საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
16 ივნისი, 2022 ზურაბიშვილს შეეძლო შეეცვალა ის, რაც არ მოსწონს, მაგრამ არაფერი გაუკეთებია - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

საქართველოს პრეზიდენტის 25 საათით ადრე დაანონსებული ბრიფინგი ამჯერადაც ქმედითი ნაბიჯების გარეშე, მხოლოდ სიტყვების რახარუხით შემოიფარგლა.

სალომე ზურაბიშვილის ნახევარ საათიანი ლაპარაკისას გავიგეთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა კარგად იცის ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზას უფუჭებს. პრეზიდენტმა ეს ყველაფერი იმდენად კარგად იცის რომ სათითაოდ ჩამოთვალა ის საქმეები, რომლებმაც ბრიუსელში საბოლოოდ საქმე გაგვიფუჭა. მაგრამ მათი ჩამოთვლისას არ უხსენებია, რომ რამდენიმე მათგანის შეჩერება თავად მას შეეძლო მაგრამ არაფერი ქნა.

ზურაბიშვილის ჩამოთვლილი გაფუჭებული საქმეები:

  •  ევროპარლამენტის რეზოლუცია
  •  კანდიდატურის განხილვის საკითხი 
  •  შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება 
  •  5 ივლისის საქმეზე არაქმედითი გადაწყვეტილებები
  •  74 მილიონ ევროიან ევროკავშირის სესხზე უარის თქმა
  •  უარის თქმა გენპროკურორის ახალი არჩევის წესთან დაკავშირებით
  •  მიყურადების ფირები
  •  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა
  •  ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა 
  •  უზენაეს სასამართლოში აჩქარებული წესით 4 მოსამართლის დანიშვნა 
  •  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება
  •  გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება 
  •  მიყურადების კანონში ცვლილებების შეტანა

მათგან მაგალითად ავიღოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა. საბჭოს, რომელიც კლანური მოწყობით ერთერთი გამორჩეულია 15 წევრი ჰყავს. მათგან 9 მოსამართლეა, 5 არამოსამართლე, ხოლო 1 არამოსამართლე წევრი პრეზიდენტის დანიშნულია. 

საქართველოს სისტემაში "კლანის" არსებობა დასავლეთს არაერთხელ აქვს ნახსენები. მაგალითად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ სასამართლოში არსებობს "მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი". ეს ჯგუფი "სავარაუდოდ, ახშობს კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას“.

იუსტიციის საბჭოს ყოფილი დამოუკიდებელი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ეს კლანი, რომელსაც ზურაბიშვილი ახლა პრობლემად განიხილავს მისივე გაძლიერებულია. 

"გააძლიერა კლანი იმით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნა კლანის ერთ-ერთი ლიდერის ნათესავი - თამარ ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 10 ხმით იღებს გადაწყვეტილებებს, ნიშნავს სასურველ მოსამართლეებს და ნომინირებას უკეთებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატურებს, სწორედაც რომ პრეზიდენტის "დამსახურებაა". მე-10, კლანისთვის უმნიშვნელოვანესი ხმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, პრეზიდენტის დამტკიცებულია."

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს "როდესაც ახსენებს მოსამართლე წევრების პრობლემურ არჩევას და არაფერს ამბობს საკუთარ არჩევანზე."

"ვიდრე სხვისკენ გაიშვერს ხელს, თავისი გადაწყვეტილებები გააანალიზოს საჯაროდ და უფრო მეტიც, მას ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი კლანური მმართველობის მხარდაჭერისთვის სასამართლოში." 

ყოფილი დამოუკიდებელი წევრი აქვე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს შეუძლია  ერთ დღეში მიიღოს გადაწყვეტილება და დაასრულოს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების თემა.

 

ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა კი რა...

Posted by Nazi Janezashvili on Tuesday, June 14, 2022

 

ზურაბიშვილის ჩამოთვლილ "გაფუჭებული საქმეების" სიაშია ნიკა გვარამიაც, რომლის დაპატიმრებასაც მან უდროო უწოდა. თუკი პრეზიდენტს გვარამიას დაკავება "სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით უდროო" ჰგონია რატომ არ იწყალებს მას?

საქართველოს კონსტიტუციის 54 მუხლის მიხედვით, "შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტისათვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც სახელმწიფოს ინტერესს ეფუძნება."

ხომ გახსოვთ გუშინ, ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაკავებას უდროო იმიტომ უწოდა ვიცოდით ეს ეს ამბავი ევროპარლამენტის რეზოლუციაში დადგებოდა და პოლიტიკაში ყველაფერზე დრულად უნდა ვიფიქროთო. 16 ივნისს 1 თვე ხდება რაც გვარამია დაკავებულია მაგრამ პრეზიდენტი მის შეწყალებაზე არაფერს ამბობს.

