საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
08 ივნისი, 2022 წულუკიანს მუზეუმის საწყობად გადაქცევა სურს - რას ამბობენ მუზეუმის გათავისუფლებული თანამშრომლები?
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

თეა წულუკიანის კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებიდან უკვე ათობით ადამიანი გაათავისუფლეს. როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, წულუკიანმა ქართული კულტურის ჟანდარმის როლი შეითავსა. დიდი „ბოლშევიკური წმენდა” ჯერ ხელოვნების მუზეუმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შეეხო. შემდეგ კი მინისტრმა მიზანში ეროვნული მუზეუმი ამოიღო. 

არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, მეცნიერები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები - ჯამში ეროვნული მუზეუმიდან 40-ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად „რეორგანიზაცია” და არასაკმარისი კომპეტენცია დასახელდა. თუმცა, იმ პროცესებს, რომლებიც სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში მიმდინარეობს არაფერი აქვს საერთო არც თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენასთან, არც რეორგანიზაციასთან და აგიხსნით რატომ. 

რატომ გახდა მუზეუმის „რეორგანიზაცია” საჭირო?

რას გულისხმობს ზემოაღნიშნული „რეორგანიზაცია,” რატომ გახდა მისი ჩატარება საჭირო? - ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ Enigma ეროვნული მუზეუმის გათავისუფლებულ და ჯერ კიდევ მოქმედ თანამშრომლებს ესაუბრა. როგორც ისინი გვიყვებიან, არც მათთვისაა ცნობილი რას ემსახურებოდა მუზეუმის „რეორგანიზაცია.”

თავად ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკა ახალბედაშვილი, კრიტიკული მედიის ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს (არადა სწორედ ის აწერს ხელს გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს). გასაკვირი არცაა, რადგან წულუკიანის გამინისტრების შემდეგ კულტურის სამინისტრო ყველაზე დახურულ უწყებად იქცა. უწყებიდან თითქმის შეუძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის მიღებაც.

„გასაუბრებამდე ორი თუ სამი კვირით ადრე ხელი მოგვაწერინეს ფარატინა ფურცელზე, სადაც ერთი წინადადებით გვაცნობებდნენ, რომ იქნებოდა რეორგანიზაცია და უნდა გამოვცხადებულიყავით გასაუბრებაზე…ერთადერთი, რაც ჩვენ ვიცოდით, სამინისტრომ ვებგვერდზე გამოდო ცნობა, რომ დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში არსებული 15 სამსახურებრივი ადმინისტრაციული ერთეული დაიყვანეს 5-მდე,” - გვიყვება არქეოლოგი, მეცნიერი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ანა მგელაძე. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც ეროვნული მუზეუმიდან 24 მაისს გაათავისუფლეს.

3 ივნისი, აქცია ეროვნულ მუზეუმთან. მოქალაქეები გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, ხელფასის 100%-ით ზრდას, „რეორგანიზაციის" შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებასა და არქეოლოგებისთვის ნებართვების გაცემას მოითხოვენ. 

 „ჩემი გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ მე ვერ დავაკმაყოფილე რეორგანიზაცია, რომელიც საერთოდ არავინ არ იცის რა არის. არავინ არ იცის რა იყო საფუძველი, რატომ გაკეთდა, საქმის კურსში არ ვიყავით,”- ამბობს წიქარიძე.

24 მაისს მიიღო გათავისუფლების შესახებ ბრძანება ეროვნული მუზეუმის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა და არქეოლოგმა, ნიკოლოზ წიქარიძემაც. 

მაია პატარიძის (ისტორიის დოქტორი, ნუმიზმატი) თქმით, რეორგანიზაცია ჩვეულებრივი ამბავია და გარკვეულ პერიოდში გადახალისება საჭიროა. მაგრამ, მისი შეფასებით, ეროვნულ მუზეუმში ამგვარი არაფერი არ მომხდარა. 

„რაღაც პერიოდში გადახალისება საჭიროა. ეს ხდება პროფესიონალური ნიშნით, ეს ხდება სპეციალური კომისიით, რომელიც სწავლობს ყველას კვალიფიკაციას, კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს და ა.შ. მაგრამ არაფერი ამდაგვარი არ ყოფილა. ადგნენ, მოხვიეს ხელი, ტყუილი ჩაწერეს, რომ კვალიფიკაცია დაგვიწუნეს და გამოგვიშვეს,” - გვიყვება პატარიძე.

ამას გვიდასტურებს ეროვნული მუზეუმის მოქმედი თანამშრომელი და არქეოლოგი ანა სახვაძეც. მისი თქმით, ახლაც არ იციან რას გულისხმობს აღნიშნული „რეორგანიზაცია."

