საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
რა სჭირს ჯასტინ ბიბერს? - სახის პარალიზება, რემზი-ჰანტის სინდრომი - ახსნილი რა სჭირს ჯასტინ ბიბერს? - სახის პარალიზება, რემზი-ჰანტის სინდრომი - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა, ცოტა ხნის წინ საზოგადოებას აცნობა, რომ კონცერტების გადადება მოუწია - მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ბიბერს რემზი-ჰანტის სინდრომი დაუდასტურდა და სახის ერთი ნახევარი პარალიზებული აქვს.

კონცერტებამდე მომღერალმა გულშემატკივრებს მიმართა და უთხრა, რომ დაავადება უკან არ იხევდა. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, ჯანმრთელობის რა პრობლემები ჰქონდა მომღერალს. ის ფანებს ჰპირდებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა გამოსაჯანმრთელებლად.

ბიბერს კონცერტები 7 და 8 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი ტორონტოში. თუმცა ფანების წინაშე გამოსვლა ვერ შეძლო. გულშემატკივრებში გამოწვეულ აჟიოტაჟს კი არტისტმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოთი უპასუხა.

ჯასტინ ბიბერის განცხადებით, ვირუსმა დააზიანა მისი სახის ნერვები, რის გამოც უჭირს საკვების მიღება, გაღიმება და თვალის დახუჭვაც კი.

„მივმართავ მათ, ვინც განსაკუთრებულად იმედგაცრუებული იყო უახლოესი შოუების გადადებით - ფიზიკურად არ შემიძლია ახლა კონცერტების ჩატარება. როგორც ხედავთ, საკმაოდ სერიოზულადაა საქმე. ჩემი სხეული აშკარად მკარნახობს, რომ უნდა შევანელო აღებული ტემპი. იმედი მაქვს, გამიგებთ. ამ დროს დასასვენებლად გამოვიყენებ და 100%-ით დავუბრუნდები იმის კეთებას, რისთვისაც ვარ დაბადებული."

 

რა არის რემზი-ჰანტის სინდრომი?

რემზი-ჰანტის სინდრომი იშვიათი ნევროლოგიური პრობლემაა, რომელსაც ქარის ჩუტყვავილას ვირუსი იწვევს შიგა ყურში მოხვედრით. ჩუტყვავილას ბავშვობაში გადატანის ან ზრდასრულობაში მწვავე ჰერპესის შემდეგ ვირუსი, შესაძლოა, ფარულად იყოს ორგანიზმში. უცნობია, რატომ აქტიურდება ვირუსი და, შესაბამისად, როგორ ყალიბდება სინდრომი.

დაავადების სიმპტომები მოიცავს მტკივნეულ გამონაყარს ყურის არხსა და მის გარშემო, ზოგიერთ შემთხვევაში კი ენასა და სასაზეც. შიგა ყურთან მიმდინარე პროცესების გამო ადამიანებს თავბრუსხვევა, ყურში წუილის შეგრძნება აწუხებთ.

მედიკოსები ამბობენ, რომ ერთერთი მიზეზი, რასაც შეიძლება სინდრომის განვითარება უკავშირდებოდეს, სტრესია. ის ასუსტებს იმუნურ სისტემას და ინფექციების წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას აქვეითებს. 

სინდრომი ერთი ადამიანიდან მეორეს არ გადაედება, თუმცა მას, როგორც უკვე ითქვა, გადამდები ინფექციური დაავადებები იწვევს. მისგან განკურნებისა და რეაბილიტაციის პერიოდი კი ინდივიდუალურია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

საზოგადოების ცნობიერება დაავადების შესახებ

მას შემდეგ, რაც ჯასტინ ბიბერი დაავადებაზე ალაპარაკდა, სინდრომის შესახებ საერთაშორისო მედიამაც აქტიურად დაიწყო წერა. 

ნიკოია რესკორლა დაავადებას უკვე რამდენიმე თვეა, ებრძვის. ის ამბობს, რომ სინდრომმა დამოუკიდებლობა წაართვა. "საშინელი ტკივილია, ფიზიკურად გასუსტებს", - უყვება ის "რადიო 1-ს".

ნიკოია ამბობს, რომ ამ სინდრომით დაავადებულებისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ცნობიერება ამაღლდეს დაავადების შესახებ და გარშემომყოფებს უკეთ ესმოდეთ, რასთან უწევთ მათ გამკლავება.

ნიკოია რესკორლას რემზი-ჰანტის 2020 წლის ოქტომბერში დაუდასტურდა. როგორც ყვება, სახის პარალიზებამდე კისრის გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. "მიჭირდა ბალანსის დაცვა, თავბრუ მეხვეოდა", - ამბობს 28 წლის ქალი.

„ეს დაავადება გაიძულებს, ფიზიკურად და მენტალურად იზოლირდე გარესამყაროსგან. გარეთ მარტოს გასვლაც კი არ შემიძლია. სრულიად განსხვავებული ადამიანი ვარ იმისგან, ვინც 20 თვის წინ ვიყავი."

ნიკოია ამბობს, რომ დაავადების შესახებ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ვაკუუმი დეზინფორმაციამ არ შეავსოს. 

დეზინფორმაციის მაგალითი კი რემზი-ჰანტის სინდრომის კოვიდვაქცინასთან დაკავშირებაა. გარკვეული ჯგუფები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ სინდრომი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენებაა, რაც სიმართლე არაა. როგორც უკვე ვთქვით, სინდრომს კონკრეტული ვირუსი იწვევს ნერვებზე ზემოქმედებით.

როგორ დავიცვათ თავი რემზი-ჰანტისგან?

როგორც ცნობილია, სინდრომს ორგანიზმში შეუმჩნევლად დაბუდებული ვირუსი იწვევს. რადგანაც ვირუსის ორგანიზმში ყოფნას ჩუტყვავილას გადატანას უკავშირებენ, სავარაუდოა, რომ მისი პრევენცია ვაქცინაციითაა შესაძლებელი.

ჩუტყვავილა ინფიცირებულებთან ახლო ფიზიკური კონტაქტით ვრცელდება. დასავლეთში ექიმები ურჩევენ მოსახლეობას, თუკი ჯერ კიდევ არ აცრილან ვირუსის წინააღმდეგ, ბევრი აღარ იფიქრონ.

ჩუტყვავილას ვაქცინა 90%-ით გამორიცხავს ვირუსით დაავადებას და ამცირებს იმის რისკსაც, რომ შემდგომში მწვავე ჰერპესები გაგივითარდეთ. ეს ორი დაავადება კი პირდაპირ კავშირშია რემზი-ჰანტის სინდრომის გამომწვევ ვირუსთან.

თეგები: ახსნილი
კომენტარები