საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
რატომ უქმდება ფრენები ევროპაში? - ახსნილი რატომ უქმდება ფრენები ევროპაში? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ევროპის აეროპორტებში სრული ქაოსია, რადგან ასობით ავიარეისი უქმდება. იმ ფონზე, როდესაც პანდემია დასასრულს მიუახლოვდა, COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა მოიხსნა, ქვეყნებმა საზღვრები გახსნეს, მოგზაურობის სეზონი კი დაბრუნდა, მგზავრებს აეროპორტის გრძელ რიგებში საათობით დგომა უწევთ ან/და სახლში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ.

რა ხდება?

საავიაციო ინდუსტრია პანდემიის დროს განსაკუთრებით დაზარალდა. ამ პერიოდში გლობალურმა ავიაკომპანიებმა $200 მილიარდზე მეტი დაკარგეს. ახლა კი, პანდემიის დასასრულს, ზაფხულის პიკის პერიოდამდე ავიაკომპანიებს ასობით რეისის გაუქმება პერსონალის ნაკლებობისა და შრომითი კონფლიქტების გამო უწევთ. 

ბოლო წლებში სამსახური ასობით ბორტგამცილებელმა, პილოტმა და ავიაინდუსტრიის სხვა თანამშრომელმა დაკარგა. ავიაკომპანიებმა პანდემიისას სამუშაო ადგილები მკვეთრად შეამცირეს. ახლა გაშვებული თანამშრომლების დაბრუნება რთულია. ახალი პერსონალის დაქირავებასა და მომზადებას კი დრო სჭირდება.

ამას ემატება ისიც, რომ საჰაერო ინდუსტრიაში დასაქმებულები არსებულ სამუშაო პირობებსა და დაბალ ხელფასზე ალაპარაკდნენ. მათი ნაწილი გაიფიცა კიდეც. მაგალითად, შარლ დე გოლის აეროპორტში 100-ზე მეტი ფრენა სწორედ გაფიცვის გამო გაუქმდა. მსგავსი სიტუაცია იყო იტალიის რამდენიმე აეროპორტშიც.

Scott Brownlee / Euronews

რას ამბობენ ავიაკომპანიები?

აღნიშნული პრობლემების გამო განსაკუთრებული შეფერხებები დიდ ბრიტანეთს შეეხო, სადაც ასობით ფრენა გაუქმდა. თუმცა, გამოწვევის წინაშე დგანან ევროპის სხვა ქალაქებიც - პარიზი, ამსტერდამი, ფრანკფურტი, რომი... ფრენების განრიგის შემცირება ანდა გაუქმება მოუწია გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-ს, Air France-KLM-ს, Wizz Air-ს. კრიზისი შეეხო Ryanair-საც, რომლის ბორტგამცილებლებიც, შესაძლოა, გაიფიცონ. პილოტების გაფიცვის საფრთხის წინაშეა სკანდინავიური კომპანია SAS-იც. 

„გულდასმით უნდა შევხედოთ, რას გვიმზადებს ზაფხული და როგორ გავუმკლავდებით მას. უნდა გავერთიანდეთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია,” - განაცხადა EasyJet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოჰან ლუნდგრენმა. 

ბოლო პერიოდში გაუქმებული ფრენების გამო განცხადება გაავრცელა Wizz Air-მა და მიზეზად ტურისტულ ინდუსტრიაში ოპერაციული არასტაბილურობა დაასახელა. 

„ძალიან ვწუხვართ და დიდ ბოდიშს ვუხდით მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები, Wizz Air და ყველა სხვა ავიაკომპანია აკეთებს ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მეტმა მგზავრმა დროულად და მინიმალური დაგვიანებით მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, რომელთა გამოც, ტურისტული ინდუსტრიაში ოპერაციული არასტაბილურობა ფიქსირდება, არსებობს პერსონალის ფართო დეფიციტი. განსაკუთრებით კი, საჰაერო მოძრაობის კონტროლის, სახმელეთო ოპერაციების, ბარგის გადატანის და უსაფრთხოების მიმართულებით,” - ნათქვამი იყო განცხადებაში.

როგორც კომპანია ამბობდა, შეცვლილი გეგმების სანაცვლოდ ისინი მომხმარებლებს მოგზაურობისთვის სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდნენ - ალტერნატიულ ფრენებსა და თანხის სრულად დაბრუნებას სთავაზობდა.

მოგზაურობის გეგმების მნიშვნელოვნად შეცვლისა და შექმნილი სირთულეებისთვის მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორმაც. მისი თქმით, ფრენების გაუქმება სიტუაციის სტაბილიზაციისთვისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად ერთადერთი მოკლევადიანი ვარიანტი იყო. 

„პანდემიის დროს საავიაციო სექტორი ბევრმა ადამიანმა დატოვა  და სამუშაო სხვაგან იპოვა. ახლა, ჩვენი ისეთი პარტნიორები, როგორიც აეროპორტები და კვების ობიექტებია, პერსონალის მწვავე დეფიციტს განიცდიან და ახალი პერსონალის დაქირავებისთვის იბრძვიან,” - წერდა იენს რაიტერი Linkedin-ზე. 