"ვითომც მე დავსვი ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ, რომ ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო - უნდა მიხედოთ ამ საქმეს"

მართლაც, როდესაც სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ გამოსვლაში ამბობდა, რომ არასწორ ქმედებებთან ერთად მთავრობამ უმოქმედობაც არ დააკლო სულაც არ გახსენებია მისი უმოქმედობა, რომელიც ამ ბრიფინგით უფრო კარგად გამოჩნდა.

14 ივნისს, ორბელიანის სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა "ოცნების" ლიდერები მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილი.  მისი თქმით  მმართველი გუნდის უმოქმედობის ბრალია ის, რომ დასავლეთი ქართველი ოლიგარქის დასანქცირებაზე ალაპარაკდა.

ანი მიროტაძე "პარტია ქართული ოცნების" ყოფილი წევრი Enigma-სთან საუბრისას, განმარტავს რომ როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ გუნდმა კარგად არ იმუშავა მაშინ მან საზოგადოებას ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. 

მიროტაძე საუბრობს იმაზეც რომ ეს ბრიფინგი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი გადაწყვეტილება იყო.

პოლიტოლოგი გია ნოდია საკუთარ FB- გვერდზე წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლაში "ყველაზე საინტერესო იყო მცდელობა, „ოცნების“ ლიდერები „ჩაეშვა“ ივანიშვილთან, ანუ ბიძინასთვის ეთქვა: კობახიძე-ღარიბაშვილი შენზე კარგად არ მუშაობენ, მათი ბრალია, რომ ასეთი ცუდი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა. ჩემზე რომ დაგედო ფსონი, მე ევროპაში უფრო კარგად მოვაკვარახჭინებდი საქმეს." 

 

სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლაში ყველაზე საინტერესო იყო მცდელობა, „ოცნების“ ლიდერები „ჩაეშვა“ ივანიშვილთან, ანუ...

Posted by Ghia Nodia on Wednesday, June 15, 2022

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, დღეს 15 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, "სალომე ზურაბიშვილის განცხადების უკან არის ცარიელი პოლიტიკური მოტივაცია და ეს არ არის სწორი პოლიტიკური მოტივაცია"

"სხვას კი არაფერს აკეთებს ოპოზიცია - დადის და ამ „მესიჯბოქსს“ ატრიალებს, რაც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააჟღერა. აქაც არის წინააღმდეგობრივი მისი ბრიფინგი ანუ ოპოზიციას მოუწოდებს არ ილაპარაკოს ის, რაც გუშინ თვითონვე ილაპარაკა. ორივე ნაწილში სრულიად წინააღმდეგობრივია სალომე ზურაბიშვილის განცხადებები. შესაბამისად, კრიტიკასაც ვერ უძლებს ის, რაც გუშინ მისი მხრიდან მოვისმინეთ, სამწუხაროდ“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგიდან კარგად დავინახეთ, რომ მან მშვენივრად იცის ის თემები, რომელიც საქართველოს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ "ოცნებას" კრიტიკის საგნად აქცევს. აქვე გავიგეთ ისიც რომ ზოგიერთი მათგანი განხორციელებასა თუ არშეჩერებაში წვლილი თავად მასაც მიუძღვის. როგორიც იყო მაგალითად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა

პრეზიდენტი კარგად ხედავს და საჯაროდაც ამბობს ხელისუფლების დაშვებულ შეცდომებზე, მაგრამ მათ არ აგვარებს. არა იმიტომ რომ არ შეუძლია არამედ არ უნდა. სხვა შემთხვევაში მაქვს აქვს მათი მოგვარების თუ არა მინიმუმ მოგვარების მცდელობის შესაძლებლობა.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით, პრეზიდენტს შეუძლია

  • მთავრობის თანხმობით განახორციელოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში
  • კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს 
  • ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს
  • ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში
  •  მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს
  • შეიწყალებს მსჯავრდებულებს
  • ვეტოს უფლება

უფრო ვრცალდ საქართველოს პრეზიდენტის უფლებებზე წაიკითხეთ აქ

"საბოლოო ჯამში, ცოტა განსხვავებული შეიძლება იყოს მისი ქმედება ვთქვათ,  აღმასრულებელი ხელისუფლებიდან განსხვავებით, მაგრამ დიდ სურათში არაფერს არ ცვლის. ეს ნიშნავს იმას რომ ამ ხელისუფლებაში არავინ არ არის ისეთი, ვისაც რეალურად უნდა იმ მოცემულობის შეცვლა, რომელი მოცემულობაც არის ქვეყანაში,"- ანი მიროტაძე

კომენტარები