საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
20 ივნისი, 2022 20-დან 20 ივნისამდე - 3 წელი გავრილოვის ღამიდან - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

2019 წლის ივნისში თბილისში მართლმადიდებლობის ასამბლეა იმართებოდა. ასამბლეის ხელმძღვანელი რუსეთის დუმას დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო. 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ასამბლეის გენერალური სხდომა გაიმართა, ოკუპანტი გავრილოვი კი საზოგადოებამ სპიკერის სავარძელში იხილა. 

რუსეთის დუმას დეპუტატების - სერგეი გავრილოვის, ივან სუხარევის, ალექსეი ჩეპას - ქვეყანაში ჩამოსვლასა და ასამბლეაში მონაწილეობას აქტივისტები იქამდეც აპროტესტებდნენ, თუმცა მასშტაბური სახე პროტესტმა 20 ივნისს მიიღო.

პირველი ხმაური, რომელიც გავრილოვის დარბაზში ყოფნამ გამოიწვია, ოპოზიციის პროტესტი იყო. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები შესვენების დროს, საქართველოს დროშით შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს.

გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დანახვამ საზოგადოება აღაშფოთა და ათეულობით ადამიანი სულ რამდენიმე საათში პარლამენტთან მოგროვდა. ისინი ოკუპანტის პარლამენტში ყოფნას აპროტესტებდნენ.

2019 წლის 20 ივნისის დილა

შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტის რამდენიმე შესასვლელთან იდგნენ და ელოდებოდნენ სერგეი გავრილოვის გამოსვლას. როცა ცნობილი გახდა, რომ გავრილოვი პარლამენტიდან გაიყვანეს და ის Radisson Blue Iveria-ში იქნებოდა, აქციამ სასტუმროსთან გადაინაცვლა. 

ტაბულა

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ ოკუპაციის კანონის დამრღვევ გავრილოვს ქვეყანა დაეტოვებინა. აღნიშნული აქტივობები სრულიად დაუგეგმავად ხორციელდებოდა. იმავე დღეს, საღამოს 7 საათზე, აქციაც ჩაინიშნა, სახელწოდებით "სირცხვილია".

მიუხედავად იმისა, რომ პროტესტში დილიდან ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა, საღამოს აქციის მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდა, გადაკეტილი იყო თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი. 

აქციის მონაწილეებს 20 ივნისს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ:

  • თანამდებობა დაეტოვებინა პარლამენტის იმდროინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს;
  • პოსტიდან წასულიყო შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი გახარია;
  • გაეთავისუფლებინათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.

მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, ხელისუფლებას პროტესტანტების არცერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია. მოქალაქეებში კი უკმაყოფილება იმატებდა.

გავრილოვის ღამე

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წინ გამართულ აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა, მის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული. 

აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკა მელიამ “ქართულ ოცნებას” ერთი საათი მისცა ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადასაყენებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარლამენტში მშვიდობიანად შესვლა დააანონსა. 

“ერთი საათის განმავლობაში, თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, მე მიმაჩნია, ხალხო, აქ ჩვენ არაფერი არ გვესაქმება პარლამენტის წინ. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში და აი, რომ გადადგებიან, მერე გამოვალთ გარეთ”. - თქვა მელიამ. 

 
რა თქვა ნიკა მელიამ 20 ივნისის აქციაზე?

პროკურატურა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებას ითხოვს. მიზეზი 20 ივნისს აქციის მონაწილეებისთვის პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებაა. რადიო თავისუფლება გთავაზობთ ნიკა მელიას ერთ-ერთი გამოსვლა 20 ივნისის აქციაზე.

Posted by რადიო თავისუფლება on Wednesday, June 26, 2019

 

ამ განცხადებისთანავე, სცენასთან სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სამართალდამცველები გამოჩნდნენ. ისინი ხალხის მხარეს დადგნენ, რამაც მოსახლეობის პროტესტი და სამართალდამცველებთან დაპირისპირება გამოიწვია. დაძაბულობის განმუხტვა რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შეძლო, რომლებიც მოსახლეობასა და პოლიციას შორის ხელებაწეულები ჩადგნენ. 

სამართალდამცველები არსად წასულან. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ისინი პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ, შემდეგ კი მოლაპარაკებებისთვისაც იყვნენ მზად. 

