საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„ბორჯომის“ ქარხნების შესასვლელები პიკეტირებულია - რა ხდება კომპანიაში? „ბორჯომის“ ქარხნების შესასვლელები პიკეტირებულია - რა ხდება კომპანიაში?
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

მინერალური წყალი „ბორჯომის“ 50-მა გათავისუფლებულმა და უხელფასოდ დარჩენილმა თანამშრომელმა „ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნის შესასვლელები გადაკეტა.

გაფიცულები უკვე 7 დღეა, ითხოვენ უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის

  • სამსახურში აღდგენას
  • ხელფასების ჩარიცხვას
  • ძველი შრომითი ხელშეკრულების დაბრუნებას

ამასთანავე, მათი მოთხოვნაა ხელფასის 25%-იანი ზრდა და სამსახურიდან ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლების გათავისუფლება, ვინც „იძულებაში, შანტაჟსა და მუქარაში არიან მხილებულნი“.

ამბის ქრონოლოგია: როგორ დაიწყო პროტესტი?

2022 წლის 29 აპრილს რუსეთის მფლობელობაში არსებულმა მინერალური წყლების კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ორივე ქარხანაში ( N1 და N2 ) პროდუქციის წარმოებას დროებით აჩერებს. 

"კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა."

კომპანიამ დასაქმებულებს ახალი შრომითი ხელშეკრულებები შესთავაზა. ისინი კი, ვინც ახალ პირობებს არ დათანხმდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

2022 წლის 5 მაისს კომპანიამ რეორგანიზაციის შედეგად, სამსახურიდან 50 თანამშრომელი გაათავისუფლა. კომპანიაში ამბობდნენ, რომ იძულებული იყვნენ, ხელშეკრულებებში ცვლილება შეეტანათ, რადგან დასაქმებულებისთვის მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა აღარ ჰქონდათ.

8 მაისს კოლექტიური დავის მედიატორი ანა სამსონია ბორჯომში ყოფნისას ქარხნის თანამშრომლებს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას დაჰპირდა. აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრთან და კომპანიის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას ითხოვდნენ. 

17 მაისს "IDS ბორჯომის" ქარხნების ხელმძღვანელსა და დასაქმებულებს შორის შეხვედრა არ შედგა. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიის დირექტორი ივანე მაჭავარიანი ბორჯომში იმყოფებოდა, მაგრამ მან აქციის მონაწილეებთან ცალ-ცალკე შეხვედრა მოითხოვა. ამან კი აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოიწვია.

ამ ყველაფერს 31 მაისს, დილის 6 საათიდან ბორჯომის ქარხნების თანამშრომელთა უწყვეტი პროტესტი მოჰყვა. თანამშრომლები ითხოვდნენ:

  • უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენას;
  • ხელფასების დარიცხვას;
  • ძველ შრომით პირობებზე დაბრუნებას;
  • უვადო ხელშეკრულებებს ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25%-ით ზრდას;
  • შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრას, ხოლო მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებასა და პასუხისგებაში მიცემას;
  • კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.

გიორგი დიასამიძის, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, 26 მაისს უშედეგოდ დასრულდა მედიაციის 21-დღიანი პროცესი. მან განმარტა, რომ  ვინაიდან 26 მაისი დასვენების დღე იყო, მომდევნო დღეებში კი შაბათ-კვირა უწევდა, გაფიცვა 31 მაისიდან დაიწყეს.

 

⛔️ ბორჯომის 1 და 2 ქარხნების სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი პიკეტი❗️ ▶️ ხვალ 6 ივნისს 07:00 საათზე “აიდიეს ბორჯომი...

Posted by ლაბორ • LABOR on Sunday, June 5, 2022

 

რატომ დაიწყო ქარხნების პიკეტირება ?

აქციის ერთერთი მონაწილე "მთავარ არხთან" ინტერვიუში ამბობს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების ადგილზე სხვა ადამიანების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების მოყვანას აპირებენ. რაც ქარხნების პიკეტირების მიზეზი გახდა. 

