საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
23 ივნისი, 2022 რატომ უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოს დღის წესრიგი და თავად მსოფლიოც მნიშვნელოვნად შეცვალა. ახალი შესაძლებლობების ფანჯარა მთელი რიგი ქვეყნებისთვის გაიხსნა. მათ შორის მოლდოვისა და საქართველოსთვის.

მართალია, „ქართული ოცნება” ამ შანსის გამოყენებას 2024 წლამდე არ აპირებდა, თუმცა, საზოგადოების პროტესტის შემდეგ, 3 მარტს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საკუთარ კაბინეტში მარტომ, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ევროკავშირში გაწევრიანება ოფიციალურად მოითხოვა. ოფიციალური განაცხადები შეავსეს უკრაინასა და მოლდოვაშიც.


ამ ორი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა. ევროპარლამენტმა კი მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა. თუმცა, მათი შეფასებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. საბოლოო გადაწყვეტილებას EU-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები 23-24 ივნისს ჩანიშნულ სამიტზე მიიღებენ.

რა ხდება ამ დროს საქართველოში?

იმის ნაცვლად, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მისაღებად „ქართულ ოცნება” ყველა რესურსს იყენებდეს, პრემიერმინისტრი ჯერ აცხადებდა, რომ სტატუსი სიმბოლურია, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მთელი დრო პარლამენტარების ქილიკს დაუთმო. ღარიბაშვილის გამოსვლიდან ვერ გავიგეთ როგორ აპირებს ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებას ან აპირებს თუ არა საერთოდ. 

რეალურად რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი წაიკითხეთ აქ.


ანტიდასავლური განცხადებები არ წყდება არც მმართველი გუნდის სხვა წევრების მხრიდან, რაც განსაკუთრებით ევროპარლამენტში საქათველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის შემდეგ გააქტიურდა. დასავლელი პარტნიორების კრიტიკული შეფასებები „ქართულ ოცნებაში" „ომში ჩათრევის" სურვილთანაც კი დააკავშირეს, რაც აშკარა დეზინფორმაციაა.

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე იმასაც კი გვიმტკიცებდა, რომ „თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას.” 

 
20.06.2022 - შინ ევროპისკენ!

დღეს ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. 2022 წლის 20 ივნისს, მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, საქართველოს თითოეული მოქალაქე ერთიანდება იმისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი. 20 ივნისი გახდება ახალი სახალხო მოძრაობის დაბადების თარიღი და სამოქალაქო ერთობით ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე - დავამარცხებთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას და დავბრუნდებით შინ, ევროპაში! #შინევროპისკენ 🇪🇺🇬🇪

Posted by სირცხვილია • Shame Movement on Monday, June 20, 2022


საზოგადოება აღნიშნულ განცხადებებსა და ხელისუფლების პათოსს არ იზიარებს. ეს 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართულ, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ, მასშტაბურ აქციაზე ნათლად გამოჩნდა. 24 ივნისისთვის დაანონსდა კიდევ ერთი აქცია - „შინ ევროპისკენ." როგორც ჩანს, მმართველ გუნდს კვლავ სჭირდება იმის შეხსენება, რომ საქართველოს მოქალაქეების ისტორიულ არჩევანს არ უნდა შეეწინააღმდეგონ.

როდის დაიწყო ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები?

ევროინტეგრაცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიული არჩევანია. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები კი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იწყება.

  • 1996 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA);
  • 2004-ში საქართველოს მთავრობაში ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნა; 
  • 2006-ში მიიღეს საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა;
  • 2008 წლის აგვისტოს ომის საპასუხოდ გაიმართა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა და ევროკავშირის გადაწყვეტილებით შეიქმნა EUMM (მონიტორინგის მისია);
  • EU-ს და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით კი დონორთა კონფერენცია გაიმართა, სადაც 2008-2010 წლებისთვის გამოყოფილმა დახმარებამ 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა;
  • 2010 წლის 16 თებერვლიდან საქართველო-ევროკავშირს შორის ოფიციალური თანამშრომლობა დაიწყო, როცა ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას „პარტნიორობა მობილურობისათვის," 2014-ში კი ასოცირების შეთანხმებას;
  • 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა…

საქართველო მრავალი წელია ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და ეს სურვილი კონსტიტუციაშიცაა ასახული.

მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია
„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.” 
 
