საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
13 ივლისი, 2022 რატომ არის James Webb-ის ახალი კოსმოსური ტელესკოპის სურათები მნიშვნელოვანი - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

James Webb-ის ტელესკოპს (JWST)  სამყაროს უკეთ დანახვა შეუძლია, ვიდრე ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს შეეძლო. NASA-მ გამოაქვეყნა პირველი სურათები კოსმოსური ობსერვატორიიდან. ეს სურათები ათწლეულების განმავლობაში მზადდებოდა, მრავალი შეფერხებითა და დიდი ფინანსური ხარჯით.  

Webb კოსმოსური ტელესკოპი, შორეული სამყაროს მონაკვეთი

ამ სურათს შესანიშნავს ხდის ის, თუ რამდენად პატარაა და ამავდროულად დიდია გამოსახულება. პატარაა იმ გაგებით, რომ სურათი ღამის ცის მხოლოდ პატარა ნაწილს წარმოადგენს. თუმცა დიდია იმ გაგებით, რომ თითქმის ყველა ობიექტი გალაქტიკაა. (გარდა კაშკაშა ვარსკვლავური აფეთქებებისა, რომლებიც წინა პლანზეა).

ერთი შეხედვით, გამოსახულება ბრტყელი გვეჩვენება. თუმცა, ის ასახავს სამყაროს სიღრმეებს და არის ფანჯარა დროში. ფოტოზე ყველაზე სუსტი და პატარა შუქი არის იმ გალაქტიკების გამოსახულებები, რომლებიც 13 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ არსებობდნენ, სამყაროს დასაწყისთან ახლოს. (ეს სინათლე მას შემდეგ კოსმოსში მოგზაურობს). Webb-ის ტელესკოპი არა მხოლოდ უღებს სურათებს ძველ გალაქტიკებს, არამედ ზომავს რა ელემენტებისგან შედგებიან ადრეული გალაქტიკები. 

ეს ფოტო ჰგავს დანალექი ქანების ნიმუშებს. ის სამყაროს ევოლუციას აჩვენებს დროის შრეების მიხედვით.  ეს კი წარმოადგენს უზარმაზარ გაუმჯობესებას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის შესაძლებლობასთან შედარებით, რომლებიც Webb-ის ჩაშვებამდე ყველაზე დიდი ობსერვატორია იყო კოსმოსში. ჰაბლის სარკე 7,8 ფუნტის დიამეტრისაა, Webb-ის ოქროსფერი სარკეები კი 21,3 ფუნტის დიამეტრს აერთიანებს. მთლიანობაში, ეს ექვსჯერ უფრო მძლავრია, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტი დეტალი დავინახოთ. 

ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ Webb-ისა და ჰაბლის გამოსახულებები. ადრე, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა დაკვირვება განახორციელა იმავე გალაქტიკათა გროვაზე, რომელიც Webb-მა დააფიქსირა. 

ჰაბლი - მარცხნივ, Webb - მარჯვნივ

აშკარაა, რომ Webb-ის ხედი უფრო დეტალურია. სურათზე მკრთალი გალაქტიკა უფრო ადვილად გამოირჩევა, ასევე შესაძლებელია, უფრო მარტივად დავინახოთ, თუ როგორ არიან გალაქტიკები გადახრილი. Webb-ის სხვა უპირატესობა ჰაბლთან შედარებით არის სინათლის ტიპი, რომელიც ის აგროვებს. 

ზოგადად სინათლე სხვადასხვა წარმომავლობისაა. ადამიანის თვალს შეუძლია დაინახოს მხოლოდ ვიწრო ზოლი, რომელიც ცნობილია როგორც “ხილული შუქი”. თუმცა, სამყარო შეიცავს უამრავ სინათლეს ამ დიაპაზონის მიღმა, მათ შორის უფრო მაღალი სიხშირისა და დიაპაზონის მქონენიც არიან: ულტრაიისფერი შუქი და გამა სხივები. შემდეგ არის დაბალი ენერგიის სინათლე უფრო გრძელი ტალღის სიგრძით: ინფრაწითელი, მიკროტალღები, რადიო.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი აგროვებს ხილულ სინათლეს, ულტრაიისფერ და მცირე ინფრაწითელ სხივებს. Webb კი უპირველეს ყოვლისა, ინფრაწითელი ტელესკოპია, ამიტომ ის ხედავს უფრო მაღალი ტალღის სინათლეებს ვიდრე თვალი აღიქვამს. სწორედ ეს არის ის, რაც Webb-ს საშუალებას აძლევს, უფრო შორს გაიხედოს წარსულში, ვიდრე ეს ჰაბლს შეუძლია. 

ინფრაწითელი შუქი ხშირად ძალიან ძველი შუქია, ე.წ. წითელი გადაადგილების გამო. როდესაც სინათლის წყარო შორდება თვალს, ის იჭიმება, ტალღები უფრო გრძელი ხდება და უფრო წითლდება. ეს სირენის ხმას წააგავს: მიახლოებისას ხმა იზრდება, ხოლო როდესაც შორდები იკლებს. იმის გამო, რომ სამყარო მუდმივად ფართოვდება. ჩვენგან შორს მყოფი საგნები კიდევ უფრო გვშორდებიან. მათი სინათლე კი სულ უფრო და უფრო წითლდება, სანამ საბოლოოდ არ მოხვდებიან ინფრაწითელ სპექტრში. ეს კი უხილავია ადამიანის თვალისთვის, მაგრამ Webb-ს შეუძლია მისი დაფიქსირება ვარსკვლავური დეტალებით.

