საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
რა მოხდა დღეს პარლამენტში - რა გავიგეთ პრემიერის მოხსენებიდან? რა მოხდა დღეს პარლამენტში - რა გავიგეთ პრემიერის მოხსენებიდან?
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში ხმაურით დაიწყო და ბოლომდე ასე გაგრძელდა. მისი გამოსვლა ანგარიშის წარდგენაზე მეტად ლანძღვა-გინების რეჟიმში წარიმართა. 

მან სიტყვით გამოსვლისას განგვიმარტა რას ნიშნავს სიტყვა ოლიგარქი, ისევ ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე,  ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მთავარი ქველმოქმედი უწოდა, ხოლო პარლამენტარებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ლარი არ უშოვია საქართველოში. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში, თავისი შრომით, თავისი ნიჭით. ჩამოვიდა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, მათი მმართველობის დროს“, - თქვა ღარიბაშვილმა.

პარლამენტში ხმაური ირაკლი ღაირბაშვილის გამოსვლისთანავე დაიწყო, სადაც ის ამბობდა, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და "გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი“..

“მინდა, საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით - რომლის მომწრენი ყველანი ერთად გავხდით რამდენიმე დღის წინ, ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში,”- ამბობს ღარიბაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ირაკლი ღარიბაშვილს სხდომათა დარბაზიდან „მოღალატე“ და „მონა“ უწოდა.

მის ამ შეძახილებს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და თქვა, რომ დეკანოიძეს დარბაზის დატოვებას მოსთხოვდა განმეორების შემთხვევაში.

„წამალი არ გაქვთ? წამალი მიუტანეთ, დაამშვიდეთ... ტყუილებს, არა, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით თქვენც და ყველას. ექიმს ხომ არ დავუძახოთ?“ - ასე უპასუხა საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერმინისტრი ხატია დეკანოიძის წამოძახილებს.

დარბაზის დატოვებით ხატია დეკანოიძესთან ერთად პაპუაშვილი ანი წითლიძესაც დაემუქრა. წითლიძემ ღარიბაშვილს მიკროფონის გარეშე სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე მიმართა.

„თქვენ ხართ მოღალატეების პარტია, თქვენ ხართ მოღალატეების პარტია... არა, მოგისმენთ“... ამ რეპლიკით გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ანი წითლიძის შეძახილებს დარბაზიდან. 

ღარიბაშვილის ამ განცხადებას დეპუტატ თაკო ჩარკვიანის რეპლიკა მოჰყვა, რომელსაც პრემიერმა საპასუხო რეპლიკით უპასუხა: „წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს? მიეცით, დაამშვიდეთ, გიჟია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემა საერთო არ აქვს და ეს საკითხი ჩვენზე მეტად უკრაინას აწუხებს. 

“აქვე მინდა შევახსენო, რომ ეს თემა - დეოლიგარქიზაციის ჩაიწერა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც და რეალურად ვთქვათ, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ, ჩვენ საერთოდ მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება,"

“ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი, საცოდავი ადამიანი ხარ, ჩვეულებრივი, მანიაკების მხარდამჭერი,”- ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ ლევან ხაბეიშვილს.

გამოხმაურებები

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას გამოეხმაურა "გირჩი - მეტი თავისუფლებას" თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე.

პირად Fаcebook გვერდზე ჯაფარიძემ დაწერა, რომ "არცერთი მოთხოვნის შესრულებას ესენი [ქართული ოცნება] არ აპირებენ. არ იქნება კანდიდატის სტატუსი არც ახლა, არც 6 თვეში. ასე, ევროპის (და უკვე NATO-იც) გინებაში გაატარებენ ამ პერიოდსაც"

 

ღარიბაშვილს თუ უსმენთ: - არცერთი მოთხოვნის შესრულებას ესენი არ აპირებენ. არ იქნება კანდიდატის სტატუსი არც ახლა, არც 6...

Posted by Zurab Girchi Japaridze on Wednesday, June 22, 2022

 

სოციალური სამართლიანოის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე ამბობს, რომ "პრემიერი ყველაფერს აკეთებს, გარდა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ანგარიშის წარმოდგენისა."

"დღევანდელი საპარლამენტო განხილვებიდან ერთი რამ ცალსახაა - ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწეული პირველი რეკომენდაცია, რომ შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია - არათუ უგულებელყოფილია, არამედ ღიად, დემონსტრაციულად არის ფეხებზე დაკიდებული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან."

 

სირცხვილია ახლა რაც პარლამენტში ხდება. პრემიერი ყველაფერს აკეთებს, გარდა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ანგარიშის...

Posted by Guro Imnadze on Wednesday, June 22, 2022

 

დღეს 22 ივნისს პარლამენტში პლენარული სხდომაზე დეპუტატები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენდნენ.

პრემიერმინისტრმა ანგარიშის წარდგენისა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის ნაცვლად, მთელი დრო პარლამენტარების ქილიკს დაუთმო. მისი გამოსვლიდან ვერ გავიგეთ, აპირებს თუ არა ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებას, ან რა შეიცვალა საქართველოში გასული 1 წლის განმავლობაში.

კომენტარები