ევროკავშირთან მრავალწლიანი ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი საქართველოსთვის იყო ის, რომ ქართული ბიზნესისა და პროდუქციისთვის ევროპული ბაზარი გაიღო. საქართველოს მოქალაქეებს კი EU-ს წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ. ამას გარდა, EU საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია. გასატარებელი რეფორმების მხარდასაჭერად და ევროპულ კანონმდებლობასთან დასაახლოებლად გრანტების სახით ყოველწლიურად 120 მილიონ ევროს ვიღებთ.

რატომ ევროკავშირი?
 
EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ქვეყანა ოფიციალურად გაწევრიანების პროცესში ერთვება, რაც  ურთიერთობებს თვისობრივად ცვლის. სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ევროკომისიის რეკომენდაციების დაუყოვნებლივ შესრულება. 
 
როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი სერგი კაპანაძე გვიყვება, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში მხოლოდ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კი არა, არამედ გაწევრიანებისთვის საჭირო კონკრეტული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობაც მოგვიწევს.

ამ ყოველივეს ევროკავშირის მხრიდან მოჰყვება კონკრეტული ინსტრუმენტები. ბუნებრივია, ყველა ქვეყნის შემთხვევაში EU ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს იღებს - იმის მიხედვით, თუ ვინ რას აკეთებს და რას იმსახურებს. 

„გაფართოების პროცესში მყოფი ქვეყანა იღებს წვდომას მეტ დაფინანსებაზე, რეგიონულ ფონდებზე, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობს, რომელიც ამ წუთში ამ ქვეყანას საერთოდ არ გააჩნია,” - ამბობს კაპანაძე. 

როდის, რამდენ წელში შეიძლება გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი, ეს არავინ იცის. თუმცა, ვიცით ის, რომ ეს ქვეყანასა და თითოეული მოქალაქის ცხოვრებას ფუნდამენტურად შეცვლის. 


27 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება მიზნად ადამიანების უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში თავისუფლების უზრუნველყოფას, კეთილდღეობასა და მშვიდობას ისახავს. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ჩვენც უფრო სამართლიან, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ვიცხოვრებთ. გვექნება ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. 

როგორც სერგი კაპანაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ უკეთესი ეკონომიკის გამო კი არ გვსურს, არამედ ეს ცივილიზაციური არჩევანის საკითხიცაა. ამას გარდა, ჩვენი ისტორიული არჩევანი ქვეყნის უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული. 

„ჩვენ უსაფრთხოების კუთხით იმხელა გამოწვევები გვაქვს -  მეზობელი რუსეთი, ოკუპაცია.., რომ ევროინტეგრაციის გარდა უბრალოდ სხვა გზაც კი არ გვაქვს. შესაბამისად, ერთი მხრივ, ეს არის არჩევანი და მეორე მხრივ, არის გარდაუვალობა,” - ამბობს კაპანაძე. 

მართალია, ევროკავშირის ფუნდამენტი კოლექტიური თავდაცვა არაა, თუმცა უკრაინის ომში კარგად გამოჩნდა, რომ საჭიროების შემთხვევაში EU პარტნიორ ქვეყნებს თავდაცვითი სისტემებით, სამხედრო იარაღითა და აღჭურვილობითაც ეხმარება. 

სერგი კაპანაძე 2 მნიშვნელოვან საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. 

  1. დემოკრატიის შეუქცევადობა - EU-ში ინტეგრაციის შემდეგ დემოკრატიის პროცესი ხდება შეუქცევადი - ამაში შედის ადამიანის უფლებებიც, მედიის თავისუფლებაც, არაპოლიტიზებული სასამართლოც, უმცირესობების დაცული უფლებებიც და პოლიტიკური დევნის არარსებობაც;
  2. ეკონომიკური რეფორმები - კაპანაძის თქმით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რეგიონების განვითარება და რეგიონებში დახარჯული დიდი ფული.
    რეგიონული ფონდები ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. 

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტის თქმით, რეგიონები პირდაპირ ხდებიან ხოლმე ბენეფიციარები და ყველაზე დიდ მოგებას ნახულობენ - „ანუ ყველაზე მოწყვლადი ადამიანები, ყველაზე მოწყვლად რეგიონებში ხდებიან ევროკავშირის ბენეფიციარები," რაც ასევე მნიშვნელოვანი მომენტია.

კომენტარები