საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ნაყიდი “თავისუფლება” - შეიძლება სიტყვა ვინმეს საკუთრება იყოს? - ახსნილი ნაყიდი “თავისუფლება” - შეიძლება სიტყვა ვინმეს საკუთრება იყოს? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ
ავტორები: თინათინ ლუხუტაშვილი, ეთო მიდელაშვილი


გრაფიკული დიზაინერი ბექა ბერიძე Facebook-ზე წერს, რომ ქართული ბრენდი კონკრეტული სიტყვის პრინტებზე გამოყენებას უკრძალავს. როგორც დიზაინერი ამბობს, აღნიშნულის შესახებ CROSTY-მ პირადად მას გუშინ, 15 ივნისს, შეატყობინა.

რა მოხდა?

ბერიძის თქმით, CROSTY ეუბნება, რომ სიტყვა "თავისუფლება" აქვს სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებული და ამ სიტყვის გამოყენებას ედავებიან. დიზაინერის განმარტებით, მას, ფაქტობრივად, სიტყვა “თავისუფლების” გამოყენებას უკრძალავენ. 

„გასაგებია, რომ სიტყვის ვიზუალური ინტერპრეტაცია დააპატენტო და ასეც უნდა იყოს. თუმცა ზოგადად სიტყვის დაპატენტება და თან "თავისუფლების" ცოტა უცნაურია. ჩემი დიზაინით ამ სიტყვის დაწერა რატომ უნდა იყოს აკრძალული, გაუგებარია", - წერს ბერიძე.

 

მოკლედ ასეთი ამბავია - CROSTY-სგან მივიღე ასეთი წერილი დღეს. მიკრძალავენ ჩემი დიზაინით დაწერილი სიტყვა თავისულფება რომ...

Posted by Beka Beridze on Wednesday, June 15, 2022


რას ამბობს CROSTY?

როგორც ბექა ბერიძის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ვკითხულობთ, შპს „ქროსთი გლობალ”-ს ეკუთვნის სასაქონლო ნიშანი „თავისუფლება.” სასაქონლო ნიშანი „საქპატენტშია” რეგისტრირებული და ნებისმიერი ტიპის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, თავსაბურავს, სამაჯურებს, საათებს, ჩანთებს, ფეხსაცმლის ზონრებსა და ჩასადებ ბუდეებს მოიცავს. 

CROSTY-ის მტკიცებით, ბექა ბერიძე მათ მიერ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს ნებართვის გარეშე იყენებს (ქუდებზე, მაისურებზე, ჰუდებზე, პირბადეზე…), რაც სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევას წარმოადგენს. 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია…


სწორედ ამ მუხლით ხელმძღვანელობს CROSTY და მიმართავს ბერიძეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში გაყიდვიდან ამოიღოს პროდუქტები, რომელიც ნიშანდებულია სასაქონლო ნიშნით „თავისუფლება.”

კომპანიის მტკიცებით, თუ პროდუქტს გაყიდვიდან ბერიძე არ ამოიღებს, „სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, პროდუქტის ამოღების პარალელურად მას დაეკისრება:

  • მიყენებული ზიანის ანაზღაურება
  • ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა
  • სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა

Enigma ინფორმაციის გადასამოწმებლად და დამატებითი განმარტებებისთვის კომპანია CROSTY-ს დაუკავშირდა. ამ ეტაპზე კომპანიაში არანაირი სახის განმარტებასა და კომენტარს არ აკეთებენ. 

თუმცა, საქპატენტში CROSTY-ს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი გადავამოწმეთ. ის ასე გამოიყურება:

ნიშანს აღწერაში აქვს სიტყვიერი ნაწილი და მისი ტრანსლიტერაცია. რადგანაც CROSTY ამ ეტაპზე განმარტებებისგან თავს იკავებს, ჩვენთვის გაურკვეველი რჩება, სასაქონლო ნიშნად ითვლება მხოლოდ კონკრეტული ვიზუალით რეგისტრირებული სიტყვა “თავისუფლება” თუ მისი ნებისმიერი ინტერპრეტაციით გამოყენება კონკრეტულ კომერციულ პროდუქციაზე.

რა არის სასაქონლო ნიშანი და როგორ დავირეგისტრიროთ ის?

სასაქონლო ნიშანი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობაა, რომელიც გრაფიკულად გამოისახება და ერთი საწარმოს საქონელს/მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისგან/მომსახურებისგან განასხვავებს. 

როგორც „საქპატენტის” ოპერატორმა განგვიმარტა, „სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს სიტყვაც, ლოგოც და ორივე ერთად". „საქპატენტის” გვერდზე კი ვკითხულობთ, რომ მისი დაპატენტება არა, მაგრამ რეგისტრაციაა შესაძლებელია.