მართალია, ოპოზიციამ გიორგი გახარიასგან პარლამენტში მოლაპარაკებების შემოთავაზება მიიღო, თუმცა არ დასცალდათ. რამდენიმე წუთში სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა დაიწყო. ისინი მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ. 

არადა რამდენიმე წუთით ადრე  იმდროინდელი პრემიერი მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ  “რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ იყო”. 

On.ge
on.ge

აქციის დარბევა დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დაიწყო. ძალოვნები რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის დაშლას რეზინის ტყვიების, გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობდნენ. ისინი ესროდნენ როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ.

 
20 ივნისის სისხლიანი მოვლენები

20 ივნისის სისხლიანი მოვლენები

Posted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on Thursday, June 20, 2019

 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სამართალდამცველების მოქმედება კანონის ფარგლებს სცდებოდა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ აქციის დარბევამდე მათ არანაირი გამაფრთხილებელი განცხადება არ გაუვრცელებიათ. 

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 187 სამოქალაქო პირი, 40-მდე ჟურნალისტი და 73 პოლიციის თანამშრომელი იყო. 

აქციის დარბევისას მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. სამმა მოქალაქემ კი - მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა და კობა ლეთოდიანმა - რეზინის ტყვიით გამოწვეული ტრავმის გამო ცალი თვალი დაკარგა, რამდენიმეს კი მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანდა.

გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენებზე ორი მიმართულებით დაიწყო. ის ერთი მხრივ, სამართალდამცველების ქმედებების კანონიერების დადგენას ცდილობდა, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობდა.

გამოძიებიდან ერთი წლის თავზე, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 8 სამოქალაქო პირს და 68 პოლიციელს ჰქონდა. არადა შესაბამისი მტკიცებულებები მრავლად იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ 10 სამართალდამცველს, რომელიც აქციის დარბევაში მონაწილეობას იღებდა, უფლებამოსილება მაშინვე შეუჩერდა, დღემდე არ დასჯილან 20 ივნისის მთავარი შემოქმედებები. 

თითქმის 3 წლის შემდეგ, დანაშაულის ყველა შესაძლო ეპიზოდი სათანადოდ არ არის გამოძიებული. თუმცა, მოახერხეს ის, რომ ენმ-ს ლიდერს “ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის” ბრალდებით სადეპუტატო მანდატი შეუჩერეს.

"გავარღვიოთ რუსული გავლენის ქსელი"

20 ივნისს დაშავდა და დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული ირაკლი ხვადაგიანს, „სოვლაბის” მკვლევარს. როგორც ხვადაგიანი Enigma-სთან საუბრისას ამბობს, დაკავებისას პოლიცია მას ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც თვალის ბუდის მოტეხილობები აღენიშნებოდა და ტვინის შერყევა მიიღო. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიღებაში მას სახელმწიფო არ დახმარებია.

„ეს უკვე დილის საათებში იყო. სადღაც 5-ის წუთებისთვის…დარბევის საპასუხოდ არ ვჩერდებოდით და ვცდილობდით მშვიდობიანად გაგრძელებას პროტესტის…მე და ჩემი ძმა დაგვაკავეს ერთად, გვცემეს და გადაგვიყვანეს მერე ცალ-ცალკე… იქიდან უკვე დილით საქალაქო სასამართლოში… 2 დღე გავატარე რუსთავის იზოლატორში. 10 დღე მომისაჯეს და სააპელაციომ მე-3 დღეს გამათავისუფლა,” - ამბობს ხვადაგიანი, 20 ივნისის აქციის მონაწილე. 

მისი შეფასებით, სამი წლის თავზე ქვეყანაში არაფერი არ შეცვლილა. გარდა იმისა, რომ უფრო გამყარდა ის, რის გასაპროტესტებლად 20 ივნისს მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ. 

„უფრო გამოჩნდა, რომ ის, რის გასაპროტესტებლადაც გავედით უზარმაზარი მასა მოქალაქეების, ამ პროგრამის, შეიძლება ითქვას, სისრულეში მოყვანა გააგრძელა რეჟიმმა და ახლა ვართ უფრო მძიმე, გადამწყვეტ და კრიტიკულ ფაზაში, რაც გულისხმობს სრულიად პრორუსულ ორბიტაზე მყარად დარჩენას,” - ამბობს ხვადაგიანი. 

