საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
21 ივნისი, 2022 რით ჰგვანან იანუკოვიჩი და “ქართული ოცნება” ერთმანეთს? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

უკრაინამ და საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის განვითარების ერთნაირი ვექტორები აირჩიეს - ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია. მას შემდეგ ორი ქვეყნის ისტორიაში ბევრჯერ განვითარებულა მოვლენები მსგავსი სცენარებით. 

ერთერთი ასეთი სცენარი ახლა ვითარდება - ამჟამად საქართველოში მიმდინარე მოვლენები ბევრისთვის ჰგავს უკრაინაში 2013 წელს განვითარებულს. 

პროდასავლური განცხადებები 

„ევროკავშირში გაწევრება სჭირდებათ არა მაღალჩინოსნებსა თუ ოპოზიციას, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს; სჭირდებათ იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს და გაუმჯობესდეს ცხოვრების დონე" - ასეთ განცხადებებს აკეთებდა ვიქტორ იანუკოვიჩი 2013 წლის სექტემბერში.

გახსენებთ ვინმეს რიტორიკას? - ცხადია, გვახსენებს. "ქართული ოცნება" მმართველობის მეათე წელსაც გვიმტკიცებს, რომ ევროპული ღირებულებები მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რომ ქვეყანა ახლა ყველაზე ახლოს დგას ევროკავშირთან. უფრო მეტიც, ღარიბაშვილისა და იანუკოვიჩის განცხადებებიც კი, ფაქტობრივად, ერთნაირი იყო.

„ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია", - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. 

რიტორიკის შეცვლა და ანტიდასავლური გამოსვლები

იდენტურია პრორუსი იანუკოვიჩისა და “ქართული ოცნების” ლექსიკა კიდევ ერთ ეტაპზე - მაშინდელი უკრაინელი მმართველი ელიტა და ივანიშვილის გუნდი ევროკავშირის წამოყენებულ წინაპირობებს “დამამცირებელს” უწოდებენ და გაურკვეველ “ღირსების შელახვაზე” საუბრობენ.

მაგალითად, 2013 წელს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე რამდენიმე დღის ადრე ვიქტორ იანუკოვიჩი ამბობდა, რომ ევროკავშირის მიერ წაყენებული პირობები უკრაინისთვის "დამამცირებელი" იყო. საუბარი მაშინ ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 610-მილიონიან დახმარებას ეხებოდა, რომლის პირობებიც იანუკოვიჩისთვის “მიუღებელი” იყო.

„ჩვენ ასე არ უნდა დაგვამცირონ. ჩვენ სერიოზული ქვეყანა ვართ, ევროპული ქვეყანა" - აცხადებდა ის.

ახლა კი გავიხსენოთ სულ რამდენიმე დღის წინ პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება. მისი მტკიცებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი სიმბოლური დატვირთვისაა. ის უფრო შორსაც წავიდა და თქვა, რომ “თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო… ყველაფერს ფარდას ახდის”. 

საინტერესო იყო “ქართული ოცნების” ერთ დროს აჯანყებული დეპუტატის და პარლამენტის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის, განცხადებაც. IPN-თან ინტერვიუში პარლამენტარმა თქვა, რომ “თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა" და “სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ". 

წინამორბედების დაპატიმრება და დაპირისპირება დასავლეთთან

"ქართული ოცნებისა" და იანუკოვიჩის მმართველობის კიდევ ერთი მსგავსება წინამორბედი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაპატიმრებაა.

საკითხი, რამაც იანუკოვიჩსა და დასავლეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა, ყოფილი პრემიერის დაპატიმრება იყო - იულია ტიმოშენკო, ფაქტობრივად, მთელმა დასავლურმა ელიტამ აღიარა პოლიტპატიმრად. 

2010 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იანუკოვიჩმა მთავარი მოწინააღმდეგე და ოპოზიციონერი დააპატიმრა. ტიმოშენკოს ბრალად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და საბიუჯეტო ფინანსების გაფლანგვა ედებოდა. მას შვიდწლიანი პატიმრობა და 188-მილიონიანი გირაოს გადახდაც დაეკისრა.