როგორც BBC წერს, შეფერხებები სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება. მალაიზიური ავიახიაზების აღმასრულებელმა დირექტორმა კი სინგაპურში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ პერსონალის ნაკლებობის აღმოფხვრას შესაძლოა 12 თვე დასჭირდეს. როგორც ჩანს, ევროპის გარდა, ეს პრობლემა აზიაშიც დგას.

„მჯერა, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა და პოლიტიკის შემქმნელებმა ყველა საკითხის მოსაგვარებლად ერთად უნდა იმუშაოს," - განაცხადა იზამ ისმაილმა.

მანამდე კი The Washington Post ევროპაში მოგზაურობის მსურველებს ურჩევს:

  • აეროპორტებისა და ავიაკომპანიების ვებსაიტები გამგზავრებამდე სულ ცოტა ერთი დღით ადრე შეამოწმონ (ხალხმრავლობის ან/და სხვა შეფერხებების შესახებ ინფორმაციას ზოგიერთი აეროპორტი ვებსაიტებზე აახლებს);
  • და აეროპორტში დამატებით 1-2 საათით ადრე მივიდნენ. 

რომი - ქუთაისი

ასობით გაუქმებულს შორის ერთ-ერთი იყო 14 ივნისს დაგეგმილი რომი-ქუთაისის ავიარეისიც. როგორც მისი მგზავრი ანა ლატარია გვიყვება, გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო შეტყობინება, რომ ფრენა საათნახევრით გადაიწევდა, თუმცა შემდეგ საერთოდ გაუქმდა. მიზეზად კომპანია Wizz Air-მა სტაფის არ ყოლა დაასახელა. 

„მიზეზი იყო არასაკმარისი სტაფის ყოლა, რომელიც შეიძლება ადრეც სცოდნოდათ. როცა ამხელა კომპანია ხარ, ამდენ ბილეთს ყიდი, მერე რა რომ იაფიანია, ელემენტარული მომსახურება უნდა გაუწიო შენს პოტენციურ კლიენტებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთი,” - ამბობს ლატარია. 

მისი თქმით, დაახლოებით 150 მგზავრს კომპანია ალტერნატივის სახით ერთი ღამით სასტუმროში გაჩერებას, შემდეგ ვარშავაში გაფრენასა და იქიდან 18 ივნისს  ქუთაისში გამოფრენას სთავაზობდა. სპეციალური განაცხადის შევსების შემდეგ კი თანხის დაბრუნებას. 

„კომპანია გვთავაზობდა ძალიან ბევრ ალოგიკურ რაღაცას. იმ დღეს გაგვიუქმდა და მათი ე.წ. ალტერნატივა იყო ჩვენთვის ის, რომ შემოგვთავაზეს ვარშავაში გაფრენა და ვარშავის ბილეთებიც ჩვენ უნდა გვეყიდა იმ მომენტში… წარმოიდგინეთ, 14-ში ამას გვთავაზობენ, 15 თენდება და 18-მდე იქ უნდა ვყოფილიყავით და ისიც სავარაუდოდ. 100%-ით საერთოდ არაფერს არ გვეუბნებოდნენ...ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამხელა სტრესის, დაღლილობისა და ნერვიულობის ფონზე, იმ 70 ევროს  უკან დაბრუნება მართლა არაფერს არ ნიშნავს. და პლუს 400 ევროს ანაზღაურება სადღაც 3-4 თვის მერე,” - გვიყვება 14 ივნისს გაუქმებული რეისის ერთ-ერთი მგზავრი. 

ლატარიას თქმით, კონკრეტული პასუხები ვერც საელჩოს წარმომადგენლებმა მიიღეს - ამიტომ, „საელჩომ უბრალოდ თანაგვიგრძნო და ვერანაირი დახმარება ვერ გაგვიწია,” - ამბობს ანა. მისი თქმით, ბილეთის ფული მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდათ, თუ ამ შემოთავაზებას დათანხმდებოდნენ. თავად ლატარია იძულებული გახდა Pegasus-ის ბილეთები ეყიდა, რაც 600 ლარამდე დაუჯდა. 

„იმდენად გადაღლილი ვიყავი და სამსახურში აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი, იძულებული გამხადა ამ კომპანიამ, სხვა გზა უბრალოდ ვერ გამოვნახე… რაც შეეხება იმ ხალხს, იქ იყვნენ მომვლელად წასული ქალები, ზოგს 7-8 წელი არ უნახავს თავისი ოჯახი, ზოგი გასვენებაში ჩადიოდა, ზოგი 6 წლის უნახავი შვილის ქორწილში ჩადიოდა, ზოგი რაღაც მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად…იმათ რა ბედი ეწიათ, სამწუხაროდ, არ ვიცი. ამბობენ, რომ ვარშავაში გააფრინეს, მათ უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ. ფიზიკურად, ფულიც არ ჰქონდათ,” - ამბობს ლატარია. 

***

როგორც აღმოჩნდა, საავიაციო სექტორმა ზაფხულის სეზონამდე სათანადოდ მომზადება ვერ შეძლო, რის გამოც ავიახაზების განრიგები დაირღვა, ხარჯები კი გაიზარდა. ახლა საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ავიაკომპანიები ერთდროულად ამ გამოწვევებსაც გაუმკლავდნენ და გაზრდილ მოთხოვნასაც უპასუხონ. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია ვარაუდობს, რომ 2022 წელს ევროპაში მგზავრთა საერთო რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის 86%-მდე მიაღწევს.

კომენტარები