა ნივთებმა, რომლებსაც ორივე მხარე იყენებს, შესაძლოა მოწამლოს გარემო, წერს ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრი Ecoaction.

აფეთქების შემდეგ, საარტილერიო რაკეტებს შეუძლიათ მრავალი მავნე ნივთიერება წარმოქმნან, მათ შორის წყალბადის ციანიდის ორთქლი და აზოტის ოქსიდები, რამაც შესაძლოა მჟავა წვიმები გამოიწვია, წერს Ecoaction. 

აპრილში უკრაინის არმიამ რუსული რაკეტა ჩამოაგდო და ნამსხვრევების ნაწილი სასოფლო-სამეურნეო ობიექტზე დაეცა. ამან კი ნიადაგსა და წყალში ტოქსიკური ქიმიკატების გაჟონვა გამოიწვია, ამის შესახებ CNN-ის ჟურნალისტი ივანა კოტასოვა იტყობინება

ოფიციალური პირები ახლომახლო მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებდნენ, არ დაელიათ წყალი ჭებიდან. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია მდინარეში ნაპოვნი მკვდარი თევზის შესახებ, რომელიც მხოლოდ რამდენიმე მილით შორდებოდა გაჟონვის ადგილს. 

„ახლა და მომავალში მძიმე ლითონები ჩვენს მიწისქვეშა წყლებსა და ნიადაგში იქნება“, განუცხადა Global Citizen-ს ევგენია ზასიადკომ, რომელიც Ecoaction-ის კლიმატის საკითხებს ხელმძღვანელობს. „ჩვენ სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა ვართ და როდესაც არ იქნება ომის აქტიური ფაზა არ ვიცი, როგორ ვაპირებთ რაიმეს აღდგენას, რადგან ის დაბინძურდება“.

შეუძლია თუ არა უკრაინას კომპენსაციის მიღება „ეკოლოგიური დანაშაულისთვის“?

ზოგადად, ომი საერთაშორისო კანონებით რეგულირდება, მათ შორის კი ჟენევის კონვენციებით. მათგან ზოგიერთი კი გარემოს სერიოზულ და ხანგრძლივ ზიანს კრძალავს. გარკვეულ პირობებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ამ ქმედებებს სამხედრო დანაშაულებად მიიჩნევს.

ეს კანონები გარემოსდაცვითი რეპარაციების მისაღებად აქამდეც გამოუყენებიათ. სპარსეთის ყურის ომის ფონზე 1991 წელს ერაყის სამხედრო ძალებმა ცეცხლი წაუკიდეს ასობით ნავთობის ჭაბურღილს ქუვეითში და განზრახ დაღვარეს მილიონობით ბარელი სპარსეთის ყურეში. 

ყოველივე ამას მძიმე შედეგები ჰქონდა. ათიათასობით ტონა გოგირდის დიოქსიდმა და კვამლმა მოწამლა ჰაერი, რამაც რესპირატორული დაავადებები გამოიწვია, მოსავალი დააზიანა და ასობით ზღვის ფრინველი დაიღუპა. საპასუხოდ, გაერომ ერაყს დაავალა ქუვეითისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი გადაეხადა, როგორც რეპარაციების პაკეტის ერთ-ერთი ნაწილი. 

თუმცა, წარმოუდგენლად რთულია იმის დამტკიცება, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი არღვევს საერთაშორისო კანონს, განუცხადა Vox-ს შირინ დაფტმა, საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა. უკრაინამ უნდა აჩვენოს, რომ ნგრევა არის "ფართო, გრძელვადიანი და მძიმე", - თქვა მან. თუმცა, მაშინაც კი არ არსებობს მარტივი გზა რუსეთის დასჯისთვის, დასძინა მან. ICC სჯის ინდივიდებს და არა ერებს. მისი თქმით, უკრაინასაც ექნება დაბრკოლებები, თუკი ის გარემოსდაცვით ანაზღაურებას გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს. 

”კანონს აკლია ის ძალა, რომელიც საჭიროა გარემოს კონკრეტული დაცვის უზრუნველსაყოფად,” - თქვა დაფტმა. „და ისეთ სიტუაციაში, როგორიც უკრაინაა, სადაც გარემოზე ზიანის მიყენების დიდი პოტენციალი არსებობს, ეს ღრმად შემაშფოთებელია“.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგიერთმა მეცნიერმა ახალი ჟენევის კონვენცია მოითხოვა, რომელიც უფრო მკაფიოდ ითვალისწინებს ომის დროს გარემოს დაცვას. გარდა ამისა, გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიამ შეიმუშავა არასავალდებულო პრინციპების კომპლექტი, რომელიც იმის გარკვევაში გვეხმარება, როგორ ვრცელდება საერთაშორისო ომის კანონები გარემოზე. 

სხვა ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ გლობალური საზოგადოება ასე თუ ისე რუსეთის პასუხისმგებლობას დააყენებს. რუსეთის ქმედებები გარემოს მიმართ არღვევს ომის კანონებს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ომი თავისთავად უკანონოა საერთაშორისო კანონმდებლობით (რადგან ის არის აგრესიული ომი), თქვა კეროლ მუფეტმა, საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ცენტრის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ამას შეიძლება დასჭირდეს თვეები, წლები ან თუნდაც ათწლეულები, მაგრამ რუსეთი პასუხს აგებს ამაზე“, - განუცხადა მუფეტმა Vox-ს. ”მე ვერ ვხედავ, როგორ უნდა შეძლოს რუსეთმა გაექცეს  ამ შედეგს.”

ავტორი:  Benji Jones
მასალა მომზადებულია გამოცემა “Vox-ის” მასალის მიხედვით
მთავარი ფოტო: UNIAN/Oleh Tereschenko
კომენტარები