საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
27 ივნისი, 2022 რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა - რას ნიშნავს ეს? - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ


1918 წლის შემდეგ პირველად რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის პროცენტი უნდა გადაეხადა, რაც ვერ შეძლო. ერთთვიანი საშეღავათო პერიოდი 27 ივნისის დადგომისთანავე ამოიწურა. 

რუსეთის ეს დეფოლტი უკრაინაზე 2022 წლის თებერვალში განახლებულ თავდასხმასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაწესებულ მკაცრ სანქციებს უკავშირდება. პირველი კი „ბოლშევიკურ რევოლუციას" - 1918 წელს ახალმა კომუნისტურმა ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა რუსეთის იმპერიის ვალების გადახდაზე თქვა უარი. 

რა არის დეფოლტი?

დეფოლტი ნიშნავს, რომ პირს (ამ შემთხვევაში სახელმწიფოს) ვალის გადახდის შესაძლებლობა აღარ აქვს. როგორც წესი, ტერმინს ქვეყნებთან მიმართებით იყენებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს დეფოლტი არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ უარი თქვა ვალის გადახდაზე - რუსეთს უბრალოდ აღარ აქვს საშუალება, დარიცხული პროცენტი და ვალის ძირი დაფაროს.

ქვეყნის დეფოლტით მისი საკრედიტო რეიტინგი, ფაქტობრივად, ნულდება - ის აღარ არის ინვესტორებისთვის საინტერესო და ქვეყანაში ინვესტიციების შედინების ნაცვლად კაპიტალი გადინებას იწყებს. ასეთ პირობებში მყოფ ეკონომიკას ხელახალი ვალების აღება უჭირს, ღრმავდება ეკონომიკური კრიზისი და, როგორც წესი, იწყება აქტივების კონფისკაცია. 

რუსეთში დეფოლტი არ გამოუწვევია იმას, რომ ქვეყანას ფული აღარ აქვს - უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღის თავზე ოკუპანტებმა 100 მლრდ აშშ დოლარი მხოლოდ ნავთობის ექსპორტით მიიღეს. თუმცა, დაწესებული სანქციებით კრემლს წვდომა აღარ აქვს თავისივე რეზერვებზე, დაახლოებით 640 მლრდ აშშ დოლარზე სხვადასხვა ქვეყნის ბანკებში. 

პუტინის რეჟიმმა სცადა, რომ ვალები რუბლებში გადაეხადა, თუმცა ამას არცერთი კონტრაქტი არ ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, საგარეო ვალის დოლარში გადახდის ვადა მოსკოვს 27 მაისს ამოეწურა. დამატებითი ერთთვიანი პერიოდი კი გუშინ ამოიწურა - ეს კი თავისთავად ნიშნავს ქვეყნის დეფოლტს.

რა გავლენა ექნება დეფოლტს ეკონომიკაზე?

​ახლა მთავარი კითხვა, რაც ყველას უჩნდება, დეფოლტის რუსულ ეკონომიკაზე გავლენაა. "ბლუბეის" ანალიტიკოსი ტიმოთი ეში ამბობს, რომ დეფოლტს მყისიერი გავლენა არ ექნება, თუმცა ეს რუსეთისთვის რაიმე პოზიტიურს არ ნიშნავს. 

„დეფოლტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთის რეიტინგებზე, საერთაშორისო ბაზარზე წვდომასა და დაფინანსების ხარჯებზე მომავალი წლების განმავლობაში. რადგანაც რუსეთის დეფოლტამდე მისვლაში დიდი როლი ითამაშა აშშ-ის ხაზინამ, მოსკოვი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს მისგან თავის დაღწევას, რაც ვაშინგტონი აუნთებს მწვანე შუქს შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებსა და ობლიგაციების მფლობელებს."

ეშმა CNBC-სთან საუბრისას თქვა, რომ ეს პროცესი, შესაძლოა, ათწლეულები გაგრძელდეს. კრემლი სამშვიდობო შეთანხმებას რომც დათანხმდეს და უკრაინაში ცეცხლი შეწყვიტოს, მას საერთაშორისო ფინანსებზე წვდომა კვლავ ლიმიტირებული ექნება. გარდა ამისა, მოსკოვს კიდევ დიდ ხანს მოუწევს სესხის მაღალ პროცენტში აღება - თუ, რა თქმა უნდა, სესხს საერთოდ მისცემენ. 

ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთისთვის ალტერნატივად მიჩნეული ჩინური ბანკებიც არ იქნებიან თანახმა თანამშრომლობაზე.

„ეს [დეფოლტი] რუსეთისთვის სესხებასაც კი ძალიან ართულებს. მუდმივად არსებობს სანქციების გამკაცრების შანსი და მოსკოვისთვის ფულის სესხება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ეს კი ნიშნავს, რომ ძალიან შემცირდება ინვესტიციები, ეკონომიკური ზრდა, კიდევ უფრო დაიკლებს ცხოვრების დონე, გააქტიურდება ტვინების გადინება და გაიზრდება ეკონომიკის დაცემის მოჯადოებული წრე".

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მკაცრი კონტროლით ახერხებს რუბლის ვალუტის შენარჩუნებას, დასავლეთის სანქციები და დივერსიფიკაციის პოლიტიკა რუსეთს რამდენიმე წელიწადს შეუქმნის პრობლემებს. ევროპის ქვეყნები აპირებენ, რომ მაქსიმალურად, უმოკლეს ვადებში შეამცირონ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რაც პუტინის ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

დეფოლტისკენ მიმავალი გზა

საერთაშორისო იზოლაციისა და დეფოლტისკენ მიმავალ გზას რუსეთი უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაადგა. ჯერ კიდევ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისას (ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქის) შეჩერდა კრემლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2." ევროპამ და ჩრდილოეთ ამერიკამ კი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად გზების ძიება დაიწყეს. 

