საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
13 ივლისი, 2022 ვინ შეცვლის ბორის ჯონსონს? - კონსერვატიულ პარტიაში კანდიდატები წარადგინეს
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და, შესაბამისად, პრემიერმინისტრობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს. ამის შესახებ პარტიის სხდომაზე გრეჰემ ბრეიდიმ ("1922 წლის კონსერვატიული კომიტეტის" თავმჯდომარემ) განაცხადა. ახალი ლიდერის არჩევამდე პრემიერის მოვალეობას ბორის ჯონსონი შეასრულებს. პარტიის ლიდერის თანამდებობა კი მან 7 ივლისს დატოვა. 

 

ვინ შეიძლება გახდეს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი?

გაერთიანებული სამეფოს პრემიერობისა და კონსერვატორების ლიდერობისთვის 4 ქალი და 4 კაცი იბრძოლებს. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მინისტრები და საკანონმდებლო ორგანოს წევრები. 

1. კემი ბადენოკი 

დეპუტატი კემი ბადენოკი 2022 წლის 6 ივლისამდე თანასწორობის მინისტრის პოსტს იკავებდა. 

ბავშვობის ნაწილი მან აშშ-სა და ნიგერიაში გაატარა (მშობლების სამშობლოში). წარსულში ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი იყო. ანალიტიკოსად მუშაობდა ბანკში. შემდეგ ბადენოკი ჟურნალ The Spectator-ის რედაქტორი გახდა. Saffron Walden-ის დეპუტატად გახდომამდე კი ის ლონდონის ასამბლეაში აირჩიეს. „ბრექსიტის" რეფერენდუმზე მან მხარი დაუჭირა ევროკავშირის დატოვებას.

სანამ კონსერვატიული პარტიის ლიდერობაზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებდა, მან ჯონსონის მთავრობა „დიდი სინანულით" დატოვა. მისი შეფასებით, ჯონსონი მათ წინაშე არსებული პრობლემების "სიმპტომი იყო და არა მიზეზი".

ბადენოკი დებს პირობას, რომ მთავრობას შეამცირებს და შედეგად მისი მმართველობა საჭიროებებზე მეტად იქნება ფოკუსირებული. იგი მხარს უჭერს დაბალ გადასახადებსა და მკაცრი ხარჯვის დისციპლინასაც. 

2. სუელა ბრავერმანი

Skynews-ის ცნობით, ბრავერმანი რომ კენჭს იყრიდა, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ჯონსონის გადადგომამდე ჰქონდა მიღებული. მინისტრების გადადგომის სერიის შემდეგ ის ჯონსონსაც გადადგომისკენ მოუწოდებდა.

ბრავერმანი 2015 წლიდან Hampshire-ში დეპუტატად მსახურობდა. ამჟამად ის გენერალური პროკურორია.

ბრავერმანი  „ბრექსიტელია.” ის ევროკავშირიდან გასვლის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობასაც იკავებდა. 

პრემიერად არჩევის შემთხვევაში ბრიტანელებს ის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) იურისდიქციიდან გამოყვანას, ენერგორესურსებზე დღგ-ის შემცირებასა და რეგულაციების შემსუბუქებას ჰპირდება. 

3. ჯერემი ჰანტი

ჯერემი ჰანტი წარსულში სპორტის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტებს იკავებდა. ახლა კი ის პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

2016 წელს ჰანტი ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს. 

2019-ში კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში ის ჯონსონის მთავარი კონკურენტი იყო. ჰანტმა ხმათა 33.6% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა.

4. პენი მორდონტი

პენი მორდონტი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იყო. ის არის ერთადერთი ქალი დეპუტატიც, რომელიც კაპიტნის წოდებით საზღვაო ძალების რეზერვისტია.

ამჟამად ის სავაჭრო პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებს. 2016-ში მხარს უჭერდა „ბრექსიტს."

კონსერვატორ დეპუტატებში მორდონტი ამბიციურ პოლიტიკოსადაა მიჩნეული და პოპულარობით სარგებლობს. ის ხელმძღვანელობს კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ფრთასაც. 

Skynews-ის მიხედვით, ბრიტანეთის მთავარ ღირებულებად მორდონტი თავისუფლებას, სამართლიანობას, გამბედაობასა და თანაგრძნობას მიიჩნევს. პრემიერად არჩევის შემთხვევაში ის ბრიტანელებს საწვავზე დღგ-ის შემცირებასა და ინფლაციის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის ზღვრის გაზრდას ჰპირდება. 

5. რიში სუნაკი

რიში სუნაკი ჯონსონის მთავრობაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. 5 ივლისამდე ის ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა კრის პიჩნერის სკანდალის გახმაურების შემდეგ გადადგა. კრის პიჩნერი სექსუალურ შევიწროებაში იყო მხილებული, როცა ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, საპარლამენტო თანამდებობაზე დანიშნა. პიჩნერის ქეისი ერთერთი მიზეზი გახდა, რის გამოც ჯონსონს თანამდებობის დათმობა მოუწია.

გადადგომისას სუნაკმა განაცხადა, რომ საზოგადოებას მთავრობის სათანადოდ, კომპეტენტურად და სერიოზულად მოქმედების მოლოდინი აქვს - „ვფიქრობ ამ სტანდარტებისთვის ბრძოლა ღირს, სწორედ ამიტომ მივდივარ."

