საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
25 ივნისი, 2022 ამერიკაში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ პარასკევს “Dobbs v. Jackson Women's Health Organization-ის” საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გააუქმა Roe v. Wade. შედეგად, ამერიკაში აბორტის კონსტიტუციური უფლება აღარ არსებობს. თითოეულ შტატს კი დამოუკიდებლად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება შეინარჩუნებს აბორტის უფლებას თუ არა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ Roe და Casey უნდა გააუქმონ. კონსტიტუცია არ მიუთითებს აბორტზე  და არც ერთი ასეთი უფლება არ არის დაცული რაიმე კონსტიტუციური დებულებით” -  წერს მოსამართლე სამუელ ალიტო თავის უმრავლესობის მოსაზრებაში. 

როგორც ცნობილია, სულ მცირე 18 შტატში კანონმდებლობით არსებობს აბორტის სრული ან თითქმის სრული აკრძალვა, რომლებიც Roe v. Wade-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო მიძინებული იყო.  თუმცა, უზენაესი სასამართლოს მიერ 24 ივნისს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ამ აკრძალვებს ამოქმედების შესაძლებლობა მისცა. 

ზოგიერთი მათგანი დაუყოვნებლივ შევა ძალაში, ხოლო ზოგს დღეები ან კვირები დასჭირდება ასამოქმედებლად. ზაფხულის ბოლოს, თითქმის ყველა აბორტი უკანონო იქნება დაახლოებით 18 შტატში. გარდა ამისა, აღსანიშნია ისიც, რომ ამერიკის ოთხ შტატს - ჯორჯია, აიოვა, ოჰაიო და სამხრეთ კაროლინა - აქვს კანონი, რომელიც აბორტს ორსულობის მეექვსე კვირის შემდეგ კრძალავს. 

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ აბორტის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი ამერიკის 22 შტატში არსებობს. რაც შეეხება იმ 18 შტატს, სადაც შესაძლოა რომ აბორტი სრულად აიკრძალოს ასე გამოიყურება: ალაბამა, არიზონა, არკანზასი, აიდაჰო, კენტუკი, ლუიზიანა, მიჩიგანი, მისისიპი, მისური, ჩრდილოეთ დაკოტა, ოკლაჰომა, სამხრეთ დაკოტა, ტენესი, ტეხასი, იუტა, დასავლეთ ვირჯინია, ვისკონსინი და ვაიომინგი.

vox

 

ადრეული აკრძალვები/ცისფერი- კრძალავს აბორტს ორსულობის ექვსი ან რვა კვირის შემდეგ. თითქმის სრული აკრძალვის მქონე სახელმწიფოებმა/ნარინჯისფერი - შეიძლება მაინც დაუშვან აბორტები პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად ან ჯანმრთელობის დასაცავად, ან როდესაც ორსულობა გამოწვეულია გაუპატიურებით ან ინცესტით, თუმცა ყველა ამას არ აკეთებს. წინასწარი აკრძალვებისას შესაძლოა/ყავისფერი - უფრო მეტი სასამართლო პროცესი ჩატარდება ძალაში შესვლამდე. ბოლოს განახლდა 2022 წლის 8 აპრილს

რა მოხდა?

ყველაფერი „Dobbs v. Jackson Women's Health Organization“ საქმიდან დაიწყო, რომელსაც უზენაესი სასამართლო განიხილავდა და 2018 წლის მისისიპის შტატის კანონის კონსტიტუციურობას შეეხება. იგი აბორტის ოპერაციებს ორსულობის პირველი 15 კვირის შემდეგ კრძალავს და წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევს აირჩიონ აბორტი ორსულობის პირველი 24 კვირის განმავლობაში. საქმეზე ზეპირი განხილვა 2021 წლის დეკემბერში გაიმართა, საბოლოო გადაწყვეტილება კი 24 ივნისს მიიღეს.

უზენაესი სასამართლოს დასკვნა სრულად უარყოფს ამერიკის უზენაესი სასამართლოს 1973 წლისა და 1992 წლის გადაწყვეტილებებს, რომელიც უნიკალურია თავისი შინაარსით. 

„Roe v. Wade-ის“ საქმის განხილვისას აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, ასევე შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში, რაც იმას ნიშნავს რომ დაახლოებით 14 კვირის შემდეგ, აბორტი მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებშია დაშვებული. 

რაც შეეხება 1992 წლის „Planned Parenthood v. Casey“ საქმეს, დადგინდა, რომ შტატებს არ შეუძლიათ „შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი“ დააკისრონ ქალებს, რომლებსაც სურთ აბორტის გაკეთა ორსულობის 24-ე კვირამდე.