„ეს ხალხიც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოყარეს სამსახურიდან. არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ მათი გათავისუფლების…ჩვენი პროფკავშირების ადვოკატი ითხოვს ინფორმაციას რის საფუძველზე მოხდა ეს, მაგრამ დღემდე არაფერი არ მიუღია არავის," - აღნიშნავს სახვაძე.

გასაუბრება თუ დაკითხვა?

„იმ 12-კაციან გაუგებარ, გაუგებარი პროფესიისა და კვალიფიკაციის ადამიანებისაგან შემდგარ კომისიაში, რომელიც მე იქ შევედი თუ არა ოთახში დამხვდა, მხოლოდ ორი მათგანი იყო ჩემთვის ცნობილი, დანარჩენებს მე არასდროს არ გადავყრივარ და დანარჩენი ადამიანები არც ჩემი სფეროს, არც სამეცნიერო თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ნამდვილად არ ყოფილან,” - ამბობს არქეოლოგი ანა მგელაძე.

ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა ნაწილმა გათავისუფლებამდე „კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილ კომისიასთან” გასაუბრება გაიარა. 

12-კაციან კომისიაში ნიკა ახალბედაშვილი (ახალდანიშნული დირექტორატის წევრი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე) და თეონა ჯაყელი (ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე სამეცნიერო დარგში) შედიოდნენ. დანარჩენი პირები საიდან გაჩნდნენ მუზეუმში და ვინ არიან, მუზეუმის თანამშრომლებისთვის უცნობია.

თუმცა, ანა მგელაძის თქმით, იმ მომენტში ამას დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა, რადგან გასაუბრება წინასწარ განსაზღვრული ხაზით, ერთპიროვნულად, ახალბედაშვილს მიჰყავდა. დანარჩენ 11 ადამიანს კი არც რაიმე ინტერესი და არც კითხვა არ გასჩენია.

როგორც Enigma-სთან საუბრისას მგელაძე აღნიშნავს, მეცნიერებასა და მის პროფესიულ საქმიანობას ნაკლებად ან საერთოდ არ ეხებოდა არც ახალბედაშვილის კითხვები. გასაუბრება კი დაკითხვას უფრო ჰგავდა, ვიდრე გასაუბრებას.

„ვინც შეგვაფასა, მათ ნულოვანი კომპეტენცია გააჩნიათ ჩვენს სფეროში…ისინი მუზეუმის სპეციფიკას არ იცნობენ. წარმოდგენა არ აქვთ რას ნიშნავს იყო მუზეუმის თანამშრომელი და რა არის მუზეუმის კონცეფცია, რადგან პირდაპირ აცხადებენ, რომ თურმე სამეცნიერო კომპონენტი არ სჭირდება მუზეუმს, რაც არის უცოდინრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მუზეუმის სფეროში და მართვის სფეროში...სპეც. სამსახურების მეთოდებით მართავენ კულტურას და არ იმართება ეს კულტურა სპეც. სამსახურებით,” - გვიყვება ნიკოლოზ წიქარიძე (მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე)

museum.ge

რა გახდა გათავისუფლების მიზეზი?

ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა შეფასებით, მათი გათავისუფლებების რეალური მიზეზები სხვადასხვა იყო. ძირითადად, ისინი ყურადღებას განსხვავებული აზრის ქონის გამო დევნაზე ამახვილებენ. თუმცა, ანა მგელაძის თქმით, რა ნიშნით არჩევენ ვინ უნდა დარჩეს მუზეუმში და ვინ არა, ამის გადაჭრით თქმა რთულია - „გეგმაში ყველა ხვდება - დიდი, პატარა, ახალგაზრდა, შუახნის, არ აქვს მნიშვნელობა."

როგორც მგელაძე იხსენებს, გასაუბრებაზე ნიკა ახალბედაშვილმა ჯერ წარდგენა სთხოვა, შემდეგ კი ჰკითხა რატომ იყო აგრესიული და აპირებდა თუ არა ასეთი ფორმით თანამშრომლობის გაგრძელებას.

მგელაძის თქმით, ახალბედაშვილს მხედველობაში ჰქონდა ორი თვის წინ მომხდარი „ინციდენტი," რომელიც მუზეუმის თანამშრომლებსა და ახალბედაშვილს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც 13 სამეცნიერო პროექტი შეაჩერა. მოსვლისთანავე ახალბედაშვილმა 100-მდე თანამშრომელს დაუბლოკა სამეცნიერო კვლევითი გრანტები.

პროექტების შეჩერებას მგელაძე კოლეგებთან ერთად აპროტესტებდა და ,მისი თქმით, სწორედ ეს არ აპატიეს და ამის გამო დასაჯეს. როგორც ანა იხსენებს, მან ახალბედაშვილს ამ „ინციდენტისას" უბრალოდ ჰკითხა, რატომ იქცეოდა ასე და რატომ დაიწყო თავისი კარიერა მათი შეურაცხყოფით. 