ევროპულმა ადამიანის უფლებათა სასამართლომ ტიმოშენკოს დაპატიმრებასა და მსჯავრს "დაუსაბუთებელი და უკანონო" უწოდა. ოპოზიციონერი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 2014 წლის დასაწყისში იანუკოვიჩი ევრომაიდნის მოვლენებით გადააგდეს.

სამართლებრივი დევნის პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაზე მიანიშნებენ ჩვენი პარტნიორები მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებში. ყოფილი პრეზიდენტისა და ქვეყანაში ყველაზე მაღალრეიტინგული ოპოზიციური მედიის გენერალური დირექტორის დაპატიმრებით "ქართულმა ოცნებამ" დასავლეთის კრიტიკა დაიმსახურა.

ფოტო: მთავარი არხი

საქმეები მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც უწყებამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მონიჭებაზე გამოაქვეყნა. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს „ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე," რომელსაც ის საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს. საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს კი  მოუწოდებს ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ. 

მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია არ არიან პირველები, ვინც დასავლეთში პოლიტპატიმრებად აღიარეს ან ვის საქმეში პოლიტიკური ინტერესები დაინახეს. ევროპაში პოლიტიკურ მდგენელზე საუბრობდნენ ისეთ საქმეებში, როგორიცაა "ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სისხლისსამართლებრივი დევნა, გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და  ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობა.

ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან ეტაპზე ანტიდასავლური რიტორიკა

უკრაინის ღიად პრორუს პრეზიდენტს ვილნიუსის სამიტზე 2013 წლის ნოემბრის ბოლოს ასოცირების ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი, თუმცა უკრაინელი ხალხის ნება არ გაითვალისწინა - ევროკავშირზე უარი, ფაქტობრივად, რუსეთის გამო თქვა. მაშინ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ დათმობდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს. ამაზე პასუხად კი იანუკოვიჩმა ევრომაიდანზე მასშტაბური გამოსვლები მიიღო. საბოლოოდ კი მისი მმართველობა სწორედ ევრომაიდნის გამოსვლებმა დაასრულა.

"ქართული ოცნება" რომ ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან ეტაპზე პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებს, ეს, ფაქტობრივად, აშშ-ის ელჩმაც დაადასტურა. მმართველი პარტია გვიმტკიცებს, რომ საქართველო უფრო მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა და თუკი ქვეყანა ამ ეტაპზე ვერ გადავა, ამას "რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნად" ნათლავენ. 

კელი დეგნანმა ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვს "მეორე ფრონტის გახსნას" და ეს "რუსული დეზინფორმაციაა".

„100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს. ევროკავშირი და ნატო დგას მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე. თქვენ შეგიძლიათ ამის ნახვა ნებისმიერ ქვეყანაში: სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა, რომელიც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობას მოაქვს", - განაცხადა დეგნანმა.

 

„100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს. ევროკავშირი და ნატო დგას მშვიდობაზე,...

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Monday, June 13, 2022

 

ევროკომისიამ უკვე გამოაქვეყნა მისი დასკვნა, რომ ასოცირებული ტრიოდან მხოლოდ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი. მიზეზად ქვეყანაში არსებული მთელი რიგი პრობლემები დასახელდა - მათ შორის, ოლიგარქიული მმართველობა. ევროკომისიის რეკომენდაციებში შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს.

უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მონიჭებაზე, თუმცა პრემიერმინისტრს ჰგონია, რომ  "ხელები აქვს დაბანილი" და განაცხადა, რომ ქვეყნის უსტატუსოდ დარჩენა მთავრობის პასუხისმგებლობა არ იქნება. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ, თუკი ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს, ამაში დამნაშავე მთავრობა არ იქნება. თანაც ისე, რომ მმართველი პარტია ყოველდღიურად უფროდაუფრო დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს და იმ ადამიანებს ლანძღავს, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მთავარი ფოტო: საქართველოს მთავრობა
კომენტარები