საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
14 ივნისი, 2022 ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - რას მივიღებთ ან დავკარგავთ? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

2022 წელს რუსული აგრესიის ფონზე საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროპის კარი მოულოდნელად და ისე ფართოდ გაიღო, როგორც არასდროს. ეს ზოგიერთი ქვეყნისთვის მეტად მოხდა,ზოგისთვის კი ნაკლებად. ამ ყველაფერს კი ერთი მიზეზი აქვს - რამდენად დიდია თითოეული მთავრობის სურვილი რეალურად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

საქართველოს მთავრობა თავდაპირველი განცხადებებით კიდევ 2 წელი ლოდინსა და ამ შანსის ხელიდან გაშვებას აპირებდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 1 მარტს  ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სულაც არ აპირებდნენ განაცხადის ახლა შეტანას. 

კობახიძის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან „წინასწარი კონსულტაციებისას“, პარტნიორებმა უთხრეს, რომ ასეთი შეთავაზება საქართველოსა და მოლდოვის მიმართ „არ არის რელევანტური“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თავად უკრაინასაც „მრავალი წელი დასჭირდება“.

„არსებობს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ვიდრე არ შესრულდება ყველა ვალდებულება, მანამდე ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი“, – დასძინა მანვე.

 

როდის შევავსეთ განაცხდი - რა იყო მისი წინა პირობა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის 28 თებერვალს, კიევის დაბომბვის პარალელურად, ევროკავშირში უკრაინის წევრობის სტატუსის შესახებ განაცხადს ხელი დაჩქარებული წესით მოაწერა. ევროპულმა პარლამენტმა მას რეკომენდაცია მეორე დღესვე გაუწია. 

3 მარტს მას მოყვა მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადები. 

"ჩვენ იმედი გვაქვს ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მოლდოვის მიმართ კარგებიც იყვნენ და ცუდებიც. ჩვენი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების აღსრულებით ევროკავშირი მთელ მსოფლიოს დაანახებს, თუ რამდენად დიდია დემოკრატიისა და თავისუფლების ძალა". – ნათქვამია მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებაში

განაცხადები სამივე ქვეყანამ სხვადასხვანაირ გარემოში შეავსო. უკრაინის პრეზიდენტმა ის ბომბსაფარში, პირდაპირ ეთერში, თავისი გუნდის წევრებთან ერთად შეავსო. 

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც მსგავსად მოიქცა და განაცხადს ხელი პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საზეიმო ვითარებაში მოაწერა. 

ყველაზე "გამორჩეული" მათში საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მან ქვეყნისთვის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელი სრულიად მარტომ, საკუთარ კაბინეტში მყოფმა მოაწერა. ღარიბაშვილმა პირდაპირ ეთერს წინასწარჩაწერილი ვიდეომიმართვა არჩია და ასე გაგვაგებინა, რომ დოკუმენტს თურმე ხელი მოაწერა. 

უცხოელი ლიდერებისგან განსხვავებით, საქართველოს პრემიერმინისტრს გვერდით არ ედგნენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი.

 

ამის შემდეგ საზოგადოებაში იყო ბევრი განხილვა და კრიტიკა. ზოგი ხუმრობდა და ეჭვქვეშ აყენებდა ნამდვილად მოაწერა თუ არა ხელი ღარიბაშვილმა დოკუმენტს. საბოლოოდ “ასოცირებულ ტრიოს” ევროკავშირმა კითხვარები გამოგვიგზავნა.

როდის მოვიდა კითხვარები

ზელენსკის ევროკავშირის კანდიდატობის წევრობის დოკუმენტი პირადად ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, 8 აპრილს გადასცა.

"ეს არის კითხვები, რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდება შეფასება, როგორც რეკომენდაცია საბჭოსადმი. ჩვენ მზად ვართ, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში დაგეხმაროთ ამ კითხვარის შევსებაში“, – განუცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა."

ჩვენ და მოლდოვამ კი კითხვარები ერთად 11 აპრილს მივიღეთ. საქართველოს მთავრობის მხრიდან კითხვარის შევსება სულაც არ ყოფილა სწრაფი პროცესი. როგორც მმართველი გუნდი განმარტავდა, ისინი კითხვარს "ხარისხიანად" ავსებდნენ, ამიტომ სჭირდებოდათ დიდი დრო.

“რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო უფრო ადრეც ამის გაკეთება, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ვადა აქვს ევროკავშირს მოცემული, გვინდა, რომ მაქსიმალური დრო დავუთმოთ და მაქსიმალურად ხარისხიანი დოკუმენტი წარვადგინოთ“, – განაცხადა კობახიძემ

 

როდის იქნება კითხვარების პასუხები

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის საბოლოო პასუხს ივნისის ბოლოს გავიგებთ. მაშინ, როცა  ჩვენი შევსებული კითხვარების საფუძველზე ჩამოყალიბებულ შეფასებებს ევროკომისია 24-25 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს წარუდგენს. 

რას ნიშნავს კანდიდატი წევრის სტატუსი? 

მარტივად რომ ვთქვათ, კანდიდატის წევრის სტატუსი ევროკავშირში შესვლის გზაზე პირველი ნაბიჯია. 

კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ იძლევა ევროკავშირში გაწევრიანების ავტომატურ გარანტიას. კომისია განაცხადს გაწევრიანების კრიტერიუმების გათვალისწინებით განიხილავს, ხოლო პროცესი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით იწყება.

მაგალითად, სერბეთს 10, მონტენეგროს კი 12 წელია, რაც კანდიდატის სტატუსი აქვთ, მაგრამ წევრები არ არიან. ასევეა ალბანეთი - 8 წელი, ჩრდილოეთ მაკედონია - 17 წელი, თურქეთს კი კანდიდატის წევრის სტატუსი 23 წელია აქვს.

ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი 1999 წელს მიიღო. ერთერთი მთავარი მიზეზი, რატომაც თურქეთი ამ დრომდე არაა ევროკავშირის წევრი, ანკარას დემოკრატიული კრიზისია.

თურქეთში მთელი ძალაუფლება მის ამჟამინდელ ლიდერ რეჯეპ თაიფ ერდოღანის ხელშია. მუსტაფა ქემალ ათათურქის შემდეგ ამხელა ძალაუფლება არც ერთ თურქ ლიდერს არ ჰქონია.

თურქეთი რჩება იქ, სადაც იყო, ადამიანის უფლებებში და მსგავს საკითხებში ევროკავშირის სტანდარტებს ვერ ან არ ერგება. 

კანდიდატ ქვეყანას შეიძლება მოეთხოვოს რეფორმების პროცესის დანერგვა, რათა მისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს და საჭიროების შემთხვევაში გააძლიეროს ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაცია. 

ევროკავშირის უახლესი წევრები ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია არიან. ბულგარეთმა და რუმინეთმა წევრობის განაცხადი 1995 წელს შეავსეს. ხელშეკრულებას ხელი 2005 წელს მოაწერეს, ევროკავშირს კი 2007 წლიდან შეუერთდნენ. რაც შეეხება ხორვატიას, მან წევრობის განაცხადი 2003 წელს გააკეთა და ევროკავშირში 2013 წელს შევიდა.

ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია, რომ კავშირის მიერ საქართველო აღიქმებოდეს კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმებთან დიდწილად შესაბამისობაში მყოფ ქვეყნად.

რას გულისხმობს კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმები?

1993 წელს კოპენჰაგენის ევროპულმა საბჭომ დაადგინა ქვეყნის ევროკავშირში წევრად მიღების სამი - პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული კრიტერიუმი. სწორედ მათ უწოდენებენ კოპენჰაგენის პოლიტიკურ კრიტერიუმებს. ესენია:

  • პოლიტიკური კრიტერიუმი - მოიცავს საჯარო ინსტიტუტების სტაბილურობას (პარლამენტი, მთავრობა, საჯარო ადმინისტრირება, სასამართლო სისტემა, ანტიკორუფციული პოლიტიკა), რომლებიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და უმცირესობების დაცვა-პატივისცემას.
  • ეკონომიკური კრიტერიუმი - მოიაზრებს ქვეყანაში სტაბილური საბაზრო ეკონომიკის არსებობას, ევროზონაში გაწევრიანების მზაობასა და ევროკავშირის კონკურენტული ეკონომიკური წნეხის გამკლავების უნარს.
  • ინსტიტუციური კრიტერიუმი - გულისხმობს ქვეყნის უნარსა და ერთგულებას, ეფექტიანად შეასრულოს ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესები, სტანდარტები და პოლიტიკა