შემდეგ კი აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები რუსულ ბანკებს, კომპანიებს, სახელმწიფო მოხელეებსა, ოლიგარქებს, პროპაგანდისტებს დაუწესეს და მათი აქტივები გაყინეს. „შავ სიაში" მოხვდნენ რუსი სამხედრო მეთაურები, რომლებიც ბუჩაში მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ...ასევე, მარიუპოლის ალყაზე პასუხისმგებელი გენერალ-პოლკოვნიკები. 

რუსეთი ვეღარ მონაწილეობს საერთაშორისო ფინანსურ ურთიერთობებში, ბანკები, ფაქტობრივად, ვეღარ მუშაობენ, რადგან SWIFT-იდან არიან გათიშულები. რუსეთის მოქალაქეები ვეღარ სარგებლობენ ისეთი საერთაშორისო გადახდის ბარათებით, როგორიც Visa, MasterCard და American Express-ია.

რუსეთ-უკრაინის ომის ჯერ კიდევ პირველ ეტაპზე ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა რუსული რუბლი, მოსკოვის საფონდო ბირჟა კი თვეების განმავლობაში არ იხსნებოდა. აშშ-მა აკრძალა რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, ბუნებრივი აირისა და ოქროს იმპორტი (რუსული ცენტრალური ბანკის ყველაზე დიდი აქტივი). სავარაუდოდ, ოქროს იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას ბავარიის სამიტზე მიიღებს G7-იც.ამას გარდა, რუსეთში მუშაობაზე უარი მსოფლიო ბრენდების უდიდესმა ნაწილმა თქვა.

სანქციები ეტაპობრივად ფართოვდება და ამ დროისთვის მხოლოდ ევროკავშირის უკვე ექვსი პაკეტია დამტკიცებული. თუმცა, აშშ-ის, EU-ს და დიდი ბრიტანეთის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს იაპონიამ, კანადამ, ახალმა ზელანდია, ავსტრალიამ და ტაივანმაც. რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს ერთიანი პასუხი  უფრო და უფრო მასშტაბური, უპრეცედენტო და მრავალფეროვანი ხდება. 

მართალია, რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად სხვადასხვა გზებს ეძებდა. თუმცა, ახლა მსოფლიო სწორედ ამ სანქციების კულმინაციურ მომენტს ადევნებს თვალს - რუსეთის დეფოლტს. აპრილში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ის დროებითი ლიცენზიაც აღარ გააგრძელა, რომლის საფუძველზეც უცხოელი კრედიტორებისთვის გამონაკლისი იყო დაშვებული (რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მიუხედავად) და რუსეთს მათთვის თანხის გადახდა შეეძლო.  

როგორც CNBC წერს, რუსეთის დეფოლტი გავლენას ომზეც იქონიებს. რუსული სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია, დარჩენილ ნაწილსა და რუსული არმიის აღდგენას კი ფინანსები სჭირდება.

რას ამბობენ რუსეთში?

დეფოლტი შესაძლოა გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა ან კომპანიამ, ასევე ქვეყანამ. რუსეთი დეფოლტს ოფიციალურად არ აცხადებს. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა კი რუსეთში საქმიანობა ომის დაწყების შემდეგ შეაჩერეს. 

ობლიგაციების მფლობელები ჯერ იმის გარკვევას ცდილობენ, რამდენად აქვთ საკუთარი ფულის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნების შანსი. დეფოლტის გამოსაცხადებლად კრედიტორებს ობლიგაციების მფლობელთა მეოთხედის თანხმობა სჭირდებათ. თუმცა, საშეღავათო პერიოდი ამოწურულია. რუსეთმა ვალის გადახდა ვერ შეძლო. Bloomberg-ის მიხედვით, ეს ავტომატურად დეფოლტად ითვლება.

 
ჯერ კიდევ მარტში პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის დეფოლტის პირობები არ არსებობდა. 

„ჩვენ გვესმის ჩვენი ფინანსური უწყებების განცხადებები, რომ საგარეო ვალის რუბლში მომსახურებისთვის საჭირო მარაგები და მზაობა გვაქვს. შესაბამისად, დეფოლტისთვის საჭირო ფაქტობრივი მიზეზები არ არსებობს, თუ მას ჩვენ ხელოვნურად არ შეგვიქმნიან," - აცხადებდა პესკოვი.

ახლა კი ​რუსეთის მთავრობაში ამბობენ, რომ გადასახადების დროულად დაფარვა სურთ. მათი სახელმწიფო ვალიდან დაახლოებით 40 მილიარდი დოლარში ან ევროშია.

გასულ კვირას რუსეთის ფინანსთა მინისტრი ამბობდა, რომ საგარეო ვალის მომსახურებისთვის ხელოვნურ წინაღობებს უქმნიან, რათა დეფოლტის იარლიყი მიაწებონ. „ყველას, ვინც სიტუაციაში ერკვევა, ესმის, რომ ეს არანაირი დეფოლტი არ არის," - ამტკიცებდა ანტონ სილუანოვი. ახლანდელ ვითარებას კი, რომელიც სახარბიელო სულაც არაა, მან „ფარსი" უწოდა.

კომენტარები