საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
05 ივლისი, 2022 "ჯოჯოხეთი ამქვეყნად" - უკრაინელი ჯარისკაცები დასავლეთის ფრონტს აღწერენ
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ


დამწვარი ტყეები და მიწასთან გასწორებული ქალაქები, მძიმედ დაშავებული თანამებრძოლები და უწყვეტი დაბომბვა - სხვა არაფერი დაგრჩენია და სანგარში წვები, ელოდები და ლოცულობ.

ასე ფრონტის დასავლეთ ხაზს ის უკრაინელი სამხედროები აღწერენ, ვინც იქიდან უკვე დაბრუნდნენ. რუსეთის წარმოებული ომის წარმოუდგენელ სისასტიკეზე საუბრისას ისინი აღნიშნავენ, რომ ცხოვრება დამღლელ ბრძოლად იქცა. 

The Associated Press-თან საუბრისას მებრძოლები ქაოსზე, დეზერტირებსა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობენ - ამ ყველაფერს ოკუპანტების დაუნდობელი ომი იწვევს. თუმცა, ამის პარალელურად, ჯარისკაცები ყვებიან კოლეგების გმირობასა და თავდაუზოგავ ბრძოლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად რუსები უკეთ არიან აღჭურვილნი.

AP

“ყოველდღიურად გვბომბავდნენ” - ვოლოდიმირ ნაზარენკო ეროვნულ გვარდიაში, "სვაბოდაში" მსახურობდა. მისი ბატალიონი სევეროდინეცკიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, უმაღლესი ეშელონების ბრძანების შემდეგ. ქალაქის მისადგომებთან ბრძოლები თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ომამდელი 100-ათასიანი ქალაქი გადამწვარ უდაბნოდ აქცია.

სევეროდონეცკი ლუჰანსკის რეგიონში ორი მთავარი ქალაქიდან ერთერთი იყო. სანამ უკრაინელები უკან დახევის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ოკუპანტებს ისინი სამი მხრიდან ალყაში ჰყავდათ.  

„თუკი ქვეყნად სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს სევეროდონეცკი უნდა იყოს. ქალაქი რომ ჩვენს ხელში იყო, მთლიანად ჩვენივე ბიჭების შინაგანი ძალის დმასახურება იყო. ის პირობები, რომელშიც ბიჭები იბრძოდნენ, არ იყო ადამიანური", - ყვება არტიომ რუბანი, ნაზარენკოს ბატალიონის კიდევ ერთი წევრი.

ნაზარენკო ამბობს, რომ მიუხედავად დამდგარი შედეგისა, დაგეგმილი ოპერაცია უკრაინული მხარის გამარჯვება იყო. მისი თქმით, უკრაინულმა ჯარმა ოკუპანტები იმაზე დიდხანს დააყოვნა, ვიდრე ეს გათვლილი იყო. ასე კი მინიმუმამდე დავიდა მსხვერპლი და რუსული რესურსებიც განადგურდა.

​ოლექსეი უკრაინული არმიის კიდევ ერთი მებრძოლია. მან ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა 2016 წელს დაიწყო, ყირიმის ანექსიისა და დონბასის რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ. ის ბრძოლის ველიდან დაკოჭლებული დაბრუნდა. მისი თქმით, ოკუპანტებმა ქალაქ ზოლოტთან დაჭრეს.

„მედიით ნახულობთ მშვენიერ ფოტოებს, რომ ფრონტის ხაზზე სოლიდარობაა, ჯარია, მაგრამ ამის უკან კიდევ ბევრი რამაა", - ყვება ის.

ოლეკსეის ბატალიონში აღჭურვილობის ნაკლებობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მონაყოლიდან ვიგებთ, რომ მისმა ბატალიონმა 150 ადამიანი ომის დაწყებიდან პირველ სამ დღეში დაკარგა, უმეტესწილად სისხლისგან დაცლის გამო.

„უწყვეტი დაბომბვის რეჟიმში დაჭრილთა გადაყვანა მხოლოდ ღამით ხერხდებოდა. ამიტომ, ჯარისკაცებს უწევდათ, საათობით დალოდებოდნენ დამხმარეს", - ამბობს ოლეკსეი.

AP/Efrem Lukatsky

41 წლის მარია ოცეულის ხელმძღვანელია. ის არმიას 2018 წელს შეუერთდა. ყოფილ ადვოკატს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მარია ამბობს, რომ საფრთხე დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ სად დგას ერთეული.

ფრონტის უკიდურესი დასავლეთი, ის ადგილები, სადაც რუსები და სეპარატისტები 2014 წლიდან არიან განლაგებულნი, უფრო პროგნოზირებადია. თუმცა სულ სხვა სამყაროა იქ, სადაც რუსები ხელახალი შეჭრის შემდეგ განლაგდნენ.