„მან რუსთაველის ეროვნულ ფონდს წერილობით მიმართა და სთხოვა შეეჩერებინათ ჩვენთან და მუზეუმთან კონტრაქტების გაფორმება. წარმოიდგინეთ, ახალმოსული დირექტორი, რომელიც მოდის თუ არა იწყებს რეპრესიებს ამ გზით, რაღაც სრულიად აბსურდული, უმნიშვნელო ადმინისტრაციული ხარვეზის გამო, რომლის გამოსწორებაც ძალიან ადვილად შეიძლებოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. იმიტომ, რომ ეს არ გახლდათ მისი მიზანი. საერთოდ მათი მოსვლის მიზანი არასდროს არ გახლდათ კონსტრუქციული, ეს იყო ნგრევა, ნგრევა და ნგრევა,” - აცხადებს მგელაძე. 

მისი თქმით, მოგვიანებით ახალბედაშვილმა თავადაც უთხრა, რომ ზუსტად ამ „დებოშისა” და „აჯანყების” გამო გააგდო - „მითხრა, რომ თუ ეროვნულ მუზეუმში დავბრუნდებოდი, ის მე აუცილებლად მეორეჯერ გამაგდებდა," - იხსენებს ანა. თუმცა, მგელაძის აზრით, ეს მხოლოდ ერთერთი პატარა მიზეზი იყო.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სამსახურიდან გაშვება ბევრად უფრო ადრე გადაწყვეტილი გახლავთ და ეს არ უკავშირდება მარიონეტი ფიგურის გადაწყვეტილებას. ის უკავშირდება პირდაპირ ქალბატონი მინისტრის გადაწყვეტილებას..იმიტომ, რომ ჩემთან ერთად გაშვებულნი იქნენ ჩემი კოლეგები, რომლებიც ჩემგან განსხვავებით ასეთი ტიპის აქტიურობით სულაც არ იყვნენ გამორჩეულები,” - ამბობს პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი. 

მაია პატარიძის აზრით, მისი გათავისუფლების მიზეზიც 13 პროექტთან დაკავშირებული პროტესტი გახდა. ნიკოლოზ წიქარიძე კი გათავისუფლების მიზეზს მის პროფკავშირულ საქმიანობას უკავშირებს. მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირები რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა და მის თავმჯდომარედ სწორედ წიქარიძე დაინიშნა. წიქარიძის თქმით, მისი შექმნა ისედაც იყო დაგეგმილი, თუმცა, კულტურის სამინისტროს მიერ გატარებულმა „აგრესიულმა პოლიტიკამ" ეს პროცესი დააჩქარა. 

„დაიწყეს ადამიანების დაკითხვა და ფეისბუქ პოსტების შემოწმება…ტოტალური კონტროლის დამყარება მოუნდათ…გარდა იმისა, რომ სამსახურებიდან გაგვიშვეს, ფონდებთან წვდომა დაგვიბლოკეს, მუზეუმში აღარ გვიშვებენ... და საბოლოო ჯამში, გათხრების უფლებასაც არ აძლევენ ჩვენს კოლეგებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე უნდა დავანებო არქეოლოგიას თავი ან უნდა გავაგრძელო ბრძოლა და ,ალბათ, უფრო ბრძოლას გავაგრძელებ, ვიდრე დავანებებ თავს იმას, რასაც 20 წელი მივუძღვენი," - ამბობს წიქარიძე. 

ის და მისი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ამ უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა მეთოდს გამოიყენებენ. მათ შორის, მიმართავენ სასამართლოსაც.

რა ბედი ელის ეროვნულ მუზეუმს და რა არის კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების საბოლოო მიზანი?

ეროვნული მუზეუმის მოქმედმა და გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა Enigma-ს ამ შეკითხვებსაც უპასუხეს.

ნინო ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დღეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ნამდვილად საფრთხეშია. მისი შეფასებით, მუზეუმიდან გათავისუფლებული ადამიანებისა და მეცნიერული კვლევის გარეშე კულტურული მემკვიდრეობა არ არსებობს. 

ანა მგელაძის თქმით, ასეთი საკადრო წმენდები და ე.წ. ჩარეცხვები სააკაშვილის დროსაც ჩატარდა, როდესაც მან საგანმანათლებლო სისტემებიდან ბევრი კადრი გაუშვა, ახლა კი შურისძიების დრო დადგა. თუმცა, მგელაძის შეფასებით, პიროვნულ ან პოლიტიკური შურისძიებასაც დიდი ხანია გასცდა ის, რაც დღეს ხდება. 

