საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მთავრობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის - რა ხდება? მთავრობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის - რა ხდება?
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

"ქართული ოცნების" მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის, განცხადებით, სარჩელი სასამართლოში 6 ივნისს შეიტანეს.

რატომ ჩივის მთავრობა?

მთავრობის სარჩელი ელჩების დანიშვნის წესს ეხება - მმართველი პარტიის აზრით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, არ დანიშნოს ან გაათავისუფლოს დანიშნული ელჩი თანამდებობიდან.

„საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე", - ნათქვამია მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას - "რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა".

 
მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

დღეს საქართველოს მთავრობამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. საპარლამენტო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს არააღმასრულებელი პრეზიდენტის ინსტიტუტს - კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.

Posted by საქართველოს მთავრობა on Monday, June 6, 2022

 

რა განცხადებები კეთდებოდა ელჩების დანიშვნაზე ამ დრომდე?

მთავრობის განცხადებაში არ არის მოყვანილი ფაქტები, თუ როდის არ დანიშნა სალომე ზურაბიშვილმა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარდგენილი ელჩობის კანდიდატი. თუმცა ცნობილია, რომ მსგავს ბრალდებებს "ქართული ოცნება" პრეზიდენტს 2022 წლის მარტში უყენებდა. 

მაგალითად, 30 მარტს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ 2021 წლის ზაფხულსა და 2022 წლის დასაწყისში სალომე ზურაბიშვილმა 5 ელჩის დანიშვნასა და 1 ელჩის ქვეყნიდან გამოწვევას არ მოაწერა ხელი. მაშინ ირაკლი კობახიძემ ისიც კი თქვა, რომ მმართველ გუნდს "ჭუჭყის გარეთ გამოტანა არ სურდა" და აქამდე პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე ამიტომ არავინ საუბრობდა.

ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ 2021 წლის ივნის-ივლისში პრეზიდენტს სამი ელჩის დანიშვნის თაობაზე გაეგზავნა წარდგინება, თუმცა მას არცერთი ელჩი იმ დრომდე [2022 წლის 30 მარტი] არ დაუნიშნავს. მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა 2022 წელს უარი განცხადა ორი ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევაზე. 

„ამ შემთხვევაში არათუ უპასუხოდ დატოვა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს ნათქვამი. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული ოფიციალური მიმოწერა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის", - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, 2022 წლის 15 მარტს "ქართულმა ოცნებამ" განცხადებაც გაავრცელა - სწორედ ამ განცხადებით დააანონსა მმართველმა გუნდმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანდა სარჩელს. 

 
„არ გვინდოდა ჭუჭყის გამოტანა“ - კობახიძე პრეზიდენტის მიერ ელჩების არდანიშვნაზე

💬 „არ გვინდოდა, ჭუჭყი გამოგვეტანა გარეთ. როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ეს არის ერთგვარი ჭუჭყი...“ - კობახიძე პრეზიდენტის მიერ ელჩების არდანიშვნაზე

Posted by Formula • ფორმულა on Wednesday, March 30, 2022


მმართველი პარტიის ამ განცხადებას უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. 29 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით 12 დიპლომატის დანიშვნის თაობაზე განკარგულებებს მოაწერა ხელი.

„საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება", - ვკითხულობდით ადმინისტრაციის განცხადებაში.

რატომ დაიწყო დავა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის?

ამ მოვლენებამდე კი, 14 მარტს, ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რომელიც ,ფაქტობრივად, მთლიანად შექმნილ საერთაშორისო ვითარებას, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიასა და საქართველოს პოზიციას ეხებოდა. 

თავის მოხსენებაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ (26 თებერვალს) მთავრობამ პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ოფიციალური ვიზიტით წასვლაზე უარი უთხრა. საერთაშორისო საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვისა და ვიზიტების გაუქმების მიუხედავად, ზურაბიშვილი ევროპის ლიდერებს მაინც შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, პირადი კონტაქტების გამოყენებით.

„ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 
ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება

"გაუგებარია, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები, უარი მეთქვა ვიზიტებზე" | ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Monday, March 14, 2022


რატომ არ გაუშვეს პრეზიდენტი ევროპაში? - ღარიბაშვილის თქმით, როცა რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს, მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა იყოს. სწორედ ასე ახსნა ზურაბიშვილისთვის უარის თქმის მიზეზი პრემიერმა.

 
„უნდა იყოს ქვეყანაში" - ღარიბაშვილმა ახსნა, რატომ არ გაუშვეს ზურაბიშვილი ევროპაში

💬 „მაშინ, როცა ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მიმაჩნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში" - ღარიბაშვილი

Posted by Formula • ფორმულა on Tuesday, March 15, 2022


უფრო მეტიც, “ქართული ოცნების” წევრებმა სალომე ზურაბიშვილი იმის გამოც კი გააკრიტიკეს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად შევიდა. ამას მმართველ პარტიაში “რეგლამენტის დარღვევა” უწოდეს.

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ “ქართული ოცნება” იმაზე ალაპარაკდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია ევროპაში ვიზიტების განხორციელებით. მოგვიანებით კი ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებებიც გაკეთდა.

მმართველი პარტია პრეზიდენტს, ფაქტობრივად, იმაში ადანაშაულებდა, რომ ზურაბიშვილი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში უშლიდათ ხელს. ეს კი იმის ფონზე, როცა პრეზიდენტი ქვეყნის პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო, ვინც პუტინის ომის დაწყებისთანავე ევროპასა და აშშ-ში ვიზიტები განახორციელა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მმართველი გუნდის პოზიციას 15 მარტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეხმაურებოდა და ამბობდა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. 

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი, მეტიც, ვალდებულიც კია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. შინაარსობრივი თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოში თუ საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები და ქმედებები არ გასცდენია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს," - ვკითხულობდით IDFI-ის განცხადებაში. 

ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტის გაზრდილი როლი პარლამენტისა და მთავრობის პასიური მოქმედებებით (ასევე, პრობლემური შეფასებებით) იყო გამოწვეული და არა პრეზიდენტის მიერ საკუთარი მანდატის დარღვევით.

იურისტი და “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელი, გურო იმნაძე, აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ შეტანილი სარჩელი “არა"საპარლამენტო მმართველობის" დაცვა, უფრო პრეზიდენტისთვის სამაგიეროს გადახდაა”.

იმნაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ომის დაწყების შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებითა და განცხადებებით ცდილობდა დაეფიქსირებინა საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია. 

„კონსტიტუციური თვალსაზრისით შეიძლება საინტერესო იყოს ეს დავა. თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" ამ საკითხზე პოლემიკა ზუსტად მაშინ დაიწყო, როცა უკრაინის ომის საწყის ეტაპზე, მთავრობის გაუგებარი პოზიციონირების ფონზე, პრეზიდენტი ცდილობდა უკრაინისთვის ღია მხარდაჭერის გამოცხადებას და ჩვენი ქვეყნის პროდასავლური კურსის საჯაროდ დაფიქსირებას”, - წერს გურო იმნაძე Facebook-ზე.

კომენტარები