მინისტრობამდე სუნაკი ხაზინის კანცლერის თანამდებობას იკავებდა. 2016 წელს მან მხარი დაუჭირა „ბრექსიტს." 

ბოლო რამდენიმე თვემდე, სუნაკი  ჯონსონის შემცვლელად აქტიურად განიხილებოდა. თუმცა, მისი პოპულარობა „Partygate"-ის სკანდალის შემდეგ შემცირდა. ჯონსონთან ერთად წვეულებას რიში სუნაკიც ესწრებოდა და ლოქდაუნის წესების დარღვევისთვის ისიც დააჯარიმეს. ამას გარდა, მის პოპულარობას დაარტყა მეუღლის საგადასახადო საკითხებზე ატეხილმა აჟიოტაჟმაც.

სუნაკმა პრემიერობისთვის ბრძოლა ეკონომიკაზე ფოკუსირებით წამოიწყო. საჯარო ფინანსების გაუმჯობესებამდე კი გადასახადების შემცირება გამორიცხა.

6. ლიზ ტრასი

Skynews-ის ცნობით, ბორის ჯონსონის მემკვიდრედ დიდი ხანია განიხილება ლიზ ტრასიც (სკანდალებისას ის პრემიერის ერთგული მხარდამჭერი იყო). ლიზ ტრასი, ისევე როგორც ბორის ჯონსონი, უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. საგარეო საქმეთა მინისტრი კონსერვატიულ პარტიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის 2010 წლიდან დეპუტატია და თანამდებობებს დევიდ კემერონისა და ტერეზა მეის დროსაც იკავებდა. 

2016 წლის რეფერენდუმისას ტრასი ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს. მოგვიანებით კი ის ამბობდა, რომ ახალი რეფერენდუმის დანიშვნის შემთხვევაში აუცილებლად მხარს ევროკავშირიდან გასვლას დაუჭერდა.

როგორც ტრასმა The Daily Telegraph-ს განუცხადა, პრემიერმინისტრად გახდომის შემთხვევაში ის პირველივე დღიდან გადასახადების შემცირებას დაიწყებს. მისივე თქმით, სასწრაფო ზომებს მიიღებს იმისთვისაც, რომ ადამიანებს ხარჯებთან გამკლავებაში დაეხმაროს. 

7. ტომ ტუგენჰატი 

პარლამენტის წევრი ტომ ტუგენჰატი წარსულში ჯარისკაცი იყო და ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა. ბეირუთში კი ჟურნალისტად მუშაობდა. მას მინისტრობის გამოცდილება არ აქვს.

როგორც ტუგენჰატმა აღნიშნა, ყოველთვის დაბალ გადასახადებს უჭერდა მხარს და არც ეროვნული დაზღვევის ზრდას ემხრობა. ის მხარს უჭერს კორპორაციული გადასახადის შემცირებასაც.

ტუგენდჰატი მხარს უჭერდა ევროკავშირში დარჩენის კამპანიასაც, თუმცა, მან ხმა მისცა „ბრექსიტის" საკითხებს როგორც ტერეზა მეის, ასევე ჯონსონის დროს. 

კამპანიის ფარგლებში მან ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის კანონპროექტის წარდგენას აპირებს, რომელზედაც ბრიუსელი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

8. ნადიმ ზაჰავი

 
ნადიმ ზაჰავი ერაყში დაიბადა, თუმცა სადამ ჰუსეინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მის ოჯახი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. ბრიტანეთში ჩასვლისას ის 9 წლის იყო.

ზაჰავი ამჟამად ბრიტანეთში ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს. ათეულობით მინისტრის მიერ მთავრობის დატოვების შემდეგ კანცლერის თანამდებობაზე ახლადდანიშნულმა ზაჰავიმ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდებდა.

ზაჰავის რეპუტაცია განსაკუთრებით ვაქცინაციის პერიოდში ამაღლდა, რის გამოც დააწინაურეს კიდეც.

არჩევის შემთხვევაში ბრიტანელებს ის გადასახადების შემცირებასა და თავდაცვაზე ხარჯების გაზრდას ჰპირდება. 

ვინ თქვა უარი ლიდერობისთვის ბრძოლაზე და როდის გახდება გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი?

BBC-ის ინფორმაციით, ​კონსერვატიული პარტიის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ჯამში 11-მა პოლიტიკოსმა გამოთქვა. თუმცა, რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარი კანდიდატურა ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და დეპუტატმა რემან ჩიშტიმ მოხსნეს. პრემიერობისთვის არ იბრძოლებს არც ტრანსპორტის მინისტრი გრანტი შეპსი.

წარდგენილ კანდიდატებს მინიმუმ 20 დეპუტატის მხარდაჭერა აქვთ. შემდეგ ტურებში კი მინიმუმ 30 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.

ხმის მიცემის I და II რაუნდი 13-14 ივლისს გაიმართება. მე-III - 18 ივლისს. 21 ივლისს გავიგებთ რომელი 2 კანდიდატი იბრძოლებს გამარჯვებისთვის. საბოლოოდ კი, კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერს ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. 

ასევე ნახეთ:

კომენტარები