მარია ამბობს იმასაც, რომ მისი ქმარი ასევე მებრძოლია და "ცხელ წერტილშია". ყველას ენატრება საყვარელი ადამიანები და დარდობენ მათზე, თუმცა სამხედრო ყვება, რომ მებრძოლები საბრძოლო განწყობას ინარჩუნებენ.

28 წლის ყოფილი მასწავლებელი სლოვიანსკიდან ვერ წარმოიდგენდა, რომ ქვეყნისთვის ბრძოლა ოდესმე მოუწევდა. ის ამბობს, რომ ბრძოლის ველი სრულიად სხვანაირი ცხოვრებაა, განსხვავებულ ღირებულებათა სისტემითა და ემოციებით.

„აქ სიხარულიცაა, სევდაც. ყველაფერი ერთმანეთშია ახლართული", - ამბობს ის. 

თანამებრძოლებთან მეგობრობა ოდნავ მაინც ამსუბუქებს ყველაფერს. თუმცა, ყოფილი მასწავლებელი ამბობს, რომ ბევრ სამხედროს სერიოზული ფიზიკური და მენტალური პრობლემები აქვს, მათ შორის, PTSD სინდრომის სიმპტომები.

ყოფილი პედაგოგი AP-ს უყვება, რომ მუდმივი სტრესის ქვეშ ცხოვრება, როცა არც ძილის საშუალებაა და საკვების დეფიციტიცაა, ძალიან რთულია. 

„ყველა იმ საშინელების ნახვა, რაც ხდება - დახოცილი ადამიანები, გამოშიგნული გვამები - შეუძლებელია, ეს ვინმეს ფსიქიკაზე არ ახდენდეს გავლენას. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, კბილებით დავიცვათ [უკრაინა]. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთულია ეს. ვინ დაიცავს ჩემს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, თუ არა მე?"

AP

სლოვიანსკში არსებული ცენტრი სამხედრო დანაყოფებს აღჭურვილობას აწვდის, სამხედროებს კი დასასვენებელ გარემოს სთავაზობს როტაციების დროს. 43 წლის ქორეოგრაფი, ტატიანა, ამ ცენტრის დამაარსებელია. ყვება, რომ მათ ცენტრში ბევრი ჯარისკაცი გადის.

„თავიდან მოდიან, იღიმიან, შეიძლება მორცხვობენ კიდეც. როცა ბრუნდებიან, თვალებში სიცარიელე აქვთ. უკვე იკითხება მათ სახეებზე, რომ ბევრი რამ გამოიარეს და ისინი აღარ არიან, ვინც ფრონტის ხაზზე წავიდა". 

ინტერვიუს დროს ტატიანას უკან ახალგაზრდა უკრაინელი მებრძოლების ჯგუფი იდგა. ისინი ერთმანეთს ეხუმრებოდნენ და პიცას იყოფდნენ. ამ დროს კი არტილერიის ხმა ისმის.

„ისინი, როგორც წესი, უკეთეს მომავალზე ოცნებობენ. დიახ, ხანდახან სევდიანები ბრუნდებიან, თუმცა ვცდილობთ, აქ მათი განწყობა ავამაღლოთ. აქ ერთმანეთს ვეხუტებით, ვუღიმით და ასე ვაცილებთ მათ უკან, ფრონტზე".

რა მდგომარეობაა ახლა უკრაინაში?

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით (24.02-დან 04.07-მდე),  ლიკვიდირებულია დაახლოებით 36 200 რუსი სამხედრო. რაც შეეხება რუსული არმიის ტექნიკასა და აღჭურვილობას, განადგურებულია:

  • 1589 ტანკი
  • 3754 ჯავშანმანქანა
  • 804 საარტილერიო სისტემა
  • 246 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 105 საზენიტო საბრძოლო სისტემა
  • 217 საბრძოლო თვითმფრინავი
  • 187 ვერტმფრენი
  • 658 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 144 საკრუიზო რაკეტა
  • 15 გემი/ნავი
  • 2629 მანქანა და საწვავის ავზი
  • 65 სპეცტექნიკა

უწყების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბოლო დღეების განმავლობაში დონეცკისა და სლოვიანსკის მიმართულებით განიცადეს. უკრაინული მხარე საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. 

გაეროს მიხედვით, 5,493,437 აღემატება უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვიც. ყველაზე მეტი დევნილი ახლა მეზობელ ქვეყნებში (პოლონეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, უნგრეთი…) იმყოფება.

ამას გარდა, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიას 345 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 644-ზე მეტი ბავშვი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გაეროს ინფორმაციით კი, რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა სულ ცოტა 4 731 მშვიდობიანი მოქალაქე. თუმცა, ეს რიცხვები საბოლოო არაა და არც ზუსტ რეალობას ასახავს, რადგან საომარი მოქმედებების გამო მონაცემების შეგროვება ყველგან ვერ ხერხდება.

რეპორტაჟი მომზადებულია AP-ის მასალის მიხედვით

მთავარი ფოტო: Aris Messinis/AFP/Getty Images
კომენტარები