როდესაც სამყარო ფართოვდება, სინათლის ტალღის სიგრძეები მასთან ერთად იჭიემება, ესაა პროცესი, რომელსაც წითელ გადაადგილებას უწოდებენ. NASA/JPL-Caltech/R. VOX.COM

NASA-მ კიდევ არაერთი სურათი გამოაქვეყნა Webb-დან, რომელიც მის შთამბეჭდავ შესაძლებლობებს აჩვენებს. მათ შორის არის Carina Nebula ვარსკვლავის წარმოქმნის არეალის ამსახველი კადრი. ინფრაწითელ სინათლეს ნაკლებად ფარავს კოსმოსური მტვერი, ამიტომ Webb-ის ტელესკოპმა ამ რეგიონში უფრო მეტი ვარსკვლავის გამოვლენა შეძლო, ვიდრე ეს ჰაბლს შეეძლო. 

The Carina Nebula, გადაღებულია James Webb-ის ტელესკოპით

ქვედა სურათზე Webb ასახავს გალაქტიკების ხუთეულს. “Webb გვიჩვენებს აქამდე უცნობ დეტალებს ამ გალაქტიკის ჯგუფში” - წერს NASA. “მილიონობით ახალგაზრდა ვარსკვლავის ცქრიალა გროვები და ახალი ვარსკვლავების დაბადების უბნები ამშვენებს გამოსახულებას”. 

The Stephan’s Quintet of galaxies, გადაღებულია James Webb-ის ტელესკოპით

სხვა სურათებზე Webb ასახავს მომაკვდავი ვარსკვლავის ნაშთებს “Southern Ring Nebula-ში”. ქვემოთ მარცხნივ Nebula ახლო ინფრაწითელ სინათლეშია გამოსახული. ხოლო, მარჯვნივ შუა ინფრაწითელში. ცენტრში მდებარე მკრთალი ვარსკვლავი “აგზავნის გაზისა და მტვრის რგოლებს ყველა მიმართულებით ათასობით წლის განმავლობაში", წერს NASA.

The Southern Ring Nebula, გადაღებულია James Webb-ის ტელესკოპით

ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ Webb-ის სამეცნიერო მისიის დასაწყისია. მომავალში, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მას პირველივე გალაქტიკების სანახავად გამოიყენებენ. იმ გალაქტიკების სანახავად, რომლებში პირველივე ვარსკვლავები ინახებოდნენ. შედეგად შეძლებენ გაიაზრონ ე.წ. “კოსმოსური გარიჟრაჟის” პერიოდი, როდესაც სამყარო პირველად გახდა გამჭვირვალე ვარსკვლავური შუქისთვის.

როგორც ეროვნული სამეცნიერო ფონდი განმარტავს, “კოსმოსურ გარიჟრაჟამდე” სამყარო დაფარული იყო “პირველადი აირის სქელი, ბუნდოვანი ნისლით”. არ არსებობდა სინათლე, რომელიც დღეს ჩვენ ტელესკოპებში აღწევს, ამას კი კოსმოსურ ბნელ საუკუნეებს უწოდებენ. 

ასტრონომები იმედოვნებენ, რომ Webb-ის საშუალებით შეძლებენ გაგებას, რატომ დასრულდა ბნელი საუკუნეები და რამ გამოიწვია “კოსმოსური გარიჟრაჟის” დაწყება.

მეცნიერები ასევე აღფრთოვანებულნი არიან Webb-ის ინფრაწითელი შესაძლებლობების გამოყენებით ეგზოპლანეტების შესასწავლად, ესენი არიან პლანეტები, რომლებიც სხვა ვარსკვლავების გარშემო ბრუნავენ. მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Webb-მა უშუალოდ დაინახოს ეგზოპლანეტა, მაგრამ მას შეუძლია, დააკვირდეს იმ ვარსკვლავებს, რომლების გარშემოც ეგზოპლანეტები ბრუნავენ. 

როდესაც პლანეტა ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო, ვარსკვლავის შუქი ფილტრის მსგავსად გადის პლანეტის ატმოსფეროში. მეცნიერებს შეუძლიათ შეისწავლონ ამ ფილტრიდან გამომავალი სინათლის ხარისხი და მისგან განსაზღვრონ პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობა. Webb-ზე მომუშავე მეცნიერთა გუნდმა უკვე გააკეთა ეს. NASA-მ სამშაბათს განაცხადა, რომ Webb-მა აღმოაჩინა წყალი გაზის გიგანტური პლანეტის ატმოსფეროში,  რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.

ამრიგად, როდესაც ჩვენ ვუყურებთ კოსმოსს ისეთი ტელესკოპით, როგორიცაა Webb, ჩვენ ვაშენებთ ინსტრუმენტს, რომლითაც სამყარო საკუთარ თავზე უფრო მეტს გაიგებს. Webb ყველა ძირითადი ფუნქციით, გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ სამყაროს შესახებ უფრო მეტი, თანაც უფრო შორეულ წარსულში. ეს მხოლოდ დასაწყისია, სანახავი კიდევ ბევრია. 

სტატია მომზადებულია Vox.com-ის სტატიის მიხედვით, ავტორი - Brian Resnick

კომენტარები