„სოვლაბის” მკვლევრის თქმით, ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე, 2019 წელს რუსული გავლენის ფორუმის ჩატარება და მთელი სახელმწიფოებრივი მასშტაბით მასში მონაწილეობა ღია მანიფესტაცია იყო იმისა, რომ ჩვენ “რუსეთის კუთვნილი ანდა რუსეთთან ალიანსში მყოფი” ქვეყანა ვართ. 

„ეს ღია ნაბიჯი იყო მაშინ, 20 ივნისს. მომდევნო წლებმა და დღევანდელმა მდგომარეობამ აჩვენა, რომ მთელი 10 წელი ამაზე სისტემური მუშაობა მიდიოდა რეჟიმის მხრიდან. დღეს, ახლა, უკანასკნელი შანსები გვაქვს და დიდი მობილიზება სჭირდება საზოგადოებას, რომ ეს შეცვალოს, რაც შეძლო რეჟიმმა. ფაქტობრივად, სახელმწიფოებრივ დონეზე ჩაგვიკეტა ყველანაირი შანსი, რომ გავარღვიოთ რუსული გავლენის ქსელი. მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მაქსიმალურ მობილიზებაზე არის ეს უკვე დამოკიდებული,” - აცხადებს ხვადაგიანი.

მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობას სხვა პოზიცია, სხვა ღირებულებები და მისწრაფებები აქვს, ხელისუფლებას (რომელიც ძალაუფლების ჩვეულებრივ უზურპატორად გადაიქცა) კი სხვა. ამას, ცხადია, დასავლეთი და ევროპა დიდ განხეთქილებად აღიქვამს. ხვადაგიანი ამბობს, რომ სწორედ ამას უნდა მოერიოს საზოგადოება, გათავისუფლდეს ოლიგარქის მმართველობისგან და დემოკრატიულ წყობასთან დაბრუნებისთვის რეალური ნაბიჯები გადადგას. 

20 ივნისის შემოქმედები დღეს

20 ივნისის აქციის დარბევამ სამ ადამიანს თვალი წაართვა, ათეულობით ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და ამ ყველაფრის მიუხედავად, უმაღლეს თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა არ აუღიათ იმაზე, რაც ჩაიდინეს.

მართალია, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი მაშინ დატოვა, თუმცა მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ პარტიის თავმჯდომარედ გვევლინება. ასე რომ, მის პოლიტიკურ კარიერას 20 ივნისის მოვლენებით არანაირი საფრთხე არ შექმნია, ყოველ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" პირობებში. 

ახლა ოპოზიციაშია, თუმცა 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს მოქალაქეების დარბევაზე ერთერთი მთავარი პასუხისმგებელი პირია გიორგი გახარია. ის ამბობს კიდეც, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა რაში გამოიხატება პასუხისმგებლობის აღება, უცნობია. 

გავრილოვის ღამის შემდეგ გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობაზეც კი დაინიშნა, შემდეგ არჩევნებში კი პარტიის ერთერთი მთავარი სახე იყო. მას არასდროს უთქვამს, ვინ გასცა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის ბრძანება. უფრო მეტიც, გახარია ამ დრომდე არ აღიარებს, რომ აქცია მშვიდობიანი იყო - მისი გუნდი ანტისაოკუპაციო აქციას "სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს" უწოდებს.

რაც შეეხება იმ დროის პრემიერმინისტრს -  მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის ღამით, როცა მდგომარეობა უკვე იძაბებოდა და მოქალაქეებს ხელისუფლება არ პასუხობდა მოთხოვნებზე, განაცხადა, რომ "რეზინის ტყვიები ჩვენი [ქართული ოცნების] ხელწერა არ არის". თუმცა, ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე წუთში აქციის დარბევა დაიწყო.

მამუკა ბახტაძემ თანამდებობა გავრილოვის ღამის მოვლენებიდან ორ თვეში დატოვა. 2 სექტემბერს მან განაცხადა, რომ პოსტიდან მიდიოდა.

დარბევების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. აქციის მოთხოვნებს საარჩევნო სისტემის შეცვლაც დაემატა. 24 ივნისს, სპეციალურ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდებოდა. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. 

3 წლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე კვლავ აქციაა დაანონსებული - #შინევროპისკენ. ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, მოქალაქეები შეეცდებიან მსოფლიოს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულება აჩვენოს.  

მთავარი ფოტო: netgazeti
კომენტარები