რა გადაწყვეტილება იყო Roe v. Wade?

Roe v. Wade-ის საქმე 1970 წელს დაიწყო. ჯეინ რომ, რომელიც გამოგონილი სახელია მოსარჩელე ქალის  ნორმა მაკკორვის ვინაობის დასაცავად, წამოიწყო ფედერალური დავა ჰენრი ვეიდის წინააღმდეგ. იგი ტეხასში დალასისი ოლქის პროკურორი იყო, იქ სადაც რო ცხოვრობდა. 

რო 1969 წელს მესამე შვილზე დაორსულდა და აბორტის გაკეთება სურდა. სწორედ ამიტომ, ტეხასის კანონებს დაუპირისპირდა. ცდილობდა დაედგინა, რომ ქალს აქვს უფლება შეწყვიტოს ორსულობა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების გარეშე. ტეხასის ჩრდილოეთ ოლქის რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ და ტეხასის აბორტის შესაბამისი წესდება არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. 

მხარეებმა ეს გადაწყვეტილება შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. რომელმაც 1973 წლის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორების პუნქტი  “კონფიდენციალურობის უფლების” შესახებ იცავს ორსული ქალის აბორტის უფლებას. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით აბორტის უფლება არ არის აბსოლუტური და ბალანსისთვის ტრიმესტრული განრიგი შეადგინა:

პირველ ტრიმესტრში ხელისუფლებას არ შეეძლო აბორტის რეგულირება. მხოლოდ მოითხოვდნენ რომ პროცედურა ლიცენზირებულ ექიმს ჩაეტარებინა. ხოლო მომდევნო ტრიმესტრებში ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლებოდა, როდესაც ორსულობა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო.

სასამართლო განხილვები რამდენიმე წელს გაგრძელდა, რის გამოც მოსარჩელე ჯეინ რო იძულებული გახდა ქალიშვილი გაეჩინა, რომელიც ტეხასში წყვილმა იშვილა.

მარცხნივ - ჯეინ რო, მარჯვნივ - ადვოკატი გლორია ალრედი

ვინ დაუჭირა მხარი Roe v. Wade-ის გაუქმებას

აბორტის არაკონსტიტუციურად ცნობას რესპუბლიკელები საკუთარ გამარჯვებად აღიქვამენ. მოსამართლე სამუელ ალიტოს უმრავლესობის მოსაზრებას უზენაესი სასამართლოს 4 ყველაზე კონსერვატიული წევრი შეუერთდა. მთავარმა მოსამართლემ ჯონ რობერტსმა, რომელიც ასევე კონსერვატორია, დაწერა ცალკე მოსაზრება და ამტკიცებდა, რომ სასამართლომ უნდა შეზღუდოს, მაგრამ ჯერ არ გააუქმოს Roe v. Wade.

ალიტოს თქმით, თუ უფლება პირდაპირ არ არის ნახსენები კონსტიტუციაში, ის უნდა იყოს „ღრმად ფესვგადგმული ამ ერის ისტორიასა და ტრადიციაში“ და “ნაგულისხმევი მოწესრიგებული თავისუფლების კონცეფციაში“, რათა ისარგებლოს კონსტიტუციური დაცვით. შემდეგ კი იგი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ აბორტის უფლება არ არის ფესვგადგმული იურიდიულ ისტორიაში ან ტრადიციაში.

Roe v. Wade გაუქმდა, რადგან უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლიდან, 6 რესპუბლიკელების მიერაა დანიშნული, 3 კი დემოკრატების. მსგავსი განაწილება განაპირობა იმან, რომ მოსამართლე  Ruth Bader Ginsburg  დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო კვირებში გარდაიცვალა, ტრამპმა კი სასამართლოში ახალი კონსერვატიულად განწყობილი წევრი დანიშნა. 

ამრიგად, აბორტი ძალიან მალე არალეგალური იქნება ამერიკის სულ მცირე 18 შტატში და აიკრძალება ორსულობის ადრეულ პერიოდში სულ მცირე კიდევ 4-ში. 

გარდა ამისა, ჯერ კიდევ ღიაა კითხვა იმის შესახებ, ემუქრება თუ არა საფრთხე სხვა უფლებებს, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინების ან კონტრაცეფციის უფლება. რადგან, სასამართლოს მრავალი გადაწყვეტილება, რომელიც იცავს სექსუალური, რომანტიკული ან სხეულის ავტონომიის უფლებას, ეყრდნობა Roe v. Wade-ის მსგავს მსჯელობას.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პროტესტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოსალოდნელია, რომ საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზარდოს.

მთავარი ფოტო: Andrew Harnik/AP
კომენტარები