„საქართველოს ეროვნული მუზეუმი ყოველთვის იყო ქვეყნის სახე. რაც ხდებოდა ქვეყანაში, ის ხდებოდა ჩვენთან. თუმცა, გუნდისა და ენთუზიაზმის წყალობით ყოველთვის ახერხებდა მაინც ოდნავ უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე თავად ქვეყანა. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მინისტრმა სწორედ ეს უკეთესობა ვერ გვაპატია. ვერ ამაღლდა იმ რაღაც პირად, შურისმაძიებელ, ვიწრო ინტერესებზე და ერთი ხელის მოსმით დაანგრია ის, რასაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჰქვია. აი, ეს ერთიანობა, ის გაერთიანებული ეროვნული მუზეუმი, რომელიც ჩვენ ბოლო 15 წელი ვაშენებდით, დღეს აღარ არსებობს," - განაცხადა მგელაძემ. 

ნიკოლოზ წიქარიძისთვის გაუგებარია კულტურის მინისტრი რატომ აზიანებს მათ, საკუთარ თავს, მეცნიერებასა და კულტურას. მისი თქმით, „პოლიტიკური მტრები" სულ სხვაგან არიან და არა მუზეუმში.

„კულტურის დამორჩილება უნდა სრულიად. როგორც განგვიცხადეს, ჩვენ დაუმორჩილებელი მეცნიერები ვართ. მათ მორჩილება სჭირდებათ, მონები სჭირდებათ და არ გამოუვათ. ჩვენ კი გაგვაგდეს, მაგრამ კიდევ დარჩა ხალხი და არც ისინი შეეგუებიან ამას. როგორც ჩანს, მათი სურვილია შექმნან რაღაც ახალი კულტურა, რომელიც პროპაგანდის ფუნქციას შეიძენს და ამით საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან,” - აცხადებს წიქარიძე. 

ეროვნული მუზეუმი

იულონ გაგოშიძე: „როგორც ჩანს, [წულუკიანს] უნდა, რომ მუზეუმი გადააქციოს საწყობად, რომელშიც ხელის ფათური შეეძლება...ამ ქვეყნის მეპატრონე რჩება ერთი კაცი და მისი, ასე ვთქვათ, მონები. და აი, ამისი ნაწილია მუზეუმებიც. წარმატება შეუძლებელია თავისუფალი აზროვნების გარეშე და მაგათ მიზანში ამოღებული აქვთ თავისუფლება."

იულონ გაგოშიძე ამბობს, რომ კულტურის მინისტრს მუზეუმის იმ საწყობად გადაქცევა სურს, რომელშიც ხელის ფათური შეეძლება.

გაგოშიძის თქმით, მუზეუმი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს საგანძურის მცველია. მისი მესაკუთრე კი ქართველი ერი და არა მთავრობა. ამიტომაც, სამუზეუმო საქმიანობაში ასეთი ტიპის ჩარევა დანაშაულია. 

„ორი მსოფლიო ომი და რამდენიმე რევოლუცია გადაიტანა ჩვენმა მუზეუმმა. 150 წელზე მეტი ხნისაა. დავიცავით ეს საგანძური და ახლა მაგას შიგნით უნდა ჩარევა…როგორც ჩანს, მას დაევალა ის, რაც ხდება დანარჩენ საქართველოში - განადგურება…ლიტერატურას რას უშვრება, კინოფილმის აკრძალვაც დაიწყო, ახლა ჩაერიოს მხატვრებმა ასე დახატონ თუ ისე დახატონ? არ შეიძლება, რისთვის არის საჭირო ეგ სამინისტრო? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული მანქანა, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული," - აცხადებს გაგოშიძე (არქეოლოგი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი).

მაია პატარიძის თქმით, რა არის ამ ყოველივეს საბოლოო მიზანი, ამის დადგენა რთულია. თუმცა, ფაქტია, რომ მუზეუმის თანამშრომლები და ფონდები დატოვეს „უპატრონოდ," ყოველგვარი მეცნიერული შესწავლის გარეშე.

„სადამდე წავლენ და საბოლოო მიზანი რა აქვთ, მაგის დადგენა ძალიან რთულია. იმიტომ, რომ ყოველდღე ახალ სიგიჟეს ვისმენთ. აი, მაგალითად, დღეს [3 ივნისს] ქარვასლიდან გაუშვეს ქარვასლის სახე. არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელიც მას არ იცნობს. ყველა გამოფენის კოორდინატორი, კურატორი, პროფესიონალი, ლიკა მამაცაშვილი... ამიტომ, ჩვენ არ ვიცით საბოლოოდ სადამდე მივლენ და რას იზამენ... ფაქტია, რომ გამოშიგნეს მეცნიერებისგან მუზეუმი," - აცხადებს პატარიძე. 

კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, წულუკიანის სახით დღეს ქართული კულტურა ერთგვარი გამოცდის წინაშეა. როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას, ჩვენზეა დამოკიდებული. 

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი ფოტო: Enigma Media / თამარ კოპალიანი
კომენტარები