საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
10 ივნისი, 2022 EU-ს კანდიდატობამდე მიღებული რეზოლუცია, რომელსაც "ქართული ოცნებისთვის" ჩალის ფასი აქვს - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

9 ივნისს ევროპარლამენტმა „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ" რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციის ტექსტის საკუთარი ვერსია ექვსმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოამზადა. საბოლოოდ კი საერთო ტექსტზე ხუთი პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა. მას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ 218 წავიდა. 

რა წერია რეზოლუციაში? - მოკლედ

ევროპარლამენტი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მედიაგარემოსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვნად გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავს. რეზოლუცია გმობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ძალადობისა და დევნის შემთხვევების ზრდას. მასში კრიტიკულადაა შეფასებული „მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას, დაპატიმრება და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები.

რეზოლუციის ავტორები საქართველოს მთავრობას ქმედითი გამოძიების ჩატარებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრული იმპლემენტაციისკენ მოუწოდებენ. მედიის თავისუფლებაში ჩარევისა და მედიამფლობელთა წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან კი თავის შეკავებას ურჩევენ.

„ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმების მიუხედავად," ტექსტში დადებითადაა შეფასებული მედიის დაცვაში სახალხო დამცველის როლი.

„გამოხატავს შეშფოთებას დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ასრულებს ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და კონტროლის იმ დონეზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად არის შეშფოთებული ივანიშვილის გამოაშკარავებული პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით," - ვკითხულობთ რეზოლუციაში. 

რეზოლუციაში ნახსენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტიც. ტექსტის ავტორები ციხიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული საფუძვლით გათავისუფლებას ითხოვენ, რათა  საზღვარგარეთ მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. 

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს „ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე," რომელსაც ის საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს. საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს კი  მოუწოდებს ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ (ეს ჩანაწერი რეზოლუციის პროექტს გუშინ დაემატა).

და ბოლოს, ევროპარლამენტის შეფასებით, ქართველი ხალხის „ლეგიტიმური სწრაფვა იმსახურებს ხორცშესხმას" და EU-ს ინსტიტუტებს მოუწოდებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმუშაონ.  

„ეს უნდა მოხდეს დამსახურების საფუძველზე და შემდეგი პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს," - ნათქვამია რეზოლუციაში. 

"ჩალის ფასი აქვს" - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"? 

„ევროპარლამენტის რეზოლუცია ძირითადად აგებულია 5 ივლისის მოვლენების აღწერაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დაგმო ძალადობა ჟურნალისტებზე, რომელიც იყო სრულიად უპრეცედენტო მოვლენა დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში. 2004-12 წლებში ხელისუფლება ძალადობდა ამ ფორმით ჟურნალისტებზე, თუმცა, რიგითი მოქალაქეების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დაფიქსირებულა," - ამტკიცებს კობახიძე. 

რეზოლუციის მიღებისთანავე „ქართულ ოცნებაში” ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართა. მმართველი გუნდის თავმჯდომარის მტკიცებით, 2012 წლიდან „კრიმინალების დასაცავად და მათ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად კამპანია წარმოებს.” მისი თქმით, სწორედ ამ „კამპანიამ” მიაღწია ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე და ევროპარლამენტი „ფეიკის" მსხვერპლი გახდა. 

კობახიძის თქმით, უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ კონკრეტული პირები ახერხებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში „უხეში ფაქტობრივი უზუსტობები” და „ტყუილები” შეაპარონ.

 
ირაკლი კობახიძის განცხადება

🔹 უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. „ფეიკის“ მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება 🔹 რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება 🔹 რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი 🔹 როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია 🔹 საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დაგმო ძალადობა ჟურნალისტებზე, რომელიც იყო სრულიად უპრეცედენტო მოვლენა დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში. 🔹 2004-12 წლებში ხელისუფლება ძალადობდა ამ ფორმით ჟურნალისტებზე, თუმცა, ადამიანების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დაფიქსირებულა 🔹 სამწუხაროდ, რეზოლუციაში არ არის განმარტებული, რომ გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე, რის შედეგადაც 31 ადამიანი იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, რაც, არ გვგონია, რეზოლუციის მხოლოდ ტექნიკური ნაკლოვანება იყოს 🔹 5 ივლისის თემაზე რეზოლუციაში ვკითხულობთ კიდევ ერთ მცდარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, 5 ივლისის შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებამდე ამგვარი ფაქტების გადამოწმება არ ხდება 🔹 გამაოგნებელია, როდესაც ევროპარლამენტი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში იმ ადამიანების განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს, რომლებმაც საქართველოში მედიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელეს 🔹 სიცრუისა და სიძულვილის ყოველდღიური ტირაჟირებითა და მედიაში დამკვიდრებული ბილწსიტყვაობით, ეს ადამიანები დღემდე ფეხქვეშ თელავენ ყველაფერ ღირებულს, რასაც თავისუფალი მედია, როგორც საზოგადოების ინტერესების სამსახურში მყოფი დემოკრატიული ინსტიტუტი, განასახიერებს 🔹 პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს

Posted by ქართული ოცნება / Georgian Dream on Thursday, June 9, 2022

„რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების - სააკაშვილისა და გვარამიას - გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკისგან სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს," - განაცხადა კობახიძემ. 

მამუკა მდინარაძის აზრით, 10-ზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნა სურს. ამის შესახებ მდინარაძემ 8 ივნისს ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა. 

„არსებობენ ადამიანები, საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რომლებიც მუშაობენ გეგმაზე, რომელიც მეორე ფრონტის გახსნაზე მიდის. ეს არის მათი გენერალური ინტერესი და სამწუხაროდ, ამის განხორციელებაში ჩართულია 10-ზე მეტი ევროპელი კოლეგა..." - ამტკიცებს მდინარაძე. 

დიმიტრი ხუნდაძე კი აცხადებს, რომ გუშინდელი დღე ქართველი ხალხისთვის „შეურაცხმყოფელი იყო და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს."

"მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ქართული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მუშაობის შესახებ ევროპაში, გუშინდელმა ევროპარლამენტის რეზოლუციამ ყველა ზღვარს გადააბიჯა...სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!..გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა. რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?!" - განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა IPN-თან.

რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, ხუნდაძის განცხადებით, „თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას."

რას ამბობენ ევროპარლამენტარები?

რეზოლუციის მიღებამდე საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებზე 8 ივნისს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. დებატებისას ევროპარლამენტარები ყურადღებას 5 ივლისის მოვლენებზე, მედიამფლობელთა პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებსა და დემოკრატიის უკუსვლაზე ამახვილებდნენ. 

ლექსმანი: „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ”

lexmann.eu

დებატები ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის (ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი) გამოსვლით დაიწყო. ლექსმანის თქმით, საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მსურველმა და ასოცირებულმა ქვეყანამ, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს. 

თუმცა, ლექსმანმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვას უყურებენ, რაც დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის ნაწილია. 

„ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს სამართლებრივი ნორმები გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. ასევე, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის შესაბამისი რეფორმების გატარება, რათა შეწყდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და დემოკრატიის უკუსვლა,” - ამბობს ევროპარლამენტარი. 

სწორედ მან აღნიშნა გამოსვლისას, რომ საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესება ქვეყნის „პოლიტიკასა და ეკონომიკაში მისი დესტრუქციული როლისთვის.”

„და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს,  ჩვენ მშვიდად არ ვუყურებთ როგორ სუსტდება მედია თავისუფლება საქართველოში და როგორ მიდის დემოკრატია უკან, ეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით,” - განაცხადა ლექსმანმა. 

„ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება” - მიკსერი

ევროპარლამენტარ სვენ მიკსერის შეფასებით, მყარი სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, საქართველოში მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.

მიკსერის თქმით, ამის გამოხატულება იყო გასულ წელს ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ „პრაიდის” მონაწილეებისა და ჟურნალისტებზე ძალადობა. ახლა კი ამის ილუსტრირება მოხდა ნიკა გვარამიას მიმართ „საეჭვო ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენით."

„საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქცევა იმედგამაცრუებელია ბევრი მიმართულებით. მჯერა, რომ ასეთ სიტუაციაში ქართველი მმართველების მიმართ უფრო მტკიცე და მომთხოვნი ხაზი უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ გაიგონ: სწორედ მათ უნდა იმოქმედონ, როცა საქმე საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ეხება,” - განაცხადა მიკსერმა (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი წევრმა).

აუსტრევიჩუსი: „მედიაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის”

ლიტვის რესპუბლიკის ლიბერალური მოძრაობის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსიმ განაცხადა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს EU-ს კანდიდატობის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, მისი თქმით, კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, მათი ღიად დაშინება და დევნა, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, საქართველოს ამ ამბიციისგან აშორებს. 

„მედიაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის. თუ აქამდე ევროპარლამენტი გულუბრყვილოდ იმედოვნებდა საქართველოს მთავრობის მიერ კეთილი ნების გამოჩენას, ჩვენ ახლა მოვითხოვთ ცვლილებებს სახელმწიფოს პოლიტიკასა და დამოკიდებულებებში. დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი," - განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

“მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მსხვერპლია” - კუბილიუსი

ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს მათი ოჯახის ნაწილი, მაგრამ ამისთვის მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არაა. საჭიროა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს დემოკრატიის, მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით არსებული მოთხოვნები, რაც უპირველეს ყოვლისა, მმართველი პარტიის ქმედებებით განისაზღვრება.

„სწორედ ამ ნაწილში იწყება ჩვენი წუხილი. მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს მთავრობის მოქმედი და ჩრდილოვანი ლიდერების პოლიტიკის მსხვერპლი, რომლებიც საქართველოში სამართლის პოლიტიზებას ცდილობენ. რაც სრულიად მიუღებელია - ეს არის, რასაც რეზოლუცია ამბობს ძალიან ნათლად,” - განაცხადა კუბილიუსმა.

ფოტიგა - „მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს"

„მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას,” - ამის შესახებ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ანა ფოტიგამ განაცხადა. 

მისი თქმით, EU-ში ინტეგრაცია ქართველი ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და ამაში წვლილი საქართველოს ბევრმა მთავრობამ თუ პოლიტიკურმა ელიტამ შეიტანა. „მათგან ყველაზე გამორჩეული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ახლა ციხეში ზის," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ფოტიგამ ტელეკომპანია „მთავარი არხის" დირექტორზეც ისაუბრა.

„მათ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მოგვმართეს, რომ მიუხედავად ამჟამინდელ ხელისუფლებისადმი მათი კრიტიკისა, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობასა და ისტორიულ საფრთხეს მათი ქვეყნისთვის და გვთხოვეს, რომ მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რათა არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოურ ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით“, - აღნიშნა ფოტიგამ. 

გრეგოროვა საქართველოს მთავრობას: „ჩვენ გვსურს თქვენი მოქალაქეების სურვილების შესრულება. თქვენ გსურთ?"

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვას შეფასებით, ქართულ მედიაში მძიმე ვითარებაა: ჟურნალისტებზე უპრეცედენტო რაოდენობის თავდასხმები ხორციელდება, სახეზეა მათი დაშინება, მუქარა, დევნა. მედიის მფლობელებისა და წარმომადგენლების მიმართ ბევრი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული...მთავრობა და პოლიტიკოსები კი „დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენს" არ იცავენ.

„შევახსენებ საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთი ევროპული მისწრაფებების თაობაზე სურვილებს. ეს მოიცავს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ძირითად თავისუფლებებს, მათ შორის თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას. კანდიდატის სტატუსი არ არის ცალმხრივი გარიგება. ჩვენ გვსურს თქვენი მოქალაქეების სურვილების შესრულება. თქვენ გსურთ? თუ კი, მაშინ სტანდარტები უნდა დაიცვათ!“ - განაცხადა გრეგოროვამ.

„მიიღეთ დღევანდელი დისკუსია, როგორც ბოლო გაფრთხილება" -  კალიურანდი

მარინა კალიურანდის შეფასებით, ქვეყანამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლიდერი იყო აღმოსავლელ პარტნიორებს შორის, ბოლო დროს ტემპი და დემოკრატიული რეფორმების მიმართ მტკიცე ერთგულება დაკარგა.

„მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან – მიიღეთ დღევანდელი დისკუსია, როგორც ბოლო გაფრთხილება. გვერდზე გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყეთ ერთად მუშაობა იმ დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლებიც ასე საჭიროა სა ქართველოში. შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ ღიაა. სწორედ ამას ელის ქართველი ხალხი თქვენგან," - განაცხადა კალიურანდიმ. 

დებატების დასასრულს სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისიც. მან იმედოვნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიულ მომენტს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის გამოიყენებს. 

„რა შედეგებს აჩვენებს ხელისუფლება ამ კუთხით, გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის ნებისმიერი მომდევნო ევროპული საშვის მისაღებად," - აღნიშნა დომბროვსკისმა.

კომენტარები