რეგისტრაციის პროცედურა „საქპატენტში” განაცხადის წარდგენით იწყება და, ოპერატორის თქმით, ის მთელ რიგ შემოწმებას გადის, რადგან მრავალი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი. 

სასაქონლო ნიშანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებსაც:

  • უნდა იყოს „განმასხვავებელუნარიანი." სასურველია, ფანტაზიური სიმბოლოების გამოყენება (საინტერესოა, რამდენად აკმაყოფილებდა CROSTY-ს „თავისუფლება" ამ კრიტერიუმს);
  • არ უნდა აღწერდეს საქონელს/მომსახურებას, მაგალითად, „წითელი ღვინო“, „საუკეთესო ღვინო”; 
  • მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს;
  • არ უნდა შეიცავდეს დაცულ ადგილწარმოშობის დასახელებას ან/და გეოგრაფიულ აღნიშვნას. მაგალითად, ხვანჭკარას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელი არის ამ დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამომყენებელი პირი); 
  • არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგსა და ზნეობის აღიარებულ ნორმებს. მაგალითად, არ უნდა შეიცავდეს კომუნისტურ და ფაშისტურ სიმბოლიკებს.

რაც შეეხება ღირებულებას, როგორც „საქპატენტში” გვითხრეს, ნებისმიერი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია 420 დოლარი ღირს, თუ საქონლის ან მომსახურების ერთ კლასშია წარმოდგენილი. ყოველი დამატებითი კლასის ღირებულება კი 50 დოლარია.

სიტყვა საკუთრებად - სწორია?

იურისტი ნათია კაპანაძე კონკრეტულ ქეისზე საუბრისას ამბობს, რომ საკმარისი ინფორმაცია არ გავრცელებულა და, შესაბამისად, მსჯელობა რთული იქნება.

თუმცა, აქვე გვეუბნება, რომ კომპანიამ უნდა განმარტოს, რას ედავება გრაფიკულ დიზაინერს - კონკრეტული დიზაინის თუ სიტყვა "თავისუფლებას" ნებისმიერი ვიზუალით გამოყენებას.

გარდა ამისა, ნათია კაპანაძე ყურადღებას ამახვილებს თავად ფაქტზე, რომ შესაძლებელია სიტყვის სასაქონლო ნიშნად რეგისტრირება. თუმცა, მისი თქმით, ამ კუთხითაც ბევრი დეტალია გასარკვევი.

“თუ სიტყვა ეკუთვნის ვინმეს და არავის სხვას არ აქვს მისი გამოყენების უფლება, მაშინ წინააღმდეგობაში მოვდივართ გამოხატვის თავისუფლებასთან. ეს არასწორი გაგებაა, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის”. 

საზოგადოებაში აზრი ორად არის გაყოფილი. მარკეტინგის სპეციალისტები და იურისტები სოციალურ ქსელში განიხილავენ ბექა ბერიძისა და CROSTY-ს ქეისს. ისინი ამბობენ, რომ ბრენდები ხშირად ყიდიან იდეებს და მსგავსი შემთხვევაა CROSTY-ს პროდუქციაზე დატანილი "თავისუფლებაც".

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და მარკეტერი ნუცა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანიის მარკეტინგის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ "თავისუფლებაზე" მოდის და სწორედ ამიტომ ჰქონდა CROSTY-ს მსგავსი რეაგირება.

„სიტყვა "თავისუფლება" ყველასიაო, კი ბატონო, არ გართმევთ ქროსთი, ოღონდ დღეს ქროსთი ბოტასებს ზუსტად მაგ სიტყვით ყიდის და ქროსთის მარკეტინგი 99% დამოკიდებულია ამ სიტყვაზე. მაღალი კომერციული ღირებულება აქვს, ამიტომაცაა დაპატენტებული და ამიტომაც ეკრძალება ყველას ამ სიტყვის გამოყენებით სხვა პროდუქტის გაყიდვა, თორე სიტყვა "თავისუფლების" გამოყენებას არავინ კრძალავს", - წერს სუბელიანი.

საზოგადოების მეორე ნაწილი კი CROSTY-ს აკრიტიკებს და ამბობს, სიტყვის სასაქონლო ნიშნად დარეგისტრირება და კომერციული მიზნებით გამოყენება არარაციონალური და ამორალურია. ამას გარდა, მათი შეფასებით, ბერიძესთან სიტყვის გამოყენების გამო დავა ბრენდის ღირებულებას - თავისუფლებას - ეწინააღმდეგება. სოციალურ ქსელში იმაზეც კი მსჯელობენ, რა სახით შეიძლება გამოუცხადონ მხარდაჭერა ბექა ბერიძეს. 

საქმე, შეიძლება, პრეცედენტულიც იყოს. გავრცელებული ცნობებით, საკითხს სასამართლო განიხილავს. აქტიურად იწერება იმის შესახებაც, რომ შესაძლოა საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომდეც მივიდეს.

კომენტარები