 
ბორჯომის ქარხნის შესასვლელი გაფიცულებმა გადაკეტეს

‼️ ბორჯომის ქარხნის გაფიცული დასაქმებულების ჩასანაცვლებლად, დამსაქმებელს მუშები რუსეთიდან ჩამოყავს 🔻 გაფიცვის მე-7 დღეს დასაქმებულებმა ქარხანაში შესასვლელი გადაკეტეს Giorgi Diasamidze

Posted by ლაბორ • LABOR on Monday, June 6, 2022

 

პროფესიული კავშირი Labor, რომელიც კომპანიის 400-მდე თანამშრომელს წარმოადგენს, ამბობს, რომ "კომპანია მზად არის უფრო მეტი ხელფასი გადაუხადოს სხვა დასაქმებულებს და საკუთარ თანამშრომლებს დასჯის მიზნით არ აუნაზღაუროს ნამუშევარი 2 თვის ხელფასი."

"6 ივნისს 07:00 საათზე “აიდიეს ბორჯომი საქართველო”-ს ადმინისტრაცია პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან რომლებსაც ჰპირდებიან 3-4 ჯერ მეტ ხელფასს აორგანიზებს ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას."

ორგანიზაცია "გააღვიძე აქტივიზმის" დამფუძნებელი მარიამ ალიხანაშვილი Enigma-ს ეუბნება, რომ გაფიცული თანამშრომლები შეცვლილი კონტრაქტის 4 პუნქტს აპროტესტებენ:

  • ანაზღაურება გადაიყვანეს საათობრივზე
  • იძულებითი მოცდენა 50%-მდე დაიყვანეს ( 100 % იყო)
  • პრემიები მოხსნეს
  • ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გადახდის წესი შეცვალეს, რითაც ზეგანაკვეთურის ანაზღაურება შეუმცირეს. 
 

 

Posted by ლაბორ • LABOR on Sunday, June 5, 2022

 

6 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  "ერთი კვირის თავზე ბორჯომის აქციონერები გავხდებით ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი, თანამფლობელი."

„IDS ბორჯომი საქართველო“ კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ კიურასაოში დარეგისტრირებული IDS Borjomi International-ის შვილობილი კომპანიაა. 2013 წლიდან, IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს რუსული „Alfa Group“ ფლობს. Alfa Group-ის დამფუძნებელი მილიარდერი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია, რომლის წინააღმდეგაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს.

ფრიდმანი რუსეთის ერთერთი უმსხვილესი კერძო ბანკის Alfa Bank-ის წილების 32.9%-ს ფლობს. 

„ალფა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, „ალფა ბანკი“, რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციებში მოექცა.

19 მაისს „IDS​ ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა . 

ეკონომიკის სამინისტრო ამბობდა, რომ წინადადებას შეისწავლიდა, შემდეგ იუსტიციის სამინისტროს მიაწვდიდა და მხოლოდ ამის შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია.

21 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ კომპანია "ბორჯომის" წილს საქართველოს საჩუქრად გადასცემენ და ოპერირებაში პრობლემა აღარ შეექმნებათ.

„დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. ასე რომ, „ბორჯომს“ ოპერირებაში პრობლემა არ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს. მინდა თანამშრომლებს მივმართო, რომ პრობლემა ამოწურული იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

რას ამბობს კომპანია შექმნილ ვითარებაზე

კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რეორგანიზაცია კანონის სრული დაცვით მოხდა და ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციასაც მიაწვდიან.

„როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის და მზად ვართ მივაწოდოთ შრომის ინსპექციას სრული და ამომწურავი ინფორმაცია... კანონის სრული დაცვით განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესზე, რომლის შედეგადაც კომპანიამ მაქსიმალურად შეუნარჩუნა ბორჯომში დასაქმებულებს სამუშაო ადგილები“, - აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, “IDS ბორჯომი საქართველო” ირწმუნება, რომ თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შეუნარჩუნდა სამუშაო ადგილი და უცვლელი დარჩა ხელფასები.

კომენტარები