რა ეტაპებია გასავლელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში

1. ევროსაბჭოში წევრობის განაცხადის შეტანა

როცა ქვეყანა წევრობის განაცხადს გააკეთებს, როგორც ეს ჩვენ ვქენით, ევროპული საბჭო ევროკომისიას მიმართავს, რათა მოამზადოს ანგარიში, რომლითაც გამოჩნდება ვართ თუ არა მზად მოლაპარაკებების დაწყებისთვის.

ამის შემდეგ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, წევრობის მსურველ ქვეყანასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამისათვის 27-ვე სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. თუ ერთი მაინც იქნება წინააღმდეგი, მოლაპარაკებები ვერ დაიწყება.

2. მოლაპარაკებები

მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ ევროკომისია წევრობის კანდიდატი ქვეყნის კანონმდებლობის დაწვრილებით გამოკვლევას იწყებს, რათა დაინახოს, რამდენად შეესაბამება ის ევროკავშირის კანონმდებლობას.

მოლაპარაკებები ევროკავშირის მინისტრებს/ელჩებსა და კანდიდატ ქვეყანას შორის ერთაშორისი კონფერენციების ფორმატით ტარდება. მოლაპარაკებების პროცესი ასევე მოიცავს ამ პირობების დანერგვისა და განხორციელების პროცესის მუდმივ შემოწმებას.

3. წევრი სახელმწიფო

როცა ევროკავშირის უკლებლივ ყველა წევრი თანხმდება, რომ ქვეყანა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, კომისია წერს ანგარიშს, სადაც ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის მზადაა. 

საბოლოოდ, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა და წევრობის კანდიდატი ქვეყანა ხელს აწერს და ამტკიცებს წევრობის ხელშეკრულებას, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების ზუსტი თარიღია მითითებული.

რა მოხდება თუ სტატუსს მივიღებთ?

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი NATO & EU Info Center-თან ამბობს, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ქვეყანას ახალი შესაძლებლობები ეხსნება.

კერძოდ, დავით ბუჯიაშვილის თქმით, ქვეყანა ერთვება ახალი დიალოგის ფორმატებში, ექნება წვდომა ახალ ფონდებთან, დახმარების ახალ პაკეტებთან. ამ ინსტრუმენტებით კი ორგანიზაცია ქვეყანას მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ გაწევრიანდეს.

კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ საქართველოს ვალდებულებები ექნება ჩვენი კანონები ევროკავშირს შეუსაბამოს. ეს ნიშნავს, რომ უნდა გვყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო, არჩევნები ჩატარდეს გამჭირვალედ, მთელი რიგი სტრუქტურები უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ზეწოლისაგან.

სტატუსის მიღების შემთხვევაში, საქართველოს წვდომა გაუჩნდება ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე, რაც  გაზრდის ევროკავშირიდან წამოსულ დაფინანსებას. 

რაც ყველაზე მთავარია, კანდიდატის სტატუსი მთელი მსოფლიოსთვის არის სიგნალი, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. ჩვენთვის კი ეს იქნება შანსი, რომ ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს.

რა იქნება თუ სტატუსს ვერ მივიღებთ?

უახლოეს დღეებში გავიგებთ, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მატარებელი.

იმ დროს როცა ყველა ოპტიმისტურად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მოდი განვიხილოთ მეორე ასევე რეალური ვარიანტი. რა იქნება თუ ვერ მივიღებთ მას?

