საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ბორის ჯონსონის ერა სრულდება? - რატომ მიდის პარტიიდან და პრემიერობიდან - ახსნილი ბორის ჯონსონის ერა სრულდება? - რატომ მიდის პარტიიდან და პრემიერობიდან - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა, პრემიერის პოსტზე დარჩენას კი ის ახალი ლიდერის არჩევამდე გეგმავს. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადება ჯონსონმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია შეინარჩუნებს თუ არა ის შემოდგომამდე პრემიერმინისტრის პოსტს, რომელსაც 2019 წლის 23 ივლისიდან იკავებს.

რა თქვა ჯონსონმა?

"მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ," - ასე მიმართა ბრიტანელებს ჯონსონმა, როცა გადადგომის შესახებ აცხადებდა. მისი თქმით, აშკარაა, რომ საპარლამენტო პარტიას დღეს ახალი ლიდერი და ახალი პრემიერმინისტრი სურს. 

ახალი ლიდერის არჩევამდე კი ჯონსონმა ახალი კაბინეტი დანიშნა, რომელიც, მისი თქმით, დარჩენილ დროს მასთან ერთად იმსახურებს. არჩევის პროცესის ვადები შემდეგ კვირას უნდა გამოცხადდეს.

„მიზეზი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში მე შეუპოვრად ვიბრძოდი იმისთვის, რომ გამეგრძელებინა ეს მანდატი, მდგომარეობდა არა მხოლოდ იმაში, რომ მე ეს პიროვნულად მსურდა, არამედ მიმაჩნდა, რომ ეს არის ჩემი საქმე, ჩემი ვალდებულება და ჩემი მოვალეობა თქვენს წინაშე," - განაცხადა ჯონსონმა. 

ამას გარდა, სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა ისიც აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინელების დახმარებას გააგრძელებს - „უკრაინისთვის ბრძოლას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭიროა," - განაცხადა ჯონსონმა.


რა ხდება ბრიტანეთში?

ბოლო დღეებში ბრიტანეთში სახელისუფლებო კრიზისი გამწვავდა, რადგან მთავრობა რამდენიმე  მინისტრმა დატოვა. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს იმ დეპუტატებმაც, რომლებიც მთავრობის წევრები არ არიან, მაგრამ მის მუშაობაში მონაწილეობენ. ჯონსონთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა კონსერვატიული პარტიის დაბალი რანგის რამდენიმე მაღალჩინოსანმაც. გუშინ, 6 ივლისს კი, ახალდანიშნულმა კანცლერმა ნადიმ ზაჰავიმ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდებდა.

რატომ მიდის ჯონსონი?

ბრიტანეთში საკადრო ცვლილებები ბოლო სამი დღის განმავლობაშიც არ შეჩერებულა. დღეს თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა მიშელ დოულანმა (დოულანი ამ პოსტზე 2 დღის წინ დაინიშნა). 5 ივლისს კი თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა. 

„შესაძლოა კონსერვატიული პარტია არ იყო ყოველთვის პოპულარული, მაგრამ პარტია ყოველთვის კომპეტენტურად და ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა. დღეს ჩვენ ამომრჩევლისთვის არ ვართ არც კომპეტენტურები და ნდობაც დაკარგული გვაქვს,” - წერდა ჯავიდი გადადგომის შესახებ განცხადებაში.

სუნაკი კი ამბობდა, რომ საზოგადოებას მთავრობის სათანადოდ, კომპეტენტურად და სერიოზულად მოქმედების მოლოდინი აქვს. „ვფიქრობ ამ სტანდარტებისთვის ბრძოლა ღირს, სწორედ ამიტომ მივდივარ," - განაცხადა სუნაკმა. 

ამ ორ გავლენიან მინისტრს წასვლის კონკრეტულ მიზეზზე არ უსაუბრიათ, თუმცა მათი გადადგომაც ჯონსონის უნდობლობასა და დიდი ალბათობით ერთ უთანხმოებასაც უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ ჯონსონმა საპარლამენტო თანამდებობაზე დანიშნა კრის პიჩნერი. კონსერვატიული პარტიის ის წევრი, რომელიც სექსულურ შევიწროებაში იყო მხილებული. მართალია, ჯონსონის ოფისში ამბობდნენ, რომ თანამდებობაზე დანიშვნისას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუმცა, პიჩნერის მიერ კოლეგების შევიწროების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2019 წელს ვრცელდებოდა. სუნაკისა და ჯავიდის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ჯონსონმა აღიარა კიდეც, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ მისთვისაც იყო ცნობილი. ჯონსონის ბოლო პოლიტიკური კრიზისი სწორედ აღნიშნულ სკანდალს უკავშირდება.

ამას გარდა, ზუსტად ერთი თვის წინ, 6 ივნისს ბრიტანეთის პარლამენტში ჯონსონის მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხიც იდგა. მართალია ამ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო და ჯონსონი მაშინ იმპიჩმენტს გადაურჩა, თუმცა, მის  მიმართ უნდობლობა არ შემცირებულა. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, ჯონსონის მუშაობით გამოკითხულთა 70%-ზე მეტი უკმაყოფილოა. ყოველდღიურად მცირდებოდა მისი და კონსერვატორების რეიტინგიც.

ინიცირებული იმპიჩმენტი კი ე.წ. Partygate-ს სკანდალს უკავშირდებოდა. ჯონსონს პანდემიის გამო დაწესებული მასობრივი შეზღუდვებისა და კარანტინის დროს წვეულებზე დასწრებაში სდებდნენ ბრალს. 2020 წელს გამართულ ერთ-ერთი ასეთი წვეულებისას კი ის დააჯარიმეს კიდეც. ბრიტანეთის ისტორიაში ჯონსონი გახდა პირველი პრემიერმინისტრი, რომელიც კანონის დარღვევაში ამხილეს. ამ მასშტაბური სკანდალის გამო ჯონსონმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა, თუმცა, როგორც ჩანს, ბოდიში ბრიტანელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
კომენტარები