თუ საქართველო ამ დღეებში ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუს ვერ მიიღებს, ეს მმართველი პარტიისთვის ანტიდასავლური განცხადებების კიდევ ერთ მიზეზად იქცევა, ოპოზიციისთვის კი გახდება საბაბად რომ ოცნება გააკრიტიკოს. თუ სტატუსს ვერ მივიღებთ დაიწყება პროპაგანდის ახალი ტალღა, რომელსაც სკეპტიკოსები, რა თქმა უნდა, აიტაცებენ. თუმცა რეალობა სხვაა. დასავლეთს რომ ჩვენთან თანამშრომლობა არ უნდოდეს არც კითხვარს გამოგვიგზავნიდა, არც შეგვავსებინებდა, არც გრანტებს მოგვცემდა და არც შარლ მიშელი ჩამოვიდოდა საქართველოში ამდენჯერ და სიტუაციის დალაგებას შეეცდებოდა.

ამის ფონზე კი საქართველოს მმართველი რგოლები დღემდე ანტიდასავლურ განაცხადებებს აკეთებენ. მაგალითად გავიხსენოთ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოს გაკეთებული განცხადება

ჩემთვის მთავარია, რომ დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხის, რომლის 80 პროცენტი მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების - ეს არის აღმაშფოთებელი. მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების მიმართ. სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის დამოკიდებულება გავიგო, რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხის და ქვეყნის მიმართ. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ..." - თქვა მან.

 
ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა 9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე. "ეს არის აღმაშფოთებელი იმიტომ, რომ მათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მიმართ სრული უპასუხისმგებლობა აჩვენეს. "

Posted by რადიო თავისუფლება on Saturday, June 11, 2022

 

2 დღის წინ, 12  ივნისს ირაკლი კობახიძემაც კიდევ ერთი ანტიდასავლური განცხადება გაავრცელა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე "გადაწყვეტილება იქნება უსამართლო", ეს მათი მხრიდან "მძიმე რეაქციას" გამოიწვევს.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, ჩვენ გვაქვს რწმენა იმისა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, აქედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ეს გამოიწვევს ჩვენი მხრიდან მძიმე რეაქციას.

მსოფლიოს მაშტაბით ეს ნიშნავს იმას რომ მთავრობა სწორად არ მუშაობს. და საქართველომ დასავლეთთან დიპლომატიური უერთიერთობები მიატოვა. დასავლეთთან კარგი ურთიერთობისთვის საწიროა დიპლომატია და ჩვენ რომ დიპლომატია არ გვივარგა გამოჩნდა უკრაინასრან მიმართებაშიც. ჩვენი არასებული ან ძალლიან არასწორი დიპლომატიით გამოჩნდა, რომ პრაქტიკულად ზურგი ვაქციეთ უკრაინას. 

გამოდის რომ, საქართველოს მთავრობაა ის ვინც ამდენი ხნის მანძილზე და საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს ევროკავშირს აკრიტიკებს და ზურგს აქცევს. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ ეს მმართველი გუნდის ბრალი იქნება?!  

უარის შემთხვევაში, ევროკავშირის კარი სამუდამოდ ნამდვილად არ დაგვეკეტება. კანდიდატის წევრობის განაცხადის შეტანა 2 წელში 2024 წელს შეგვეძლება. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, თუ საქართველო ახალ არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, რადგან რეფორმების გატარებას პოლიტიკური ნება სჭირდება. ეს კი იმ ფონზე, როცა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები დასავლური ქვეყნების მხრიდან კრიტიკის ობიექტი ხდება და ხშირად გვესმის, რომ ქვეყანა უფროდაუფრო შორდება ევროპულ ღირებულებებს.

სტატუსის ვერმიღებით საქართველო ასევე ვერ გადავა დაფინანსების ახალ ეტაპზე. ახალი სტატუსიდან გამომდინარე, ქვეყანას აქვს შანსი, გადავიდეს დაფინანსების სხვა ნაწილში (IPA), რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანა მოემზადოს მოლაპარაკებების ეტაპის დასაწყებად.   

გაწევრიანების წინასწარი დახმარების ინსტრუმენტი (IPA) არის საშუალება, რომლითაც ევროკავშირი 2007 წლიდან ფინანსური და ტექნიკური დახმარებით მხარს უჭერს რეფორმებს გაფართოების პროცესისთვის. 

მთავარი ფოტო: carnegieendowment
კომენტარები